"თქვენი ჟურნალის გამო მამაჩემი დავტანჯე - ახლა სოფელში ვართ და ყოველ ხუთშაბათს ქალაქში ჩასვლა უწევს, რომ ერთადერთ ქალიშვილს გული არ დასწყვიტოს...
დედა 15 წლის წინ გარდამეცვალა, მაშინ 3 წლის ვიყავი. მამა სამსახურში სიარულსაც ასწრებდა, ჩემს მოვლასაც და არც ქალებს იკლებდა. მოკლედ, მაგარი ტიპია - 36 წლის, ფულიანი, მაგარ "ზმანზე", ტვინს ჩემი ასაკის გოგოსაც აურევს. ერთხელ, მეგობართან უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ მამა შემეცოდა და დაქალის ძმას ვთხოვე: შინ წამიყვანე, მამაჩემი მარტო იქნება და ცოდვაა-მეთქი. კარი ჩემი გასაღებით გავაღე და მამის ოთახში შევედი - მას 14 წლის წინ დაღუპული მეუღლის სურათი ჩაეხუტებინა და ბღაოდა, სიყვარულს ეფიცებოდა... გადავწყვიტე, რომ მისთვის მეპოვა ადამიანი, რომელიც სიყვარულს აჩუქებდა. 3 თვის წინ, მე და ჩემი მეგობარი ზღვის აქსესუარების საყიდლად მაღაზიებში დავდიოდით. უეცრად, დავინახეთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც შუა ტროტუარზე წაიქცა. მივცვივდით, ფეხზე წამოვაყენეთ, ტაქსიში ჩავსვით და რადგანაც თავს ცუდად გრძნობდა, მეც თან გავყევი. შინ მივიყვანე და ვუპატრონე. თავის ცხოვრებაზე მესაუბრა - გაუთხოვარი ყოფილა. ულამაზესი ქალი გახლდათ. ჩემი ნომერი დავუტოვე და წამოვედი. მისი ბინიდან გამოსული უკვე გეგმებს ვაწყობდი... რამდენიმე დღის შემდეგ, ის სახლში მოვიწვიე. მერე, შინ მამაც მოვიდა და საბედისწერო შეხვედრაც შედგა. ახლა სამივენი მთაში ვისვენებთ. ჩემი დედინაცვალი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომ არ ვიცი, როგორ ვაქო და ვადიდო. ყოველ დილით ჩემს საყვარელ ბლინებს მიცხობს. ზოგჯერ კი ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზმარია და მეშინია, უცებ არ გაქრეს. მინდა, ეს მესიჯი ნატალიმ წაიკითხოს და კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ მე და მამა გაგვაბედნიერა. თათია".