კაცი, რომელიც თავს ახალი თაობის მონტე კრისტოს უწოდებს
"ჩემი ცხოვრება იმ უნაპირო ზღვას ჰგავს, რომლის ტალღები გაშმაგებით იბრძვიან ხოლმე გემების დასაღუპავად და ხანაც, ნაზად ელოლიავებიან ადამიანებისგან შექმნილ საოცრებას. არ დავაკონკრეტებ, რა პროფესიის ადამიანი ვარ, უბრალოდ მინდა, ჩემს ცხოვრებაზე გიამბოთ და თუ შემომეხმიანებით, მადლიერი დაგრჩებით. პატივისცემით, ახალი თაობის მონტე კრისტო", _ ამ წერილის ავტორის რეალური სახელი არც მე ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მას შევხვდი და ვისაუბრეთ კიდეც. საშუალო ასაკის მამაკაცმა სცადა, თავისი საინტერესო თავგადასავლები ისე მოეთხრო ჩემთვის, რომ საკუთარი თავი და რეალური პროფესია არ "გაეყიდა". თუმცა, ამ ყველაფრის ასე საგულდაგულოდ შენიღბვა რისთვის იყო საჭირო, ვერაფრით მივხვდი და ბოლოს დავასკვენი, ეტყობა უნდა, რომ მისი წერილი ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ფიქრობს, რაც უფრო იდუმალია ავტორი, მით მეტად საინტერესოა იგი...
დასაწყისი იხ. "გზა" #33
ჩვენმა ე.წ. მონტე კრისტომ გვიამბო, რომ მის მშობლებს გამოყოლილი ჰქონდათ თავადაზნაურული კუდაბზიკობა და ამის გამო დააკარგვინეს საყვარელი ადამიანი _ ხატია. შინიდან გაქცეული, ჯერ რუსეთში ჩავიდა, საბოლოოდ კი ადგილი სოხუმში დაიმკვიდრა. იქ მისდიოდა მშობლებისგან წერილები, ზოგჯერ კითხულობდა, ზოგჯერ ურნაში ისე მოისროდა, არც კი ხსნიდა. ბოლოს, სიკვდილის პირას მყოფი დედის თხოვნამ გული მოულბო და მის სანახავად სოფელში ჩავიდა. დედა გარდაეცვალა...
მიუხედავად იმისა, რომ ხატია ბოლოს უამრავი წლის წინ ჰყავდა ნანახი და იცოდა, რომ ის გათხოვილი იყო და შვილებიც ჰყავდა, მაინც გადაწყვიტა მისი მონახულება, მისამართი კი მეზობლებისგან გაიგო:
"...სარეცხს ჰფენდა ქალი, რომელიც თითქოს მეცნო, მაგრამ ვერ მივხვდი, ხატია თუ იყო და ვკითხე: უკაცრავად, ქალბატონი ხატია აქ ცხოვრობს-მეთქი? თოკს ხელი უშვა, გაკვირვებულმა დიდხანს მათვალიერა და ბოლოს, მისუსტებული ხმით მკითხა: შენ აქ რა გინდაო?
ხელში დიდხანს აწვალა კარგად გაწურული, ბავშვის მაისური. თვალებს ორივეს გვიწვავდა ცრემლები. ბოლოს მოიფიქრა და სკამი გამოატანინა სტუმრისთვის შვილს, რომელსაც ჩემი თავი ასე წარუდგინა: ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელიც წლებია, არ მინახავსო. ბიჭმა ლამაზად გამიღიმა _ ისე, როგორც დედამისი იღიმოდა ახალგაზრდობაში, ახლა კი კბილები უცნაურად დაჰბრეცოდა...
ხატიას ხელებში მივაჩერდი და გაეცინა, _ გეგონა, ჩემი შვილები პატარები იქნებოდნენ, არა? წლები გავიდა და შენ კიდევ გგონია, რომ ბავშვი ხარ, არ შეცვლილხარ, მე კი უკვე ბებია გავხდი, 3 თვის თეკლა გვყავსო. გაქცევა მომინდა. როგორ, ხატია ბებია გამხდარა, მე კი პატარა ბიჭივით, მისი მოტაცება მინდოდა! ხატია ლაპარაკობდა, რაღაცებს მეკითხებოდა, ჩემი ამბების გაგება სურდა, მე კი გაქცევის სურვილით შეპყრობილი, თითქოს მოჯადოებული ვიყავი და ძლივს ვლუღლუღებდი. მისმა შვილმა შინ შემიპატიჟა, ყელი გავისველოთო, მაგრამ უარი ვუთხარი, _ მეჩქარქება-მეთქი და ფეხებარეული გამოვედი მათი სახლიდან..."
შეცვლილი უმარილო ცხოვრება
"გული ისე მქონდა დამძიმებული, როგორც არასდროს. ძალიან დაგვიანებული იყო მასზე ფიქრი. გადავწყვიტე, თავი დამესაჯა, მაგრამ როგორ, ვერ ვხვდებოდი. ვდარდობდი, რატომ ადრე ვერ მოვიფიქრე მისი მოტაცება? როცა გავიგე, რომ ათხოვებდნენ, რატომ მაშინ არ ვცადე საყვარელი ადამიანის დაბრუნება-მეთქი? ძალიან სუსტი აღმოვჩნდი, ცხოვრებისეული წინააღმდეგობის გადალახვის უნარი მოჩლუნგებული მქონდა მშობლების ნებიერას, ახლა კი, როცა დამოუკიდებლად გავიდგი ფესვები, მომინდა, საკუთარი თავისთვის რაღაც ღირებული გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა...
გადავწყვიტე, ცოლი შემერთო...
უსიყვარულო ქორწინება
"სოხუმში დაბრუნებულმა, იმ ქალს ვთხოვე ჩემზე ეფიქრა, რომელსაც ვიცოდი, რომ ძალიან მოვწონდი, მე კი მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი _ ეს იყო თავის დასჯის მეთოდი. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ უსიყვარულოდ ცხოვრება თუ განმწმენდდა ყველანაირი ცოდვისგან. მე ვერ მივანიჭე ვერავის ბედნიერება და ამას ახლა მაინც გავაკეთებ-მეთქი.
ძნელია, როცა ოჯახს უსიყვარულოდ ქმნი. თავს ძალას ვატანდი და მეტყობოდა კიდეც ეს ყველაფერი. სულის მდგომარეობა ადამიანის გარეგნობაზე სარკესავით აისახება ხოლმე. თუმცა, ჩემი ცოლი ამას არ იმჩნევდა. ალბათ, თავს ინუგეშებდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდებაო. მერე აღმოჩნდა, რომ დაფეხმძიმდა და გოგონა გამიჩინა, რომელმაც ცხოვრებისკენ მომაბრუნა და საოცრება მოხდა: ცოლის მიმართ სიმპათია გამიჩნდა. მადლიერი ვიყავი მისი, ასეთი პატარა მარგალიტი რომ მაჩუქა და... დროთა განმავლობაში, მართლა შემიყვარდა ქალი, რომელიც მოთმინებით იტანდა ჩემს დუდღუნს, უხასიათობას, ურჩობას, სიუხეშეს...
ჩემმა გოგონამ მამასთანაც კი შემარიგა. ზაფხულობით, მასთან ჩადიოდა ჩემი ცოლ-შვილი. მართალია, არც ჩემს მეორე ნახევარს ჰქონდა თავადური გვარი და ფესვები, მაგრამ სიბერეში მამამაც დაივიწყა თავისი წარმომავლობა და შვილიშვილით ხელში ქალი რომ მიადგა მის ჭიშკარს, ბედნიერმა, ხელებიც კი დაუკოცნა გოგოს, რომელიც ოდესღაც შესაძლებელი იყო, მისი მოახლე ყოფილიყო, რომელსაც გომბიოს დაუძახებდა და დაუცაცხანებდა. მადლობა ღმერთს, ეს სულელური თავადაზნაურობა გადაშენდა. ვფიქრობ, ამ ფესვებმა დამინგრია პირველი ცხოვრება, ახლა კი მეორე ცხოვრება მაქვს, რომლის კმაყოფილი ვარ, მაგრამ პირველს მაინც ვერ ვივიწყებ..."
გაქცევა სოხუმიდან
"მერე იყო ისევ მძიმე წლები ჩვენს ცხოვრებაში. სოხუმიდან, სხვების მსგავსად, გამოქცევა მოგვიხდა და ვიკადრე სოფელში დაბრუნება. ახლა იქ ვცხოვრობ, შვილიშვილებიც მყავს და არ მასვენებს გიჟური ფიქრები, ხშირად ხატიას სახლთან ავივლი ხოლმე, თვალი რომ მოვკრა. დამინახავს თუ არა, ჩავარდნილი ლოყები ისევ აუვარდისფრდება და თვალს მომარიდებს, მე კი ვცდილობ, ყველა მისი ნაოჭი დავიზეპირო. ბებერსაც კი შემიძლია, საათობით ვუცქირო, მერე კი დღეები მასზე ფიქრში, ძალიან სწრაფად გადის...
ჩემი ცოლი ძალიან კარგი ადამიანია. ისიც მიყვარს, მაგრამ ჩემებურად. პატივს ვცემ, როგორც შემიძლია და მერწმუნეთ, მისთვის არასდროს მიმიყენებია ტკივილი. ჩემი გოგონა კი ჩემი თვალის სინათლეა, მისი შვილები _ ის მომავალია, რომელიც ბრჭყვიალებს და ძალიან მინდა, დამოუკიდებლად შეძლონ ყველა მიზნის მიღწევა. დედამისი კი გავაფრთხილე, არასდროს, არასდროს ჩაერიოს შვილების ცხოვრებაში უხეშად და მერე ჩემ შესახებ მშრალად ვუამბე..."
დაბოლოს...
"ამ ამბის მოყოლა თქვენთვის რატომ გადავწყვიტე? იცით, მოვდიოდი, რომ პოლიტიკოსები "გამემათრახებინა" და უცებ, როცა კითხვა დამისვით, პირადზე გინდათ საუბარი თუ სხვა თემაზეო? _ გულახდილობის გუნებაზე დავდექი. იმედია, ჩემს ნალაპარაკევს დიდად არ შეცვლით, არ დაამახინჯებთ. არ მინდა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჩემი ცხოვრება ეცნობათ, ჩემზე იფიქრონ ის, რაც არ არის. არ მინდა, ჩემმა ცოლმა იფიქროს, რომ ხატია მასზე მეტად მიყვარს, ახლაც კი _ უბრალოდ, ის წარსულია, მეორე ნახევარი _ ახლანდელი ცხოვრებაა. ხატიამ კი ნამდვილად მინდა იცოდეს, რომ არასდროს დამვიწყებია და ისიც მინდა იცოდეს, რომ სიბერეში, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მისი მოტაცება. ეს გიჟური იდეა ჩემი ახალგაზრდული სულის გამოძახილი იყო და მადლობა ღმერთს, არ გავრისკე, თორემ კაცმა არ იცის, ახლა ცოცხლები ვიქნებოდით თუ არა..."
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია