ემიგრაციაში დაბადებული ბავშვების თვალით დანახული სამშობლო - გზაპრესი

ემიგრაციაში დაბადებული ბავშვების თვალით დანახული სამშობლო

ისევე, როგორც ემიგრანტების უმეტესობას, მასაც პრობლემებმა აიძულა სამშობლოსგან შორს ყოფნა, თუმცა არც უცხო მიწაზე დაივიწყა თავისი პროფესია. ოცდაათწლიანი მუსიკალური გამოცდილება ჰქონდა, ამიტომაც ქართულ ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლაში მუსიკის პედაგოგობის პარალელურად, მუსიკალური სტუდიის შექმნაც გადაწყვიტა. სტუდიას "გამა" დაარქვა და ემიგრანტი ბავშვები სამშობლოს სიყვარულსა და მონატრებაზე აამღერა. როგორც აქ ამბობენ, ქალბატონმა მაია გუბელაძემ მათ არა მხოლოდ სიმღერა შეასწავლა, არამედ დიდი როლი შეასრულა იმაშიც, რომ საქართველოს სიყვარული არ განელებოდათ. სტუდიის პირველი აღსაზრდელები: თეკლა და ბარბარე მეტრეველები, ია ბლიაძე და მარიამ ზუბაშვილი დიდი სიყვარულით საუბრობენ სამშობლოსა და ქართულ სიმღერაზე.

- გოგონებო, როგორც ვიცი, ბარსელონაში დაიბადეთ, თუმცა ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად. ვის მიუძღვის ამაში დიდი წვლილი?

მარიამი:

- მე, ბარბარე და თეკლა ბარსელონაში დავიბადეთ, ია კი პატარა იყო, სამი წლის, როდესაც ჩამოვიდა. ქართული ენისა და სამშობლოს სიყვარული რომ შევინარჩუნეთ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საკვირაო სკოლას ბარსელონაში. რომ არა ეს სკოლა და ქართული ეკლესია, ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა. შეიძლება ითქვას, ჩვენ იქ გავიზარდეთ და ყველაფერ ქართულსაც იქ ვეზიარეთ.

- გარდა იმისა, რომ ქართულად ძალიან კარგად საუბრობთ, ასევე კარგად მღერით.

- ასე ამბობენ (იცინიან). ჩვენი სტუდია "გამა" წლების წინ შეიქმნა. მაშინ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით და თავიდან ყველა სიტყვის მნიშვნელობა არც ვიცოდით, გვიჭირდა ტექსტების სწავლა და პედაგოგს ხშირად ვაბრაზებდით ამის გამო. მაია მასწავლებელი ზოგჯერ მკაცრია და გვიბრაზდება, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება, ისევ თვითონ მოდის და გვეხუტება. მას აქვს ერთი საუკეთესო თვისება, რაც შეიძლება პედაგოგს ჰქონდეს - როდესაც ჩვენთანაა, ივიწყებს თავის პრობლემებს და მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს. მისი შვილი და შვილიშვილიც ემიგრანტები არიან, სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ხშირად გვეუბნება, მათ მონატრებას თქვენით ვუმკლავდებიო. მასში ყველა ის თვისებაა თავმოყრილი, რაც ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს.

- თქვენს სტუდიას პატარა აღსაზრდელებიც ჰყავს, მათზეც მოგვიყევით.

ია:

- უკვე პატარებიც მონაწილეობენ ღონისძიებებში. ჩვენი სტუდიის პედაგოგი და ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს, რომ წარმატებულები ვიყოთ.

- ღონისძიებებში ესპანელებთან ერთადაც მონაწილეობთ ხოლმე?

- დიახ, თანაც, ჩვენი პედაგოგი ყოველთვის ცდილობს, ესპანელი მსმენელის წინაშე წარვდგეთ არა მხოლოდ ქართული რეპერტუარით, არამედ ესპანურითაც. აქაურებს ძალიან მოსწონთ ჩვენი სიმღერა. როგორც ამბობენ, ქართული სიმღერა სასიამოვნო მოსასმენია.

- მოგვიყევით "თბილისობის" ღონისძიებაზეც, რომელიც პირველად გაიმართა ბარსელონაში და თქვენც მონაწილეობდით, როგორი იყო თქვენი ემოციები?

თეკლა:

- ძალიან ვნერვიულობდით, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის. ხშირად გვაქვს კონცერტი, თუმცა ასე არც ერთ კონცერტზე არ გვინერვიულია. დიდხანს ვემზადებოდით ამ ღონისძიებისთვის. გვინდოდა, ყველაფერს კარგად ჩაევლო.

- როგორც ვიცი, ქართულ ტაძარშიც გალობთ.

- გვიხარია, რომ ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ოთხივეს მოგვეცა შესაძლებლობა, წირვაზე შევასრულოთ საგალობლები. ასევე, გვქონდა ბედნიერება, ჩვენი მოძღვრის, მამა ლუკას დახმარებით წირვა ჩაგვეტარებინა საფრანგეთში. ეს იყო ჩვენთვის დიდი სიხარულიც და იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაც. მთელი გზა საგალობლებს ვიმეორებდით, რამე რომ არ შეგვშლოდა.

- გოგონებო, როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო?

ბარბარე:

- ჩვენი პატარა საქართველო აქ შეგვიქმნეს, ტაძარში. ვიზრდებით ქართულ ტრადიციებზე, კარგად ვიცნობთ ქართულ კულტურას. ჩვენი თვალით დანახული საქართველო ძალიან ლამაზია და მდიდარი თავისი ტრადიციებით, კულტურით. რაც მთავარია, ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ესპანეთი.

მარიამი:

- რაც ყველაზე მეტად მოგვწონს და რაშიც ოთხივე ვთანხმდებით, ის არის, რომ საქართველოში უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს ჩვენც და ჩვენი მშობლებიც, რადგან იქ ჩვენი სამშობლოა. როგორ შეიძლება, საქართველოში რამე არ მოგვწონდეს?

- ესე იგი, აპირებთ შინ დაბრუნებას?

- დიდი სიამოვნებით დავბრუნდებით და იქ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, თუ ამის საშუალება მოგვეცემა.

ფიქრია რობაქიძე

ჟურნალ "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან