ბებიას დამხმარე - გზაპრესი

ბებიას დამხმარე

თურმე ბებოს დამხმარე იყო მაშინ, როცა სხვებს უდარდელი ბავშვობა გვქონდა...

თამუნა ხიზანიშვილის მოგონება, რომელიც ათეულობით წლის წინანდელ ამბავს ეხება, ვფიქრობ, ბევრ მკითხველს მოჰგვრის სევდას და ტკბილ-მწარე ბავშვობისა თუ მოსწავლეობის დეტალებს გაახსენებს.

„მახსოვს, მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავით. ქართულის მასწავლებელი საინტერესო გაკვეთილს ხსნიდა, ზრუნვასა და პატივისცემაზე საუბრობდა. გაფაციცებით ვუსმენდით და ერთი სული გვქონდა, ისეთი რამ გვეთქვა, რომ მასწავლებლისთვის თავი მოგვეწონებინა...

მეორე მერხთან ვიჯექი. ჩემ გვერდით მუდამ ერთი ბიჭი იჯდა, რომელიც ყოველთვის მხოლოდ გისმენდა და არასოდეს საუბრობდა. მაინცდამაინც იმ გაკვეთილზე მოუნდა წრიალი. გავხედე, მერხის ქვეშ ჩამძვრალიყო. ინტერესმა შემიპყრო და ჩუმად დავუწყე თვალთვალი. დავაკვირდი და რას ვხედავ, ხუთი ჩხირი უჭირავს და წინდას ქსოვს...

ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი. კარგად დავაკვირდი და უცებ გადავირიე, ავხარხარდი, თანაც ისე, რომ კარგა ხანს ვეღარ გავჩერდი. მასწავლებელი შეკრთა. კლასში სიჩუმემ გადაიქროლა. ყველა მოსწავლის თვალები ინტერესით აენთო და სანამ რამეს ვიტყოდი, ყველას სიცილი წასკდა. ის ბიჭიც იცინოდა. მერხიდან ამოძვრა და ღიმილით გადმოგვხედა.

1546514086-3-1669012659.jpg

- რას აკეთებ, ბიჭო! - იცინოდა მასწავლებელიც. ბიჭს სახეზე ღიმილი გაუქრა. წინდა ისე მოექსოვა, რომ უკვე ყელს ამთავრებდა. ბებიაჩემს ვეხმარებიო, - წაილუღლუღა და თავი ჩაქინდრა.

ჩვენ კი მეტი რა გვინდოდა. მას შემდეგ მის დანახვაზე ერთიანად ვიწყებდით სიცილს.

მერე? მერე მალე გადავიდა ჩვენი სკოლიდან. სკოლა ისე დავამთავრეთ, აღარც გვინახავს.

სკოლის დამთავრებიდან 22 წლის შემდეგ კლასელებმა დამირეკეს, ბანკეტისთვის ემზადებოდნენ. სიხარულით ცას ვეწიე. მივედი, ზოგიერთი ძლივს ვიცანი. მხოლოდ ერთი ბიჭი იყო ძალიან უცხო, ძალიან ნაცნობი თვალებით.

თენგიზა ვარო, - შემომცინა. - წინდების ქსოვის ოსტატიო. გამიხარდა, გამიკვირდა, აქ როგორ მოხვდი-მეთქი?

- ამან ითავა ყველაფერი, ამ კაცმა შეგვკრიბაო, - ამიხსნეს კლასელებმა.

- რა ვქნა, თქვენს სიყვარულს ვერ შეველიეო, - გამიღიმა და მისმა სიტყვებმა ელვასავით დამიარა ტანში. რამხელა გული ჰქონია-მეთქი, გავიფიქრე.

მას შემდეგ, ყოველ წელს, გვიან შემოდგომით გვირეკავდა, თავს ერთად მოგვიყრიდა და ბავშვობისა და ცელქობის ერთ საზეიმო დღეს გვჩუქნიდა.

მაგრამ...

მაგრამ შარშან, გვიან შემოდგომით, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ფარისევლობას, ადამიანების უგუნურობას და ღმერთთან ანგელოზად გაემგზავრა. მას მერე ბავშვური სიცილი ტკივილად მექცა. ყურებში ბაგაბუგით მესმის მისი ბავშვური ხმა, - ბებოს ვეხმარებიო. ის პატარა ბიჭი დიდი გულითა და დიდი სიკეთით სავსე ყოფილა. თურმე, ბებოს დამხმარე იყო მაშინ, როცა სხვებს უდარდელი ბავშვობა გვქონდა...

ერთხელ მაინც გვეკითხა მისთვის, რა უჭირდა, რა დარდი ჰქონდა...

სანამ ერთად ვართ, ერთმანეთი არაფრად გვიღირს, დავკარგავთ და მერე გვახსენდება, მერე გვიმძიმს და მივტირით. აი, ასეთები ვართ ადამიანები და მხოლოდ იმ ბიჭივით ძლიერებს ძალუძთ სხვისი ტკივილის მხრებით ტარება, თანადგომა და შემსუბუქება.

და რა იოლი იქნებოდა ცხოვრება, სიმძიმის გადანაწილება ყველას რომ შეგვეძლოს".

P.S. მსმენია ერთი მეგობრისგან, როგორი გულისწყვეტით მითხრა, როცა ბებია მომიკვდა და ვტიროდი, მოგვიანებით მივხვდი, დედას ვგლოვობდი თითქოსო. სხვაგვარად უყვარდათ ვითომ ადრე შვილიშვილებსა და ბებიებს ერთმანეთი?!

როლანდ ხოჯანაშვილი