კარგა ხანია, შვებულება არ მქონია და ოცნებად მქონდა ქცეული, ზღვაზე დამესვენა. 3 წლის წინ, მეუღლეს გავეყარე. ჯერ იყო და განწყობა არ მქონდა, მერე იყო და...
ფული არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, ყოველი ხელფასიდან რათაც თანხა გადამენახა და ზაფხულში ზღვაზე დამესვენა. როგორც იქნა, გარკვეულ თანხას მოვუყარე თავი, განცხადება დავწერე, უფროსმა ხელი მომიწერა და მორჩა! ჩიტივით თავისუფალი ვიყავი. მთელი 3 კვირა წინ მქონდა და წინასწარ ვტკბებოდი იმაზე ფიქრით, როგგორ გავატარებდი შვებულებას. ხან პლაჟზე წარმოვიდგინე თავი, ხან - ზღვაში, ხან კი - უცხო მამაკაცთან ხელკავით მოსეირნე. ეს უცხო მამაკაცი, რა თქმა უნდა, იქ გაცნობილი იქნებოდა, ერთმანეთს კარგად გავუგებდით და... ამის შემდეგ რაც იქნებოდა, იმაზე უკვე აღარ ვოცნებობდი. როგორც იქნა, მოვიდა ნანატრი საღამო და მატარებლის ფანჯრიდან ხელი დავუქნიე დედას და დას. მარტო ვმგზავრობდი, იქ კი მეგობრები დამხვდებოდნენ. გზაში ძალიან გავწვალდი, რადგან უზომოდ ცხელოდა და დაძინებას ვერ ვახერხებდი. მეზობელ კუპეში ვიღაცები სვამდნენ და ყაყანებდნენ. ურეკში რომ ჩავედი, შვებით ამოვისუნთქე. პირველივე დღეს პლაჟზე ისე დავიწვი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი. მთელი ღამე პირქვე ვიწექი და ვკვნესოდი. მომდევნო ერთი კვირა დამწვარი ადგილების მოშუშებას მოვანდომე, პლაჟზე ვერ გავდიოდი. სამაგიეროდ, იქვე, მეზობლებთან ჯოკერს ვთამაშობდი და არც თუ ცუდად ვერთობოდი. როდესაც ისევ გავედი პლაჟზე, ერთ ახალგაზრდა მამაკაცს დავადგი თვალი. ისიც ჩემსავთ დაწვარი იყო. გამოველაპარაკე, შევთავაზე - თუ ზურგი ძალიან გეწვით, შინ სპეციალური მალამო მაქვს, წაგისვამთ და უცებ მოგიშუშდებათ-მეთქი. სიამოვნებით გამომყვა. სკამზე დავსვი, ზურგს უკან დავუჯექი და ჩვეულებრივი ხელის კრემი წავუსვი. ნელნელა ვუსვამდი თითებს და თან ისე, თითქოს ვეფერებოდი. მივხვდი, ჩემს "პაციენტს" მოსწონდა ფარული ალერსი და ხმას არ იღებდა. მადლობა გადამიხადა და წავიდა. მეორე დღეს თვითონ მთხოვა, - შენი მალამო მომიხდა და კიდევ მიწილადეო. ისევ წავუსვი კრემი და რომ მოვრჩი, მეცა და კოცნა დამიწყო... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ხელკავით ვისეირნეთ, ღამეებიც ერთად ვიყავით და შემიყვარდა კიდეც, მაგრამ ჩვენს ურთერთობას, როგორც ჩანს, "ჰეფი ენდი" არ ეწერა, რადგან ურეკიდან ისე გაიპარა ჩემი კავალერი, რომ ვერც გავიგე. ეჰ... ჯობდა, სულ არ წავსულიყავი შვებულებაში და შინ, აბაზანაში მეჭყუმპალავა. იქნებ წაიკითხოს და მიხვდეს, რომ ველოდები. პატივისცემით, მარი.