პატარა მაყურებლის რეაქცია ადამიანის სისასტიკეზე - "შვლის ნუკრის ნაამბობი"
font-large font-small
პატარა მაყურებლის რეაქცია ადამიანის სისასტიკეზე - "შვლის ნუკრის ნაამბობი"
მისი ცხოვრება რადიკალურად მაშინ იცვლება, როცა ბუნების იდილიას ადამიანი არღვევს

"პაწაწა ვარ, ობოლი, ბედმა დამიბრიყვა. ცუდ დროს დავობლდი: ტანზე მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრი თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია..." - ალბათ ადამიანი არ არსებობს, ვისთვისაც დაობლებული შვლის ნუკრის მონოლოგს გული არ აუჩუყებია და ადამიანთა სისასტიკეზე არ დაუფიქრებია...

მოზარდ მაყურებელთა თეატრში მისულმა მაყურებელმა, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით "შვლის ნუკრის ნაამბობი" ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისურით იხილა. პრემიერა თეატრის მცირე სცენაზე 11, 12 და 13 ნოემბერს გაიმართა.
თოჯინური წარმოდგენის მხატ­ვარი ვახტანგ ქორიძეა, მუსიკალური გაფორმება ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში ორი შემადგენლობაა, თითოეულში 8-8 მსახიობი მონაწილეობს: ირინა კუკულაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი (შვლის ნუკრის როლით შედგა მისი დებიუტი პროფესიულ სცენაზე), ნათია კუპატაძე, ეკა ხატიაშვილი, ვასილ ამურველაშვილი, გოგა ბერიძე, მაია მალხაზიშვილი, ნინო მანაგაძე, ნინო პაპიაშვილი, ეკა შარიქაძე, ქეთი ჩაჩუა, ლევან კაციაშვილი, ლექსო ლობოვი, რატი ნავაძე და დენ ხლიბოვი.
სპექტაკლი ჩიტების ფერხულით იწყება. მალე ახალი სიცოცხლე იბადება, პატარა შველი, რომელიც დედის დახმარებით პირველ ნაბიჯებს დგამს, ნაკადულის წყალს სვამს, მწვანე მდელოზე ბალახს ძოვს. მისი ცხოვრება რადიკალურად მაშინ იცვლება, როცა ბუნების იდილიას ადამიანი არღვევს. მონადირე დააობლებს და ახალდაბადებული ნუკრი სულ მარტო რჩება მრავალი ხიფათის პირისპირ.
- ნიკა, გაიხსენე როდის და რა ვითარებაში გაეცანი ამ ნაწარმოებს პირველად და როგორ აღიქვი ის?
ნიკოლოზ საბაშვილი:
- ბავშვობაში დედამ წამიკითხა და საერთოდ ვთვლი, რომ ეს ნაწარმოები აუცილებლად ყველა დედამ უნდა წაუკითხოს თავის შვილს.
- და მამამ არა?
- არა, დედამ, რადგან "შვლის ნუკრის ნაამბობი" დედის სითბოსთან ასოცირდება. ბავშვობაში დედას ვაკის პარკში დავყავდი. ტყეში შევდიოდით და იქ სხვადასხვა ნაწარმოებს მიკითხავდა. მახსოვს, ღრმა ბავშვობაში დედაჩემმა ეს ნაწარმოები რომ წამიკითხა, რამხელა გარდატეხა მოხდა ჩემში. ამ ნაწარმოებზე მუშაობა რომ დავიწყე, სულ დედა მახსენდებოდა და ის ემოციები, რაც მაშინ თავს მეხვია და მინდოდა, სპექტაკლის ნახვის შემდეგ, იგივე შთაბეჭდილებები დარჩენოდათ ბავშვებს. ეს რამდენად გამომივიდა, არ ვიცი, ალბათ პატარა მაყურებელზე დაკვირვება ამას თანდათან გამაგებინებს. სწორედ ამიტომ, ეს სპექტაკლი დედაჩემს ეძღვნება, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა.
- დედა-შვილის, ანუ ირმისა და შვლის ხმები ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დადგმაში...
- გეთანხმები, შვლისა და ნუკრის ხმები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხმაში არის ის მთავარი შინაარსი, რაც ნაწარმოებმა უნდა "წამოიღოს". სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ბავშვისთვის დედის ხმაში არის აბსოლუტურად განსხვავებული ჟღერადობა და სპექტაკლზე მუშაობის დროს ვცადე, ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება გამემახვილებინა.
- არ გეთანხმები, შეიძლება მამას ჰქონდეს ისეთი ხასიათი და ხმა, რომ არანაკლები ემოციით მოუთხროს თავის პატარას შვლის ნუკრის სევდიანი ამბავი და მოუყვეს ადამიანთა დაუნდობლობაზე.
- ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვაჟასაც დედაზე იმიტომ აქვს აქცენტი გაკეთებული, რომ შვილისთვის, ბიჭია ის თუ გოგონა, მშობელს შორის დედა მაინც გამორჩეულია, სწორედ ის დებს ბავშვში ადამიანური თვისებების მთავარ კოდს.
- სპექტაკლი ვაჟას კუთხისთვის დამახასიათებელი მუსიკალური მოტივებითაა გაფორმებული...
- დიახ, ასე გადავწყვიტე, სხვანაირად ვერც წარმომედგინა.
- სპექტაკლში არ არის ე.წ. ჰეფი ენდი, ფინალი მარტო დარჩენილი შვლის სევდიანი, დრამატული წუთებით სრულდება.
- დიახ, ნაწარმოების ტრაგიკული ფინალის მიუხედავად, სპექტაკლი უფრო გავამძაფრეთ. თუმცა, ესეც სიმბოლურია.Aზოგიერთ ადამიანს რაც უნდა ბევრი ველაპარაკოთ მორალზე, მაინც არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ უმსგავსოდ აღარ მოიქცევა და ამას ყველანი სხვადასხვა ფორმით ჩავდივართ. სწორედ ამის მიმანიშნებელია ის თოფის გასროლის ხმაც, რომელიც სპექტალის ბოლოს ისმის.
- ანუ ადამიანთა სისასტიკე არასდროს დასრულდება.
- სამწუხაროდ, ასეა.
რამდენიმე ქალბატონმა დარბაზი თვალცრემლიანმა დატოვა, მე კი პატარებს გავესაუბრე, რომ მათი აზრიც გამეგო.

ლიზი ვაჩნაძე (12 წლის):

- "შვლის ნუკრის ნაამბობი" პირველად ბაბუამ წამიკითხა. საერთოდ, ძილის წინ ბებია-ბაბუა ხშირად მიკითხავს ზღაპრებს, ლექსებს და მოთხრობებს, რადგან ზოგჯერ როცა მე დასაძინებლად ვწვები, დედა ისევ სამსახურშია, მამა კი ძალიან გვიან ბრუნდება სახლში. ბაბუასთან არ მიტირია, მაგრამ როცა ის ჩემი ოთახიდან გავიდა, ავტირდი. ძალიან შემეცოდა მარტო დარჩენილი შვლის ნუკრი. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ცხოველებს ცუდად ექცევიან, ან ნადირობენ მათზე. ადრე მამა ნადირობდა, მწყერი მოჰყავდა ხოლმე. მერე ვთხოვე, რომ ჩიტები არ მოეკლა. ახლა აღარ ნადირობს, არ ვიცი, დრო არ აქვს, თუ უბრალოდ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა. ძალიან მიყვარს ცხოველები, ადრე ყველას ვთხოვდი, ძაღლი, კატა ან თუთიყუში მოეყვანათ, მაგრამ მაგას რა მოუვლისო, მეუბნებოდნენ და არ მომიყვანეს.
ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოკლა ირემი? ის ხომ ისეთი ლამაზია. სპექტაკლს რომ ვუყურებდი და მონადირემ ირემი მოკლა, ძალიან მეწყინა. არადა, წინასწარ ხომ ვიცოდი, რაც მოხდებოდა. დედის სიკვდილის შემდეგ, შეშინებული შველი რომ გარბოდა, ზუსტად ისე მომინდა ტირილი, როგორც მაშინ, როცა ბაბუამ ეს მოთხრობა წამიკითხა.

დათუნა ზვიადაძე (9 წლის):

- ვაჟა-ფშაველას ლექსები მამაჩემს უყვარს და მეც ზეპირად მასწავლა რამდენიმე. ფშავშიც წამიყვანა, ჩარგალში ვაჟას სახლში ვიყავით. კითხვა რომ ვისწავლე, ჯერ "შვლის ნუკრის ნაამბობი" წავიკითხე და მერე "ხმელი წიფელი" და "მთის წყარო". ყველაზე მეტად მომწონს "შვლის ნუკრის ნაამბობი", მაგრამ შველი მეცოდება.
თეატრში დედას დავყავარ ხოლმე. დღესაც მან წამომიყვანა. სპექტაკლი მომეწონა, მაგრამ მე უკვე დიდი ვარ და თოჯინურ სპექტაკლებზე სიარული აღარ მაინტერესებს. აწი დიდების სპექტაკლებზე ვივლი.

ნათია დევიძე (11 წლის):

- სპექტაკლი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით შველი, ქვის კაცი, ზღარბი, კუ და ძაღლი. ჩემი და ჩემზე პატარაა და მეგონა, იტირებდა, როცა შველს დედა მოუკლეს. ადრე დედამ წამიკითხა ეს მოთხრობა, მაგრამ ჩემმა დამ არ იცოდა, რა მოხდებოდა და არც მე ვუთხარი. ამიტომ ვაკვირდებოდი, იტირებდა თუ არა. თან ეგ ყველაფერზე ტირის, მაგრამ ეტყობა, აქ შერცხვა (იცინის). მე არ მიყვარს მონადირეები. ცუდი კაცები არიან. მარტო "წითელქუდაშია" მონადირე კეთილი. ჩემს დას მე ვასწავლე, რომ სპექტაკლზე ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. ჩუმად მკითხა, შველი ცოდო არაა, ახლა რა უნდა ქნას მარტომო?! ხომ ვიცოდი, რომ თოჯინაა, მაგრამ შველი მეც შემეცოდა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დედას გავუცოცხლებდი.


ანა კალანდაძე
ბეჭდვა