ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული
font-large font-small
ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული


"პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს ერთი ღარიბი პენსიონერი მეზობლის დახმარება მაინც..."



- 60 წლის ვარ და ამ წლების მანძილზე, სამოცჯერაც არ ყოფილა შემთხვევა, მეთქვას, - რა კარგია, საქართველოში რომ დავიბადე-მეთქი. ჯერ იმას ჩიოდა ჩემი თაობა, კომუნისტურ რეჟიმში არსებობისთვის რატომ გაგვწირა ღმერთმაო, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ მაშინ უკეთესი ცხოვრება გვქონია... ხალხს სამუშაო ჰქონდა, უფრო ლაღად ვგრძნობდით თავს და სიმართლე გითხრათ, მეტი ურთიერთობა იყო ადამიანებს შორის. ახლა რაც დრო გადის, კაცს სათქმელი გამოელია თითქოს. შეხვდები ძველ ნაცნობს, რომელიც საუკუნეა არ გინახავს, ჰოდა, ერთმანეთს რომ მოვიკითხავთ, იმის იქით ვეღარაფერზე ვლაპარაკობთ და ვემშვიდობებით ერთურთს. არადა, ადრე სალაპარაკო ყოველთვის ბევრი გვქონდა, ახლა კი ენა დაება თანამედროვე ქართველს. ერთი სული აქვს ყველას, როდის მიუჯდება კომპიუტერს, იქ რომ მოიფხანოს ენა. კომპიუტერულ სივრცეში სალაპარაკო არ დაგელევა და იმ კაცსაც თამამად დაუსვამ კითხვებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეხვდი და ვერაფერი გამოჰკითხე... რეალობას მოწყვეტილები ვართ თითქოს, ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ძალიან მაშინებს.

- გარდა იმისა, რომ კომუნისტების დროს კომპიუტერი არ იყო, ის დრო დღევანდელს რითი სჯობდა?

- ბევრი რამით. მაშინ ყიდულობდი ყველაფერს, რაც გჭირდებოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ზედმეტს. ვუფრთხილდებოდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ან სახელმწიფო ქონებას. არც მოგყიდნენ უაზროდ პროდუქტს და არც სხვა რამეს. თუ გაუმაძღრობა გჭირდა, გადამყიდველისგან უნდა გეყიდა სასურველი ნივთი. ადამიანებმა იცოდნენ, რომ დღეს თუ პური გამოელეოდათ, ხვალ აუცილებლად ექნებოდათ სარჩო, რადგან საქმე და შესაბამისად, შემოსავალიც ყოველთვის იყო. ერთი ადგილიდან წამოხვიდოდი? სხვაგან იშოვიდი სამუშაოს და ამაში მთავრობაც გიწყობდა ხელს. ახლა არავინ არის დაზღვეული, რომ ხვალ შიმშილით არ ამოხდება სული, ჰოდა, გამხეცებულ ვირთაგვებს ვგავართ, გალიაში გამომწყვდეულებს, ამ სი­ტუაციიდან თავის დაღწევს რომ ლამობენ და ამიტომაც არის, რომ ბევრი ცდილობს გაქცევას საქართველოდან. გაქცეულებს კი ეშველათ: არა მარტო სარჩო გაუჩინეს ოჯახებს, არამედ სახლებიც წამოჭიმეს მარიფათიანებმა და ახლობლებს საქმეც გაუჩინეს; მაგრამ აქ დარჩენილები რომ ისევ ისე ვიხრჩობით სიღარიბეში, როგორც წლების წინ, ეს უკვე აუტანელია. ჰოდა, რატომ გვიკვირს, რომ ქართველი ხალხის ნაწილი სოციალურ ქსელში ანთხევს ბოღმას? არავის უნდა გამოაჩინოს თავისი რეალური სახე, გულის ნადები და უადვილდებათ ფსევდონიმით წერა. შეიცვლის სახელს და ილაპარაკებს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება - ეს არის და ეს.

- გასაგებია, რომ უმუშევრობას მიიჩნევთ ბოროტების სათავედ. კიდევ, რა პრობლემებს ხედავთ დღევანდელ რეალობაში?

- არ გვივარგა, შვილო, პოლიტიკოსები. ყველა დახარბებულია თანამდებობასაც და ქონების დაგროვებასაც. აი, გგონია, პატიოსანი ადამიანია, მისცემს შენს ხმას, გავა ერთი წელი და ხედავ, სახე შეიცვალა. ადრე თუ ქუჩაში ხელის ჩამორთმევასაც არ დასჯერდებოდა, მოგიკითხავდა და გადაგკოცნიდა, ამბებს გამოგკითხავდა, ახლა შენ გამო მანქანიდანაც არ იკადრებს გადმოსვლას და ცხადია, არც შენი ოჯახის ამბებით დაინტერესდება. აღარ სჭირდები, 4 წელი თავი ქუდში აქვს და რომც აღარ დაუჭირო მხარი, უკვე ნაშოვნი აქვს ის, რისთვისაც თურმე, ასე იკლავდა თავს. მეზობელი მყავს, პარლამენტშია მოკალათებული და ახლა, ცხვირაბზუებული დადის. როგორც კი არჩევნები მოახლოვდება, მაშინვე იწყებს ოჯახების შემოვლას მისი ცოლი (თვითონ ამასაც არ კადრულობს უკვე), ტკბილეული მოაქვს, ჩვენი გული რომ მოიგოს და ვინ იცის, რას აღარ გვპირდება. მერე მეზობლებსაც ერიდებათ: ადამიანმა შოკოლადი მომიტანა და ხმას როგორ დავამადლი? რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პარლამენტში ვინ იქნება? ისევ ჩემი ცუდი ჯობია, წელიწადში ერთხელ მაინც ხომ გამიხსენებსო. ჰოდა, ასე, თვალში ნაცარშეყრილები მის სახელსა და გვარს აქცევენ წრეში. ვიდრე ასე იქნება, საშველი არ დაგვადგება. უნდა ვისწავლოთ, რომ ცუდ ნათესავს ღირსეული მტერი სჯობია. თუ ღირსეულმა დაინახა, რომ წაიქეცი, აუცილებლად შეგაშველებს ხელს, მაგრამ ცუდი ნათესავი შეიძლება, შეაშინოს შენმა გასაჭირმა და თვალი აგარიდოს - ეს უფრო მეტად მტკივნეული იქნება, დამიჯერეთ.

- თქვენი მეზობელი პოლიტიკოსისგან რას ელოდით, როცა მას უჭერდით მხარს?

- ჩემს პირად პრობლემებს რომ არ მომიგვარებდა, ეს ვიცოდი, მაგრამ მეგონა, უბნისთვის რაიმე კარგს გააკეთებდა, მეზობლებს დასაქმებაში დაგვეხმარებოდა. თორემ თავის ნაშოვნ ლარებს რომ არ დაგვიკიდებდა კარზე, ეს ხომ ცხადია! ერთი გაჭირვებული პენსიონერი გვყავს მეზობლად. პენსიის იმედად ჩემი მტერი იყოს, ზამთარში კომუნალურები რომ გადაიხადოს და პური იყიდოს, მხოლოდ ამაში ჰყოფნის 180 ლარი. სხვა არაფერი უნდა? კაცი დაავადებულია, ჰაერის ქრონიკული უკმარისობაც აქვს, ვერ გადაადგილდება და მისთვის გამოწერილი წამლების ფასი ბევრჯერ მეც გამიგია, მერე სიმწრით მიტირია, რადგან შეძენაში ვერ დავეხმარე, საკმაოდ ძვირად ღირებული გახლდათ. ჰოდა, როცა წამალს ვერ იყიდის ავადმყოფი, ხომ განწირულია სიკვდილისთვის? მისი ამბავი ცხადია, იმ პოლიტიკოსის ოჯახის წევრებმაც იციან, მაგრამ არ მახსოვს, ერთხელ მაინც შეევლოთ იმ კაცთან. არადა, პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს ერთი ღარიბი პენსიონერი მეზობლის დახმარება მაინც... ამაზე მეტი რა გითხრათ?

- თქვენ რომ იყოთ პოლიტიკოსი და გქონდეთ ძალაუფლება, პირველ რიგში, რას გააკეთებდით?

- ცხადია, შევეცდებოდი, ჩემი ნაშოვნი ფულით ისეთი საქმე წამომეწყო, სადაც ადამიანებს დავასაქმებდი. ოღონდ, ცხადია, ჯერ ჩემი მეზობლების, ახლობლების დასაქმებაზე ვიზრუნებდი და ეს არავის უნდა ეწყინოს. როცა ადამიანს ძლიერი გარემოცვა ეყოლება, მერე კიდევ უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მიეცემა. აუცილებლად დავეხმარებოდი იმ პენსიონერს, რომელზეც გიამბეთ და სხვა თუ არაფერი, თვეში ერთხელ, წამლებს მივაწოდებდი. ვერ ვიტყვი, რომ სხვების ფუფუნების გამო შევიწუხებდი თავს - თუ ფულს გაფლანგავ, ვერც შენთვის სასიკეთო საქმეებს გააკეთებ და ვერც სხვების დახმარებას შეძლებ. ადამიანებს კი ფუფუნება რყვნის მხოლოდ, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. აბა, დამისახელეთ ადამიანი, რომელიც გამდიდრდა და კუდი ყავარზე არ გადო. ბიძინას რომ დაუჭირა ხალხმა მხარი, მე მაშინ ვამბობდი, რომ მისი გამოჩენა ფარსი იყო, მაგრამ ამას სადაც ვამბობდი, ყველგან ჩემს ჩაქოლვას ცდილობდნენ. არ შეიძლება, მდიდარმა რეალურად დაინახოს ის პრობლემა, რაც ღარიბ ფენას აწუხებს. კი, შეიძლება წლების წინ სიდუხჭირეში ცხოვრობდა, მაგრამ ის ყველაფერი მას დავიწყებული აქვს. თუ რამეს აკეთებდა, ისიც გათვლილი ექნებოდა, ამ სიკეთის საფასურად რა უნდა მიეღო - ამის მჯეროდა და აჰა, ფაქტი სახეზეა. ახლა ახლობლები მეუბნებიან, - კუდიანი ხარ. თურმე, სიმართლეს ამბობდიო. კუდიანი კი არ ვარ, ცხოვრებამ მასწავლა ადამიანების ამოცნობა. ყველა მდიდარს სხვაც მაძღარი ჰგონია...

- არის რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც თქვენს სიმპათიას იმსახურებს?

- ადრე შალვა ნათელაშვილი მომწონდა, ახლა კი ვფიქრობ, რომ ვცდებოდი.

- რატომ?

- იცით, რაშია საქმე? მეგონა, ხალხის წიაღიდან იყო, მაგრამ ეტყობა, ამ ყვირილ-ყვირილში იმდენს უხდიდნენ, რომ ახლა ყელამდეა ფულში ჩაფლული. გასაგებია, არც ერთხელ არ მივეცით პრეზიდენტობის ან პრემიერობის შანსი, მაგრამ წლების მანძილზე რომ ხარ პოლიტიკაში, ერთი კარგი საქმე მაინც დამანახვე, რომ მერე მე დაგეხმარო. მხოლოდ სხვების ლანძღვა-გინებით წინ ვერ წაიწევ - ეს უნდა იცოდეს, ბოლოს და ბოლოს, განათლებული ადამიანია. მაგრამ რასაც აკეთებს, ის აწყობს, ალბათ; ამაში უხდიან ფულს და სადაც ფულია, იქ უკვე ყველაფერი თავის ადგილას დგება. თანამდებობა რომც მისცე, შეიძლება უარი თქვას, როგორც ეს ადრე გააკეთა - ხომ გახსოვთ, მიშას გადაულოცა თავისი ხმები. აბა, რად უნდა ზედმეტი პასუხისმგებლობა და ბარგი, რომელსაც ვერ ატარებს, რომელსაც ცხვირში ამოადენენ ძმრად? ამას არ ჯობია, იყვიროს, აკრიტიკოს და ამაში გადაუხადონ? ისე, კრიტიკა ქართველ ხალხს რომ გვეხერხება, ტყუილია, სხვა ერის წარმომადგენელს ეხერხებოდეს. ყველაფერში შეგვიძლია დირე დავინახოთ.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- კარგია, როცა სამართლიანად გაკრიტიკებენ და შენ შეგიძლია, ამით შენი არასწორად გადადგმული ნაბიჯები დაინახო, მაგრამ თუ ადამიანს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, აკრიტიკე, რამდენიც გინდა, მაინც არაფერი შეიცვლება...

- როგორ ფიქრობთ, მომავალი არჩევნების შემდეგ, შეიცვლება რამე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ?

- ჩვენ გვეშველება მაშინ, როცა არ გვეყოლება ქვეყნის სათავეში "მიშისტები" და "ბიძინისტები". ჩვენ ერთი კაცის ხათრით კი არ უნდა ავირჩიოთ მმართველი ძალა, არამედ ამ გუნდის წევრების მიხედვით. როგორი გარემოცვაც ჰყავს ადამიანს, ისე წარმართავს ქვეყნის ბედს. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, თუნდაც ისტორიიდან და რით ვერ გავერკვიეთ სიტუაციაში? უკვე აღარ ვიცი, ოდესმე თუ გვექნება მშვიდი ძილი, როცა არ შეგვეშინდება შიმშილის და არ შეგვეშინდება იმის, რომ ვინმე კარს შემოგვინგრევს, ხვალისთვის შენახული გამომშრალი პური რომ წაგვართვას. არეულია ქვეყანაში ყველაფერი და ამას მარტო რიგითი მოქალაქეები ამჩნევენ, მთავრობა კი თითქოს დაყრუვდა და დამუნჯდა... მინდა, ჩინოვნიკებს ვკითხო: თქვენ ნამდვილად გულით გიყვართ ეს ქვეყანა? თუ გიყვართ, მაშინ რატომ არაფერს აკეთებთ ხალხის საკეთილდღეოდ? დავიღალეთ თქვენი "ძიძგილაობის" მოსმენით, გამუდმებით ერთმანეთს რომ აბრალებთ რაღაცებს. გაკეთებული საქმე დაგვანახვეთ და წინ იყურეთ მომავლისკენ, თორემ წარსულში რაც მოხდა, ეს თავადაც ვიცით.
P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი