გაქცეული შეყვარებული და პრობლემების წინაშე მარტო დარჩენილი მოზარდი
font-large font-small
გაქცეული შეყვარებული და პრობლემების წინაშე მარტო დარჩენილი მოზარდი
მეგობრებმა ქობულეთში გაიგეს ჩემი სიყვარულის ამბავი

17 წლის ანა ამბობს, რომ შეცდა და საყვარელ ადამიანს ენდო, რომლისგანაც ახლა ორსულად არის და არ იცის, როგორ მოიქცეს. მისთვის ამ საიდუმლოთი ცხოვრება ტანჯვად იქცა. ყველაზე ახლო მეგობარსაც ვერ ეუბნება სიმართლეს, რადგან ეშინია, - როცა ეს ამბავი მისი მშობლების ყურამდე მივა, ისინი შეცდომას არ აპატიებენ. ვერც მუცლის მოშლას ბედავს და ახლა "გზის" მკითხველებისგან ელოდება რჩევას...


ანას წერილის სტილი დაცულია:

"არც ისე პატარა გოგო ვარ, კარგისგან ცუდს რომ ვერ ვარჩევდე, მაგრამ რა ვქნა, შევცდი და ამის გამო ხომ არ უნდა მომკლან? შემიყვარდა ადამიანი, რომელიც უღირსი აღმოჩნდა. ის ჩემი ძმის მეგობარია. მას ბოლომდე ვენდობოდი. ხშირად იყო ჩვენი ოჯახის სტუმარი და ჩვენს სახლში ყოველთვის კარგად ექცეოდნენ. მშობლები მას ისეთივე სიხარულით ეგებებოდნენ, როგორც საკუთარ შვილებს. ნებისმიერ დროს შეეძლო ჩვენთან მოსვლა, დარჩენა. გიგას 4 წელია, ვიცნობ. თავიდან ისე მივიღე, როგორც ყველა ჩემი ძმის მეგობარი, მაგრამ მერე უცნაურად დამიწყო ყურება და ეს არ გამომპარვია. თავიდან გავურბოდი, შემდეგ კი მივხვდი, რომ მის მიმართ გრძნობა მეც მქონდა. შემეშინდა, ჩემს ძმას ეს არ შეემჩნია, რადგან ვიცოდი, ამაზე მძაფრი რეაქცია ექნებოდა: ჩემს ძმაკაცს სხვანაირად როგორ შეხედეო და მაქსიმალურად ვცდილობდი, გრძნობის გამჟღავნებისგან თავი შემეკავებინა...
ზაფხულში სიყვარულში გამომიტყდა. მითხრა, რომ ჩემ გარეშე მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. მეც ვუთხარი, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი. ჩუმად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს - ხან ჩემს სახლში (ისეთ დროს მოდიოდა, როცა არავინ იყო), ხან ქუჩაში, თბილისში სკვერი არ დარჩენილა, ჩვენ რომ არ წავსულიყავით. როცა ერთად გახლდით, ამქვეყნად ჩვენზე ბედნიერი არავინ გვეგულებოდა... დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მშობლები დავითანხმე, რომ დასასვენებლად მეგობრებთან ერთად გავეშვი. ეს რომ გაიგო, გიგამ თქვა: რა დამთხვევაა, მეც ქობულეთში მივდივარ და შეიძლება, სწორედ იმ დროს ჩამოვიდე, როცა იქ იქნები, აუცილებლად დაგირეკავო. ჩემს ძმას გაუხარდა: ყურადღებას მაინც მიაქცევ, სამი თხა მიდის დასასვენებლადო.
მოკლედ, ქობულეთში დავბინავდით თუ არა, გიგამ დამირეკა, - უკვე აქ ვარ და სად გიპოვოო? ცხადია, ერთმანეთს შევხვდით და მთელი ორი კვირა კარგად გავერთეთ. ისიც ძმაკაცთან ერთად იყო ჩამოსული და ახალგაზრდებმა დრო საუცხოოდ გავატარეთ. პირველად წავედი მეგობრებთან ერთად და ეს დასვენება დაუვიწყარი აღმოჩნდა. სიმართლე გითხრათ, იქ შეყვარებულებივით კი ვიქცეოდით, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება ნამდვილად გვქონდა და განმკითხავიც არავინ იქნებოდა. მეგობრებმა ქობულეთში გაიგეს ჩემი სიყვარულის ამბავი. ერთ-ერთმა მათგანმა გამკიცხა, - ცუდად იქცევი, შენი ძმა გაბრაზდებაო და ამის გამო ვიკამათეთ კიდეც, მაგრამ მერე შევრიგდით და ლიზიმაც, ასე თუ ისე, შეძლო ჩემი გაგება. თბილისში რომ დავბრუნდით, დედამ მადლობაც კი გადაუხადა გიგას, - თურმე, ყურადღებას არ აკლებდი ჩვენს გოგონებსო. მერე გამოჰკითხა, როგორ იქცეოდნენ, ხომ არ გაბრაზებდნენ? ისე, კარგი მეგობრები კი ჰყავს და რომელიმეს ხომ არ დაადგი თვალიო?..
სექტემბერში სკოლაში წასასვლელად რომ ვემზადებოდი და სარკის წინ ახალ "შმოტკებს" ვიზომებდი, სწორედ მაშინ დაირეკა კარზე ზარი და გიგა მოვიდა. დამეხმარა ტანისამოსის არჩევაში. მითხრა, რომელი უფრო მეტად მიხდებოდა და რომელი ჩამეცვა პირველ დღეს. სწორედ მაშინ მოხდა ჩვენ შორის ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მერე გიგა ნანობდა თავის საქციელს, - ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, მოღალატესავით მოვიქეცი, მეგობარს ვუღალატეო, მაგრამ სინანული რას გვიშველიდა? მე თავს იმით ვინუგეშებდი, - არ მიმატოვებს, ცოლად მომიყვანს და ნამუსს შემინახავს-მეთქი, ის კი თურმე, გაქცევაზე ფიქრობდა და გეგმებსაც აწყობდა. დაახლოებით ერთი თვეა, მის შესახებ არაფერი გაგვიგია. მისი ოჯახის წევრებიც გაკვირვებულები არიან, ჩემს ძმას უთხრეს: სულაც არ ვიცოდით, წასვლას თუ აპირებდა. მოულოდნელად გამოგვიცხადა, როინისთან მივდივარ რუსეთშიო, მეორე დღეს კი დაჰკრა ფეხი და გაიქცა. თავის ტელეფონის ნომერს ცოცხალი თავით არ გვაძლევს, თვითონ გვიკავშირდება ლამის ყოველდღე და თქვენს ამბებსაც გვეკითხებაო. ჩემი ძმა როგორ არ ეცადა, ძმაკაცის ამბავი გაეგო, მაგრამ ვერაფერი შეიტყო. ძალიან დარდობს, - ეტყობა, რაღაც ისეთი მოხდა, რაც მე არ ვიცი. შეიძლება, შარში გაეხვია და ამიტომაც გაიქცა, თორემ ბიძამისი წლებია, ეხვეწება, ჩემთან ჩამოდი, ყველაფერში ხელს შეგიწყობო, მაგრამ სულ იმას გაიძახოდა: რუსეთში რა მინდა? იქ ბიძაჩემიც რომ არის, ეგეც ვერ ამიტანიო და ახლა რა ბზიკმა უკბინაო?..
ვაკონტროლებ ჩემი ძმის ტელეფონს იმ იმედით, რომ დაურეკავს. ძალიან განვიცდი თავს გადახდენილ ამბავს და ჩემს უგუნურებას. ახლა ჩემ გვერდით რომ იყოს, გაცილებით ძლიერი ვიქნებოდი, მაგრამ მხდალი აღმოჩნდა, პრობლემებს გაექცა, უპასუხისმგებლოდ მომექცა და ისე მიმატოვა, ისიც არ მითხრა, ჩემზე სამუდამოდ თქვა უარი და ეს ბავშვიც არ უნდა, თუ დრო სჭირდება დასაფიქრებლად... როცა ვუთხარი, - ორსულად ვარ-მეთქი, ფერი დაკარგა. მივხვდი, ცუდად იყო საქმე, მაგრამ თუ ნაძირალასავით მოიქცეოდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, მასზე უკეთესი აზრის ვიყავი. ვიმედოვნებდი, რომ ბოლოს და ბოლოს, სიმართლეს ეტყოდა ჩემებს და როგორღაც, ცოლად მომიყვანდა ან სულაც, გავიპარებოდით. ჩვენები კი ადრე თუ გვიან, გაგვიგებდნენ... მან თავს გაქცევით უშველა! ამით რა გამოვა? დავიჯერო, საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება?
იმან კი უშველა თავს, მაგრამ მე რა ვქნა ახლა? უკვე თვე-ნახევრის ორსული ვარ და დრო ცოტა მაქვს. თუ ნაყოფის მოშორებას გადავწყვეტ, ვიცი, ეს სამ თვემდე უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ გავაჩენ, მაშინ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. ისიც კი არ ვიცი, დედას როგორ ვუთხრა სიმართლე, არადა, მის გარეშე ამ პრობლემას ვერაფრით მოვაგვარებ და ვერც გადაწყვეტილებას მივიღებ. ისე მჭირს, ერთ-ერთ ზღაპარში რომ არის: ამ გზით წახვალ, მოკვდები! იმ გზით წახვალ, მაინც მოკვდებიო! არ ვიცი, როგორ მოვიქცე ან როდემდე შევძლებ ამ ყველაფრის დამალვას. მეგობრებისაც კი მრცხვენია და მათაც ვერაფერს ვეუბნები. მეკითხებიან, რა მოხდა, ხასიათი რატომ შეგეცვალაო? ჰგონიათ, მხოლოდ გიგას წასვლამ მატკინა გული, სხვას ვერაფერს ხვდებიან და თანამიგრძნობენ, მაგრამ როცა სიმართლეს გაიგებენ, მერე რას იფიქრებენ ჩემზე? ისევ მოუნდებათ ჩემთან მეგობრობა? თქვენ როგორ მოიქცეოდით? ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე, თორემ შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო. ზოგჯერ თავის მოკვლაც მინდა, მაგრამ რაღაცის მეშინია. ეტყობა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარს საკუთარი თავი და ალბათ, არც უკეთესი მომავლის იმედი დამიკარგავს ბოლომდე. ვინ იცის, იქნებ გიგაც დაბრუნდეს. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მისი დაბრუნება გამახარებს? მისდამი ისეთი ძლიერი გრძნობა აღარ მაქვს. მხოლოდ ვალდებულების გამო თუ დავუბრუნდები, თორემ მერწმუნეთ, სიყვარული თითქოს, თავზე ჩამომეხმო და გრძნობაც გაფერმკრთალდა. შევცდი, ძალიან შევცდი და ამ შეცდომისთვის პასუხიც უნდა ვაგო, მაგრამ არაფერი დაუშავებია იმ ჩანასახს, რომელიც ჩემს მუცელშია.
ჩემი მშობლები შეგნებული ადამიანები არიან და შესაძლოა, ყველაფერი მაპატიონ, მაგრამ ჩემს ძმას კი, დარწმუნებული ვარ, მძაფრი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე და რომც მომკლას, ღირსი ვიქნები - ის მართალია და შეუძლია, ოჯახის ღალატი არასდროს მაპატიოს... მირჩიეთ, როგორ გავხდე გაბედული და როგორ ვთქვა ოჯახში სიმართლე? წინასწარ გიხდით მადლობას... ადრე თქვენს ჟურნალში თინეიჯერების მესიჯები და მერე - ხალხის რჩევები იბეჭდებოდა, მე კი ამ რუბრიკის ერთგული მკითხველი გახლდით. მომწონდა რჩევები, რომლებსაც უბრალო მოქალაქეები ერთმანეთს აძლევდნენ, ახლა კი მეც დამჭირდა დახმარება და იმედია, არ დამზარდებით... და კიდევ, თუ ჩემს ცხოვრებაში რაიმე შეიცვლება, რაც გარდაუვალია, აუცილებლად გაგაგებინებთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც!"

რჩევები ანასთვის

"კარგი იქნება, თუ
ვინმე ჭკუას ასწავლის"
თეონა, 23 წლის:

- ჩემო კარგო, უნდა მოინდომო და დედას გაენდო, სხვანაირად მართლაც, არაფერი გამოვა. მე კი, შენს ადგილას, იმ ბიჭის დედას ვეტყოდი სიმართლეს, ეს უფრო გამიადვილდებოდა, მით უმეტეს, თუ დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ და გრძნობ, რომ შენი საწინააღმდეგო არაფერი ექნება. ის ქალბატონი ამის შემდეგ მაინც მიხვდებოდა, თუ რატომ გაექცა შვილი რუსეთში. ვაღიარებ, დიდი შეცდომა დაუშვი, მაგრამ შენს განკითხვას არ ვაპირებ, რადგან ეს შეიძლება, ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. იმაზე ნუ დარდობ, რომ მაინცდამაინც ძმის მეგობართან გააბი რომანი. აღარ არის ის დრო, როცა ვინც ოჯახში შემოვიდოდა, ყველას დად ან ძმად მიიჩნევდნენ. შენს ძმას არა მგონია, თქვენი სიყვარულის ამბავი ცუდად მიეღო, მაგრამ ფეხმძიმედ რომ ხარ, ეს უკვე ნამდვილად არ მოეწონება. შენ შეიძლება, ყველაფერი გაპატიოს ოჯახმა, მაგრამ მეეჭვება, იმ ბიჭს მოექცნენ კარგად, რომელმაც ფაქტობრივად, დანაშაული ჩაიდინა და მერე გაიქცა. ჩვენ, ქალებს სუსტებს გვეძახიან და შეიძლება, საყვარელი ადამიანის გვერდით მყოფმა მართლაც გამოიჩინე ეს სისუსტე, მაგრამ ის ხომ იყო ძლიერი, ხომ იცოდა, მის საქციელს რაც მოჰყვებოდა და თან, როგორც ვხვდები, ასაკითაც შენზე უფროსია, ჰოდა, რამ გადარია? უპასუხისმგებლო ადამიანი ყოფილა და თუ ვინმე ჭკუას ასწავლის, კარგი იქნება. რაც შეეხება მუცლადმყოფს: ის არავითარ შემთხვევაში არ მოიშრო თავიდან. რაც უნდა იყოს, შენი შვილია და თუ მას მოკლავ, ეს ადრე თუ გვიან, სანანებელი გაგიხდება. იმედია, შენი მშობლები სიმართლის გაგების შემდეგ კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ნუ დაკარგავ შანსს,
იყო ბედნიერი..."
ეკა, 30 წლის:

- დაახლოებით შენს ასაკში მეც დავუშვი შეცდომა და ახლა ამ შეცდომის მშვენიერი ნაყოფი მყავს. მართალია, თავის დროზე ბევრი ნერვიულობა გადავიტანე, ერთი პერიოდი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავდა, მაგრამ ამ ყველაფრის გავლა ღირდა იმისთვის, რომ დღეს გვერდით მყოლოდა ჩემი გოგონა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ჩემებსაც გაუჭირდათ იმის გაგება, რომ მათმა სანაქებო შვილმა რაღაც დააშავა. მერე მოითხოვდნენ, ნაყოფი მომეშორებინა. სახლიდან გავიქეცი, მეგობრის სახლს შევაფარე თავი. მერე საქმეში ნათესავები ჩაერივნენ, ჩემი მეგობრის მშობლებიც, მოძღვარიც და თითქოს, გონს მოვიდნენ, მაგრამ როგორც კი ბავშვი გაჩნდა, მომთხოვეს, ის მამისთვის მიმეცა, მე კი ცხოვრება ძველებურად გამეგრძელებინა. ვერ შევძელი შვილის სხვისთვის დათმობა, მით უმეტეს, რომ დედობრივი ინსტინქტით ვგრძნობდი, მას მამის ოჯახში ისე ვერ შეიყვარებდნენ, როგორც მე. იმ სითბოს ვერ მისცემდნენ, რისი გაცემაც მე შემეძლო. ჰოდა, კიდევ ერთხელ მომიხდა ბრძოლა ბავშვისთვის. საბოლოოდ, ჩემი გავიტანე და ახლა ერთმანეთს ვაბედნიერებთ. წლებმა ჩემი მშობლები შვილიშვილს ისე მიაჯაჭვა, რომ იმ ცუდი დროის გახსენებაც აღარ უნდათ და ერთხელ, როდესაც გაბრაზებულს ეს მწარე სიმართლე წამომცდა, როცა მათ ყველაფერი წამოვაყვედრე, მთხოვეს, - ამ ამბავს ნუღარ გაიხსენებ, გული ისედაც ძალიან გვტკივა. ეს ბავშვი რომ არ გვყავდეს, ნამდვილად არ ვიცით, რა გვეშველებოდაო... ასე რომ, უნდა გარისკო და შვილისთვის იბრძოლო. ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც ქალს შეიძლება, ჰყავდეს და ჰქონდეს. დედობას არაფერი სჯობს, მერწმუნე! იბრძოლე საკუთარი ბედნიერებისთვის, დანარჩენი მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი გოგონა მამის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს. ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ ბავშვს არასდროს უკითხავს, - მამა ჩვენთან ერთად რატომ არ ცხოვრობსო და არც იმის სურვილი გამოუთქვამს, რომ ერთი ღამე მაინც გაეტარებინა მამის გვერდით, მის სახლში. პატარები გრძნობენ ყველაფერს. ნუ დაკარგავ შანსს, იყო ბედნიერი...

"მეგობრებს შორის ასეთი
ღალატი სად გაგონილა?"
ლადო, 17 წლის:

- აუფ, მაგარი ამბავია. ნამდვილად არ ვისურვებდი ანას ძმის ადგილას ყოფნას. ჩემმა ძმაკაცმა ასე რომ მიღალატოს, მართლა არ ვაცოცხლებ. ჯერ ერთი, ძმაკაცის დას ხელი როგორ ახლო და თუ ვთქვათ, ცდუნებას ვერ გაუმკლავდა, მერე მაინც მოქცეულიყო კაცურად, სიმართლე ეთქვა და გოგო ცოლად მოეყვანა. ანდა სულაც ნუ იტყოდა ნურაფერს, უბრალოდ წაეყვანა მეგობრის და თავის ოჯახში და ეგ იქნებოდა. ერთი-ორი გალაწუნება კი როგორმე, უნდა აეტანა. ანას ძმა როგორმე გადაიტანდა მის სიძეობას, მაგრამ მეგობრებს შორის ისეთი ღალატი სად გაგონილა, რაც გიგამ გააკეთა? არაკაცია და მჯერა, საკადრისადაც დაისჯება!.. რაც შეეხება ანას: მის მრჩევლად ნამდვილად ვერ გამოვდგები. თუმცა, ნაყოფის მოშორება კარგი აზრი არა მგონია, იყოს. ჯობია, მეგობარს მაინც უთხრას სიმართლე და ის ეტყვის მერე დედამისს ყველაფერს. ვიღაცას თუ არ გაენდო, მერე უარესი იქნება: მუცელი რომ დაეტყობა, ამას უფრო მტკივნეულად გადაიტანენ მისი მშობ­ლები. წარმატებები ანა. აუცილებლად გაგვაგებინე, რა მოხდება შენს ცხოვრებაში.

"ნუ იქნები გამონაკლისი,
იბრძოლე შვილისთვის!"
სალი, 19 წლის:

- მართლაც, არც ისე პატარაა ანა, რომ ვერ მიმხვდარიყო, რას აკეთებდა. მან ცდუნებას ვერ გაუძლო და ახლა ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ჯობია, სიმართლე თქვას, ვიდრე დამოუკიდებლად მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. მრჩევლად დედის გარდა, ვერავინ გამოადგება. ახლა არ არის ის დრო, როცა ასეთი შეცდომის შემდეგ შვილს გინეკოლოგთან მიარბენინებენ სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ გიგას ოჯახს აუცილებლად უნდა გააგებინონ სიმართლე და იმ ბიჭმაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ანას მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ, გიგას ის უყვარს, მაგრამ შეეშინდა და ამიტომაც გაიქცა. ის მშიშარაა და არა - სასტიკი ადამიანი. შიშს კი დიდი თვალები აქვსო და სულაც არ მიკვირს, მოულოდნელად რომ გაიპარა. ქალს სუსტ სქესს მიაკუთვნებენ, მაგრამ ჩვენ გაცილებით ძლიერები, გამძლეები და მომთმენები ვართ, ვიდრე კაცები - ასე მგონია. ისინი პასუხისმგებლობას გაურბიან, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციიდან თავის დასაძრომად და როცა საქმე შვილს ეხება, სულსაც კი გავყიდით, ოღონდ ის იყოს კარგად. ასე რომ, ნუ იქნები გამონაკლისი, გააჩინე ბავშვი და მისი კეთილდღეობისთვის იბრძოლე. მას ნამდვილად, არაფერი დაუშავებია და აქვს სიცოცხლის უფლება. გაგვაგებინე, როგორ გააგრძელებ ცხოვრებას და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შენი მშობლები. ვერაფრით დაგეხმარები, სამწუხაროდ, მაგრამ თუ შენს ტელეფონის ნომერს მომწერ, სიამოვნებით ვიმეგობრებ შენთან.

ლიკა ქაჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
27.03.2016
არ გაბედო ბავშვის მოშორება რადაც არ უნდა დაგიჯდეს იბრძოლე შენი შვილისთვის...ნუ გაიმეტებ შვილს სასიკვდილოდ
მავნე
17.03.2016
მოძღვარი იყოლიე და მას სთხოვე დახმარება..ის ყველაზე ყურად საღებ რჩევას მოგცემს..უფალმა გაგაძლიეროს ერთს კი ჩემგან გირჩევ რომ პატარას მიხედე და რწმენით იარე
სალომე.სვანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი