გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები
font-large font-small
გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი - მოღალატე ცოლი და მიტოვებული შვილები
"მერჩივნა, გატაცებული ან სულაც, მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე გამეგო ის, რის გამოც წავიდა სახლიდან..."

- მე და ლეილამ ერთმანეთი ჩემი მეგობრისა და მისი დეიდაშვილის ოჯახში გავიცანით. სუფრასთან მსხდომებს, ეს გოგონა გვამხიარულებდა. ძალიან ლამაზი, იუმორით სავსე ბავშვი იყო. შესანიშნავად ცეკვავდა და უკრავდა პიანინოზე. წამებში მომხიბლა, მაგრამ ვცდილობდი, მასზე მხოლოდ ისე მეფიქრა, როგორც ბავშვზე, ჩემს პატარა დაიკოზე. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩემი მეგობრის დაიკო იყო და ამიტომაც!

- ბავშვს რატომ ეძახდით, თქვენზე რამდენი წლით პატარა იყო?

- მე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ის კი სკოლის მოსწავლე გახლდათ, მეცხრეკლასელი, მაგრამ მიუხედავად არასრულწლოვნებისა, ჩემს თანატოლ გოგონებს ტოლს არაფერში უდებდა. ისე გამოიყურებოდა, როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი. ამიტომაც მიიქცია ჩვენი ყურადღება. დათოს ჯგუფელები მისით აღფრთოვანებულები ვიყავით და მას მერე, როცა ქეიფს ვმართავდით, ლეილასაც ყველგან ვეპატიჟებოდით. თუმცა, დათო თხოვნას ხშირად არ გვისრულებდა, იშვიათად თუ წამოიყვანდა სადმე: შემეშვით, სხვისი ძიძაობა კი არა, გართობა მინდა. ისიც მეყოფა, წლების წინ მის აკვანს რომ მარწევინებდნენ, გასართობად მოწადინებულ ბავშვსო... მოკლედ, ლეილა თანდათან უფრო და უფრო მეტად იჭრებოდა ჩემს გულში, გონებაში. მასზე ფიქრი არ მშორდებოდა და ეს ტანჯვად მექცა. ვერ ვბედავდი, პატარა გოგონას სიყვარულში საკუთარ თავსაც კი გამოვტყდომოდი, არათუ სხვისთვის მეთქვა რაიმე. მისი სიყვარულით, სხვა გოგოებს ვეფლირტავებოდი, გიჟივით. მინდოდა, ასეთი საქციელით დამევიწყებინა ლეილა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა გოგოში მის თვისებებს ამაოდ ვეძებდი... ამ ტანჯვაში გადიოდა თვეები და ერთხელაც, როცა ლეილამ სახლში დამირეკა, ყურებს არ დავუჯერე. მომიკითხა: როგორ ხარ? თქვენთან ერთად დროს ტარება მომენატრაო. ისე დავიბენი, არც კი ვიცოდი, ამ კარგად ნაცნობი გოგონასთვის რა უნდა მეთქვა. ისევ თვითონ ლაპარაკობდა, ჩემს პასუხებს არ უცდიდა. სავარაუდოდ, ხვდებოდა, რომ მასთან ვმორცხვობდი და ამიტომ. მთხოვა, დათოსთან გამოიარე, დღეს იქ ვიქნები და გნახავ. ოღონდ, რომ დაგირეკე, ეს არ უთხრა, მერიდებაო.

- წახვედით მის სანახავად?

- რა თქმა უნდა, წავედი. აბა, რა მომასვენებდა? იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ტყუილად არ დავუბარებივარ, მას ჩემ მიმართ სიმპათია ჰქონდა. სულაც რომ არაფერი მიკითხავს, თავისი სკოლის ამბებს მომიყვა, მერე "სულელ" თაყვანისმცემლებზეც ილაპარაკა. ბოლოს დეიდამისმა უთხრა დათოს: ამ გოგოს ყურადღება მიაქციე. მიდი სკოლაში და გაიგე, რა ხდება. მგონი, ვიღაც ცუდად დასდევს და ეს შტერი არ მოატყუოსო... დათოს დედის ეს სიტყვები დავიჭირე და როცა მეგობართან ერთად, მარტო დავრჩი, შევთავაზე: თუ გინდა, სკოლაში გამოგყვები-მეთქი. გაიცინა: ვიცი, რა კუჭიც გეწვისო. თავის დაძვრენა-გამართლება ვცადე, მაგრამ მივხვდი, სიტყვები ზედმეტი იყო. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი, ჩემი ძმაკაცი მით უფრო მეტს იცინოდა. ბოლოს გავჩუმდი და რაღაცნაირად გავიბუსე. დათოს ხმას აღარ ვცემდი. მაშინ მითხრა: განა ვერ ვხვდები, რომ ერთმანეთი მოგწონთ? ყველაფერს ვხვდები და საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, სასიძოდ მომწონხარო. როცა ნახა, თვალები გამიბრწყინდა, ისიც დასძინა: ხვალ სკოლაში საქმის გასარკვევად თავად წახვალ და ყველაფერს უჩემოდ მოაგვარებ, როგორც მისი შეყვარებულიო. ისე დამტოვა, სიტყვაც არ მათქმევინა. მეორე დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ, დათოსი მერიდებოდა. საღამოს შინ დამირეკა, - თუ სიმართლის აღიარებას არ აპირებ, ჩემი სიტყვებიც დაივიწყეო. მეორე დღეს სკოლაში წავედი, მაღალკლასელ ბიჭებს დაველაპარაკე და გავარკვიე, ვინც აწუხებდა ჩემს გოგოს. მერე იმ ბიჭსაც დაველაპარაკე და გავაფრთხილე, ლეილას ახლოს არ გაჰკარებოდა.

- ლეილამ ეს ამბავი გაიგო?

- ცხადია, გაიგო, რადგან ჩემი და იმ ბიჭის საუბარი მხოლოდ "საქმის გარჩევით" არ დასრულებულა და ამ ამბის მერე, მან ლეილას მოტაცება სცადა. არ გამოუვიდა. გოგომ იმარჯვა და გამოექცა. მერე სხვანაირად "გავურჩიე საქმე" თავხედს და გაილახა კიდეც. მას მერე ლეილამაც ყველაფერი გაიგო. მის ოჯახშიც შეიტყვეს, ჩემი სახით დამცველი რომ გამოუჩნდა და უკვე გზა გამეხსნა საყვარელი ადამიანისკენ. ისიც არ იყო ურთიერთობის წინააღმდეგი. ამბობდა, რომ ოცნება აუხდა და ისეთ ბიჭს შეუყვარდა, როგორზეც ოცნებობდა... ახალგაზრდობაში კი ასე ფიქრობდა, მაგრამ ასაკში შესულს, სხვა ოცნების პრინცი გამოუჩნდა და გაგვეპარა, ოჯახს ლაფი დაასხა...

- რამდენი წლის იყავით, როცა დაქორწინდით?

- ვიდრე სკოლა არ დაამთავრა და უნივერსიტეტში არ ჩააბარა, მის შერთვაზე არც მიფიქრია. თუმცა, როგორც დანიშნულები, ყველგან ერთად დავდიოდით, ერთმანეთის ნათესავებიც გვეპატიჟებოდნენ ოჯახში და ა.შ. 24 წლის ვიყავი, როცა შევირთე. კარგი, თითით საჩვენებელი ოჯახი გვქონდა. გარდა იმისა, რომ ვსწავლობდი, პრაქტიკას გავდიოდი, სამუშაოსაც ვითავსებდი, რომ ახალდაქორწინებულებს ჩვენი ფული გვქონოდა და მშობლებზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული. ვხვდებოდი, რომ უნივერსიტეტში სიარული მისთვის მხოლოდ გართობა იყო. პედაგოგიურზე ჩააბარა, მაგრამ მასში პედაგოგი არ "იჯდა". არც სწავლობდა, ლექციებსაც ხშირად აცდენდა. ამიტომ, როცა დაფეხმძიმდა, მას მერე არც მიცდია მისთვის მერჩია, რომ სწავლა გაეგრძელებინა, აკადემიური აეღო. ასე რომ, დიპლომი არ აქვს, სწავლა თავისი ნებით შეწყვიტა. ბავშვს ვჭირდები. დიასახლისობა მიჩევნია ყველაფერს, ექიმი ქმარი კი ოჯახს ბარაქას არ მოაკლებსო, - ასე ამბობდა თავის დაქალებთან და მეც მჯეროდა, რომ ოჯახისთვის თავგანწირული გოგო შემხვდა. მიხაროდა, რომ შინ დაბრუნებულს, თბილ გარემოში მომიწევდა ყოფნა და დავიფიცე კიდეც, რომ საყვარელ ქალს არასდროს ვუღალატებდი. სამი შვილი გაგვიჩნდა: ქეთევანი, ნესტანი და ლაშა-გიორგი. ამ ბავშვებმა ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო გაალამაზეს და წლების განმავლობაში, თავი ნამდვილ სამოთხეში მეგონა. სამსახურიდან შინ როგორი დაღლილიც უნდა დავბრუნებულიყავი, ჩემი ოჯახი წამებში ახერხებდა ჩემთვის კარგი განწყობის შექმნას და მეც, მავიწყდებოდა ყველაფერი, თავით ვეფლობოდი ოჯახურ საქმეებში. ქეთევანი სკოლაში რომ წავიდა, ეს ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. მთელი ოჯახი თეთრ პერანგებსა და შავ შარვალსა თუ ქვედაბოლოებში გამოწყობილი გავყევით ბავშვს. ქუჩაში ყველა ჩვენ გვიყურებდა და, - როგორი ლამაზები არიანო, - ხმამაღლა ამბობდნენ. აი, ეს თითით საჩვენებელი ოჯახი მალე აბუჩად ასაგდები გახდა, ჩემი ცოლის სიგიჟის გამო.

- ლეილამ სახლიდან წასვლა რატომ გადაწყვიტა?

- ზუსტად 30 წელი შეუსრულდა იმ წელიწადს, როცა ჩემი მიტოვება გადაწყვიტა. ერთ დღეს, შინ დაბრუნებულს, ტირილით თვალებგასივებულმა გოგონებმა დედის წერილი მიჩვენეს: იმედია, დედა კარგადაა და ეს ვინმე სხვამ შემოგვიგდოო. ფურცელზე ეწერა: მაპატიეთ, თუ გულს გატკენთ ოჯახიდან ჩემი წასვლა, მაგრამ მეტი აღარ შემეძლო. იმედია, უჩემოდაც ბედნიერები იქნებით". მხოლოდ ეს სიტყვები გაიმეტა და წავიდა. დაინგრა ჩემი სამოთხე! თავგზააბნეული დავდიოდი და ყველგან ვეძებდი. მისი ნათესავები ჩემებზე არანაკლებ გაოგნებულები იყვნენ ლეილას საქციელით და ჩემს ცოლს ყველგან დაეძებდნენ; მისი დაკარგვის შესახებ მილიციაშიც კი განვაცხადეთ, მაგრამ ვერსად ვპოულობდით. დედამისმა შავებიც კი ჩაიცვა რამდენიმეთვინი უშედეგო ძებნის მერე: ეტყობა, ცოცხალი არ არის, თორემ ქმარი თუ აღარ უყვარს, შვილებს მაინც, როგორ მიატოვებდაო? მეც იმედი მქონდა, რომ რაღაც შეემთხვა და აუცილებლად დაბრუნდებოდა. თუმცა, ბოლოს ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე, მხოლოდ შვილებზე ფიქრით მეცოცხლა; მათზე ისე მეზრუნა, რომ უდედობა მათთვის სტრესად არ ქცეულიყო. ამას ძალიან ვცდილობდი, მაგრამ ალბათ, რაღაც მაინც ყოველთვის აკლდათ. ის რაღაც, რასაც ვერასდროს გავიგებ. იყო ბევრი უძილო ღამე, აცრემლებული ბავშვების დაწყნარების მცდელობა... ხშირად წააწყდებოდით ჩვენს ოჯახში ასეთ სურათს: სამივე მაგრად ჩამეკვრებოდა სამსახურიდან შინ დაბრუნებულს და მეკითხებოდნენ: "მა, შენც ხომ არ მიგვატოვებ?" მერე, როცა ჩემს პასუხებს მოისმენდნენ, იმედით ევსებოდათ თვალები და ცდილობდნენ, ჩემი გული მოეგოთ, მოჰქონდათ საკუთარი დღიურები, რვეულები, წიგნები და პატაკს მაბარებდნენ, თუ როგორ გაატარეს დღე, რა ნიშნები მიიღეს, როგორ შეაქეს მასწავლებლებმა. სუფრის გაწყობაშიც სამივე მეხმარებოდა და ერთად ვახშმობის შემდეგ, ოთხივე ერთად ვიძინებდით.

- ცოლის ადგილსამყოფელი როგორ ან როდის გაიგეთ?

- ცოლის არა, ყოფილი ცოლის! მერჩივნა, გატაცებული ან სულაც, მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე გამეგო ის, რის გამოც წავიდა სახლიდან... წლების შემდეგ, მისი ერთ-ერთი დაქალი მოვიდა და მითხრა: ახლა ისეთ რაღაცას გეტყვი, გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აგივაო. - რა მოხდა-მეთქი? - ლეილა ვნახე, ვიღაც კაცთან ერთად. მივედი, ჩავეხუტე, მან კი ცივად მომიშორა: არ გიცნობ, თავი დამანებეო, - და სასწრაფოდ გამშორდნენ. გაოგნებულმა ვერ მოვახერხე, უკან გავყოლოდიო. არ ვუჯერებდი: შეგეშლებოდა, თორემ ქალაქში რომ იყოს, ჩემი თავი ჯანდაბას, ბავშვებს ასე ხელაღებით როგორ მიატოვებდა-მეთქი? - ჰო, ამის დაჯერება მეც მიჭირს, მაგრამ ნამდვილად ლეილა იყოო. მერე იმატა მსგავსმა ზარებმა. მეც, ლამის მთელ ქალაქში დავდიოდი საღამოობით და ყველა გამვლელ-გამომვლელს ლეილას ფოტოს ვუჩვენებდი: ასეთი ქალბატონი ხომ არ გინახავთ-მეთქი? მაგრამ ცხადია, ვერაფერს გავხდი, ვერსად ვიპოვე. ეს ქუჩაში ხეტიალი სისულელე იყო. ბავშვების მოვლასაც ვეღარ ვახერხებდი, ჩემი გონება მთლიანად მისი მოძებნით იყო შეპყრობილი. ამიტომ, ლეილას დედას ვთხოვე, ამ საქმეში დამხმარებოდა და ისიც სიამოვნებით მოდიოდა ყოველდღე ჩვენს ოჯახში, შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა ბავშვების აღზრდაში, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ... ერთ დღესაც, მეგობარმა მითხრა: ამა და ამ რესტორანში ვარ. ლეილას ვხედავ ვიღაცებთან ერთად, დროზე მოდიო. - არ წავიდეს, არ გაუშვა-მეთქი, - ვთხოვე. - იჩქარე. რომ დამინახოს, შეიძლება ვეღარ დავაკავოო. გიჟივით გავიქეცი სამსახურიდან, პაციენტები მივატოვე. ნეტავ, იმ დღეს რესტორანში არც მივსულიყავი. ლეილას დანახვისას არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ჩემში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - სიყვარული და სიძულვილი! შემძულდა, როცა დავინახე, როგორ უყურებდა გვერდით მჯდომს, როგორ ელაპარაკებოდა. ისევე უღიმოდა, როგორც წლების წინ - მე. აუტანელი იყო ეს ყველაფერი და თავი ვერ შევიკავე, პირდაპირ მივეჭერი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დავდექი მათ სუფრასთან და არაადამიანური ხმით დავიყვირე: ლეილა! შეცბა, აშკარად არ მელოდა. მართალია, თმის ფერი შეცვლილი ჰქონდა და თვალებიც უცნაურად ჩახატული, მაგრამ ეს მისი ორეული კი არა, ნამდვილად ლეილა იყო. უკაცრავად, ვინ ბრძანდებით? - მკითხა მის გვერდით მჯდომმა და ქალს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. იმანაც, "კუპედან" გასვლა განიზრახა, მაგრამ აბა, სად გავუშვებდი? თავი ვერ შევიკავე, გაბრაზებულმა ყველაფერი მივლეწ-მოვლეწე და ვინ იცის, როგორი ბინძური სიტყვებით გავლანძღე. ხალხი გაოგნებული მიყურებდა და ჩემს შეჩერებასაც არავინ ცდილობდა.

- თავის მართლება არ უცდია?

- არა, რა თავის მართლება, გაიქცნენ; იმ დროს გაიქცნენ, როცა ცუდად გავხდი, გული წამივიდა. მერე ოფიციანტმა მითხრა, ვინც იყო ის კაცი, ლეილას რომ ახლდა და მერე უკვე თავისუფლად ვიპოვე მათი საცხოვრებელიც. დედამისი მივაგზავნე სიმართლეში გასარკვევად, მე აღარ მივსულვარ. ქალი გაოგნებული დაბრუნდა: ეს სხვა ლეილაა, აშკარად! არა, ლეილაა, მაგრამ ასე სისხლგაცივებული შვილი მე არ გამიზრდია. აღარაფერი აინტერესებს იმ კაცის გარდა, ვის გამოც მიგვატოვა. ახლა თუ გინდა, აქვე მომკალი მისი გაზრდისთვისო... რას ვერჩოდი საცოდავ ქალს, რომელიც თვითონვე განადგურებული იყო შვილის საქციელით? ლეილას ოჯახის წევრები დღემდე მოდიან ჩემს სახლში; ჩემს შვილებთან ერთად, დასასვენებლადაც არაერთხელ წასულან. სულ მეშინოდა, ცოლს ოდესმე შვილების წართმევა არ მოენდომებინა, მაგრამ მისი მშობლები ყოველთვის მარწმუნებდნენ: თუ ოდესმე ამის სურვილს გამოთქვამს, რომც გიჩივლოს, შენ გვერდით გვიგულე. ჩვენი ლეილა მოკვდა. ჩვენ შვილი აღარ გვყავს, ბავშვებს კი - დედა. ცოლიც რომ შეირთო, ჩვენი მხარდაჭერის იმედს მაინც ნუ დაკარგავო... ბავშვებს სიმართლეს ვუმალავდით, მაგრამ ქეთევანმა როგორღაც, ყველაფერი გაიგო და ეს ამბავი უმცროსებსაც უთხრა: იმ ქალმა ვიღაც კაცის გამო მიგვატოვა. ის ჩვენი ღირსი არ არისო. უნდა გენახათ, იმ დღეს ბავშვები როგორ იქცეოდნენ; დედის ნივთები ტომარაში ჩაყარეს და მერე გადაყარეს კიდეც. ფოტოებიდან მისი სახე ამოჭრეს. არაფერი დაიტოვეს, რაც დედას მოგონებასთან ასოცირდებოდა.

- როგორც მითხარით, მან წლების შემდეგ სცადა შვილებთან დაბრუნება...

- ქალს, რომელმაც დაახლოებით ათწლიანი ურთიერთობა თავისი ვნებების დასაკმაყოფილებლად დაანგრია და რომელმაც შვილები მიატოვა, აღარანაირი უფლება არ აქვს, ოჯახურ სითბოში დაბრუნება ითხოვოს. მან საკუთარი ხელით გაანადგურა წლების განმავლობაში ნაკოწიწები სამოთხე. როცა "იგულავა" და ალბათ, ის კაციც მოჰბეზრდა ან პირიქით, იმ კაცმა იჯერა გული ლეილას სილამაზით, ოჯახში შემოძრომა სცადა. ცხადია, არაფერი გამოუვიდა. ეს მოხდა 23 წლის შემდეგ! დიახ, ამდენი წლის შემდეგ, როცა უკვე ქეთევანი გათხოვილიც კი იყო, ნესტანი - დანიშნული, ხოლო ლაშა-გიორგი წვერულვაშიანი. ბავშვებმა ცხადია, უარი უთხრეს ყველანაირ ურთიერთობაზე. ის არც მშობლებმა მიიღეს ოჯახში. ხან გვეხვეწა, ხანაც გვემუქრებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ჩვენი გული გაქვავებული დაუხვდა და ეტყობოდა, ამას არ მოელოდა. გამწარებული ცდილობდა ოჯახის დაბრუნებას, მაგრამ მისთვის ყველა კარი დახურული აღმოჩნდა...

- ახლა სად არის?

- როგორც ვიცი, ერთ ბნელ სარდაფში შეიფარა ვიღაცამ. რას ჭამს და სვამს, არ ვიცი და ეს არც მაინტერესებს. მან თავი არა მარტო მე მომჭრა, არამედ შვილებიც გაანადგურა, მათ უნდობლობა ჩაუდო გულში, ეჭვიანი გამხადა მეც და ამის მერე ცოლის მოყვანაზე როგორღა ვიფიქრებდი. დღეს როგორ ვცხოვრობ? ბედნიერი ვარ ჩემი შვილებით! მყავს შვილიშვილი, რომელმაც ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გამინათა და ვცდილობ, ლეილაზე აღარ ვიფიქრო. თუმცა, ეს ძალიან ძნელია. თავს ვიმშვიდებ იმით, რომ ის დაისაჯა, მე კი სამართლიანობისთვის და ფიცის არგატეხისთვის (რომ ცოლს არასდროს ვუღალატებდი მანამ, ვიდრე ის ჩემ გვერდით იქნებოდა), უფალმა უხვად დამასაჩუქრა შვილების სიყვარულით, მათი პატივისცემით და ახლა კიდევ - საოცარი შვილიშვილით. თუმცაღა, ჩემს ცხოვრებას ყოველთვის გასდევდა ბნელ ხაზად სხვების მიერ, ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები: "ამას ხომ ცოლი გაექცა!"
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი!მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ


ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (15)
01.02.2017
კველაფერი ხდება მაგრამ სჰვილები არ უნდა მიეტოვებინა ამ სჰემტხვევასჰი არანაირი გამარტლება არა აკვს
კეტი
04.10.2016
სულაც არ მეჩვენება ზღაპრად,ჩემმა ნათესავმაც ანალოგიურად დატოვა სამი შვილი ოჯახი და სხვას გაჰყვა.
ლიკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი