ზამთრის ერთ მოღრუბლულ დღეს, მეზობელ სოფელში მცხოვრებმა ძმაკაცმა შოთას შეშის დახერხვა სთხოვა. ისიც, ამ უბრალო თხოვნაზე მეგობარს როგორ აწყენინებდა? მით უმეტეს, ამას ტრადიციული «მეორე განყოფილებაც» მოჰყვებოდა.
მხარზე მოიკიდა თავისი განუყრელი ბენზოხერხი და ძმაკაცს მიაშურა. საქმეს რომ მორჩნენ, სუფრას მიუსხდნენ. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა და შუაღამეს ბევრი აღარ აკლდა, როცა საკმაოდ შექეიფიანებული შოთა შინისაკენ გაემართა. რა თქმა უნდა, არც განუყრელი «დრუჟბა» დავიწყებია. მათ სოფლებს შორის სულ სამასი მეტრია და გზის ზემოთ ტყეა, გზის ქვემოთ კი - ჭალა. მოგეხსენებათ, რომ ამ დროს ასეთ ადგილებში ფეხით მოსიარულეს დიდი შანსი აქვს, მგლის ხახაში დაასრულოს წუთისოფელი. შოთასაც ეშინოდა მგლის ვახშმად ქცევის, რაც კიდევ უფრო გაუმყარა ყმუილის გაგონებამ. შეჩერდა, «დრუჟბა» ძირს დადო და ღვინით გახურებული კეფა მოიქექა. ნათქვამია - გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. შოთამაც ბევრი იფიქრა და იქექა ღვინისგან გახურებული კეფა თუ ცოტა, მაინც მიაგნო გამოსავალს: დაქოქა ბენზოხერხი, ისევ მოიკიდა ბეჭზე და უშიშრად განაგრძო გზა. სოფლამდე სულ რაღაც 50 მეტრი რჩებოდა, რომ შოთამ იგრძნო, როგორ დაქაჩა ქურთუკზე რაღაცამ (თურმე ქურთუკის კალთა «დრუჟბამ» ჩაითრია). მეორე დილით სოფლის შესასვლელში მცხოვრებნი ამბობდნენ, რომ ღამით საშინელი სისწრაფით გამოიქროლა ფარებჩამქრალმა «ტრანგალეტკამ» (ხერხის ხმა «ტრანგალეტკის» ხმად მოეჩვენათ), თუმცა დილით საბურავების ნაკვალევი არ ჩანდა.