როგორ გახდა ცნობილი მოკრივე - ფოტოხელოვანი "მამილო კარლო" - გზაპრესი

როგორ გახდა ცნობილი მოკრივე - ფოტოხელოვანი "მამილო კარლო"

საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეაში 22 ნოემბერს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში გასტანს მოკრივისა და ფოტოხელოვანის, დავით კვაჭაძის ფოტოების გამოფენა. ამავდროულად, გახსნის დღეს გაიმართა ალბომის „დავით კვაჭაძე 70“ პრეზენტააცია, სადაც შესულია მის მიერ სხვადასხვა წელს გადაღებული ფოტოები, ინფორმაცია სპორტსმების შესახებ და რამდენიმე წერილი დავით კვაჭაძის სპორტულ კარიერასა და გზაზე ხელოვნებაში.

დიდი ხანია, ვიცნობ და როცა პირველად შევხვდი, მეგონა, ჩვენი საუბარი მხოლოდ მის სპორტულ კარიერას შეეხებოდა. მაშინ გავიგე, რომ ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მისი პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა 1998 წელს გაიმართა. მას შემდეგ მონაწილეობა აქვს მიღებული 30-მდე გამოფენაში და აქედან 20-პერსონალურია. ფოტოგრაფიამ აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ გაიტაცა. თემა მრავალფეროვანია, სადაც კონკრეტული მიმართულება არ იკვეთება. მის ფოტოებს არც სათაურები აქვს, არც გადაღების თარიღები და არც ადგილმდებარეობაა სადმე მონიშნული, თუმცა შეიძლება, პირადი საუბარისას ზოგიერთი დაასათაუროს და ამით თავისი განწყობაც გადმოგცეს, ემოციაც, ხედვაც და მესამე თვალიც აგიხილოს, რაც მისი ნამუშევრების ნაწილის დათვალიერებისას არცთუ ისე იშვიათად „გჭირდება“ და რასაც, შეიძლება შენი ფანტაზია ვერ გასწვდეს...

ყოველთვის მშვიდად, დინჯად საუბრობს. კარგი იუმორი აქვს და ოდნავ შესამჩნევი ღიმილის მიღმა, საკმაოდ მგრძნობიარე და გულჩვილ ადამიანს „ხედავ“. მის ფოტოებს როცა ეცნობი, ეს განცდა კიდევ უფრო ძლიერდება და ამიტომ ვერასდროს ვიაზრებ, რომ ოდესღაც ცნობილი სპორტსმენი იყო და სპორტულ სამყაროშიც შეუვალი დაცვის მქონე მოკრივედ მოიხსენიებდნენ.

საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონია. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მრავალფეროვან ტიტულებს შორისაა წოდებები: სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენოსანი, სპორტის რაინდი, ნიუ-ორლეანისა და თბილისის საპატიო მოქალაქე. ერთხანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურისა და სპორტის კათედრის გამგეც იყო, თბილისში კრივის ორი სკოლა დააფუძნა, ორივეს დირექტორობდა და მოგვიანებით გახლდათ საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტიც, თუმცა ესა თუ ის თანამდებობა მისთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი და ასე ფიქრობს დღესაც.

დავით კვაჭაძის სპორტული ცხოვრება 12 წლის ასაკში დაიწყო, რასაც წინ ბავშვური აღქმის შემდეგი სურათი უძღოდა წინ:

- თბილისში, ორთაჭალაში, ერთადერთ ოთახში, სადაც დედაჩემთან ერთად და ორ უფროსს ძმასთან ერთად ვცხოვრობდი, ჩემს საწოლთან ანტიკური პერიოდის ბერძენი მოკრივის ქანდაკების ფოტო ეკიდა, კედლებზე კი ალაგ-ალაგ გაქექილი ძველი შპალერი იყო გაკრული. ბერძენი მოკრივე და გაცრეცილი შპალერიც ჩემი ბავშვობის ფანტაზიის წყარო გახლდათ. დღემდე ამ ფანტაზიით მოვდივარ. რინგზე ჩემს წარმოდგენაში მყოფი ანტიკური მოკრივის სტილით ვიბრძოდი - ვცდილობდი თავი მაქსიმალურად დამეცვა და ბრძოლა ტექნიკურად მომეგო. რინგზე დაუნდობელ ჩხუბს ვერ ვიტან, ამიტომ ნოკაუტით იშვიათად მაქვს მოგებული, სამაგიეროდ მე თვითონ ნოკდაუნიც არ მიმიღია... კრივი სულითა და გულით მიყვარდა და მიყვარს, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს და რინგი დავტოვე. ბავშვობამ არ დამტოვა და იმ ალაგ-ალაგ აქექილ შპალერში დანახულმა წარმოსახვებმა ხელში ფოტოაპარატი ამაღებინა. დავდივარ და ობიექტიდან ვუყურებ გარემოს. ვიღებ ბუნების პეიზაჟებს, ადამიანებს, საგნებს, დეტალებს, ანარეკლებს, ყინულის ზედაპირს, ქვიშის სისველეს, ჩრდილსა და სინათლეს... და კიდევ, ერთი უცნაური სამყაროსკენ მაქვს მიმართული ობიექტივი - ბათქაშჩამოყრილი, საღებავებმისხმული, აფიშებჩამოფხეკილი კედლებისკენ, დაჟანგული პარპრიზებისკენ, გადაგდებული და ან სარემონტოდ გამზადებული ათასნაირი ნივთებისკენ. მათში ვეძებ და ვპოულობ რაღაც მიმზიდველ დეტალს, კომპოზიციას ან ფერთა უჩვეულო შეხამებას.

- თუ გენატრებათ სპორტული წარსული და თუ ადევნებთ თვალს კრივის მატჩებს, ჩანაწერები იქნება ეს თუ პირდაპირ ეთერის რეჟიმში გასული შეჯიბრებები?

- იშვიათად... რამდენიმე კარგი მოკრივე კი არის, მაგრამ დღეს სპორტი შოუ-ბიზნესად იქცა. ჩვენი თაობა ისე გავიზარდეთ, თუ წარმატებას მიაღწევდი, გამარჯვების ნიშნად მსაჯი ხელს აგიწევდა და მშვიდად ხვდებოდი ამ ამბავს. შეჯიბრების წინ მოწინააღმდეგის მისამართით არც ენის გამოყოფა მომწონს და არც მუქარის შემცველი სიტყვების ძახილი. კრივიც აგრესიული გახდა, დავარდნილს ხელს კიდევ ურტყამენ.

sport-1669372151.jpg

უწინ, გოლის გატანის დროს, არც ფეხბურთელები იხდიდნენ მოედანზე მაისურებს და არც ხალხში შერბოდნენ სვირინგებით დაფარული სხეულით წელზევით შიშვლები. ცხადია, გამარჯვება ყველას გვიხაროდა, მაგრამ ამას ზომიერად გამოვხატავდით. არ მომწონს დღევანდელი „გამოხტომები“ მოედანზე იქნება ეს თუ რინგზე. არც ტატუები მომწონს და არა იმიტომ, რომ ჩამორჩენილი ვარ. სპორტიდან სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა რომ მიწევდა, ჯერ კიდევ მაშინ, ამერიკაში ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე კაცი, რომელსაც მთელი ხელები ისე ჰქონდა მოხატული, მეგონა, ფერადი სამოსი ეცვა. ნელ-ნელა ეს მოდა ჩვენთანაც შემოვიდა, უბრალოდ, მე არ მგონია ესთეტიკური. ქალი ისედაც ლამაზია, თავის სხეულითა და ფორმებით და ვფიქრობ, სვირინგები არ არის საჭირო. მომწონს და ვაფასებ კლასიკურ სილამაზეს, როგორც მუსიკაში, ისე მოდაში, სპორტში და ა.შ. ამას წინათ შემთხვევით ვნახე ვიდეოები, სადაც ერთგან მოდელები ტალახში დადიოდნენ, მეორე მოდის ჩვენებაზე კი ერთ ადამიანს მეორე ჰყავდა კისერზე „შემოდებული“ თუ ჩამოკიდებული და ასე დადიოდა პოდიუმზე. კი, ყველა სიახლის ძიებაშია, მაგრამ რა ვქნა, არის რაღაცები, რაც არ მესმის (იღიმის).

- სულ მიკვირს და თითქოს ერთმანეთს ვერ ვაკავშირებ კრივს, რომელიც საკმაოდ უხეში, აგრესიული სპორტია და თქვენ მშვიდ ხასიათსა და ამავდროულად, თქვენი ფოტოების ესთეტიკას. თქვენი პირველი და მეორე „პროფესიები“ თითქოს ორი განსხვავებული ადამიანის ბიოგრაფიას ჰყვება. როგორი იყავით მაშინ, როცა რინგზე იდექით?

- კარგი შეკითხვაა... აგრესიული არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, კრივი ისეთი სპორტს სახეობაა, უნდა დაარტყა და დაგარტყას, მაგრამ ხელოვნება სწორედ ისაა, რომ დარტყმები აიცილო, ლამაზად იმოძრაო, არ იყო უხეში, გქონდეს შენი ტექნიკა და ტაქტიკა. სხვათა შორის, ისტორიულად კრივთან ახლო კავშირი ჰქონდა ბევრ ცნობილ პიროვნებას, რომელთა შორის არიან: ჯორჯ ბაირონი, ბერნარდ შოუ, ჩარლი ჩაპლინი... კრივის ფესვები ანტიკური საბერძნეთიდან მოდის, სადაც არამხოლოდ ფილოსოფია, პოეზია და თეატრი იყო მაღალ დონეზე, არამედ სპორტიც. ეს სახეობა განვითარებული გახლდათ ეგვიპტესა და ბაბილონშიც, მაგრამ მე უფრო ბერძნული სტილი მომწონს, ისევე როგორც ანტიკური ბერძნული ქანდაკებები და ხელოვნების სხვა ნიმუშები.

314602497-1669372223.jpg

- ბოლო დროს ჩიბუხების დამზადებამ გაგიტაცათ...

- ჩიბუხების დამზადება პანდემიის დასაწყისში დავიწყე და დღემდე, 15-მდე გავაკეთე. ამ საქმეს გასართობად მოვკიდე ხელი. ადამიანი რაღაცით რომ არის დაკავებული, ეს ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს. ერთ დღესაც „იუთუბზე“ შემთხვევით ვნახე ჩიბუხების დამზადების პროცესი და დავინტერესდი, როგორც „ცოცხლდება“ ხის მასალა რაღაც ფორმისა და ნივთის სახით, თან ბოლსაც უშვებს. ეზოში კაკლის ხის ტოტი მქონდა მოჭრილი, რომლისგანაც შევეცადე ჩიბუხი გამეკეთებინა. ადვილი პროცესი ნამდვილად არ არის, თან, როცა არც დაზგა გაქვს და არც შესაბამისი იარაღები. ერთადერთი მაქვს ბურღი, რომლითაც შიდა ნაწილის პარამეტრებს ვიცავ. ხელოსანი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ გარედან სხვადასხვა ფორმა მივცე ან ორნამენტი ამოვტვიფრო და ასე გავაკეთე, ქვევრისა და კრივის ხელთათმანის ფორმის ჩიბუხები. ამ პროცესს კაცი სერიოზულად რომ მიუდგეს და ინტენსიურად იმუშაოს, გაცილებით მეტ ნივთსაც გაამზადებდა, მაგრამ მე დიდხანს მიგრძელდება ეს პროცესი, ზოგჯერ მასალასაც ვერ ვშოულობ, პერიოდულად კი ამ საქმისგანაც ვისვენებ. თან ჩიბუხებს აივანზე ვაკეთებ და ძალიან რომ აცივდება ხოლმე, მაშინ უკვე ვჩერდები.

31643383-1669372032.jpg

მუშაობა დავიწყე ხერხით და ცულით, თან მახსენდებოდა „ბურატინო“. მამილო კარლო ხეს რომ ამუშავებს და ამ დროს ბურატინო წამოიყვირებს, ვფიქრობდი, - ახლა ამ ხის მასალამაც ხმა არ ამოიღოს-მეთქი (იღიმის). ჩიბუხების დასამზადებლად ყველაზე კარგი და გამძლე მასალა ბრიარია. რამდენიმე ჩიბუხი კაკლის ხისგანაც მაქვს გაკეთებული. ბრიარს ზოგჯერ შეიძლება ბუნებრივი წუნი ჰქონდეს და დამუშავების დროს ამას რომ ვნახავ, ვცდილობ იმ ადგილას რამე ამოვტვიფრო. ერთხელ ჩიბუხისთვის მასალა შევიძინე, არ გამომადგა და გადავწყვიტე სადგამი გამეკეთებინა, რომელზეც ყვავილის ტოტი ამოვტვიფრე და მგონი, მიუხდა.

- შვილიშვილზე მინდა გკითხოთ, ილია რას სპორტს მისდევს?

- საერთოდ ბავშვები ნიჭიერები არიან, ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს, მათ სწორ გზაზე დაყენება და ხელშეწყობა სჭირდებათ. ილიკო ფეხბურთზე დადის. არასდროს დამიძალებია გინდა თუ არა კრივზე იარე-მეთქი. ასეთი რამ საჭირო არ არის. 12 წლისაა, ფანტაზიორი და იუმორით სავსე ბიჭია. ზოგჯერ, როცა ჩვენთან რჩება, დამიძახებს ხოლმე, - ბაბუ, წამოდი-ვილაპარაკოთო. შევდივართ სამზარეულოში და ჭიქა ჩაის თანხლებით ვსაუბრობთ. ძალიან ვმეგობრობთ, მასთან პატარა ვხდები. როცა ვხუმრობ და რამე სულელურს ვიტყვი, სიცილით კვდება. ერთხელ, ჩემს ოთახში კომპიუტერთან ვიჯექი, დასამშვიდობებლად შემოვიდა და მითხრა: ბაბუ, ძალიან მიყვარხარო. საერთოდ, სიტყვებით ჩემ სიყვარულს, გრძნობს ვერ გამოვხატავ და ვერც მაშინ შევძელი ბევრი, მხოლოდ მოვეფერე, გენაცვალე-მეთქი. ბებიამისი იქვე, კართან იდგა და გამომშვიდობებისას ჰკითხა: ილიკო, მეც ხომ გიყვარვარო? ბავშვმა უპასუხა: იცი, ბაბუა ჩემი ძმაკაცია, შენ კიდევ ჩემი ბებია ხარო (იღიმის).

gza-1669372064.jpg

- მოკლედ, მოკრივე იყავით და ფოტოგრაფი გახდით, ახლა უკვე მამილო კარლოც. კიდევ რის მიმართ გაქვთ ინტერესი, რა შეიძლება „ხვალ“ გააკეთოთ?

- რთული სათქმელია. შეიძლება ხისგან პატარ-პატარა ფიგურები გამოვთალო. უკვე ვცადე და კრივის ხელთათმანები გავაკეთე, რომლის გულსაკიდად გამოყენება შეიძლება. ვცადე და გავერთე, მაგრამ რომ ვთქვა, რამეს ვგეგმავ-მეთქი, ასე არ არის. არ ვიცი, როდის რისი კეთების სურვილი მოვა.

- დაბოლოს, ისიც მითხარით, თქვენს უამრავ ჯილდოსა და ტიტულს შორის, მაინც რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- მიყვარს სამყარო, ადამიანები, სპორტი, ფოტოგრაფია და ა.შ. მაგრამ როგორც ჩემს ფოტოებზე ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის რომელიმე გამორჩეულია, ისეა კრივსა და ჯილდოებშიც. ზოგი გამარჯვება მძიმე ბრძოლების შედეგად მოვიპოვე, ზოგიც - ნაკლებად მძიმე. გავხდი საბჭოთა კავშირის სამგზის და ევროპის ჩემპიონი, ვიღაცებს დღემდე ვახსოვარ. პირველად საქართველოს მოსწავლეთა შორის ჩემპიონობა რომ მოვიპოვე, პაწაწინა სიგელი გადმომეცა და ძალიან მიყვარს ის ჯილდო, მაგრამ ერთი კონკრეტული პასუხი მაინც მიჭირს. ამას წინათ ფილმს „როკო და მისი ძმებს“ ვუყურე. ლუკინო ვისკონტის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი 1960 წელს არის გადაღებული. ერთ-ერთმა ბოლო სცენამ, სადაც როკო კრივში წარმატებას აღწევს, ჩემპიონი ხდება, დედამისი კი იტალიური ეზოს მეზობლებს გახარებული ეძახის და ამ ამბავს უყვება, საქართველო, ჩემი ბავშვობა და ბედნიერი დედაჩემი გამახსენა. მახსოვს, როგორ უხაროდა ჩემი წარმატება, ორთაჭალის ოთახის ძველ კედლებში მეზობლები მოდიოდნენ და ჩვენ სიხარულს იზიარებდნენ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ეს მოგონებებია...

ანა კალანდაძე