ირინა ტაბაღუას შიშები,სიჯიუტე და ეროტიკა - გზაპრესი

ირინა ტაბაღუას შიშები,სიჯიუტე და ეროტიკა

წერა 5 წლის წინ დაიწყო. სადებიუტო კრებული „ტელეფას ცხვარი“ შარშან გამოსცა და ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტანტიც გახდა. ერთგან ლექსად ამბობს: „მრავალი წელია იმ ბალახს ვძოვ, სადაც არც ჭინჭარი ასცდა ჩემს ღრძილებს და არც უჯანგარი, ტელეფას ცხვარივით უწყინარი და უსუნო შევრჩი ველებს“. 1-ლ ნოემბერს მისი დაბადების დღეა. 38 წლის ზესტაფონელი პოეტი „წარსულზე ჭმუნავს“, მომავალს არ გეგმავს და მუდმივად საკუთარ თავთან ჯიუტობს. ემოციური ადამიანია, განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს მოვლენებს და ფიქრობს, ირინა ტაბაღუა ახლა 83 წლის რომ ხდებოდეს, ისევ ისეთი შეუპოვარი იქნებოდა და იმავე სიმძაფრით დაწერდა, როგორც დღეს.

რითმებთან თამაში

- წერა 33 წლის ასაკში დავიწყე. ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა თავად არ ვწერდი. ჩემს ყოველდღიურ, ბავშვურ ამბებს წლების წინ, მხოლოდ დღიურებში ვაბინავებდი, რაც ალბათ ყველა მოზარდს ახასიათებს. შემდეგში ის ნაწერები გადავყარე და ნაწილიც დავხიე. ახლა კი წერის სურვილი თავისით მოვიდა. მომინდა, ჩემი ამბები მომეყოლა და იმ გზაზე მესაუბრა, რასაც ქალების უმრავლესობა ცხოვრებაში გავდივართ, სადაც არის იმედგაცრუება, ტკივილი, შიში... რითმებთან თამაში კლასიკური ლექსით დავიწყე, მაგრამ მალევე მივხვდი, უფრო მეტი და თავისუფლად მინდოდა მესაუბრა. ვცადე პროზა, მაგრამ პროზისა და პოეზიის ზღვარზე არსებული ლექსები იწერებოდა, ამიტომ ისევ პირველად არჩეულ წერის ფორმას მივყევი...

ტექსტებს ხელით ვწერ და არა კომპიუტერით. ბლოკნოტში პატარ-პატარა ჩანაწერებს ვაკეთებ. გადის დრო, პერიოდულად რაღაცას ვამატებ. ერთ დღესაც ეს ამონარიდები ერთ თავისუფალ ტექსტად იკვრება. ყოველდღიურად არ ვწერ, შეიძლება ინტერვალი თვეც იყოს ან მეტი.

„ტელეფას ცხვარი“

- წიგნში „ტელეფას ცხვარი“ ჩემი წარსულის ჭმუნვები და თავთან ჯიუტობაა. ტელეფა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი სოფელია. საუკუნეა, რაც იქ ტელეფის ცხვარი ჰყავთ, თუმცა სამწუხაროდ, ეს ჯიში დღეს უკვე გადაშენების პირასაა. ამ უძველესი ცხვრის ჯიშს ამ ცხოველისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი არა აქვს. სტალინს უყვარდა და, როგორც ვიცი, ბატკნის ხორცისგან თავის საფირმო კერძს ამზადებდა. სწორედ ეს ცხვარი მივიჩნიე ქალად, ჩემად, ალალ ცხოველად და თავთან გავაიგივე, ხოლო მგელი მამაკაცია, რომელიც მტაცებელია და ყოველთვის ცხვარს ერჩის. ცხვრებს ყოველთვის სჭირდებათ მწყემსები. სულ მაქვს განცდა, რომ ჩემი ცხოვრება სხვისგან სამწყემსოა. მწყემსები კი ჩემი მშობლები, კეთილი ნათესავები, მეგობრები არიან.

ცხვრის ხორცი არასოდეს გამისინჯავს. როგორც სხვას უყვარს ძაღლი ან კატა, ისე მიყვარს ეს ცხოველი, შემიძლია ჩამოვუჯდე და ვესაუბრო.

დაუძლეველი შიში

- ბავშვობიდან ძალიან ემოციური და მშიშარა ვარ, სულ მგონია, ვიღაც თავს უნდა დამესხას. ეს განცდები ლექსშიც მაქვს, რომელსაც „ბავშვობის შიშები“ ჰქვია. ნაწილი გოგოობასა და ქალობაშიც გამყვა და საბოლოო ჯამში, ეს სიმარტოვის შიშია, ქალური სიმარტოვის. ხვალინდელ დღეს არ ვგეგმავ და საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, მომავლის ოცნებებს შვილებზე ვაგებ და ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მათი ცხოვრება.

ჩემი ყველაზე დიდი და დაუძლეველი შიში ფიქრია. ხშირად თავს ჭკუას ვარიგებ, ხან ვეჩხუბები. გარკვეულ თემებს ფსიქოლოგიურად ვუღრმავდები და ვცდილობ დავაბალანსო. ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ არა. ღრმა ფიქრებში რომ წავალ, თავს წარმოვიდგენ სადღაც შორს, ხრამში და ეს ყველაფერი კატასტროფით მთავრდება. ვხვდები, ხასიათს მიფუჭებს და ვცდილობ, ფიქრს თავი დავაღწიო. რაღაცები გულში უნდა ჩაიკლა, მაგრამ ეს არ შემიძლია. დროთა განმავლობაში ფიქრებში მოგზაურობა ამბებად გროვდება და ლექსად მოდის...

21...

- ორი შვილის დედა ვარ. 18 წლის ვაჟი და 16 წლის ქალიშვილი მყავს. ჩემი ორივე შვილი და დისშვილი 21 დეკემბერს არიან დაბადებული. ორივე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე. პირველის დაბადების შემდეგ, მეორეს გაჩენაც დეკემბერში მიწევდა და ოპერაცია სპეციალურად ამ დღეს დავგეგმეთ. შემდეგ უკვე ჩემი დის მშობიარობა დაემთხვა 21 დეკემბერს და ყოველ წელს, 21 დეკემბერს ოჯახში ერთი დიდი დღესასწაული გვაქვს.

პატარა ვიყავი, როცა გავბედნიერდი. დედას სურვილი იყო, სამედიცინო ინსტიტუტში მეან-გინეკოლოგიის განხრით მესწავლა და მეც დავიწყე, მაგრამ როცა უშუალოდ პრაქტიკებზე სიარულზე გადავინაცვლეთ და მშობიარე ქალბატონებს ვნახულობდი, შიში ამყვა. ჩემს ყოფილ ქმარს ვეუბნებოდი, მე ვერ გავუძლებ, აუცილებლად საკეისრო უნდა გავიკეთო-მეთქი. ეს არ გამიკეთებია პრანჭვის ან იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა მოდაშია. ქალი ორმაგად ძლიერდება მშობიარობის პროცესში, მაგრამ მე ამაშიც უსუსური აღმოვჩნდი. შიში იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველაფერს თავი დავანებე... ამ თემაზე ლექსიც მაქვს, სადაც ერთგან ვამბობ: მახსოვს, პლაჟზე ჩემ გარდა ყველა ქალი გაშიშვლდა, მე კი ნამშობიარები მუცელი ქვიშით დავმალე. სულ გავიძახი, რომ ნაიარევი - ზღვის ჰორიზონტი ჭიპი-მზეა, მოკლედ, მე ჩემი დაისი მაქვს-მეთქი.

დღეს არჩევანი რომ მქონდეს და ახალ პროფესიას ვეუფლებოდე, ლიტერატორი გავხდებოდი. თუმცა, რასაკვირველია, ლექსებს თავად არ უნდა ვწერდე. აუცილებლად ვიქნებოდი კრიტიკოსი. ჯიუტი და ძალიან უკომპრომისო ვარ, ამას ჩემი ოჯახის ყველა წევრი ხედავს, მათ შორის ყველაზე პატარა, დისშვილიც, რომელიც ახლა 4 წლისაა. გამბედავიც ვარ, ყველაფრის პირდაპირ თქმა შემიძლია, შეიძლება ვატკინო, მაგრამ მერე რა მოხდა?! ტკენა-ტკენაში იზრდები, იცვლები და სიმართლეს თვალს უსწორებ ადამიანი.

ეროტიკა ტექსტებში

- ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი ტექსტები ეროტიკულია. რა თქმა უნდა, ეროტიკული ჟანრით გამოვირჩევი, მაგრამ ამ ფორმას თავისებური მიდგომა ისე სჭირდება, როგორც კერძს საკაზმის დაბალანსება. ვფიქრობ, ჩემს ტექსტებში ყველაფერია შეზავებული და ამაში ქართულ ენაში არსებული ორაზროვანი და სამაზროვანი სიტყვები მეხმარება. როცა წერის სურვილი მოდის, ჩამოგაჯენს ან წამოგაწვენს და ეს თავისით ხდება. სიტყვა „მუზა" არ მიყვარს, არც „წარმატება“. ორივე გაცვეთილია, მუზის მაგივრად „განწყობას“ ვიტყოდი, ხოლო წარმატების ნაცვლად - „წინსვლას“.

თავიდანვე ქალურად, ეროტიკულად ვწერდი. მახსოვს, ნათესავები მეკითხებოდნენ, ასე თამამად რატომ წერო?! ჩემი წიგნის რედაქტორი შოთა იათაშვილია, ანოტაცია კი გიორგი ლობჟანიძემ დაწერა და მან აღნიშნა, ავტორი ისე გაივლის ჩვენ თვალწინ ალესილ სამართებელზე, რომ არც მის ფრაზას, არც მის შინაგან წონასწორობასა თუ ბალანსს ოდნავი ბორძიკი, სულ მცირე განაკაწრიც კი არსად დააჩნდებაო. იყვნენ ისეთებიც, ვინც მეუბნებოდნენ, ამ სამყაროდან გამოდი და რამე ახალი ფორმით წერა დაიწყეო, მაგრამ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ ჩემი ტექსტები არა მხოლოდ ქალებთან, არამედ მამაკაცებთანაც „მივიდა“. როგორც ქალებს უთქვამთ ჩემთვის, თითქოს ჩემზე წერ, რადგან მეც ასეთივე ტკივილი გავიარეო, ისე მამაკაცებს მოუწერიათ: თქვენი ლექსების კითხვისას, მეგონა, ჩემი საყვარელი ქალი თავის ამბებს მიყვებოდაო. ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს და ჩემთვის მოტივაციაა, რომ მეტი და მეტი მოვყვე. ალბათ ასე იქნება, სანამ სათქმელს ბოლომდე არ ამოვწურავ.

1-copy-1667291855.jpg

ყოველდღიურობა

- ერთ ლექსში ვწერ, მე არ ვარ ის დედა, რომელიც ყოველ დილით წამოხტება და შვილებს კარაქიანი პურით გაისტუმრებს, მე ძილშიც ვზრუნავ მათ დანაყრებაზე-მეთქი. ამ საკითხს დედა აგვარებდა და საერთოდ, ჩემი შვილების არა მხოლოდ გაზრდაში, არამედ აღზრდაშიც მას დიდი წვლილი მიუძღვის. ის საკმაოდ ახალგაზრდაა, 16 წლის იყო, როცა გამაჩინა. დღეს 55 წლისაა, ხოლო მამა - 60-ის. დედა თავიდანვე მხარში მედგა - მოლოგინების პირველსავე დღიდან. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის ემოციური დედა ვიყავი. დედაჩემისგან შორს რომ აღმოვჩნდებოდი, დასასვენებლად ან მეუღლის სახლში, ორმაგი დედობრივი ზრუნვა მერთვებოდა და ბავშვებს წამით არ ვაშორებდი თვალს. დედაჩემთან კი მოშვებული და თავისუფლად ვიყავი, რადგან ის ზრუნავდა.

ვერ ვიტყვი, რომ ფანტასტიკური მზარეული ვარ და ყოველდღე სამზარეულოში ვფუსფუსებ, შეიძლება დღე ერთი ჭიქა ყავით გადავაგორო, მაგრამ რასაც გავაკეთებ, ის კერძი გემრიელია. თუმცა, ესეც განწყობაზეა დამოკიდებული. სამზარეულოში ფუსფუსი მაინც დედაჩემით იწყება და მისით მთავრდება.

38-83...

- 1884 წელს რომ დავბადებულიყავი და არა 1984 წელს, და ის გზა გამევლო, რაც გავიარე, გასული საუკუნის 20-იან წლებში, მაშინდელ რეჟიმს გავუმკლავდებოდი და არსებული ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, მაინც მოვახერხებდი და დავწერდი. ყოველთვის შევეცდებოდი, მართალი სიტყვის მთქმელი, შეუპოვარი ვყოფილიყავი. 83 წლის ასაკშიც ისევ ისე მოვყვებოდი, როგორც დღეს, ქაოსურად, მძაფრად; ისევ ისეთი უსუსური ვიქნებოდი, მაგრამ მაინც ჯიუტი.

ანა კალანდაძე