საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ გავთხოვდი ღარიბ ბიჭზე. ვცხოვრობდი დედამთილ-მამამთილთან ერთად. ყოველთვის გამოზომილად ვყიდულობდით პურს, პროდუქტს, ტანისამოსს. თვიდან თვემდე ძლივს გაგვქონდა თავი.
სამეგრელოში ვცხოვრობდით, იქ კი, მოგეხსენებათ, წინათ იშვიათად თუ შეხვდებოდით გაჭირვებულ ადამიანს. მეზობლები მეუბნებოდნენ ხოლმე, - შენს მამამთილს უამრავი ფული აქვს, მოძებნე და უეჭველად მიაგნებო. მათ ნათქვამს არ ვიჯერებდი, მაგრამ... მოულოდნელად მამამთილი მოკვდა. ძლივს დავმარხეთ. მეზობლები დაგვეხმარნენ - ზოგმა ლობიო მოგვიტანა, ზოგმა - შაქარი, ბრინჯი... ვალიც დაგვედო. ძალზე ვნერვიულობდით, როგორ უნდა გადაგვეხადა ვალები? გასვენების შემდეგ, ხალხი რომ წავიდ-წამოვიდა, დავიწყეთ სახლის დალაგება. ჩემს ქმარს ვთხოვე, ჭაღი ჩამოეხსნა, რომ გამეწმინდა. აღმოვაჩინე, რომ ჭაღში ფული იყო დამალული - 5 ათასი მანეთი (ეს ამბავი გასული საუკუნის 70-იან წლებში ხდებოდა). გავიხარეთ. ვალიც გავისტუმრეთ, მამამთილს საფლავიც გავუკეთეთ, ორმოციც გადავუხადეთ და იმდენი ფულიც დაგვრჩა, რომ ცოტა ხანს თავსაც გავიტანდით.
გავიდა ხანი. სახლს გვერდზე პატარა სათავსო ჰქონდა, სადაც ზამთარში პროდუქტს ვინახავდით. იქვე ჩაის ფოთლით სავსე კასრი იდგა (ჩვენ თვითონ გვქონდა ჩაის პლანტაცია და ვყიდდით). ერთხელ ჩაის კლიენტი მოვიდა, 40 კილო ჩაი უნდოდა. დავიწყე კასრიდან ტომარაში ჩაყრა. ასე, 15 კილო რომ მოვაკელი, დასტად შეკრული კუპიურები ვიპოვე. უფრო ქვევით ჩავყავი ხელი - იქაც ფული იყო. კლიენტი გავუშვი, მე კი კასრიდან 70 ათასი მანეთი ამოვიღე. იცით, ეს რამხელა თანხა იყო? წარმოიდგინეთ, ახლა იმავე რაოდენობის დოლარი რომ გქონდეთ... გაოგნებული ვიდექი და ფულს დავყურებდი. ჩვენ ლამის შიმშილით სული გვძვრებოდა, ჩემი მამამთილი კი ფულს კასრში ინახავდა. იმ ფულით თბილისში ბინა ვიყიდეთ და საცხოვრებლად აქეთ გადმოვედით. დედამთილი კი სოფელში დარჩა და შარშან ისიც გარდაიცვალა. კვლავ სახლის დალაგებას შევუდექი. ტახტში ძველისძველ ტანისამოსს მივაგენი, რომელიც ჩემს მამამთილს ეკუთვნოდა და ცოლს აკურატულად დაკეცილი შეუნახავს. გადავწყვიტე, ზედმეტი რაღაცები გადამეყარა და ოთახის ერთ კუთხეში დავიწყე ასეთი ნივთების მოგროვება. ბავშვებს ბაბუის ნაქონი ქუდი მოუპარავთ, ჯერ თავზე დაუხურავთ, შემდეგ ქუდით ფეხბურთის თამაში გაუჩაღებიათ და თურმე ფული გადმოცვივდა. მათ ჟივილ-ხივილზე გარეთ გავიხედე და რას ვხედავ? - ძველ კუპიურებს ინაწილებენ... ამის დანახვაზე გამეცინა... კიდევ კარგი, ჩემს ქმარს არ გამოჰყვა ჩვევად ფულის დამალვა. რასაც შოულობს, ალალად მოაქვს და ოჯახს ახმარს.