კაცი, რომელიც თავს ახალი თაობის მონტე კრისტოს უწოდებს
"ჩემი ცხოვრება იმ უნაპირო ზღვას ჰგავს, რომლის ტალღები გაშმაგებით იბრძვიან ხოლმე გემების დასაღუპავად და ხანაც, ნაზად ელოლიავებიან ადამიანებისგან შექმნილ საოცრებას. მე ისეთი პროფესიის ადამიანი ვარ, რომელსაც ბევრი ცუდის კეთებაც უწევს და ბევრი _ კარგიც უნახავს, მაგრამ ახლა არ დავკონკრეტდები, უბრალოდ მინდა, ჩემს ცხოვრებაზე გიამბოთ სულ სხვა კუთხით და თუ შემომეხმიანებით, მადლიერი დაგრჩებით. პატივისცემით, ახალი თაობის მონტე კრისტო", _ ამ წერილის ავტორის რეალური სახელი არც მე ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მას შევხვდი და ვისაუბრეთ კიდეც. საშუალო ასაკის მამაკაცმა სცადა, თავისი საინტერესო თავგადასავლები ისე მოეთხრო ჩემთვის, რომ საკუთარი თავი და რეალური პროფესია არ "გაეყიდა". თუმცა, ამ ყველაფრის ასე საგულდაგულოდ შენიღბვა რისთვის იყო საჭირო, ვერაფრით მივხვდი და ბოლოს დავასკვენი, ეტყობა უნდა, რომ მისი წერილი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ფიქრობს, რაც უფრო იდუმალია ავტორი, მით მეტად საინტერესოა იგი...
ბავშვური ოცნება და აკრძალვები, სიღარიბის დასაფარად
"ადამიანის ცხოვრება ხომ გამუდმებული ოცნებებითა და ფიქრების ლაბირინთებითაა სავსე და ამ მხრივ გამონაკლისი ვერც მე ვიქნებოდი. ყოველთვის მინდოდა, ძლიერი ვყოფილიყავი. ბავშვობიდანვე ბევრს მავარჯიშებდა მამა და შთამაგონებდა, რომ პირველობა ყველაფერში მე უნდა მრგებოდა. წაგებას მხოლოდ ლაჩრები ეგუებიანო, _ ამბობდა. ჰოდა, დილა იწყებოდა ვარჯიშით და დღეც ამით მთავრდებოდა. ერთფეროვან და ფიზიკურად დატვირთულ ცხოვრებას ბავშვობაში მხოლოდ ოცნებები მილამაზებდნენ. ამ ოცნებებში მე ძალიან სუსტი ვიყავი. ისეთი სუსტი, რომ ყველას ვეცოდებოდი და ჩემ გარშემო შეკრებილები, გამუდმებით მეფერებოდნენ, ზრუნავდნენ და თავს დამტრიალებდნენ, ათასი ნუგბარით მანებივრებდნენ. რეალურად კი მოფერებასაც დანატრებული ვიყავი და კანფეტებსაც.
კანფეტი პირველად რომ გავსინჯე 9 წლის გახლდით, მანამდე ჩემთვის ტკბილეულს არავინ ყიდულობდა და თუ ვინმე მომაწვდიდა, უარი უნდა მეთქვა ყველაფერზე, რადგან არავის არ უნდა ეფიქრა, ამას სახლში არაფერი აქვსო. ჩემს მშობლებს თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი, მაგრამ მეზობლებსაც კი თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს დალხენილი ცხოვრება გვქონდა. მშვენიერი სახლი იდგა ეზოში. სტუმრის გასამასპინძლებლად, ყველაფერს გაიღებდნენ, მაგრამ მერე, კარს რომ მივუხურავდით ზურგს უკან, მტანჯველი, შიმშილიანი დღეებიც გადაგვიტანია. მთავარი იყო: ჩვენი გასაჭირის შესახებ არავის გაეგო, თორემ ნათავადრებს თავი მოეჭრებოდათ. თურმე, ჩვენი გვარის ხალხს არ შეეფერებოდა წუწუნი და შიმშილზე ლაპარაკი. მართალია, მე რომ ბავშვი ვიყავი, იმ პერიოდში თავადაზნაურობა კარგა ხნის კუდამოძუებული იყო, მაგრამ "სისხლის ყივილის" შესახებ ხომ გსმენიათ და ყოფილი წარჩინებულების შთამომავლებს კუდაბზიკობაც ეტყობა, შთამომავლობით ერგოთ...
მოკლედ, წესები უნდა დამეცვა: პირველი, არავისთვის მეთხოვა დახმარება; მეორე _ არასდროს გამომეჩინა სულსწრაფობა და ხელი (არც თვალი) არ გამპაროდა სხვების ნივთებისკენ; არავისთვის გამომერთმია მოწოდებული საჭმელი, თუნდაც შიმშილისგან მუცელში ომი მქონოდა გამართული; მეოთხე: სტუმრისთვის ყოველთვის საუკეთესო მიმერთმია და არავითარ შემთხვევაში არ მეგრძნობინებინა, თავად მაძღარი თუ არ ვიყავი და მეხუთე, "ოქროს წესი": როგორი პრობლემაც უნდა მქონოდა, სახლიდან ბედნიერი ღიმილით გავსულიყავი...
თითქოს, სულაც არ არის რთული ამ წესების დაცვა, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, ყველაფერს დანატრებულ ბავშვს როგორ გამიჭირდებოდა თუნდაც, სასუსნავებზე უარის თქმა ან კიდევ, ბედნიერი სახით სიარული მაშინ, როცა შიმშილისგან ძლივს დავლასლასებდი?
აი, ასეთი იყო ბავშვობის წლები..."
სიყვარული და... "შეუფერებელი" სიყვარული
"შემიყვარდა უსაზღვროდ. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი. მე და ხატია ერთ სოფელში, ერთ უბანში ვიზრდებოდით და წლების მატებასთან ერთად, მის მიმართ წრფელი გრძნობა თანდათან მიმძაფრდებოდა. დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა ჩემი გულის დარდები გავუზიარე. დაიმორცხვა, თავი დახარა, მაგრამ უარი არ უთქვამს. მე კი თანხმობად მივიღე მისი სიჩუმე, თავი ავუწიე და გაუცნობიერებლად, ტუჩებში ვაკოცე. მსგავსი ბედნიერება და სიამოვნება მანამდე არასდროს მიგრძნია. არ მინდოდა, ის წუთები დასრულებულიყო, მაგრამ ხატიამ თავი დაიძვრინა ჩემგან და სახლისკენ მოკურცხლა. ვერ დავედევნე, მე ხომ მსგავსი საქციელი არ შემეფერებოდა. მამა იმასაც მასწავლიდა, რომ ქალები უნდა ამეფორიაქებინა და მერე თავად უნდა მოსულიყვნენ ჩემთან, კუდში არავის უნდა გავკიდებოდი, მერე სანანებლად რომ არ გამხდომოდა საქმე (გვიან მივხვდი, მისი ეს სიტყვები რას ნიშნავდა: თუ რომელიმე გოგოსთან ურთიერთობა მექნებოდა და მერე მასზე დაოჯახებას დამაძალებდნენ, თავის მართლება ასე შემეძლო: გოგო აქტიურობდა და ჩემი რა ბრალია?!)...
მერე ხატია კარგა ხანი თავს მარიდებდა, არ ვიცი, ეშინოდა თუ ერიდებოდა ჩემი დანახვის. თვალს რომ მომკრავდა, გვერდს ამივლიდა და ვატყობდი, სახე აუჭრელდებოდა ხოლმე. მომწონდა მისი მორიდება. ერთხელაც, ვეღარ გავუძელი მის შორით ცქერას და როცა დავიმარტოხელე, ყოველგვარი სიტყვების გარეშე, ჩავეხუტე და დავეწაფე მის ტუჩებს. ამჯერად მომენდო და მკლავებში ჩამადნა. მას მერე ჩვენ ყველასთვის შეყვარებულები გავხდით. ხშირად ვსეირნობდით სოფლის შარაზე ხელიხელჩაკიდებულები ან სკოლაში მის ჩანთას მე დავატარებდი. ჩემს მშობლებს ამ ყველაფერზე ეცინებოდათ. ამბობდნენ, გატაცებაა, ბიჭი მამლაყინწობსო და უხაროდათ თითქოს რაღაც. მე კი სიყვარულში ყელამდე ჩაფლული ვიყავი და ამ გრძნობამ ჩემში ასწლოვანი ხესავით გაიდგა ფესვები. ხატიას გარეშე სუნთქვაც არაფრად მიღირდა. ჰოდა, ცოტა ხანში მშობლებს გამოვუცხადე, _ უნდა შევირთო-მეთქი. აი, მაშინ კი ატყდა ჩემს სახლში ჭექა-ქუხილი, როგორც ზაფხულში იცის ხოლმე, მოულოდნელად. _ იმ ქეციანი ნიკოიას შვილს როგორ შემოვიყვან ოჯახში? მისი შთამომავლები წლების მანძილზე გვემსახურებოდნენ და ახლა რძლად დავისვა ეს გოგო? არავითარ შემთხვევაშიო! _ იყვირა მამამ და დედამაც დაუკრა კვერი: ჩვენ უკეთესი გვარის შვილი შეგვეფერება. ნუ ჩქარობ, გაიარ-გამოიარე ქვეყნად, კარგ გოგოებს რა გამოლევს? თუ თავად ვერ მოახერხებ, ვინმეს ჩვენ შეგირჩევთ, ხატია კი მეგობრად იგულეო. დედის ამ სიტყვებმა გული ისე დამისერა, რომ იარა დღემდე მაქვს და სიკვდილის წინაც არ მინდოდა მისი მონახულება...
მშობლების მორჩილს, მიჭირდა მათი სიტყვების გათვალისწინება, მაგრამ ვგრძნობდი, ამ ბრძოლაში, რაც უნდა მომემოქმედა, მაინც წაგებული დავრჩებოდი. თუმცა, იხტიბარს არ ვიტეხდა. მეგონა, ხატია მაინც შეეცდებოდა ჩემს გაგებას და გამომყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს არ უნდოდა. მისმა მშობლებმა რომ გაიგეს, რაც ხდებოდა, ახლა მამამისი გადაირია, _ ამ მამაძაღლარს კიდევ ძველი წლები ჰგონია? არ შეეშვა კუდაბზიკობას და არ იქნა. თუ კაცი ვარ, ჩემს შვილს მის სახლში არ ვაფუსფუსებ, ჩემი ხატია უკეთესი მომავლის ღირსია, ვიდრე ნათავადრების ოჯახში შესვლააო, _ და ისინიც ჯიბრზე, ხატიას ჩემთან შეხვედრას უკრძალავდნენ...
და მაინც, შეიძლებოდა ალბათ, ორი შეყვარებული ადამიანის გულს სათავისოდ რაღაც კარგი მოეფიქრებინა და საბოლოოდ, მიზნისთვის მიეღწია, მაგრამ ჩვენ, მშობლების მორჩილებმა უკან დავიხიეთ. შეგვეშინდა, ოჯახებს შორის მტრობა არ გაღრმავებულიყო და დავყაბულდით უფროსების სიტყვას. ვფიქრობდი, ეს ყველაფერი დროებითი იყო, მალე ორივე მხარე გონს მოეგებოდა და მშობლების გულის მოსაგებად, ვითომ გადავწყვიტე, უკვე სკოლადამთავრებულებს დედაქალაქში მეძია ბედი. ცოტა ხანში გავიგე, რომ ხატია გაათხოვეს ვინმე ფულიან ვაჭარზე...
გული მომიკვდა! მას შემდეგ, ჩემს ყველა უბედურებას მშობლებს უკვე ხმამაღლა ვაბრალებდი! ამის შემდეგ აღარ მიჭირდა მათთვის პირში მეთქვა სათქმელი და სოფელში ჩასვლაც ავუკრძალე საკუთარ თავს. არ მინდოდა მათი დანახვა, ვინც დამაკარგვინა ჩემი ხატია და არც ხატიას მინდოდა დავნახვებოდი. მისი მრცხვენოდა იმის გამო, რომ ვერ შევძელი ჩვენი სიყვარული დამეცვა. ახლა კი ვნანობ, რომ არ გავიქეცი და თავიდანვე არ მოვტაცე ჩემი გოგო თავის ქმარს...
მაშინ კი გადავწყვიტე, საქართველოდან წავსულიყავი და ასეც მოვიქეცი, რუსეთში გავიქეცი..."
რუსეთი
"ეს ქვეყანა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და ჩამქოლეთ, თუ გინდათ. იქ იყო ჩემთვის ის ამერიკაც და ევროპაც, რომლისკენაც ახლა ასე ძალიან მიისწრაფვიან ჩვენი ახალგაზრდები. არავინ თქვას, თითქოს ადრე არ გვქონდა სიტყვის თავისუფლება და ისე არ ვიქცეოდით, როგორც გვსურდა. ყოველთვის და დღესაც გვიწევს სხვების აზრების გათვალისწინება, მაგრამ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და მაშინაც ასე იყო. უბრალოდ, გასართობად იმდენი საშუალება არ ჰქონდა ადამიანს, რამდენიც ახლა აქვს...
მოკლედ, რუსეთში ავიშვი. ქართველს იქ ყველა კარგად მექცეოდა. ბევრი მეგობარი გავიჩინე, მუშაობაც დავიწყე, გოგონებიც არ მაკლდა. მერე ერთი ქალი ამოვიჩემე, რადგან ხატიას მივამსგავსე და წლების მანძილზე მასთან ვცხოვრობდი. იცოდა ყველაფერი ჩემ შესახებ. ისიც იცოდა, ხატიას სიყვარულით რომ დავრჩი მასთან საცხოვრებლად, მაგრამ ამას არაფრად აგდებდა. მეუბნებოდა: არა უშავს, მთავარია, ერთად ვართ და ცხოვრება გვიხარიაო.
მალე მივხვდი, რომ თავი შარში გავყავი: დაფეხმძიმდა ჩემი ოლინკა და 9 თვეში ქალიშვილიც გამიჩინა. პასუხისმგებლობამ შემაშინა და გამოვიქეცი მისგან. მერწმუნეთ, ახლა ძალიან ვნანობ ამ საქციელს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ოლინკა სხვა კაცის ცოლია და ბავშვიც იმ მამაკაცს ეძახის მამას, რომელმაც ის ღირსეულ ქალად აღზარდა. ძალიანაც მინდა, შევხვდე ჩემს ღვიძლ შვილს და გულში ჩავიკრა, ვეწუწუნო ჩემს სისუსტეებზე, უპასუხისმგებლობაზე, მაგრამ ვერ ვბედავ. ასე რომ მოვიქეცი წლების წინ, ესეც ხომ ჩემი მშობლების ბრალია? ისინი მეუბნებოდნენ, რომ ნამდვილმა დარბაისელმა კაცმა უღირსი ტვირთისგან თუნდაც, არაღირსეულად, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითავისუფლოს თავი. მუდმივად ვცდილობდი, მშობლების სიტყვები გონებიდან ამომეგდო და რადიკალურად შევცვლილიყავი, მათი დარიგებები შორს მომესროლა და საპირისპიროდ მემოქმედა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ამას ვეღარ ვახერხებდი..."
დაბრუნება სამშობლოში
"რუსეთიდან კი ჩამოვედი, მაგრამ სოფელში არ ჩავსულვარ, სოხუმში ვიქირავე ბინა და იქ დავიწყე ცხოვრების აწყობა. რაღაცები გამომივიდა. ფეხზე დავდექი, ბინა ვიყიდე და გადავწყვიტე, ჩემთვის შესაფერისი ქალი მომეძებნა, რომ ოჯახი შემექმნა, თუნდაც უსიყვარულოდ. მშობლები წერილს წერილზე მიგზავნიდნენ, _ მალე გამოგეცლებით ხელიდან, ისე ნუ ჩაიქნევ ჩვენზე ხელს, თითქოს უპატიებელი შეცდომა დავუშვით და დანაშაული მიგვიძღოდეს შენ წინაშე. მალე შეიძლება, ჩვენს დაკრძალვაზეც მოგიწიოს ჭირისუფლად ყოფნამ და მოიყვანე ცოლი, რომ შვილიშვილები გვეღირსოს. მანამდე კი ჩამოდი, დაგვხედე, თუ ჩვენი სიყვარული აღარ გვაქვს, ხათრით მაინც, შეგვიცოდე მოხუცებიო... ყოველთვის ვცდილობდი, ასეთ დროს გული გამემაგრებინა და მათი წერილები ამომეშალა ჩემი გონებიდან. ბარათებს კითხვის შემდეგ, ზოგჯერ _ წაუკითხავადაც ცეცხლს ვაძლევდი, მაგრამ ერთ დღეს, რაღაც ძალამ მიბიძგა, რომ წერილი უნდა წამეკითხა და იქ ამოვიკითხე, _ დედა იყო სიკვდილის პირას, ჩემს ნახვას ითხოვდა. რამდენიმე დღე ვებრძოდი საკუთარ თავს: წავსულიყავი შინ თუ არა? ბოლოს მაინც დედაშვილობამ აჯობა გაცივებული გულის კარნახს, მოვიკიდე ჩანთა და სახლში მივედი...
არ დამავიწყდება დედის მადლიერი გამოხედვა. გულში ჩამიკრა და დიდხანს არ მომიშორა. აწყლიანებული თვალებით ბოდიშს მიხდიდა: თუ რამე დამიშავებია, მომიტევე; თუ რაღაც ისე ვერ გასწავლე, რაც ამ ცხოვრებაში წაგადგებოდა, ეგეც მაპატიე. ბნელ დროს გაზრდილს, გონებაც ბნელი მაქვს ალბათ და ვერ ვწვდები იმას, რასაც შენი გონება გკარნახობს. მაპატიე ყველაფერი და ერთი იცოდე, დედას შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო რომ ემეტება, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდაო. ვერაფერი ვუთხარი. გული ამიჩუყდა და მხოლოდ დავუკოცნე უკვე ნაოჭებით დაფარული სახე. ამოხეთქა დედის ცრემლებმაც: ვკვდები და სანამ ეს მოხდება, ჯავრს ნუ გამაყოლებ, ვინმე შეირთეო, მაგრამ მის სიცოცხლეში ეს თხოვნა ვერ შევუსრულე, აბა, სად მეპოვა ასე სასწრაფოდ ქალი, რომელიც კუდაბზიკა ყოფილი ნათავადრების ოჯახში შემოსვლას დაუფიქრებლად გადაწყვეტდა?
დედა მალევე გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მამა კიდევ უფრო მეტად პირქუში გახადა. მე მაბრალებდა: ცოლი მომიკალი, შენზე დარდმა გადაიყოლა. რა გახდი ამისთანა, მშობლების სიტყვა უკუღმა რომ გაიგონე და ვიღაც ქალს გადაგვაყოლე, რომელსაც სახელიც არ ახსოვს შენიო..."
ძველი სიყვარულის კვალში ჩამდგარი
"ხატია _ ეს სახელი წლების შემდეგ, მამისგან რომ გავიგონე, გული უცნაურად ამიფორიაქდა და იმის ნაცვლად, რომ მშობლისთვის უკმეხად მეპასუხა, უცებ, გაუზარებლად ჩავეხუტე და მერე გარეთ გავვარდი. გადავწყვიტე, მის შესახებ გამეგო, როგორ ცხოვრობდა, სად იყო და...
უცნაურადაა კაცის გონება მოწყობილი. ისეთი რამის გაკეთება განვიზრახე, რასაც ჭკუათამყოფელი ვერ გაბედავს. მომინდა, ვაჭარი კაცისთვის ცოლი წამერთმია მიუხედავად ყველაფრისა. მინდოდა, წლების შემდეგ მაინც მემოქმედა ვაჟკაცურად და ხატია ჩემად გამეხადა. ამ მიზნით დავიწყე მისი ძებნა. მეზობლები მოვინახულე, თითოეულს უამრავი კითხვა დავაყარე: ოჯახზე, შვილებზე, მერე მეზობლებზეც და თითოეულს რაღაც ინფორმაცია მაინც დავცინცლე საყვარელ ქალზე. არ მინდოდა, ვინმესთვის ერთბაშად დამესვა კითხვები ხატიაზე, რომ ვინმეს რაიმე არ ეყნოსა. მოკლედ, ინფორმაციები რომ შევკრიბე და დავფიქრდი, შემეშინდა: გამომყვება კი? უკვე ორი შვილი ჰყოლია და იქნებ, აღარც ვუყვარვარ-მეთქი? მაინც გადავწყვიტე, აუცილებლად მენახა და მეორე დღეს მისი ქმრის სახლს მივადექი..."
გაგრძელება შემდეგ ნომერში
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია