სიდედრმა გაუჩალიჩა
font-large font-small
სიდედრმა გაუჩალიჩა
დილაუთენია ალეკოს სიდედრმა დაურეკა და თავისთან მიიპატიჟა. ნაბახუსევი ბრძანდებოდა ალეკო და დიდად არ ესიამოვნა ეს წინადადება, მაგრამ ცოლისა და სიდედრის წინაშე ვერაფერს გახდა და გაეშურა მოყვრებში.
სიდედრი, ალეკოს გასაკვირად, მეტისმეტად მხიარულად და გულთბილად შეხვდა სტუმრებს, ბოლოს კი მისმა საქციელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ლამარამ სიძესთან ერთად დალევა გადაწყვიტა, მაგრამ სიძემ მხარი ვერ აუბა, - საჭესთან ვზივარ და ვერ დავლევო, - უთხრა. ლამარამ ფარ-ხმალი არ დაყარა, ქმართან ერთად კარგად გამოთვრა და გემრიელადაც მოილხინა.

ალეკო 8 წელია, შეჩვეული იყო სიდედრის გამოხდომებს, მაგრამ ასეთი მხიარული და მოსიყვარულე ჯერ არ ენახა. ლამარამ საგანგებოდ სიძისთვის გადანახული შოკოლადები გამოიტანა და სულ ძალით აჭამა - ტკბილი რომ გიყვარს, მაგიტომ შეგინახეო. სიძესაც გული მოულბა და დამტკბარი ხმით დალოცა სიდედრი. წასვლისას კი შოკოლადები თან გაატანა ლამარამ და დააყოლა: - ასე ტკბილად დამიბერდიო. სტუმრად უჭმელ-უსმელ ალეკოს გზაში ლამარას გამოტანებული შოკოლადები გაახსენდა სულმოუთქმელად გადასანსლა, ცოტა ხნის შემდეგ კი პატრულმა გააჩერა და უსაყვედურა: - ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან რატომ ზიხარო? - და ჯარიმის გამოწერა დააპირა. - რა ნასვამი, რის ნასვამი, წვეთი არ დამილევიაო, - გაწიწმატდა ალეკო და ცოლიც დაემოწმა, არაფერი დაულევიაო. პატრულმა კი აპარატი დააძრო და ალეკოს პირთან მიუტანა - ჩაბერე და ახლა გავიგებთ, ნასვამი ხარ თუ არაო. ჩაბერა ალეკომ და აპარატმა წითელი აანთო, - აი, თუ არ ხარ ნასვამიო, - თვალები დაუბრიალა პატრულმა. ბევრი უმტკიცა ალეკომ, მაგრამ ვერაფერს გახდა. აპარატიც ჯიუტად ანთებდა წითელს. ასე რომ, ჯარიმა გამოუწერეს.

სწორედ იმ დროს, როდესაც პატრულმა მანქანიდან გადმოსვა (მთვრალ მძღოლს საჭესთან დაჯდომის უფლებას აღარ აძლევენ), სიდედრმა დაურეკა - არიქა, შვილო, არ დამღუპო, პატრულმა არ გაგაჩეროს, ფრთხილად იარე, ახლა გამახსენდა, ის შოკოლადები, მე რომ გაჭამე, ლიქიორიანი იყოო. ამის გამგონე ალეკომ ტელეფონი შორს მოისროლა, - ეს კარგს რას დამართებს კაცს, სიდედრს და თანაც მთვრალს, მტერი ენდოსო, - დაამატა ბოლოს და სულ გინებ-გინებითა და ბურდღუნ-ბურდღუნით გაუყვა შინ მიმავალ გზას, თანაც - ფეხით. ლუნა.

 

 

ბეჭდვა