შეყვარებული ბიჭი:
"გამარჯობა. სურვილი მაქვს, ჩემი წერილი გამოაქვეყნოთ. შეყვარებული ვარ გოგოზე, რომლის მშობლები ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არიან. არ მოვწონვარ იმიტომ, რომ კარგად არ ვსწავლობ და უსაქმურს მეძახიან. არადა, 16 წლისამ სად ვიმუშაო? მე კი არა, ნახევარი საქართველო, მათ შორის, ზრდასრულები უმუშევრები არიან და ჩემგან რას მოითხოვენ? თურმე, გამუდმებით ეჩხუბებიან ეკას, _ რად გინდა ეგ უმაქნისი? ეგ ოჯახს კი არა, თავის თავსაც ვერ არჩენს. ჯობია, სწავლა გააგრძელო და ოდესმე ვინმე კარგი ვარიანტიც გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, რატომ ჩქარობო? არადა, არც მე მეჩქარება სადმე. უბრალოდ, ვერ ავიტან, შეყვარებულს რომ დამაშორონ. ეკა ძალიან მიყვარს. ის ჩემი პირველი სიყვარულია და დარწმუნებული ვარ, ეს გოგო მთელი ცხოვრება მეყვარება. მის დათმობას არ ვაპირებ და მინდა, ეს მისმა მშვენიერმა დედამ, ქალბატონმა ევამ იცოდეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეკას ნებით თუ არ გამატანთ, მოგტაცებთ და ამაში თქვენი შვილი შემიწყობს ხელს.
ეკა სკოლაში საუკეთესო გოგოა. კარგი მოსწავლე, საუკეთესოდ მღერის, ცეკვავს. კარგად არ ვსწავლობ, მაგრამ არც დავიწუნები, მშვენიერი გარეგნობა მაქვს და გოგონები "სიმპათიუროს" მეძახიან, კუნთებიც ბატიბუტივით მაყრია და სპორტშიც მაქვს მიღწევები (ცურვასა და კალათბურთში). სხვა რა უნდათ, ვერ გავიგე. დაბადებიდანვე დოცენტი ვინ გამხდარა, მე რომ მთხოვენ პროფესორობას?
ქალბატონო ევა, ვიცი, ამ ჟურნალს კითხულობთ. ჰოდა, დაგვინდეთ, ნუ დაგვიშლით ურთიერთობას. თქვენ რომ ცოლად გაჰყევით მომავალ მეუღლეს, მაშინ ვინმეს რომ დაეწუნებინეთ, კარგი იქნებოდა? ხომ გემახსოვრებოდათ ეს მთელი ცხოვრება? ნუ გააკეთებთ ისე, რომ მერე რაღაცები სანანებელი გაგიხდეთ. მე და თქვენი შვილი მაინც ერთად ვიქნებით, ვერ დაგვაშორებთ".