მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფო და პოლკოვნიკის მიერ კონტროლირებადი პაციენტები
font-large font-small
სპექტაკლი უფროსი ასაკის მაყურებლისათვის

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბოსნიასა და სერბეთს შორის, მაღალ მთაზე მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფო 40 წმინდა წამებულის სახელს ატარებს. ერთ დროს ეს მონასტერი იყო, ახლა კი სამკურნალო დაწესებულებაა, სადაც მის ბინადართ არც გათბობა აქვთ, არც საკვები, არც ტანსაცმელი. ეს მხოლოდ სამკურნალო დაწესებულება არ არის, არამედ მთელი სამყაროა.


სპექტაკლი ექიმის მონოლოგით იწყება, რომელიც ახალმივლინებულია ფსიქიატრიულში და პაციენტების მდგომარეობას ეცნობა. ერთი კლეპტომანია, მეორე სმენადაქვეითებული, მესამე - მონანიე მეძავი, მეოთხე - იმპოტენტი, მეხუთეს კი ჰგონია, რომ ყოველი შებინდებისას მისი სხეული იმდენად პატარავდება, რომ შეიძლება, ვიღაცამ ფეხი დაადგას და გასრისოს. აქ ზოგს ნამდვილი და ზოგსაც, გამოგონილი ამბავი აქვს. მოკლედ, ფსიქიატრიული სხვადასხვა ვითარებასა და გარემოს მსხვერპლთა ნავსაყუდელია, რომლებიც ბედმა ერთ ჭერქვეშ მოაქცია. ფიზიკურ და სულიერ თავისუფლებას მოწყურებულნი, ყველამ დაივიწყა.
ექიმი პაციენტთა მკურნალობას ცდილობს. თუმცა, ძნელია მათ გარემოცვაში ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო.
ერთ დღესაც, ფსიქიატრიულის ბინადარი რუსი პოლკოვნიკი ყველას მწყობრში ჩააყენებს - ეს მას შემდეგ ხდება, რაც ქარბუქის შედეგად, პილოტებს გზა აერევათ და გაეროს მიერ სერბებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება შემთხვევით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდება. პოლკოვნიკს, რომელმაც ოჯახი სერბეთის ომში დაკარგა, ორი წელია, ხმა არ ამოუღია, მაგრამ ახლა ჩვეულ ამპლუას უბრუნდება. ფსიქიატრიული ყაზარმად გადაიქცევა, ხოლო პაციენტები - სამხედროებად.

სმენადაქვეითებული ხაჩო, პატარის სინდრომით შეპყრობილი მატეი, მსუბუქი ყოფაქცევის პეპა, კლეპტომანი კირო, იმპოტენტი ბოშა დევუდი პოლკოვნიკ ფეტისოვის გარშემო ერთიანდებიან და ექიმთან ერთად, გრანდიოზული სიგიჟეებით გაჯერებულ თამაშში ერთვებიან. მათი სამიზნე ნატო და ევროკავშირი ხდება.
ეს სპექტაკლის ერთი მხარეა. თუმცა, შეიძლება ეს საკითხი სადავო გახდეს. მაყურებლის ნაწილს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერ მასაში ლიდერი აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის იღვწის ადამიანი, ნატოსა და ევროკავშირში შესვლისკენ თუ უბრალოდ, თავისუფლება და ჩიტივით ფრენა სურს. მოკლედ, ნებისმიერი მოვლენის აღქმა ინდივიდუალურია და ასეა ამ შემთხვევაშიც.
მოზარდ მაყურებელთა თეატრში ექსპერიმენტული სცენა წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და დღემდე, აქ რამდენიმე რეჟისორმა განახორციელა თავისი ჩანაფიქრი. მათ შორისაა, ისეთი წარმატებული სპექტაკლი, როგორიც გახლავთ ნიკა საბაშვილის "1945".
ბულგარელი დრამატურგის, ხრისტო ბოიჩევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტუალური პიესა "პოლკოვნიკი-ჩიტი" ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, პოლიტიკური ფარსი გათამაშდა.
საერთაშორისო ბრიტანული საბჭოს 1997 წელს გამარჯვებული და 40-ზე მეტ ქვეყანაში დადგმული პიესის - "პოლკოვნიკი და ჩიტების" რეჟისორი თამაზ იმნაძეა, მხატვარი კი ნიკოლოზ საბაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: პაატა კიკვაძე, მერაბ ბრეკაშვილი, გიორგი გოიგიშვილი, სოფიო ფერაძე, ლევან კაციაშვილი, ვასილ ამურველაშვილი და გოგა ბერიძე.
ორმოქმედებიანი სპექტაკლის ბოლოს, აპლოდისმენტების შემდეგ, სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი მილოცვებს იღებდა, მაგრამ მაინც მოვახერხე და არა მარტო მსახიობებს, რეჟისორსაც გავესაუბრე.

გია გოიგიშვილი:

- ვფიქრობ, დღესდღეობით საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი თეატრი და სცენაა, სადაც მაყურებელსა და მსახიობებს უშუალო ურთიერთობა შეუძლიათ. მთელი ცხოვრება ამაზე ვწვალობდით, რომ ყველანი ერთად ვყოფილიყავით.

- მსახიობებისთვის საინტერესოა ფსიქიატრიულის პაციენტის თამაში, არა?

- საინტერესოზე მეტად, რთულია. ყველას გაგვიჭირდა. თუმცა, ვეცადეთ, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. ჩვენ გვიყვარს სცენა და თამაში. მგონი, გიჟების კარგი "კამანდაა" შეკრებილი და გაგიჟების არ გვეშინია. მსახიობმა ყოველთვის უნდა მოსინჯოს თავი ამა თუ იმ როლზე, ჩვენც ასე ვიქცევით.

- ათბალიანი სისტემით, რამდენს დაუწერთ გუნდს და საკუთარ თავს?

- კოლეგებს შვიდს, საკუთარ თავს კი ხუთს.

სოფიო ფერაძე:

- როლს რომ ვამზადებ, მირჩევნია, თავად შევქმნა სახე და ვერიდები ფილმების ან რამე ჩანაწერების ნახვას. მსახიობისთვის ძალიან საინტერესოა გიჟის თამაში. დიდი სიამოვნება მივიღე რეპეტიციებზე, მაგრამ ამავდროულად, რთულია. არავითარ შემთხვევში არ უნდა გადააჭარბო და ყველა ქმედება დოზირებული უნდა იყოს. საქმეს თავი როგორ გავართვი, ეს უკვე მაყურებელმა უნდა შეაფასოს.

თამაზ იმნაძე, რეჟისორი:

- "პოლკოვნიკი-ჩიტი" საკმაოდ მაღალი დონის ნაწარმოებია, შესანიშნავი დრამატურგიული სვლებით, რამაც კარგი ინტერპრეტაციისა და გემრიელად მუშაობის საშუალება მოგვცა. როცა პიესა წავიკითხე, იმდენად მომეწონა, რომ სასწრაფოდ მომინდა მისი თარგმნა. სპექტაკლის დადგმის დროს მონტაჟს მივმართეთ, მაგრამ შევეცადეთ, ავტორს არ გავქცეოდით და საბოლოო ჯამში, სხვა ნაწარმოები არ გამოგვსლოდა. ამ ნაწარმოებს იმდენი შრე აქვს, რომ შეიძლება, ერთი მოვლენა და ამბავი სხვადასხვა ინტერპრეტაციით დაინახო. სხვათა შორის, ამ ნაწარმოებს შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში და მერე, ბოიჩევის სხვა ნამუშევრებიც წავიკითხე. ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ტელევიზიაში იუმორისტულ შოუს უძღვება და ამავდროულად, საინტერესო მწერალია.

- ნიკა საბაშვილს, როგორც რეჟისორს, ისე ვიცნობთ, თქვენს სპექტაკლში კი მხატვრად არის მითითებული...

- დავიწყოთ იქიდან, რომ მე და ნიკა 20 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. ვმეგობრობთ და თანამოაზრეები ვართ. ბევრმა არ იცის, რომ ის ძალიან საინტერესო მხატვარია და როგორც სცენოგრაფი, კარგად ხედავს სივრცეს. ხშირად, ნიკას სპექტაკლების მუსიკალური გამფორმებელი მე ვარ. ჩვენ ერთმანეთის აზრებს ყოველთვის ვიზიარებთ და ახლაც, ამ სპექტაკლზე მუშაობის პროცესში მხარში ამოგვიდგა და დადგმა საინტერესოდ გააფორმა.

- ამ პიესის დადგმით, თქვენი, როგორც რეჟისორის სათქმელი რა იყო?

- სათქმელი იმდენად ბევრი რამ იყო, მირჩევნია, ამაზე არ ვილაპარაკო. მინდა, სპექტაკლი ნახოს მაყურებელმა და თავად იფიქროს, რისი თქმა სურდა რეჟისორს. ამ ნაწარმოებში დარღვეულია ბალანსი ნორმალურებსა და გიჟებს შორის. ხშირ შემთხვევაში, ცხოვრებაში ვინც ნორმალურად ასაღებს თავს, მას გვარიანი ფსიქიკური პრობლემები აქვს და ხდება პირიქითაც. ერთი შეხედვით მშვიდმა პიროვნებამ შეიძლება, ისეთი რაღაც გააკეთოს, რომ კაცობრიობა დაღუპოს. ნაწარმოებში ასევე დომინირებს წესრიგის თემა, დასახული მიზნისკენ სვლა, რომელსაც რასაკვირველია, დადებითი მხარე აქვს. ნაწარმოები ბევრი კუთხით არის შესაფასებელი.

- მსახიობებთან როგორ იმუშავეთ? შეშლილი ადამიანების განსახიერებისას გქონდათ კონკრეტული მითითებები თუ მათ იმპროვიზაციის საშუალება მიეცით?

- ამ არტისტებს ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. თითქმის წინასწარ ვიცოდი, ვის რა უნდა ეთამაშა. სამწუხაროდ, ცხოვრება ისეა დატვირთული, რომ მსგავსი მაგალითების დიდხანს ძებნა არ გჭირდება. თან, ავტორს ისე მსუყედ და გემრიელად აქვს ყველა დეტალი გადმოცემული, რომ მთავარია, სწორად მიჰყვე არტისტულ ლოგიკას და ის მიგიყვანს პერსონაჟის სახემდე.
დავამატებ იმასაც, რომ მცირე ხნის წინ ფოთში, ნიკა საბაშვილმა ხრისტო ბოიჩევის "ორკესტრი ტიტანიკი" დადგა, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე ვიმუშავე.
ეს ჩემი მეორე შეხება იყო ამ ავტორთან, რომელსაც ძალიან საინტერესო დრამატურგად მივიჩნევ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მეც ლადიკოსავით დავიწყე ასეთი ადამიანების ძებნა
"მე რომ დავიბადე, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ და მასწავლეს ისევე, როგორც მამაჩემს ასწავლეს თავის დროზე..."
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.