"საზღვარგარეთ ყველაფერი ეიოლება ქართველ კაცს"
font-large font-small
"საზღვარგარეთ ყველაფერი ეიოლება ქართველ კაცს"
"ქართველს არაფერი ეშველებაო, - რომ ამბობენ, ეს ფრაზა მკლავს"

მოგეხსენებათ, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თა­ვისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ორი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომაც დადებითად გადაწყვიტეს.
ქალბატონი ნელი ჯავახაძე პენსიონერი გახლავთ. ის ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლის ნაცვლად, ქართველებს ერთმანეთის გვერდით ყოფნა უნდა გვიხაროდეს და მოძმეების სიყვარული გვითბობდეს გულს. სწყინს, რომ ახალგაზრდები სამშობლოდან გაქცევაზე ფიქრში ათენ-აღამებენ: "მათ თითქოს, ქართული არაფერი აქვთ. ნეტავ, სად დავუშვით შეცდომა თანამედროვე ადამიანის აღზრდისას? რატომ ჩა­ვუნერგეთ მათ ქვეყნის ისეთი სი­ძულვილი, რომ მათთვის ყველაფერი უცხო უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე საკუთარი?"

- ვიზალიბერალიზაციას გვილოცავენ. ნეტავ, რა არის მოსალოცი ამ ფაქტში? ვისაც წასვლა უნდოდა, აქამდეც მიდიოდა. ერთი ეგაა, კონსულთან შესვლა აღარ დაგვჭირდება, სხვა მხრივ, რატომ ვართ ასეთი ბედნიერები, არ მესმის. ვიზალიბერალიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ მომინდება, ხვალ უპრობლემოდ წავალ ნებისმიერ ქვეყანაში და იქ დავსახლდები. დაახლოებით იმავე პროცედურების გავლა მოგვიწევს საზღვარზე, რაც აქამდე იყო. თანაც, სულაც არ მიხარია, ქართველები საზღვარგარეთ რომ გარბიან. ამაში მე ერის გადაშენების საფრთხესაც კი ვხედავ. ზოგი სამოგზაუროდ მიდის - კი, ბატონო, მაგრამ მერე ისე მოსწონთ საზღვარგარეთ ცხოვრების თავისუფალი სტილი, რომ იქ დარჩენას გადაწყვეტენ და ოჯახებსაც იქ ქმნიან, საქართველოში დაბრუნებაზე კი ალბათ, მხოლოდ სიბერის დროს იოცნებებენ ან მაშინ, თუ ცხოვრებას ვერ აიწყობენ და უკიდურეს სიღატაკეში მოუწევთ ყოფნა. თუმცა, მეეჭვება, ქართველმა კაცმა ნებისმიერი სიტუაციიდან ვერ შეძლოს თავის დაძვრენა. მთავარია, მას ჰქონდეს სამუშაო ან მოსაპარი. საქართველოში კი აღარც მოსაპარია რაიმე და სამსახურსაც, სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი.

ვიცი, ახლა მკითხავთ, მოსაპარი როგორ არ არის, მით უმეტეს, რომ ყოველდღე გვესმის ახალი ფაქტები ყაჩაღობის შესახებო? კი, ახლაც ძარცვავენ ხალხს, მაგრამ ძირითადად - ღარიბებს და ამ შემთხვევაში, კრიმინალიც დიდად მოგებული არ არის. მცირედის გამო იგდებს თავს საფრთხეში. საზღვარგარეთ კი ყველაფერი ეიოლება ქართველ კაცს. ოღონდ აქედან წავიდნენ და სხვა ქვეყნისთვის მოკვდებიან.

არ მესმის იმ ადამიანების, რომ­ლებიც ღარიბებს ძარცვავენ. ნამდვილი კაცი მასზე უფრო მეტად გაჭირვებულს არაფერს მოჰპარავს. ქურდებსაც კი ჰქონდათ ძველად ღირსება, ახლა კი უფულობით ისეა ხალხი გამწარებული, რომ ღირსება აღარავის ახსოვს. 2 ლარის გამოც კი შეუძლიათ, ზიანი მოგაყენონ. არ შეშვენის ქართველ კაცს ასეთი საქციელი. მე თუ მკითხავთ, კანონიერი ქურდების ბატონობის დროს უფრო მეტად იცავდნენ კანონს და 100 ლარის გამო ხელს არავინ გაისვრიდა. ახლა ყველაფერი გადატრიალებულია... ისე არ გამიგოთ, თითქოს ძველ დროს მივტირი და კანონიერი ქურდების პარპაშის დაბრუნების მომხრე ვარ, მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციას, ძველი ნამდვილად ჯობდა...
ჰო, მას შემდეგ, რაც ევროპისკენ დავიძარით, ტელევიზიით გამოდიან ცნობილი ადამიანები და "სვეტსკურად" ამბობენ: ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება ქუჩაში ნაგავი დავყაროთ? ვაიმე, როგორ გადადიან მოქალაქეები გზაზე, წესებს არ იცავენ და არაფერი გვეშველებაო! საინტერესოა, ეს "სვეტსკი" ადამიანები რამდენად არიან კანონმორჩილები და წესების დამცველები? ჩემთვის ისინი სამაგალითოები ვერ იქნებიან, მით უმეტეს, რომ ზოგიერთების ცხოვრების წესის შესახებაც ვიცი ბევრი რამ. არა, კარგია, ქუჩაში ნაგვის დაყრას თუ გადავეჩვევით, მაგრამ საუკუნეების მანძილზე რაც ჩვევაში გვქონდა, იმას ერთ დღეში ვერაფრით დავძლევთ. ევროპაში მეც ვყოფილვარ. ჰოდა, ნაგავიც ბევრი მინახავს და არაადამიანიც. ქართველებს ბევრი ერისგან განსხვავებით, უამრავი ღირსება გვაქვს. სხვა თუ არაფერი, ძალიან თბილები ვართ, გასაჭირის დროს ერთმანეთის მხარში დგომა არავისგან გვესწავლება. - ვაიმე, ქართველს არაფერი ეშველებაო, - რომ ამბობენ, ეს ფრაზა მკლავს. რატომ არ გვეშველება, შე კაი ადამიანო ან ამას რომ ლაპარაკობ, თავად ვინ ხარ? უცხოელები გიჟდებიან ჩვენზე, ჩვენს გულთბილობაზე და უკვირთ, მათ კითხვებს უპასუხოდ რომ არ ვტოვებთ და თქვენ, ქართველებს რა დაგემართათ, მხოლოდ ცუდს რომ ხედავთ და კარგი რაც გვაქვს, იმაზე თვალებს ხუჭავთ? ოღონდ ერთმანეთი გვალანძღინა და თითქოს სხვა, არაფერი გვაინტერესებს. აბა, ყველამ გულზე დაიდეთ ხელი და თქვით, რამდენს გიხარიათ, როცა საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენელი წარმატებას აღწევს (თუ, რა თქმა უნდა, ის ჩვენი ოჯახის წევრი არ არის)? აბა, თქვით, რამდენი განიცდით, რომ პოლიტიკოსები ქვეყანას საჭიროებისამებრ ვერ მართავენ და მათი ლანძღვის ნაცვლად ცდილობთ, რაიმეთი თავად მაინც წაადგეთ ქვეყანას? არა ბატონებო, ქართველების უმეტესობა, პოლიტიკოსებზე გაბრაზებული, მხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ როგორმე, სახელმწიფოს რაიმე წავგლიჯოთ. ჰოდა, ამიტომაც არ გვეშველება არაფერი და არა იმიტომ, რომ თურმე, ვიღაცამ სიგარეტის ნამწვი დააგდო ან კიდევ, ქუჩა გადაკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმაღლეზე ასვლის შიში აქვს და ის ახალი გადასასვლელები მათთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ქუჩის გადაკვეთა, სადაც შეიძლება, მათ მანქანა ნებისმიერ დროს დაეჯახოს. აქვე უნდა ითქვას: მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებს რომ შევდექით, ეს გასისინებული მანქანების მძღოლები რომ თავხედობენ, ამაზე რატომ არავინ იღებს ხმას? ბევრჯერ ვყოფილვარ მომსწრე, რომ წითელი ენთო და მანქანას მაინც, სიგნალ-სიგნალით გაუვლია და ლამის გაუტანია ვიღაც. ყვითელს ხომ საერთოდ, არაფრად აგდებს ბევრი. თუ დაუყვირებ, აბა, რას აკეთებო? შემოგაგინებენ და ისე დაგისიგნალებენ, თითქოს შენ არღვევდე კანონს. ტროტუარებზე რომ ამოვარდებიან ხოლმე, მაშინაც ფეხით მოსიარულეა დამნაშავე? ან როგორ აჩერებენ მანქანებს? - ამაზე იყვირეთ ჯერ და მერე მოსთხოვეთ ქვეითად მოსიარულეს წესების დაცვა.

ჩამოსულ, უცხოელ ტურისტებს ხელისგულზე ვატარებთ. მათდამი ისეთ სითბოს ვიჩენთ, მერე თავადაც რომ გვიკვირს, ნეტავ, ასეთი კარგები როდის გავხდითო? თუ გადამთიელის ასე კარგად მიღება შეგვიძლია, ჩვენსას რატომ აღარ ვცემთ პატივს? კარგი მეზობელი რომ ნათესავსაც სჯობს და უცხოტომელსაც, ეს რატომ გვავიწყდება? რატომ გვინდა სხვების თვალში საუკეთესოები გამოვჩნდეთ და საკუთარს მიწა გავუთხაროთ? ამით რას მოვიგებთ?
წესების დაცვის პარალელურად, ჩემი აზრით, ქართველებმა ერთად უნდა ვიმკურნალოთ რომელიმე კარგ უცხოელ ფსიქოლოგთან და ვიდრე სხვებისკენ გავიშვერთ თითს, საკუთარ შეცდომებზე უნდა დავფიქრდეთ. ვიდრე მიტევების უნარს არ გამოვიმუშავებთ, ერთმანეთის და საქართველოს სიყვარულს არ ვისწავლით, მანამდე არაფერი გვეშველება. ვერც ვიზალიბერალიზაცია იქნება ჩვენთვის მალამო, ვერც სუფთა ქალაქის ქუჩებში სიარული და ვერც სხვა ყველა წესის დაცვაზე ზრუნვა. მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული თუ გადაგვარჩენს!

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი