20 წლის ვიყავი, როცა ერთი გოგო შემიყვარდა - ლენა. მანამდეც მყავდა რამდენიმე შეყვარებული, მაგრამ ასე ძლიერად არასოდეს მყვარებია. საერთოდ გადამავიწყდა ყველაფერი...
აღარც ჭამა მინდოდა, აღარც სმა, აღარც ლექციებზე სიარული და აღარც შინ მისვლა. დღე და ღამე მის სახლთან და ინსტიტუტთან დავბორიალებდი. ის ჩემი ნათესავის დაქალი იყო და მისგან გავიცანი. ჩავრიე საქმეში ნათესავი, მივუგზავნე და სიყვარული გავუმხილე. ის ისევ ვერ მამჩნევდა. იძულებული გავხდი, გზაზე გადავდგომოდი. ასეც მოვიქეცი. გავაჩერე და ვუთხარი - მიყვარხარ-მეთქი, თან ყავაზე დავპატიჟე. უარი არ უთქვამს. რამდენიმე საათის განმავლობაში ვუხსნიდი სიყვარულს. ბოლოს შევთავაზე, ახლავე გამომყევი ცოლად-მეთქი. - არაო, - თავი გადააქნია. დაბადების დღეზე, დაუპატიჟებლად ვეწვიე შინ. სწორედ მაშინ გავიცანი მისი ძმა, რომელიც სიმაღლითა და სიგანით ხუთი ჩემხელა გახლდათ. ბუღასავით ატრიალებდა თვალებს, ხმას არ იღებდა და ყველა სტუმარს მდუმარედ ზვერავდა. ცოტა კი შევცბი, მაგრამ მისი მზერა ვერ შემაშინებდა. ცოტა ხანში ლენას ჩემ მიმართ სიმპათია გაუჩნდა, მერე მითხრა - მეც მიყარხარო, მაგრამ დიდხანს არ მიჩერდებოდა სალაპარაკოდ. არც პაემანზე მთანხმდებოდა ხშირად. მიზეზი კი მისი ძმა იყო. - მომკლავს, რომ გაიგოს, ვინმეს ვხვდებიო, - ამბობდა. ავდექი და ვასიკოს (ასე ერქვა ლენას ძმას) სამსახურში მივაკითხე, გარეთ გამოვიყვანე და ჯიქურ ვუთხარი, - ლენა მიყვარს, ცოლად მინდა მოვიყვანო და შენ რა აზრის ხარ-მეთქი? - მეგონა, თავის უშველებელ მუშტს თავში ჩამცხებდა, მაგრამ სასწაული მოხდა: ჯერ კუშტად გამომხედა, თვალით მზომავდა, შემდეგ თვალებში შემომხედა და ნელ-ნელა სახე გაებადრა. ზამბარასავით დაჭიმული ვიდექი. ცოტა მოვეშვი... ნახევარი საათის შემდეგ ორივენი რესტორანში ვისხედით და ახლა მას ვუხსნიდი, როგორ მიყვარდა მისი და. ამის შემდეგ, ლენასთან შეხვედრა თუ მინდოდა, ვასიკოს ვთხოვდი და ისიც უშვებდა, ოღონდ, დროს უნიშნავდა, რამდენ ხანში უნდა დაბრუნებულიყო შინ. ყოველთვის დროზე ვაცილებდი ლენას, რადგან არ მინდოდა, ვასიკო გაბრაზებულიყო. მათთან შინ სტუმრადაც მივდიოდი ხოლმე. შემდეგ მოხდა ისე, რომ სმა დავიწყე. ყოველდღე ვთვრებოდი და ლენასთანაც ნასვამი მივდიოდი ხოლმე. ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, პირში ენას ძლივს ვაბრუნებდი. ვასიკო შეშფოთდა და გამაფრთხილა - იცოდე, კიდევ ერთხელ ნასვამი რომ მოხვიდე, გცემო. არ მოვიშალე. ჰოდა, ერთხელ, ღამის 11 საათზე მათ კარზე რომ მივაკაკუნე, ვასიკომ ეზოში ჩამიყვანა და სულ ერთიანად დამალილავა. თან მითხრა, - დღეიდან ლენას ახლოს აღარ გაეკარო, მე რომ კაცს ხელს დავარტყამ, იმას დას ვეღარ მივათხოვებო. არც სმა მოვიშალე და არც ლენას დევნა. ის კი ახლოს აღარ მიკარებდა, ჩემს დანახვაზე ჩიტივით დაფრთხებოდა ხოლმე. ერთხელ, სადარბაზოსთან ველოდი მთვრალი და ვასიკომ შემნიშნა. ისევ მცემა. მიხვდა, რომ ლენას თავს არ ვანებებდი და მარტოს აღარსად უშვებდა. ისეთ დღეში ჩავვარდი, თავის მოკვლა მინდოდა. სმას მოვუმატე, გამოუფხიზლებლად დავდიოდი. გადავწყვიტე, რამდენიმე თვით თურქეთში წავსულიყავი. ასეც მოვიქეცი. ეს რამდენიმე თვე წლებად იქცა და ამ 2 წლის წინ დავბრუნდი. გეფიცებით, 3 წელია, სასმელს არ გავკარებივარ. მაშინ უკვე ერთი წელი იყო გასული და თამამად დავიწყე ლენას ძებნა. მისამართი შეცვლილი ჰქონდათ. მთელი 7 თვე ვეძებდი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქნდა, როცა გავიგე, რომ ისევ გასათხოვარი იყო. პირველად რომ დამინახა, თვალებს არ დაუჯერა. მალე ვასიკომაც გაიგო ჩემი დაბრუნების ამბავი, დამიბარა და ისევ მაგრად მცემა. თან მითხრა, - რამდენჯერაც ჩემი დის ახლომახლო დაგინახავ, იმდენჯერ მოგხვდებაო. ვუთხარი, - აღარ ვსვამ, ლენა ძველებურად მიყვარს და ჩვენს ბედნიერებას ხელს ნუ შეუშლი-მეთქი. ისევ მომხვდა. ასე გრძელდება დღემდე. 50-ჯერ მაინც ვყავარ ნაცემი, მაგრამ ლენას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ძმის შიშით ვერ ამხელს. მაინც არ მოვიშლი ლენას სანახავად მათთან შინ სტუმრობას. ვიცი, რამდენჯერაც მათ კარზე მივაკაკუნებ, იმდენჯერ გავილახები, მაგრამ ეგ არაფერი, მე ჩემსას მაინც მივაღწევ. რეზო.