მოძალადე მამა და გრძნობა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს
font-large font-small
მოძალადე მამა და გრძნობა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს
"არ მესმოდა, დედა რატომ უთმენდა ამდენს"

ეს წერილი 24 წლის ნათიამ ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნა. დამპირდა, რომ "გზის" მკითხველებს ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს და საჭიროების შემთხვევაში, მათ გაესაუბრება კიდეც. წერილი ასე დაასათაურა: "ეძღვნება ყველა მარტოხელა დედას"...
გოგონას ამბავი შემაძრწუნებელიც კი არის. მან უამრავი ტკივილი გადაიტანა, პირველ რიგში - მამისგან, რომელიც ცოლზე ძალადობდა... ბავშვობაში გადატანილმა უსიამოვნებებმა მის ცხოვრებას თავისებური დაღი დაასვა და ფიქრობს, რომ თანატოლებისგან განსხვავებულიც კი გახადა.
წერილის სტილი დაცულია:

საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა. პატარაობიდანვე სულ შიშსა და სტრესში ვიყავი, რადგან მამაჩემს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და დედას სულ ეჩხუბებოდა, სცემდა... საშინელი სცენები მახსოვს... ასეთ დროს შეშინებული გავრბოდი და მაგიდის ან სავარძლის უკან ვიმალებოდი. როცა სიტუაცია ჩაწყნარდებოდა, მამა სახლიდან გარბოდა, ნამტირალევი დედა კი მიპოვიდა, ჩამიხუტებდა და მამშვიდებდა აკანკალებულს. შვება იყო ჩემთვის მისი თბილი ხელები.

სიფხიზლეში მამა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. საზოგადოებაში დედას ერთ ზედმეტ სიტყვასაც არ ეტყოდა და თუ სადმე წავიდოდით, ყველგან პატივსაცემი ოჯახი ვჩანდით. ჩემზე ხელი არასდროს აუწევია. პირიქით, კარგად მექცეოდა. როცა მუშაობდა, სულ საჩუქრებს ყიდულობდა ჩემთვის, მაგრამ მისდამი მაინც, ფარულ შიშს განვიცდიდი, რაც თანდათანობით მამაკაცების მიმართ სიძულვილში გადამეზარდა. მრცხვენოდა მის გამო, რადგან როცა თვრებოდა, ხშირად ქუჩაში წამოწოლილს პოულობდნენ ან სადმე ბოძზე ან ხეზე მიყუდებულს. რამდენჯერმე მეზობლებსაც ამოუთრევიათ ტალახში ჩავარდნილი. ვხედავდი, დედა როგორ უვლიდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თან ჰყვებოდა, ჰბანდა, წმენდდა და ეს ძალიან მიკვირდა. ერთხელ, როცა სიტყვა "გაშორება" ვუხსენე, საშინლად გამიბრაზდა. ჯერ პატარა ხარ, ვერ ხვდები ცხოვრებას და ეს სიტყვა აღარ გავიგონოო, - მითხრა. როცა ერთხელაც, მორიგი ჩხუბისას მამამ სახლში ყველაფერი დალეწა და არც დედას დააკლო ლანძღვა, არც მე და არც - მეზობლებს, ვერ მოვითმინე და პოლიცია გამოვიძახე. მათ მოსვლამდე სახლიდან გაიქცა. ჩემდა გასაკვირად, დედამ ისევ მე დამსაჯა პოლიციის ჩარევის გამო. - ალბათ გერჩივნა, მოვეკალით-მეთქი, - მივახალე გამწარებულმა...

2 წელი სიმშვიდეში გავატარეთ. "ოქროს პერიოდს" ვეძახი იმ დროს. დედამ დანაზოგით მაღაზიის წილი შეიძინა და ცოტა წელში გავიმართეთ, სახლიც შევარემონტეთ, რაზეც მამაჩემს არასდროს უფიქრია. მისთვის სულერთი იყო, გვციოდა თუ გვშიოდა. თუ ნახავდა, რომ სახლში კარგი საჭმელი არ იყო, დედას აგინებდა და გარბოდა, ძმაკაცების სახლში მიდიოდა.

სკოლაში დავდიოდი და თავისუფალ დროს სულ დედასთან ვიყავი, მის სამსახურში. კომპლექსები ჩამომიყალიბდა. სკოლაში ბევრი მეგობარი არ მყოლია, სამეზობლოში კი საერთოდ, არავის ვეკარებოდი. მეჩვენებოდა, რომ ჩემკენ ხელს იშვერდნენ და ამბობდნენ, - ეს იმ ლოთის შვილიაო.
აბიტურიენტი რომ გავხდი, ერთხელაც კარი გავაღე და მამა ბარგით ხელში, კართან დამხვდა ატუზული. დედა სახლში არ იყო. ბევრი მელაპარაკა ოჯახზე, ურთიერთობებზე. მისი ლაპარაკიდან დავასკვენი, რომ ცდილობდა, დედას წინააღმდეგ ავემხედრებინე. ვიმუშავებ და ყველაფერი კარგად იქნებაო, - კი მპირდებოდა, მაგრამ დავრწმუნდი, საერთოდ არ იყო შეცვლილი. სახლი შეათვალიერა, - ყოჩაღ, აგიწყვიათ უჩემოდ ცხოვრებაო. დედა სამსახურიდან რომ მოვიდა, ცივად შეხვდა ქმარს. ეტყობა, ამან იმოქმედა და თავიდან მართლა ცდილობდა "გამოსწორებას", სამსახურიც იშოვა, ყურადღებას მაქცევდა, სკოლაში მაკითხავდა, ყველას კეთილგანწყობა მოიპოვა, "ოქროს დაბადების" დღე რესტორანში გადამიხადა, კლასი ერთი-ორჯერ ლაშქრობაში წაგვიყვანა... კლასელები მეუბნებოდნენ, - როგორი მაგარი მამა გყავსო, მაგრამ მე მწარე სიმართლე გულს მიშანთავდა, რადგან ყოველ საღამოს სცენებს ველოდი სახლში... არაფერი მახალისებდა. ყველაზე ბედნიერი ის დღე მახსოვს, როცა სტუდენტი გავხდი - იმ დღეს სიხარულისგან დედამაც იტირა და მამამაც. საღამოს პატარა სუფრა გააწყვეს ამის აღსანიშნავად. რამდენიმე ნათესავი გვესტუმრა. გულში ვლოცულობდი, რომ ასე გაგრძელებულიყო სულ, მაგრამ... ცოტა ხანში ისევ აურია. მთვრალი დედასკენ გაიწევდა თუ არა, აღარ ვიმალებოდი, წინ დავუდგებოდი ხოლმე. ვერაფერს მიბედავდა, მხოლოდ უშვერად გვაგინებდა, გვწყევლიდა, ერთი-ორ თეფშს დალეწავდა, დაწვებოდა და არხეინად იძინებდა. მე კი კარგა ხანს ვერ ვიძინებდი. მეშინოდა, ღამით არ შემოსულიყო და ორივე არ მოვეკალით. მერე, როცა შეატყო, რომ დედაზე ხელს ვეღარ ასწევდა, ახალ ხერხს მიმართა: "ეჩვენებოდა", რომ რაღაცებს ვუმალავდით და "ჩვენს ჭკუაზე" დავდიოდით. დაიწყო ჩვენი გაკონტროლება. მეტყოდა, - ლექციები რომელ საათზე გიმთავრდება? პირდაპირ სახლში მოდიო! რამდენჯერმე უნივერსიტეტთანაც დამხვდა, ნასვამი. ეს რომ გავაპროტესტე, მეჩხუბა. მობილური ტელეფონი მიყიდა დედამ სიმწრით, მამამ კი ორ დღეში დამილეწა, რადგან მესიჯები ვერ ნახა, ამიშარდა: ეტყობა წერილებს შლი, რაღაცას მიმალავო. არადა, მართლა არავის ვემესიჯებოდი. დედასაც სამსახურში აკითხავდა, საათობით ეჯდა იქ და აკონტროლებდა, ვინ შედიოდა.

მამის ასეთ საქციელს რომ ვაპროტესტებდი, დედას ეს "ფეხებზე ეკიდა". მას უხაროდა ჩემი წნეხში ყოფნა. მთავარია, არ დალიოს და კონტროლი აიტანეო. არადა, მეზობელთანაც ვერ გადავდიოდი, ათ წუთში ფანჯარაში იყო გადმოკიდებული და მთელი ხმით ბღაოდა, - სახლში ამოეთრიეო. ხანდახან ეს ყველაფერი იმდენად აუტანლად მეჩვენებოდა, რომ ვფიქრობდი, - თავს მოვიკლავ და დავისვენებ-მეთქი, მაგრამ დედაზე ვფიქრობდი და ეს მაძლევდა ძალას. დიახ, მას მოძალადის ხელში ვერ დავტოვებდი. ერთხელაც დაგვირეკეს, მამათქვენს სამსახურში გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანესო. ოპერაცია დასჭირდა. ორგანიზმი სმისა და მოწევისგან ისე ჰქონდა განადგურებული, ვერ გაუძლო. ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ მის დასაფლავებაზე ცრემლი არ გადმომვარდნია. სულაც, თითქოს გულზე მომეშვა, რომ დედა სამუდამოდ გათავისუფლდა მოძალადისგან. ერთი-ორმა ნათესავმა დედას ისიც კი უთხრა, - შენც დაისვენე, საბრალოვ და იმანაც დაისვენაო.
ბავშვობაში მიღებულმა სტრესმა იმდენად დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე, რომ 19 წლამდე შეყვარებული არ მყოლია. ბიჭებს გავურბოდი, რადგან ყველგან ერთსა და იმავეს ვხედავდი: თანამედროვე ახალგაზრდებში ვერ იპოვი ბიჭს, რომელიც ლუდს მაინც არ სვამს, მე კი რომ გავიგებდი, ალკოჰოლი მოსწონდა, ჭირიანივით ვერიდებოდი. დედაც მესაუბრა ამ თემაზე: არავის ენდო. ხომ იცი, დედისერთა ჭკვიან გოგონებზე ბიჭები ნადირობენ, თავი არავის გაასულელებინოო...

მამაჩემის მკურნალობაზე ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა, ვალებში ჩავვარდით, ამიტომ სწავლა დროებით შევწყვიტე და დედას მხარში ამოვუდექი. სულაც არ მრცხვენოდა მუშაობა. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, ვალის ნაწილი გავისტუმრეთ. მერე დედამ პატარა ლეპტოპი მიყიდა, ინტერნეტმა კი საერთოდ, სხვა თვალით დამანახვა სამყარო. ახლა მისი მეშვეობით მეგობრებსაც ხშირად ვეკონტაქტებოდი, სტილი შევიცვალე, დავიხვეწე, კომპლექსები მომეხსნა, კონცერტებსა და "ივენთებზე" დავიწყე სიარული. მერე ერთი ორგანიზაცია აღმოვაჩინე, სადაც ტრენინგებზე დავდიოდი და ძალიან ბევრი რამ გავიგე ოჯახურ ძალადობაზე. ვკითხულობდი, ვისმენდი ამბებს ძლიერ ქალებზე, რომლებმაც შეძლეს და თავი დააღწიეს საშინელ ცხოვრებას - მშურდა მათი. ისიც შევიტყვე, რომ უამრავი ორგანიზაცია არსებობდა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და ვფიქრობდი, - ნეტავ, ადრე გამეგო ეს ყველაფერი, დედას ხომ გადავარჩენდი-მეთქი! მუსიკა და წიგნები იყო ჩემი ცხოვრების სინათლე. მერე თაყვანისმცემლებიც გამომიჩნდა, მაგრამ ყველა ერთ ნოტზე ჭიკჭიკებდა - გართობა და დროს ტარება სურდათ. როცა ვინმეს გათხოვების, ცოლის მოყვანის ამბავს ვიგებდი, თეთრი შურით მშურდა, - გაუმართლათ, განსხვავებული იპოვეს-მეთქი. თუმცა, უკვე თავისუფლებას ისე ვიყავი მიჩვეული, სულაც ვერ ვხედავდი კაცის საჭიროებას გვერდით და ერთი-ორი შეხვედრის შემდეგ, ბიჭებს დაძმობაზე ვუგდებდი სიტყვას. ამ საქციელის გამო დაქალები დამცინოდნენ, მაგრამ სიკეთეც მომიტანა უკარება ბუნებამ და ნამდვილი მეგობრები შემძინა... ასეთია თანამედროვე ახალგაზრდების ევროპული აზროვნება: თუ შეყვარებული ან ბოიფრენდი არ გყავს, ე.ი. საცოდავი, უიღბლო და კომპლექსიანი მარტოსული ხარ...
დედაჩემმა ჩემში ცვლილება რომ დაინახა, სხვანაირად აჭიკჭიკდა და გათხოვებაზე მელაპარაკებოდა, - ვინმე შენი შესაფერისი, შეძლებული ოჯახიშვილი მოძებნე და პატრონი გეყოლებაო. ამაზე ძალიან გავღიზიანდი და გამოვუცხადე, რომ არასდროს გავთხოვდებოდი. - შენ რა მოგიტანა გათხოვებამ? მთელი ცხოვრება სტრესში გაატარე და მეც დამიმახინჯე ბავშვობა-მეთქი, - ვუთხარი და იმ დღეს ვიჩხუბეთ კიდეც. მართლა არ მესმოდა დედის, - რატომ იცავდა მოძალადე ქმარს ასე გამწარებით? ასეთი რა სიყვარული ჰქონდა მის მიმართ? ვერ ვხვდებოდი, ეს რა გრძნობა იყო მანამ, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოვცადე...

გავიცანი ბიჭი, რომელიც მომეჩვენა, რომ ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა, ყველასგან განსხვავდებოდა. დავახლოვდით. არავისთვის არაფერი გამიმხელია, მაგრამ ბედნიერებას დიდხანს ვერ დამალავ. გაცნობიდან 4 თვის თავზე ის დაქალებს გავაცანი. ძალიან მოეწონათ, მაგრამ რომ გაიგეს, არ სწავლობდა, არ მუშაობდა, მხრები აიჩეჩეს, რაც არ გამომპარვია. ერთხელ დედა სამსახურიდან რომ მოვიდა, გამოკითხვა მომიწყო, - ვინ არის? სად გაიცანიო? მივხვდი, რომელიღაც დაქალმა "ჩამიშვა". არც დამიმალავს მისთვის არაფერი, რადგან მშობ­ლის მხარდაჭერა ისედაც მჭირ­დებოდა. რომ გაიგო, უმუშევარი და უსწავლელი იყო, გააფთრდა, - ამისთვის ვწვალობ და ვშრომობ? სწავლის ფულს გიხდი. მინდა, წარმატებული ქალი იყო და შენი დონის საქმიანი კაცი მოძებნო, რომ ცხოვრებაში ჩემსავით არ გაგიჭირდეს, შენ კიდევ ვიღაც წყალწაღებულს გადაეკიდე? ეგ ახლა არ აკეთებს არაფერს და მერე დაგიჯდება მამაშენივით სახლში, შეიძლება გალოთდეს კიდეც და ნახავ სეირსო. ხმა არ ამომიღია. თუმცა, გულში, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე, რადგან უკვე საკმარისზე მეტი რამ ვიცოდი ნიკაზე. ის საღამო საშინლად მახსოვს. ბიძა, ბიცოლა და დედა საშინლად მეჩხუბნენ. ბიძაჩემმა პირდაპირ გამომიცხადა, - მაგ ბიჭზე რაღაც-რაღაცები გავარკვიე, არც ისეთი ანგელოზია, როგორიც გეგონა. "ქუჩის მენტალიტეტს" აწვება და შეიძლება, ნაციხარიც იყოს. ჩვენს გვარს არ ახსოვს და არც ჰყოლია ეგეთი არავინ, ამიტომ ჩამოშორდი მას, სანამ დროა, თორემ თუ მას აირჩევ, საერთოდ დაგვკარგავ. მე კრიმინალი ნათესავი არ მჭირდებაო. დედა იცრემლებოდა, - რაღა ქურდს და მამაძაღლს გადაეკიდა, ირგვლივ ყველა განათლებული ჰყავს, თავადაც ჭკვიანია და შესაფერისი მოეძებნა ვინმეო. ჩემზე ისე მსჯელობდნენ, თითქოს ნივთი ვყოფილიყავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნიკას დამაშორეს. ბევრი ვიკამათე და ვიყვირე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არ ვიცი, რა გააკეთა ბიძაჩემმა, მაგრამ ნიკა მეორე დღესვე ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს არც არსებობდა... ერთი დასამშვიდობებელი მესიჯიც კი არ მოუწერია, "ფეისბუკი" საერთოდ გააუქმა. ძნელად გადავიტანე მასთან დაშორება. თუმცა, ხანდახან კი გამკრავდა გულში, რომ სწორად მოვიქეცი, სანათესავო რომ არ დავკარგე. რადგან ასე "დამიკიდა", ე.ი. მისთვის არც არაფერს ვნიშნავდი-მეთქი.

ცოტა ხანში მისი ერთი მეგობრისგან გავიგე, რომ ციხეში ჩაუსვამთ. დავრწმუნდი, ბიძაჩემი სიმართლეს მეუბნებოდა და სამყარო ისევ გაუფერულდა ჩემ ირგვლივ. ამას ისიც დაემატა, რომ რამდენჯერმე დედამ ვიღაც ქალები მოიყვანა შინ, რომლებსაც ახალგაზრდა ბიჭები ახლდნენ და ცდილობდნენ საუბარში ჩემს აყოლიებას. მშობლის საქციელმა ისე გამაცოფა, რომ ცხოვრებაში პირველად გამოვუცხადე: სახლიდან წავალ, თუ ჩემი პირადი ცხოვრების მოწყობის მცდელობას თავს არ დაანებებ-მეთქი.
წლები ისე გავიდა, არავის გაცნობის სურვილი აღარ გამჩენია. ვსწავლობდი და ხანდახან დედას ვენაცვლებოდი სამსახურში, არავის ვენდობოდი... თანდათან ძველ სამეგობროსაც ჩამოვშორდი. მაინც, ხმას ამოვიღებდი თუ არა, ყველა დამცინოდა ჩემი "ძველმოდურობის" გამო. ერთმა მეგობარმა ბიჭმა ხუმრობით ისიც კი მითხრა, - როდის უნდა ეწიო ბედს, სამადლოდ მაინც მიეცი ვინმეს, გაგიხმაო. ამის მერე შეკრებებზე სიარული საერთოდ შევწყვიტე.

ერთხელ მეზობელმა ბიჭმა ინტერნეტში მომწერა, - ერთი ჩემი ძმაკაცია ჩემთან, ხშირად დადის ეზოში და მოეწონე, შენი გაცნობა უნდა. "ატვეჩაი" ვარ, ცუდს არაფერს გაკადრებს, ისეთი ბუნების ადამიანიაო. ცივად მივწერე, - არავინ მაინტერესებს, მით უმეტეს, შენი გარიგებული და ჭორები მაკლია ახლა სამეზობლოში, თავი დამანებე-მეთქი. იმავე საღამოს იმ ბიჭმაც მომწერა, მაგრამ არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე გავიდა და "სრულიად შემთხვევით" მაღაზიაში შემხვდა. თავი ვერ ავარიდე. მისი ზრდილობიანი საუბარი მომეწონა, თანაც, ზედმეტი არაფერი უკადრებია. გავაფრთხილე, ეზოში არ მომიახლოვდე, არ დამელაპარაკო, თორემ ამ ამბავს ჭორიკანები დედაჩემს ეტყვიან და პრობლემები არ მჭირდება-მეთქი.

ცოტა ხანს ვაცადე და თავი რომ არ დამანება, ჩემი უკარება ხასიათის მიუხედავად, გავრისკე და ურთიერთობაზე დავთანხმდი. თუმცა, ამჯერად ამას ყველას ვუმალავდი. აღარც დაქალებს ვენდობოდი. ძალიან ფრთხილად ვიყავით და უბანში არასდროს ვხვდებოდით ერთმანეთს. თანდათან კიდევ უფრო მეტად მოვიხიბლე მისით: არ ეწეოდა, არ სვამდა, ჯანსაღ საკვებს ანიჭებდა უპირატესობას. ნამდვილი ჯენტლმენი იყო. შევიტყვე, რომ მდიდარი გახლდათ და უამრავ ფულს ხარჯავდა ძმაკაცებში. რამდენჯერმე უცხოეთშიც იყო ნამყოფი და სწორედ ამიტომ, სიფრთხილეს ვიჩენდი. რამდენჯერაც დააპირა ჩემთვის ძვირად ღირებული საჩუქრის ყიდვა, უარი ვუთხარი, არც რესტორნებში დავყვებოდი, რაზეც ნერვები ეშლებოდა: რატომ ვიმალებით ან ვის ვარიდებთ თავსო? სინამდვილეში უბრალოდ ასეთი ვარ. არასდროს მომწონდა გოგონები, რომლებიც ბიჭებთან გამორჩენის მიზნით არიან და ცდილობენ, ისინი მაქსიმალურად გაღლიტონ. თუმცა, ეს რა გასაკვირია: დღეს ქვეყანაში მატერიალიზმია გამეფებული, სულიერ სიახლოვეს აღარავინ აქცევს ყურადღებას...
იმის გამო, რომ გიორგის არსად დავყვებოდი და ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი (დროც ხშირად არ მქონდა, რადგან დედას ვეხმარებოდი მაღაზიაში), ვგრძნობდი, მის თვალში პატივისცემა დავიმსახურე. ჩემი სიღარიბის მიუხედავად, ფულსა და ძვირად ღირებულ ნივთებზე გაგიჟებული არ ვიყავი. ღმერთს მადლობას ვწირავდი, ასეთი კარგი ადამიანი რომ შემახვედრა...

ერთხელ გადავწყვიტე, ჩემს წარსულსა და შიშებზე მასთან გულახდილად მელაპარაკა. ჩემდა გასაკვირად, არ დამცინა, მაგრამ... ცოტა ხანში მითხრა: სულელი ხარ. შენი შიშები მესმის, მაგრამ დღეს სიყვარული სიახლოვის გარეშე არ არსებობს. სულიერება ძლიერი კავშირი არ არის. ადვილად შეიძლება, მამაკაცმა სხვაზე გაგცვალოს, თუ იმას ვერ იღებს შენგან, რაც შენს თავს ყოველ წუთს გაახსენებს. კი, ბევრი კაცი ვითომ სულიერებას ეძებს ქალში, მაგრამ საბოლოოდ, მაინც იმასთან გაიქცევიან, ვისშიც მეტ სრულყოფილებას ნახავენ... დღეს ასეთი დროა. იმიტომაც წავიდა ის ბიჭი შენგან, რომ არაფერი აკავებდა ისეთი, რაც შენ გამო ბრძOოლას აიძულებდა. ბავშვობის ტრავმა ძნელი გადასატანია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი ერთ ქვაბში უნდა მოხარშოო... მართალია, ამაზე დიდხანს ვიკამათეთ, მაგრამ ვიგრძენი, რომ მართალი იყო და რაღაც მაინც უნდა შემეცვალა ჩემს უფერულ ცხოვრებაში...

გაგრძელება გზის #48-ე ნომერში



ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
960 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი