ანონიმური წერილები - "ღმერთმა არც იმის შნო მომცა, რომ ვინმე გავქურდო, ვიძალადო"
font-large font-small
ანონიმური წერილები - "ღმერთმა არც იმის შნო მომცა, რომ ვინმე გავქურდო, ვიძალადო"
"არავის ვთხოვ, შენი ფული მომეცი-მეთქი. საქმე უნდა მოგცენ" "გულზეც ცეცხლი მიკიდია, ცეცხლისა და ალის გამგონეს"
"ცეცხლი მიკიდია გულზე. ხალხს ჯერ ის ვერ მოგვინელებია, ბავშვთა სამყარო რომ დაიწვა და თან გაჰყვა ჩვენი სული და გული, ახლა _ "ელიავა" იწვისო, მერე _ ფოთის ბაზარიო. დავიჯერო, ეს ყველაფერი უბრალოდ, მზის მცხუნვარების ბრალია და კაცის ხელი არ ურევია ამ საქმეში? თუ ასეა, მაშინ ჩაატარონ ნორმალურად გამოძიება და დაგვისაბუთონ, რომელი ტერიტორია რა მიზეზით დაიწვა. მთავრობა ცოცხალია? რატომ არ დგას ხალხის გვერდით? რატომ არ გვეხმარება მოქალაქეებს პრობლემებთან ბრძოლაში? მერე უკვირთ, ჩინოვნიკების ლანძღვას რომ ვიწყებთ. აბა, რად მინდა ისეთი მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, აფორიაქებული გული დამიმშვიდოს და ხელი გამიმართოს, დამასაქმოს? არავის ვთხოვ, შენი ფული მომეცი-მეთქი. საქმე უნდა მოგცენ და თუ ხელს არ გაანძრევ, მერე შენსავე თავს დააბრალებ ყველა თავს დატეხილ უბედურებას. არ მჯერა, მაგრამ ხალხი ამბობს, _ ბობოლა ხალხის ხელი ურევია ბაზრობების ტერიტორიის დაწვაშიო. იმის ნაცვლად, რომ რაღაც ააშენონ, გვწვავენ? აქედან ნებით ვერავინ გაგვყრიდა და ეს რომ იცოდნენ, ამიტომაც წაგვიკიდეს ცეცხლიო, _ ღელავს ხალხი და იქნებ მართალია ეს ამბავი? თუ ასეა, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის. არავინ არაფერს გაძლევს და რასაც თავად შოულობ, იმასაც რომ დაგიწვავს ვიღაც, ასეთი არაკაცი მთავრობაში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს, მიშას დროინდელ ციხეში!

გულზე ცეცხლი მიკიდია, ცეცხლისა და ალის გამგონეს. უკვე ისე ვარ დაშინებული, ლამისაა, სახლში ასანთიც არ გავაჩერო და შუქის ანთებაც ავიკრძალო. ვცდილობ, ამაზე აღარ ვიფიქრო და საკუთარ თავს ვუმეორებ, ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა-მეთქი, მაგრამ უკვე მეორედ დამეწვა "ტავარი" და როგორ გინდა, მშვიდად იყო? ჩემისთანას ვეღარც ფსიქოლოგი უშველის უკვე და ვეღარც ვალერიანის წვეთები. ნერვები დაწყვეტილი გვაქვს ხალხს და იმედია, იქამდე არ მივა საქმე, რომ ხელისუფლებამ ჩვენს ნერვებს კიდევ ერთი გამოცდის მოწყობა გაუბედოს, თორემ აზვირთებულ ხალხზე საშიში, ზვავიც არ იქნება _ მინდა, ეს კარგად გაითავისონ ჩინოვნიკებმა და ბოლოს და ბოლოს, მოგვხედონ. იმყოფინონ ის, რასაც შოულობენ. მილიონი რომ აქვთ, იმაზე ნუღარ ფიქრობენ, მეორე მილიონი როგორ იშოვონ, არამედ გამოფხიზლდნენ და სიმდიდრე შეირგონ, ზედმეტი კი ფულიც არ ვარგა... იმ ქვეყნად არავის წაუღია სიმდიდრე. მხოლოდ ღირსება და სახელი თუ გაგყვებათ..."


"განათლებულ ადამიანს აქვს ჯანსაღი ამბიცია და ფულის შოვნის უნარიც"

"აი, არ მესმის იმ ადამიანების, დღედაღამ მთავრობის ლანძღვაში რომ არიან. შე კაი ადამიანო, არ უქნიხარ ღმერთს, არაფრის შნო არ გაქვს, მუშაობა გეზარება, უბედური ხარ და ამ ყველაფერს სხვას რომ აბრალებ, ამით რა, რაიმე მოგეცემ-მოგემატება? ხელისუფლების ლანძღვას სჯობს, ხელი გაანძრიო და გეშველება!

არ გვაქვს ქართველებს საქმე სატირლად. ნელ-ნელა ბევრი რამ ამუშავდა და კიდევ უფრო მეტი რამ ამუშავდება. კი, შეიძლება უკეთეს სამსახურებზე ვოცნებობთ ყველანი, ვიდრე გვაქვს, მაგრამ ოჯახის რჩენა რომ შეგვიძლია, ეს ცოტას როდი ნიშნავს. რას უყურებთ, ვინ რამდენი ჩაიდო ჯიბეში? შნო აქვს და იშოვა, შენ ვინ გეკითხება? თუ მაგარი ხარ, მიდი და შენც იშოვე, ლაყბობის ნაცვლად, დაუმტკიცე ახლობლებს, რომ რაღაცას წარმოადგენ, თორემ ორატორობა და სხვების გაკრიტიკება ცხვირმოუხოცავ ღლაპებსაც შეუძლიათ.
პროფესორები გაამათხოვრაო ხელისუფლებამ. რომელი პროფესორები? უკაცრავად, იმათზე ხომ არ ამბობთ, რომლებიც წლების მანძილზე ჯიბეში იდებდნენ სტუდენტობის მსურველი ახალგაზრდების მშობლებისგან ფულს? მათხოვრობას ვერ შეძლებს ღირსეული ადამიანი. ღირსეულს და განათლებულს ურჩევნია, იმუშაოს და ისე იშოვოს, ვიდრე სხვას წაართვას. იმუშაოს და თუნდაც, მისთვის შეუფერებელ საქმეს გააკეთებს, მაგრამ ხელს არავითარ შემთხვევაში არ გაიშვერს. იცით, რატომ? _ განათლებულ ადამიანს აქვს ჯანსაღი ამბიცია და ფულის შოვნის უნარიც, თავმოყვარეობაც. ასეთი ადამიანი სხვის უსაფუძვლოდ გაკრიტიკებასაც არ იკადრებს. ყოველთვის ის ჭორაობს, ვისაც თავს ლაფი აქვს დასხმული...
დიახ, გადავუხვიე თემას, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, თანაც _ გაბრაზებული. ზვიადი ჩვენ არ მოგვწონდა, შევარდნაძეც არ ვარგოდაო, მიშა გიჟიაო, "ოცნების" ხალხი ფულისმხვეტელები და სისხლისმსმელები გამოდგნენო. აბა, თქვით მაშინ, როგორი მთავრობა გინდათ? ისეთი, რომელიც იმუUშავებს, თქვენ შინ მოგართმევთ ფულსა და სიმდიდრეს, თუ უფრო მეტს ითხოვთ: ფულის ნაცვლად, ბარემ პირდაპირ პროდუქტები და ნივთები ხომ არ მოგართვან, რომ ბაზარშიც არ მოგიწიოთ სიარულმა? გამაგიჟებს, ეს ხალხი! სულ გააზარმაცა ადამიანები სახელმწიფო დახმარებებმა, ვიღაცის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილმა ფულმა და არა მგონია, ვიდრე თაობა არ შეიცვლება, სიტუაცია გამოსწორდეს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები მიხვდებიან, სინამდვილეში რა პრობლემა გვაქვს ქართველებს და თავიანთ ცოდნას სწორად გამოიყენებენ. მრცხვენია, ქართველი იმ დონეზე რომ დაეცა, სხვებს შეჰყურებს ხელში. ივანიშვილი იმიტომ აირჩიეს, ეგონათ, ეს მილიონერი კაცი თითოეულს ყოველთვიურად დაუნიშნავდა ნაადრევ პენსიას და ახლა, როცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ლანძღავენ და ამით იმშვიდებენ თავს. არადა, როდის იყო, სხვების ლანძღვით საქმე კეთდებოდა ან ამით რა ხეირი ექნება თქვენს ოჯახებს? არ მესმის, არ მესმის ამ ხალხის და მომკალით, თუ გინდათ..."


"სახლში ძროხაც ვერ გამიჩერებია ხელისუფლების შიშით"

"სოციალურად დაუცველი ვარ. მინდა, სადმე მუშაობა დავიწყო, მაგრამ ვიცი, მომიხსნიან ამ სტატუსს, როგორც კი ორი თეთრი დამენიშნება ხელფასად და მეშინია, რომ იმასაც დავკარგავ, რაც მაქვს. ვერაფრით გამოვიმუშავებ იმდენს, რამდენსაც სახელმწიფო ოჯახის თითოეულ წევრს ერთად გვიხდის. რა მოხდება, რომ ეს კანონი შეცვალონ? ადამიანს, რომელსაც მუშაობის სურვილი აქვს, ხელი შეუწყონ და არ ჩაუკლან ინტერესი, რა მოხდება? იმის შიშით, რომ გაცილებით ნაკლებს ვიშოვი, ვიდრე ეს შემწეობაა, ხელი "შებორკილი" მაქვს. სახლში ძროხაც ვერ გამიჩერებია ხელისუფლების შიშით...

როგორი უნდა იყოს წესი? სოციალურად დაუცველს თავად უნდა მისცენ საქმე და ხელფასის შესაბამისად, თუნდაც გაუნახევრონ დახმარება. მჯერა, ჩემს შემოტანილ ფულს ოჯახში მეტი ბარაქა ექნება. ისეთ სამსახურსაც ვერ ვიშოვი, სადაც ყოველთვიური სამუშაო მექნება, თორემ კიდევ გავრისკავდი. უფრო, სეზონურად შემიძლია დავსაქმდე და ამიტომაც ვწუწუნებ, თორემ ნორმალური სამუშაო რომ მომცენ, ნორმალური ხელფასით, ეს უკვე ფუფუნებაა და ასეთ სიკეთეს თუ ვინმე იზამს, ხვალვე უარს ვიტყვი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებაზე. თქვენ რა გგონიათ, გვიხარია მათხოვრის პოზიციაში ყოფნა? მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება, მეზობლები, ნათესავები სოციალურად დაუცველს აყვედრიან, ფულს ბიუჯეტიდან გიხდიან, ბიუჯეტს კი ჩვენ ვავსებთ და გამოდის, რომ ჩვენს ხარჯზე ცხოვრობთო. არ მინდა, ბატონო, არავის ხარჯზე ცხოვრება, მაგრამ ბავშვებს შიმშილით ვერ დავხოცავ და როგორც ჩანს, ღმერთმა არც იმის შნო მომცა, რომ ვინმე გავქურდო, ვიძალადო და მიზანს მივაღწიო.

ერთი პატარა კაცი ვარ, საშუალო განათლებით, მაგრამ რაც მთავარია, პატიოსანი და შრომის მოყვარული. ვშრომობ, როგორც შემიძლია ჩემს ეზოში, მეზობლის ყანაში, მაგრამ სიმინდის მოყვანას რომელი გლეხი გაუმდიდრებია, მე რომ გავემდიდრებინე? გლეხის შრომას ჩალის ფასი აქვს. ნებისმიერ მუშას ქალაქში უკეთ შეუძლია ოჯახის შენახვა, ვიდრე გლეხს თავისი მოწეული პროდუქტით. ბაზრებში ჩვენი მოყვანილი სიმინდი, გაზრდილი ქათამი თუ ხბო თეთრებში იყიდება, სამაგიეროდ, გადამყიდველები ქალაქებში ყიდიან ცეცხლის ფასად და თბილისელებს ჰგონიათ, რომ ეს გლეხების გამო ხდება. ჰოდა, ისინიც ჩვენი ლანძღვით იფხანენ ენებს. არადა, ჩვენ იმის ნახევარსაც ვერ ვშოულობთ, რაც ერთი ქათმის გასაზრდელად იკმარებს მთელი წელი. რა ჰგონიათ, ქათამს მოვლა და საკვები არ უნდა? დედაბუნება აძლევს ყველაფერს და ჩვენ უსაქმოდ ვშოულობთ ყველაფერს? ჰოდა, თუ ასე ფიქრობენ, მაშინ ჩამობრძანდნენ სოფლად, ბევრი სახლი მიტოვებულია, დასახლდნენ, ააყვავონ მეურნეობა და ვნახავთ, რა გოგო ბიჭებიც არიან.

დაბოლოს, მინდა მჯეროდეს, რომ მალე ჩვენს სამშობლოში სიტუაცია კარგისკენ შეიცვლება. ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ხალხო. ყელში ამოვიდა ეს სოციალური დახმარებაც და მთავრობის უსუსურობაც. აქამდე მოვიდნენ და კიდევ იმას გაიძახიან, ისევ "ნაციონალების ნარჩენები" გვიშლიან ხელს კარგი საქმის კეთებაშიო. თუ ასეა, ე.ი. უუნარო ხარ და თუ ამას ხვდები, გადადექი, წადი და ასპარეზი სხვას, შენზე ძლიერს დაუთმე! რა, მაინცდამაინც რევოლუცია უნდა მოაწყონ და ძალით მოგაშორონ სკამს? არ მჯერა, რომ "ოცნების" ხალხი ასეთი უუნაროა, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. მგონია, გონს მოვლენ და ყველაფერი კარგად იქნება. ეს კი მოხდება მას მერე, რაც ადამიანებს ჩვენ-ჩვენი საქმე გვექნება, როგორც ეს კომუნისტების დროს იყოს. ძველი ყველაფერი არ უნდა დავივიწყოთ, არამედ რაც კარგი გვქონდა, ის მაგალითებად უნდა გამოვიყენოთ, ცუდი კი აღარასდროს გავიხსენოთ..."

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
509 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი