მოგონებები სახელოვან წინაპრებზე - გზაპრესი

მოგონებები სახელოვან წინაპრებზე

მარინე ავალიანი - თსუ-ის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წლების მანძილზე იყო საერთაშორისო ექსპერტი ეკოლოგიისა და განახლებადი ენერგიების დარგში. ასევე ნაყოფიერად მუშაობს მთარგმნელობით ასპარეზზე: ნათარგმნი აქვს ფრანგი მწერლის, მარგერიტ დიურასის მოთხრობები, რუსულიდან - ალექსანდრე გრინის და ბორის აკუნინის მოთხრობები და სხვა.

ქალბატონი მარინე გამოჩენილ, ღვაწლმოსილ წინაპრებზე და თავისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდზე გვესაუბრა.

lado-darchiashvili-copy-1667200044.jpg

ლადო დარჩიაშვილი და ელენე გეგელაშვილი

- ლადო დარჩიაშვილი და ელენე გეგელაშვილი დედაჩემის მშობლები იყვნენ. ლადო გახლდათ ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „მესამე დასის“ თვალსაჩინო წევრი, საზოგადო მოღვაწე... თბილისის სასულიერო სემინარიაში სრული სასწავლო კურსის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ლადოს ბინა გაჩხრიკეს და რუსეთის ცარისტული რეჟიმის მიერ აკრძალული ლიტერატურა უპოვეს, ამიტომ სემინარიიდან დაითხოვეს. იგი განსაკუთრებული სიბეჯითით შეუდგა თვითგანათლებას, ეუფლებოდა ევროპულ ენებს, რათა დედანში გასცნობოდა ცნობილ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაწერებს. შემდეგში ცოდნა გაიღრმავა საფრანგეთში, შვეიცარიასა და ბელგიაში. ბრიუსელის უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი გახდა. სწავლობდა გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. ამავე დროს, საკმაოდ ხშირად იბეჭდებოდა მისი წერილები ქართულ პერიოდიკაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაზეთი „ივერია“ ბეჭდავდა ლადოს პატრიოტულ პუბლიკაციებს, რის გამოც გაძლიერდა თბილისის ჟანდარმერიის ინტერესი მის მიმართ... ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით განხეთქილება ლადოსა და მის თანაპარტიელებს შორის თანდათან იზრდებოდა. ყოველგვარი მეგობრული კავშირის გაწყვეტის მიზეზი გახდა ლადოს სარედაქციო შენიშვნა გაზეთ „სხივში“ გამოქვეყნებულ ნოე ჟორდანიას სტატიაზე. „...მე წერილში ნაციონალიზმს ვგმობდი, ის კი ამის დიდი მოტრფიალეა“, - წერდა ნოე ჟორდანია...

ლადო დარჩიაშვილმა მომავალი მეუღლე - ელენე გეგელაშვილი, რომელსაც საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული შვეიცარიასა და საფრანგეთში, საზღვარგარეთ გაიცნო. მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ. ახალჯვარდაწერილი წყვილი 1914 წლის ზაფხულში გერმანიაში გაემგზავრა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ლადო დარჩიაშვილი, როგორც „რუსეთის ქვეშევრდომი და პირველი კატეგორიის პოლიტიკური პატიმარი“, ლაიფციგში დატოვეს. მას უფლება არ ჰქონდა, ქალაქს გასცდენოდა, ყოველდღე უნდა გამოცხადებულიყო კომენდატურაში აღრიცხვაზე. ელენე საქართველოში გამოამგზავრეს. მომდევნო წლის მაისში მათ ქალიშვილი თინა - დედაჩემი შეეძინათ. ლადო 1916 წლის 7 მაისს, 44 წლისა გარდაიცვალა... იგი დაკრძალულია ქალაქ გრიმაში, ლაიფციგის მახლობლად. მეცენატმა რაჟდენ დათეშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამულიშვილის საფლავი, გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს მოინახულა და ქართული მიწა მოაბნია.

surati-relikvia-copy-1667200066.jpg

სურათი-რელიკვია და გალაკტიონის შეფასება

- რელიკვიაა სურათი, რომელზეც ლადო დარჩიაშვილი გადაღებულია აკაკი წერეთელთან, დავით კლდიაშვილთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, გალაკტიონ ტაბიძესა და სხვა ქართველ მწერლებთან და მოღვაწეებთან ერთად. ლადო ზის აკაკის ხელმარჯვნივ, დავით კლდიაშვილის გვერდით. მარტო გალაკტიონის შეფასება რად ღირს - ის წლების შემდეგ სინანულით წერდა: „რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება! ყოველ მათგანს მშვენიერი ლიტერატურული ბიოგრაფია აქვს, მაგრამ დაწერილი კი არ არის, არც იასონ ნიკოლაიშვილის, არც... ლადო დარჩიაშვილის“.

არსებობს ჩანაწერი გალაკტიონის უბის წიგნაკში: „პირველი ჩემი ლექსი „შავი ღრუბელი“ დაიბეჭდა 1908 წელს ჟურნალ „ახალ კვალში“, რომელიც გამოდიოდა ცნობილი რევოლუციონერის, შესანიშნავი ადამიანის ვლადიმერ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. ლექსი დაწერილი იყო 1905 წლის შავი რეაქციის გამეფების დროს. ლადო დარჩიაშვილი განსაკუთრებული ყურადღებით მომეპყრო. მან წარმადგინა თავისი ჟურნალის თანამშრომლებთან პოეტური სიტყვებით - „იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი“. გახარებულმა იმავე დღეს შევიარე ახლანდელი პრესის ქუჩაზე გაზეთ „ამირანის“ რედაქციაში. მანდილოსანი, რომლის გვარი შემდეგ გავიგე, გადამეხვია. იგი აღელვებული ამბობდა: თქვენ, ასეთი ახალგაზრდა, როგორ სწერთ ასეთ ლექსებს და სხვა. ჩემი ორი პირველი ლექსი ერთი და იმავე დღეს დაიბეჭდა (მეორე ლექსი - „მთვარე კაშკაშებს“ დაიბეჭდა გაზეთ „ამირანში“). ეს იყო ყველაზე უკეთესი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში".

თინა დარჩიაშვილი და აპოლონ ავალიანი

- დედაჩემი თინა საოცრად ძლიერი პიროვნება იყო. მისი სახელი ცნობილია ქიმიკოსთა წრეში. 50 წლის განმავლობაში მუშაობდა ახლანდელ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (კათედრის გამგის მოადგილედ). ის კარგად ფლობდა ფრანგულ ენას, შესანიშნავად იცნობდა ფრანგულ ლიტერატურას. დედა გასაოცრად ნატიფი ქალი იყო, აბსოლუტური სმენის პატრონი, კარგად უკრავდა, ზოგადად კი - უყვარდა ადამიანები, ცუდს ვერავისზე დააცდენინებდი. დედაჩემის კლასელი და მეგობარი იყო მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილი - ქეთევანი. დედა მიყვებოდა, რომ ქეთო ისეთი ლამაზი იყო, გაკვეთილებზე მასწავლებლის მოსმენის მაგივრად, ბიჭებიც და გოგოებიც მას შევცქეროდით აღტაცებითო...

მამაჩემი - აპოლონ ავალიანი ათწლეულების მანძილზე იყო არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი - დირექტორი. ენციკლოპედიურად განათლებული, ხელოვნებისა და ბუნების მოყვარული, ვაჟა-ფშაველასა და შოთა რუსთაველის მოთაყვანე, მხატვრობის კარგი მცოდნე და დამფასებელი იყო. მამას წერა უყვარდა, თავის დარგში არაერთი წიგნი გამოსცა, რომლებიც დღეს უკვე რარიტეტად ითვლება. ბევრისთვის ცნობილია ერთ-ერთი მათგანი - „ქიმიის პარადოქსები“ ორჯერ გამოიცა. მამას წიგნებს მხატვრულად აფორმებდა მისი ძმა - ლადო.

natela-iankoshvili-da-lado-avaliani-copy-1667200084.jpg

ლადო ავალიანი და ნათელა იანქოშვილი

- ბიძაჩემის - მწერლისა და მხატვრის, ლადო ავალიანის მეუღლე გახლდათ ნათელა იანქოშვილი. მათთან თბილი ურთიერთობა მქონდა, გვისაუბრია მხატვრობაზე, ლიტერატურაზე... ლადო არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო. ის ძალიან კარგად ხატავდა, მაგრამ მალე თავი დაანება ხატვას და ფაქტობრივად, ნათელას მენეჯერი გახდა, ეს იყო მისი არჩევანი. ნათელა მეუღლეს უსმენდა და ენდობოდა. ლადომ მოაწყო მისი გამოფენები მოსკოვში, კუბაში და სად აღარ?! მახსოვს, ნათელა ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი და ყოველთვის მოვლილი იყო. ბიძაჩემი კი სიმპათიური და დახვეწილი კაცი რომ იყო, იმ ფილმიდანაც ჩანს, სადაც მხატვრის ეპიზოდური როლი შეასრულა („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“). ის კი არა, რუსთაველზე მოსეირნე ლადოს შორიდან როცა დავინახავდი, უბრალოდ მავიწყდებოდა, რომ ბიძაჩემია, ისეთი სასიამოვნო შესახედი იყო. ნათელა ძირითადად სახლში იჯდა და ხატავდა, იშვიათად შეგხვდებოდა ქუჩაში. თავისებური, ბუნებით ცოტა ჩაკეტილი, მაგრამ უნიჭიერესი ქალი იყო...

ლადოსა და მამაჩემს კარგი ძმობა ჰქონდათ. ჩვენთან ლადო ძია უმეტესად მარტო მოდიოდა, ნათელას გარეშე. ბიძასთან სახლში იშვიათად ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ნათელას ხელი ეშლებოდა მუშაობაში, სტუმრიანობა არ უყვარდა. მახსოვს, ერთხელ მკითხა: ყველაზე მეტად რომელი სურათი მოგწონსო? უშველებელი ბინის დიდ „ზალაში“ თავისი ნახატები ჰქონდა გამოფენილი. სადღაც კუთხეში მიკუნჭულ პატარა სურათზე მივუთითე. აღფრთოვანებულმა მითხრა, ალღო გქონიაო. პოზირებაც შემომთავაზა და მერე მისაყვედურა, რატომ არ მოხვედიო? მე ვფიქრობდი, რომ თვითონ დამირეკავდა, ის კი ელოდა, თავად მივიდოდი...

ფრანგული ენის სიყვარული

- ფრანგული ენა უპირველესად, დედაჩემმა შემაყვარა. ხუთიდან ათ წლამდე ჩემი პირველი ფრანგულის მასწავლებელი თინა გველესიანი იყო. არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, როგორც პიროვნებამ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: ის თავის საქმროს ციმბირში გაჰყვა გადასახლებაში, საიდანაც 1955 წელს დაბრუნდა... ფრანგული ენის ცოდნა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. დაწყებული ბებია-ბაბუადან, ფრანგული ენა ყველამ იცოდა. ჩემი შვილებიც (ქალ-ვაჟი მყავს) შესანიშნავად ფლობენ ამ ენას. სხვათა შორის, ბებიაჩემი ელენე ექვთიმე თაყაიშვილს ასწავლიდა ფრანგულ ენას 12-დან 16 წლამდე, როცა ექვთიმე მათ ოჯახში ცხოვრობდა. ქართული ლიტერატურის გარდა, მთელი ცხოვრება ფრანგულად და რუსულად ვკითხულობ და ფერად სიზმრებში ქართულად კი არა, ფრანგულად ვლაპარაკობდი. ძალიან მიყვარს არტურ რემბო და როგორც პოეტი, რომელიც ყველა ხმოვანს სხვადასხვაფრად აღიქვამს (ლექსი „ხმოვნები“). ასეა ჩემთვისაც - ყველა ასოს თავისი ფერი აქვს... ასპირანტურაში მოსკოვში ჩავაბარე, იმ პერიოდში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ფრანგულის სპეციალური კურსები დავამთავრე. სტაჟირება გავიარე გამომცემლობაში „პუბლისის“, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის. ბოლოს, როგორც ამბობენ სიამოვნებისთვის, კნუტ ჰამსუნის „პანი“ (ჯერ არ დაბეჭდილა) ვთარგმნე.

სამეცნიერო საქმიანობა

- ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა სოლიკო ხაბეიშვილთან ვმუშაობდი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. დედამისს შორიდან ვიცნობდი... არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა ბატონი სოლიკო გამესაუბრა სამსახურში მისაღებად. მან ჩვენი ოჯახი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა: 90-იან წლებში შეიქმნა საერთაშორისო ეკოლოგიურ-ენერგეტიკული ცენტრი „ენეკო“ ბატონი სოლიკოს ხელმძღვანელობით, სადაც ვიყავი ფრანგული ენის თარჯიმანი და ტექნიკური ლიტერატურის მთარგმნელი ფრანგულიდან და რუსულიდან. 1997 წელს საფრანგეთიდან ჩამოსულ ექსპერტთა ჯგუფთან და საფრანგეთის ელჩთან ერთად, მეც ვიყავი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე. ექსპერტების ნაწილი მაშინ აფხაზეთშიც გადავიდა. მისიის ბოლოს ყველანი ვერტმფრენით გადმოვფრინდით თბილისში. ტელევიზიებმა ინტერვიუები ჩაიწერეს, მათ შორის ჩემთანაც. ფრანგ ექსპერტებთან ურთიერთობა გამოსადეგი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოსთვის.

ჩემი ერთ-ერთი სასიამოვნო შრომითი ასპარეზია კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო თემაზე მუშაობა და მაგისტრანტების ხელმძღვანელობა. ვთანამშრომლობ ფრანგ, იტალიელ, უნგრელ და უკრაინელ კოლეგებთან. ასევე სამეცნიერო კონტაქტები მაქვს ბელარუს და რუს მეცნიერებთანაც - კულტურა და მეცნიერება პოლიტიკურ ტრენდებზე უფრო მაღლა დგას, მე ასე ვფიქრობ... ახლახან კიევში გავგზავნე სტატია. წარმოგიდგენიათ? კიდევ იმის უნარი და ძალა აქვთ, რომ ონლაინკონფერენცია ჩაატარონ!.. რა თქმა უნდა, ვოცნებობ, რომ რაც შეიძლება მალე ომი დამთავრდეს...

ნანული ზოტიკიშვილი