გივი სიხარულიძეზე შეყვარებული და "ბიძინას მთავრობაზე" გაბრაზებული ქალბატონი
font-large font-small
გივი სიხარულიძეზე შეყვარებული და "ბიძინას მთავრობაზე" გაბრაზებული ქალბატონი
ღია წერილი


ქალბატონმა რიმამ საკმაოდ ვრცელი წერილი გამომიგზავნა, სადაც ბევრ საკითხზე საუბრობს, საკუთარ სიხარულსა თუ გულისტკივილს დაუფარავად გვიზიარებს. ამჯერად, მხოლოდ ერთ ნაწილს ვუბეჭდავთ. თუმცა, წერილის სტილი დაცულია...


"ამქვეყნად სიცოცხლის ფასი არაფერია. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. სამოთხე აქ არის, იმ ქვეყნად კი ჯოჯოხეთია. ირემმა ირემს ბალახი მიაწოდა და უთხრა, _ მიირთვი ძმობილო. ეს ტყე და მინდორი ჩემი თუა, შენიცაა, ორივეს გვეყოფა. ჩვენ ყველაფერი საერთო გვაქვს: ცა, მიწა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები... ეს ულამაზესი დედამიწაც ჩვენია, მშობელია ყველასი. ამიტომაა, რომ უწოდეს მას დედამიწა და არა _ მამამიწა. ჩვენს მიწას გაფრთხილება სჭირდება. ის ხომ დედასავით ერთია. ნუ ამოვაგდებთ საფლავებიდან მამა-პაპის ძვლებს; სწორედ რომ ჩვენმა წინაპარმა შემოგვინახა ყველაფერი საუკეთესო, რაც არის ქვეყნად. ნუ ავჩეხავთ ერთმანეთს დანებითა და ხანჯლებით, გავუფრთხილდეთ ერთურთს.
რაღა ფასი აქვს ისეთ სიცოცხლეს,/ როცა ქვეყანა არეულია?/ განა, იხარებს სილაში ვარდი,/ როცა ფესვები მორყეულია!"
მინდა, შევაქო ერთი ბუმბერაზი ვაჟკაცი, რომელმაც საქართველოს ხალხის გულები დაიპყრო, პატარა ბალახივით აღმოცენდა და ღრმად გაიდგა ფესვები საქართველოს მადლიან მიწაზე. კაცი, რომელიც იწვის სიყვარულში, ქართველი ხალხის ხატება გახდა, მისი სახელი ყველა ენაზე მოსაუბრეს აკერია, რომლის მსგავსი ბადალი არ მოეპოვება ჩვენს ერს. ის სიმართლის მღაღადებელია, თან გვტუქსავს და თან, სიყვარულს გვასწავლის, ქართველურად, როგორც ჩვენს მამა-პაპებს სჩვეოდათ. ვუსმენ რადიოში და ვფიქრობ, რა დედამ გაგზარდა, თავთავივით დაგაპურა და გზაზე დაგაყენა. ტყუილად არ დაღლილა დედის ხელები აკვნის რწევაში. ტკბილ "ნანაზე" გაზრდილო ბიჭო, ვინც შენ არ გიცნობს, მე მკითხონ და მოვუყვები ნამდვილ ზღაპარს შენზე.
ახალგაზრდობაში, როცა რაიმე არ მოგწონდა, შენს ძმაბიჭებში, ხუმრობით იტყოდი სიმართლეს, რომ არ სწყენოდათ, აქაც ზომიერება იცოდი. შენ გაგზარდეს სახლისა და ქუჩის "ქონგურებმა" და ამიტომაც არ გეშლება არაფერი, ქიციც იცი და ქიცმაცურიც. ღმერთმა უდავოდ მოგცა ნიჭი. გზა გაგინათა და შენც ამ განათებულ გზას ადგახარ. შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული _ ხალხის ენისა და გულების მპყრობელი ბრძანდები. ალბათ, მერცხალი გამოგაბეს პირზე, ენაჭიკჭიკა რომ გამოსულიყავი. დავზაფრე მკითხველი. ალბათ აინტერესებთ, ახლა ვისზე ვლაპარაკობ. ვინაა ეს პიროვნება. მაგრამ მისი ხმა ვისაც გაუგონია, ის არასდროს შეეშლება სხვაში.
აფერუმ ვაჟკაცო, ჩვენი ერის სიამაყევ, საყვარელო შვილო, ერის სატკივარითა და მათი ბედნიერებით რომ ხარობ; გული გტკივა, როცა საქართველოს უჭირს, მაგრამ როცა მის ქუჩებში დადიხარ და ხედავ აღორძინებულს, დამშვენებულს, ხელებს შლი და ამბობ, _ აი, ეს არის თბილისი, გული საქართველოსი; ეს ხომ ჩემი ხალხის სამშობლოა და ჩემიცო. დიახ, შენია ჩემო კარგო ბიჭო! ღმერთმა არ მოგვიშალოს შენი ლამაზი ხმა რადიოში, საიდანაც გვესაუბრები. დაე, იარონ შენისთანა ვაჟკაცებმა და ლამაზებმა. თუ დაგაკელი ლოცვა ჩემი ბებერი ჭკუით, მაპატიე. გეხვევი და გლოცავ, ჩემო გივი სიხარულიძევ!
შენ მუდამ ღია გაქვს გულის კარი მოყვასისთვის, მტრისთვის კი ამოღებული ხმალი ხარ, მაგრამ შენი ტკბილი ენა, გველსაც კი ამოიყვანს მიწიდან. ღმერთმა დალოცოს შენი გული, ენა და გონება. სულ ასეთი იყავი, ჩემო სიხარულო, მარად იჯანმრთელე და იდღეგრძელე, ჩვენო ერის სიამაყევ.
ბევრსა სწერ, ბევრიც გეწეროს,/ ხალხშიც შემოგაქვს სინათლე,/ ვაჟკაცო, თბილისს გაზრდილო,/ შენ ამბობ მუდამ სიმართლეს./ შენი ნაწერი წიგნები,/ ხალხის გულია, იცოდე,/ სამშობლოს სიყვარულისთვის,/ შენ სანთელივით იწვოდე./ შენი ლამაზი ფიქრები,/ გსურს ყველას გაუზიარო,/ თუ წიგნი გთხოვა ქართველმა,/ თხოვნა არ დაუგვიანო...
მიდიხარ ქუჩებში და ხედავ ბავშვებსა თუ მოხუცებს, სანაგვე ურნებში თავები რომ აქვთ ჩაყოფილი და ნაგავში იქექებიან. ბევრი ახალგაზრდა უაზროდ დახეტიალებს ქუჩებში, ჩვენ კი ვუყურებთ ამ საცირკო წარმოდგენებს. მართალია, გვეცოდება, მაგრამ ვერაფერს ვშველით. შევხედავთ და გავეცლებით. ამაზეა ნათქვამი, _ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო...
სიყვარულსა და ადამიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია!
სინდისიც დაკარგულია,/ ქუდი არ ხურავს კაცსაო./ მომტირალს ბევრსაც ხედავენ,/ მიუყვებიან გზასაო,/ შერცხვენილ იყოს ამგვარი,/ კაცის ნამუსი თავზედა,/ ობლის, ღატაკის, მშიერის,/ დასმა ამ სიპსა ქვაზედა...
ჩემო გივი, შენ ჭკვიანი, გაგებული პიროვნება ხარ. იქნებ ურჩიო ამ ახალგაზრდებს, თუ რა გზას დაადგნენ. შენ მიგიწვდება ხმა, შენს ხელშია რადიო და ტელევიზია, აბა, მე რა შემიძლია? გვირჩიე, დაგვეხმარე, ხმა აიმაღლე ზოგიერთებზე! შენ მთელი ქვეყანა გიცნობს! შენც ხომ ყოფილხარ გაჭირვებული, გქონია გამოუვალი წუთები? მართალია, მაშინ ძველი დრო იყო, მაგრამ ეს დროც კარგია, მერწმუნე. სიცოცხლე ყველას უხარია. ამიტომ გავამახვილე შენზე ყურადღება. შენ იმედი ხარ მომავალი თაობის, დაგიჯერებენ და გამოგყვებიან.
ჩვენს მზიურ მხარეში თავის გატანა არ უნდა უჭირდეს კაცს. თესლი რომ უკუღმა გადაყარო, წაღმა ამოვა, მხოლოდ მოწადინებაა საჭირო. ჩვენ ყველას ერთგულება და სიყვარული გადაგვარჩენს. გული მწყდება სასაფლაოზე გავლილს, რადგან იქ ბევრი ახალგაზრდა განისვენებს (ღმერთი გფარავდეთ ასეთი უბედურებისგან). გამოცდილი ხელმძღვანელი სჭირდება ჩვენს ერს, რომ ახალგაზრდობა დაიცვას. მე კი, მოხუცი ქალი ასე დაგლოცავთ:
ღმერთი გფარავდეთ სუყველას და დედაღვთისა, მშობელი,/ სიონის ზარი გლოცავდეთ, წმინდა გიორგის ნათელიც,/ პურით აგევსოთ ბეღლები, მარანში ღვინო ქართული,/ ისმოდეს "მრავაჟამიერ", "ლილეო" საქართველოში,/ თამარის ხანას მოგასწროთ _ ერთიანსა და მრავალშვილიანს,/ ძეობებსა და ქორწილებს, ქართულ პურმარილს მადლიანს,/ გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, გრძნობას და ულევ სიყვარულს,/ დილით მადლიან ღიმილს და, ერთმანეთის სიყვარულს... რატომ უნდა ვიმეტებდეთ სამტროდ ერთმანეთს?/ განა, ეს სისხლი რისთვის გვწყურია?/ ღმერთმაც კი ჩვენთვის გაწირა თავი/ და ჩვენ ვართ მისი უმადურია./ ღმერთის წინ მუხლებზე ვდგავართ,/ სანთლებს ვანთებთ და მას ვთხოვთ პურ-ღვინოს,/ მაშ, დავილოცოთ ჩვენ ვახტანგურად,/ რომ სიყვარული არ მოგვკლებოდეს/ და ჩვენი ხელით არც ერთი კაცი/ საქართველოში რომ არ კვდებოდეს./
მაშ, გაუმარჯოს მთისა და ბარის,/ ცამდე აღმართულ უშბას და მყინვარს,/ ყველა სალოცავს, რომელიც გვლოცავს/ და სხვა, გარეშე მტრებისგან გვიცავს.
თქვენგან შორს იყოს მტრობა, შუღლი, გაუტანლობა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ღმერთი გლოცავდეთ, ჩემო ლამაზო, სულით მებრძოლო ახალგაზრდებო. იყავით მუდამ მხნედ, ჭკვიანები. დედამიწა ხომ თქვენს ხელებზე დგას და აშენეთ, კი არ დაანგრიოთ.
ცხოველები, ადამიანები, ფრინველები _ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ამბობენ ხოლმე, მგელმაც კი იცის თავისი მონაგარის შენახვა და გაფრთხილებაო. ერთ ტყეში თურმე, მგელს ბავშვი მიუგდეს, რათა შეეჭამა. მან კი დედობა გაუწია პატარას, ძუძუს აჭმევდა და გამოქვაბულში ზრდიდა. ზოგიერთი ადამიანი კი (ყველა ასეთი რომ იყოს, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს), ბავშვს აჩენს და სანაგვეზე აგდებს ან სხვებს აძლევს, დედობრივ მოვალეობას თავს არიდებს. ყველაფერი შესაძლებელია ახლანდელ დროში. ზოგს შვილი არ უნდა, სიყვარულის ნაყოფი, ზოგმა კარგად მოირგო ქუჩა და აბა, ეგეთ ქალს შვილი რად ენდომება? ბევრმა თავშესაფარში მიიყვანა პატარები და თანაც, ამბობენ: მთავრობას დიდი თავი აქვსო. ჰოდა, იზრდებიან ბავშვები მშობლების გარეშე, ამასობაში დედ-მამა ბერდებიან და ამის შემდეგ ცდილობენ შვილების მოძებნას, სთხოვენ მათ ან მოითხოვენ, _ ყურადღება მოგვაქციეთო. რატომ უნდა მიაქციონ ყურადღება? _ ამაზე არ ფიქრობენ. მათ ხომ ამ ბავშვებში ჩაკლეს მშობლის სიყვარული და ახლა, როცა დასჭირდათ, მოძებნეს...
ძნელი დასაჯერებელია, რომ უსიყვარულოდ და უმამოდ გაზრდილი პატარა მოვა და მოგეფერებათ. არა, თქვენნაირი ადამიანები შვილების ღირსები არ არიან! და ისიც იცოდეთ, ღმერთისა და ხალხისგან მოძულებული იქნებით. როგორ ბედავ, რა სინდის-ნამუსით იხსენებ, რომ ოდესღაც შვილი გააჩინე? ძაღლი რომ ძაღლია, ისიც კი არ მიატოვებს შვილს. აბა, სცადე და წაართვი ლეკვი. ცხოველებს ინსტინქტი ამოძრავებთ, შენ კი ცხოველიც არ ხარ? გუგულივით იქცევი: მიუგდე შვილი სხვას გასაზრდელად! არა, ასეთი დედა მთელი სიმკაცრით უნდა შევიძულოთ, დავსაჯოთ და დახმარების ხელიც არ უნდა გავუწოდოთ. ხეს როცა დარგავ, უნდა მოუარო კიდეც, რომ გაიზარდოს, ნაყოფი გამოიღოს და შემდეგ, შენ ამ ნაყოფით გაისველო პირი.
მინდა, გავიხსენო ერთი ამბავი, გამუსლიმანებული თათრის ოჯახზე, რომელიც იორმუღანლოში ცხოვრობს. მსურს, მათ ავკარგიანობაზე მოგითხროთ: ერთ ეზოში ცხოვრობს სამი ძმა, თავიანთი შვილებითა და შვილიშვილებით. ვუყურებდი მათ და თვალებს არ ვუჯერებდი. მიკვირდა, რომ ასეთი დიდი სიყვარული არსებობდა ძმებს, რძლებს და მშობლებს შორის. ერთმანეთს უბატონოდ არ მიმართავდნენ, უფროსების სიტყვა მათთვის კანონი იყო. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რძლები, თუ როგორ ეცათ პატივი ჩემთვის _ სტუმრისთვის. ორჯერ ქორწილში დამპატიჟეს, ერთხელ _ ქელეხშიც. მომწონდა მათი ადათ-წესები, უცხო სტუმრის დახვედრა და გასტუმრება. ერთი თვე ვიყავი მათი სტუმარი და ამ ადამიანებისგან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაც არ მომისმენია. იცით, რა ვინატრე? _ ნეტავ, მთელი სამყაროს ადამიანები ამათ ჰგავდნენ-მეთქი. შემშურდა მათი.
ჩვენ კი, ქრისტე მხოლოდ ლოცვისას გვახსოვს, ყოველდღიურობაში კი გვავიწყდება და ამიტომაც, უკუღმართად მიდის წუთისოფელი. მართალია, მტრობა და შუღლი ყვე­ლ­განაა, მაგრამ ზომიერად.
ერთხელ აჭარაში მოვხვდი სტუმრად და იქაც გამაკვირვეს. თურმე, როცა უფროსი სუფრასთან ზის, უმცროსს უფლება არა აქვს, გვერდით მიუჯდეს, დალიოს ან სიგარეტი მოსწიოს მშობლის თანდასწრებით. დიახ, ეს ხდებოდა ოჯახში, XXI საუკუნეში... ჩვენ კი ამგვარი ზრდილობისგან შორს ვართ. მწეველი ისე მიაბოლებს ქალს თუ კაცს პირში, რომ ბოდიშსაც არ მოუხდის. რაიმეს თუ ეტყვი, გიპასუხებს, _ ვისაც სიგარეტის კვამლი არ მოგწონთ, შეგიძლიათ, ოთახიდან მიბრძანდეთო...
მუსლიმანების კიდევ იცით, რა შემშურდა? ერთობა უყვართ _ აბა, გაბედე და თათარს ეჩხუბე, მთელი ბრბო შემოგესევა, პასუხს მოგთხოვენ. ჩვენ კი ერთმანეთი რომ დავხოცოთ, არავინ დაგიდგება გვერდით, _ თავში ქვა გიხლიაო, _ იტყვიან და გაგეცლებიან. აი, რანი ვართ ჩვენ, მაგრამ სუფრასთან ჩვენისთანა ორატორები, გამბედავები და ვაჟკაცები დუნიაზე მეორე არ დადის.
რაღა შორს მივდივართ: ვარ 78 წლის ქალბატონი. 15 წელია, გახლავართ უბინაოდ, ჩემი საცოდაობით ქვაც კი ტირის, მაგრამ ვერაფრით დავაჯერე ივანიშვილის Mმთავრობა, რომ გასაჭირი მადგას და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მას და სხვა ჩინოვნიკებს არ უჭირთ. იმიტომ, რომ ქართველები ვართ და ერთმანეთის დახმარება არ შეგვიძლია. ჩვენ ხომ მარტო ჭამასა და სმაში ვართ ვაჟკაცები და სხვისი ჭირი და ლხინი არ გვედარდება..." GzaPress

ქალბატონი რიმას წერილს დავასრულებ ამონარიდით ბატონი გივი სიხარულიძის ინტერვიუდან, სადაც ის სტერეოტიპებზე, ტრადიციებზე საუბრობდა, რაც დღესაც აქტუალურია:
"...ზოგიერთ ჩემს მეგობარს ისეთი ოჯახი აქვს, მინდა, მათ ცოლებს ფეხები დავუკოცნო, მაგრამ ასევე მყავს ამხანაგები, რომელთა ოჯახებშიც ცოლი გამთენიისას ბრუნდება შინ და ქმარს ეუბნება, _ შენი სადღეგრძელო რვაჯერ დავლიეო, ამ ტიპს კი ამ დროს "ჩეფჩიკით" სძინავს. მე თუ მკითხავთ, ცოლ-ქმარს შორის იცით, რა ურთიერთობა უნდა იყოს? ცოლი დღედაღამ უნდა ფიქრობდეს, რომ ქმრის მონა იყოს, არადა, რეალურად ამ დროს, ჭკვიანი ქალი მონად იხდის ქმარს; როცა კაცი ხედავს, რომ ცოლი თვალებში შესციცინებს და მზადაა, მისთვის სიცოცხლე გაწიროს, ნაღდი ვაჟკაცი ასჯერ მისი მონა გახდება...
არც ერთი ტრადიცია აღარ მიყვარს და აღარ მომწონს, რადგან ყველაფერმა დაკარგა თავისი ხიბლი და არსი. მოსკოვში ცნობილი ქურდი, პირდაპირ დაგისახელებთ მის გვარ-სახელს, ჯემალ ხაჩიძე, რომელიც აზანზარებდა მთელ "პრესტუპნი მირს", შევარდნაძის პერიოდში ისვენებდა ქობულეთში ოჯახთან ერთად. ამ დროს მეც იქ ვიყავი, სასტუმრო "ივერიაში". ვხედავ, მას აკითხავენ და ხელზე ეამბორებიან რაიკომის მდივნები, მინისტრები, თანამდებობის პირები... ვაა, ვიფიქრე, ვიღაც "ატომშიკი", აკადემიკოსი ჩამოვიდა-მეთქი. თურმე, რას ამბობ, კანონიერი ქურდი ბრძანდება ქობულეთში და მასთან მუხლებზე დაჩოქილები მიდიან, იშლება პურმარილები იახტებზე და ა.შ. ამ დროს თხილის ფოთოლაფარებული მინისტრის შვილები, მთელი ღამე ბუნგალოში ცეკვავენ, შევარდნაძის მინისტრებს, ამ კრეტინებს, სძინავთ (ოღონდ, ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა), არის ერთი ამბავი და ამ დროს ვუყურებ, ამ ქურდის ოჯახს _ ცოლს, შვილს, რძალს, რამხელა მოკრძალება და პატივისცემა აქვთ მშობლების მიმართ, როგორი უბრალოები, პატიოსნები არიან და ამ დროს ჩემს თავს იცი, რა ვუთხარი? შევარდნაძის მაგივრად, ერთი ჯემალა ხაჩიძისნაირი ქურდი გახდეს იქნებ პრეზიდენტი და ამ საქართველოს ეშველოს რამე, დადგეს პატიოსნება, გაიზარდონ წესიერი ბავშვები-მეთქი. სულ ვფიქრობდი, ნეტავ, ეს ჯემალა "ჭამს" თუ არა ამ მინისტრების ხელზე ამბორს-მეთქი? მაგრამ ჩემს წიგნშიც დავწერე, რომ ეს ადამიანი თანამდებობის პირების ლაპარაკს ტვინში ივლებდა და ზიზღით აფურთხებდა.
ჩვენ იცი, როგორი ხალხი ვართ? ვყვირით: "ედუარდ, ედუარდ", "მიშა, მიშა", "ბიძინა, ბიძინა", მერე იქნება "ავთო, ავთო" და ამ ყვირილში სახელმწიფო ხელიდან გვეცლება. ჟირინოვსკი, ეს ჭკუით დატენილი კაცი, რომელიც ყოველთვის პუტინის სათქმელს ამბობს, რომ გაჰკივის, გუბერნიებად დაიშლებითო, ზუსტად ეს გვიწერია, სრული ჭეშმარიტებაა. არც ერთ მთავრობას პატივს არ ვცემ, არც წინანდელს, არც ახლანდელს, საქართველო დღეს დგას პატრიარქის მხრებზე და ეს ღერძი თუ მოწყდა, ჩვენც დავიღუპებით. ეკლესიაში სულ ანგელოზები კი არ არიან, ბევრი ცუდიც ხდება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენმა მამა-პაპებმა შემოგვინახეს და ჩვენი გადარჩენა სარწმუნოების ძლიერ ფესვებზე დგომაა..."
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი