რძალი, მამამთილის საყვარელი და მადლიერი დედამთილი
font-large font-small
რძალი, მამამთილის საყვარელი და მადლიერი დედამთილი
ახლა მოგიყვებით ამ ამბავს: საკმაოდ ადრეულ ასაკში გავთხოვდი - 16 წლის ვიყავი. ჩემი ქმარი 18 წლის იყო და ბუნებრივია, ახალგაზრდა დედამთილ-მამამთილი მყავდა.
დედამთილი 37 წლის, ლამაზი, სიცოცხლით სავსე, თბილი ქალი იყო და გაცნობის პირველივე დღეებიდან შემიყვარდა. ისე მეფერებოდა ხოლმე, როგორც საკუთარ შვილს. ჩემს მეუღლეს ხშირად უწევდა სხვა ქალაქში წასვლა (ქუთაისში სწავლობდა) და როდესაც ის შინ არ იყო, დედამთილთან მეძინა ხოლმე. მამამთილი ხშირად ამბობდა - ამ გოგომ ცოლი წამართვაო. ეს ხუმრობით, თორემ სინამდვილეში სულაც არ ენაღვლებოდა. წარმოსადეგი მამაკაცი გახლდათ, მატერიალურადაც წელში გამართული და ქალებსა და დროს ტარებას არ იკლებდა.
ვგრძნობდი, რომ ცოლ-ქმარს შორის უსიამოვნება სხვა ქალის გამო ხდებოდა ხოლმე, თუმცა ჩემი თანდასწრებით ამაზე არასოდეს ულაპარაკიათ. 5 წელი შვილი არ მყავდა. ნინო (დედამთილი) მამშვიდებდა, - ნუ ნერვიულობ, შვილს ყოველთვის მოესწრები, ეცადე, ქმარს მეტი ყურადღება დაუთმოო.
ერთ დღეს ბესოს (ქმარს) და მამამისს უკმაყოფილება მოუვიდათ. მიზეზი კი ის იყო, რომ მამა ვიღაც ქალთან დადიოდა და მალე ალბათ ოჯახსაც დაანგრევდა. ამ დროს ჩემი დედამთილი ანტალიაში ჰყავდა გაგზავნილი დასასვენებლად. ერთ დღეს მამამთილის მობილური “დავიმარტოხელე”, მესიჯები ვნახე და იმ ქალის ნომერი ამოვიწერე. შემდეგ, ჩემი ქმრის დახმარებით მისი ვინაობა დავადგინე, გავიკითხ-გამოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ არც ისე სუფთა წარსული ჰქონია. ისიც კი მითხრეს, - ამბობენ, ახალგაზრდობაში ვიღაცისგან გოგონა გააჩინა და გააშვილაო. ჰოდა, დავურეკე ამ ქალს და ვუთხარი - შენი შვილი ვარ და ძალიან მინდა შენი ნახვა-მეთქი. ენა დაება. თურმე ქმარი ჰყოლია და შეეშინდა, მის ყურამდე არ მისულიყო ეს ამბავი. გამომკითხა - საიდან, როგორ მომაგენიო? - მეც ვუთხარი - გოჩამ (მამამთილმა) გაიგო, რომ გოგონა გაგიშვილებია, კვალს მიჰყვა და ჩემამდე მოვიდა, ახლა შვილად უნდა მაღიარო და შენთან უნდა ვიცხოვრო-მეთქი. - მოვიფიქრებო, - მიპასუხა. იმ დღიდან ჩემს მამამთილს მასთან პრობლემები შეექმნა.
არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ერთ საღამოს გოჩა ტელეფონით ლაპარაკობდა და გინებით იკლებდა მთელ სახლს. მეორე დღეს მითხრა: - ნინოსთან მივდივარ ანტალიაში და ხომ არ წამოხვალო? გავყევი. მთელი 2 კვირა ერთად ვიყავით. ცოლ-ქმარი ისე ჭუკჭუკებდა და ეფერებოდა ერთმანეთს, თითქოს ახალდაქორწინებულები იყვნენ. იმის მერე თითქმის 10 წელი გავიდა და ჩემმა დედამთილმა ახლა შეიტყო ეს ამბავი. ჩემი ძალიან მადლიერია და მისთვის საყვარელი ადამიანების სიის თავში ვარ მოქცეული. ანანო



ბეჭდვა