პეპი ვილა "ყიყლიყოდან" - მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
font-large font-small
პეპი ვილა "ყიყლიყოდან" - მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
ანცი, ცრუპენტელა და ფერადი პეპის მიღმა შენიღბული სევდა

ვილა "ყიყლიყოში" 9 წლის ჟღალკიკინებიანი გოგონა მაიმუნ ნელსონთან და ცხენთან ერთად ცხოვრობს. არაორდინარული ჩაცმულობა, დიდი ზომის ფეხსაცმელი, ჭორფლებით დაფარული სახე და მოცინარი თვალები მისი "სავიზიტო ბარათია". დედა ცაში ჰყავს, მამა კი შორეულ ზღვაოსნობაში. მარტო დარჩენილი გოგონა ათასგვარ ოინსა და ტყუილში ატარებს ყოველდღიურობას - ასტრიდ ლინდგრენის "პეპი გრძელიწინდა" მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზეა.


სპექტაკლის პრემიერა უკვე შედგა. აფიშას 7+ აწერია, მაგრამ დარბაზში უფრო პატარებიც ისხდნენ. ვფიქრობ, სკოლამდელი ასაკის პატარებისთვის, სპექტაკლი გაუგებარი დარჩება. თან, კარგი იქნება, თუ ამ და სხვა შემთხვევაშიც, მშობელი წინასწარ წაუკითხავს ან მოუთხრობს მაინც იმ ნაწარმოების შესახებ, რომლის სანახავადაც ბავშვები თეატრში მიგვყავს.
სპექტაკლში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. მთავარ როლებში იხილავთ: პეპის - ხატია მელქაძეს, ტომის - რატი ნავაძეს და თორნიკე ქინქლაძეს, ხოლო ანიკას - ირინე კუკულაძე და თამარ ცქვიტინიძე.
გიორგი თავაძე, ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი:
- მახსოვს, 10 წლის ვიყავი, "პეპი გრძელიწინდა" რომ წავიკითხე. პეპი არის ფანტასმაგორიული ოინების, წესრიგის დარღვევისა და სხვადასხვა ფეიერვერკის გამოხატულება. თუმცა, მას გარკვეული სევდაც ახლავს, რადგან ბავშვობას უკავშირდება, რომელიც საუბედუროდ ნელ-ნელა ხუნდება და მთავრდება. ვეცადეთ, სპექტაკლში ეს სევდიანი მარცვლებიც გაგვებნია. ვინაიდან პეპი ვერ იქნება მთლად ტრაგიკული და მოსაწყენი ადამიანი, ვცდილობდით, ის ზოგადი წარმოდგენა, რაც არსებობს, არ დაგვერღვია. ვფიქრობ, ჩვენი პეპი ძალზე საინტერესო და ორგინალური გამოვიდა. ამ სპექტაკლში ხატია მელქაძემ ბევრი იშრომა, მგონი, საკმაოდ წარმატებულადაც და ვფიქრობ, ეს დასაფასებელია.
- სპექტაკლის მხატვრობა და პერსონაჟთა კოსტიუმები გამორჩეულად მომეწონა...
- ანა კალატოზიშვილი არაჩვეულებრივი მხატვარია, ერთ-ერთი საუკეთესო დღევანდელ თეატრალურ სივრცეში. ძალიან გემოვნებიანი, მოდერნულად საინტერესო, ვირტუოზი. ანას ყველა ის ღირსება აქვს, რომელიც შეიძლება, მხატვარს ჰქონდეს.
რეჟისორ გიორგი თავაძეს სპექ­ტაკლში შემოჰყავს ხანდაზმული ქალბატონი ანიკა, რომელიც საკუთარ ბავშვობას იხსენებს და სწორედ ამ გზით მოგვითხრობს ვილა "ყიყლიყოში" მცხოვრები ჟღალი გოგონას ამბავს. უფროსებს მსუნაგი და ცრუპენტელა პეპის არ ესმით. პოლიციელს, მასწავლებელს, ცირკის დირექტორსა და მისი მეგობრების დედასაც კი სურთ პეპის "გამოსწორება", მაგრამ ის არავის ემორჩილება. ყველაზე მეტად, გოგონას გაზრდა და ბავშვობასთან გამოთხოვება არ უნდა.
- ქალბატონო მაკა, სპექტაკლში თქვენი პერსონაჟი ცდილობს, პეპიმ სხვა ბავშვებივით სკოლაში იაროს, იმეცადინოს, მაგრამ არაფერი გამოსდის...
მაკა ბარდაველიძე (ფრეკენ როზენბლუმი):
- სინიორა როზენბლუმს ბავშვების მიმართ ერთგვარი აგრესია აქვს. ვფიქრობ, შინაგანად შეუმდგარი ადამიანია და ამიტომ. ვითომ ქველმოქმედია, მაგრამ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, "ვითომ" ხდება. როცა მას შვილივით გაზრდილი ასისტენტი ხელიდან გამოეცლება, გამოჩნდება, როგორი უსუსური ადამიანია. თვალები ცრემლებით ევსება და თითქოს არ იცის, რა მოიმოქმედოს. ჩემი პერსონაჟი ცდილობს, მკაცრი და შეუვალი იყოს, მაგრამ სინამდვილეში სუსტია და მასში ფარული სევდაც არის. ვფიქრობ, ის ბავშვებთან კონტაქტს არასოდეს გაწყვეტს. შეიძლება, ერთი შეხედვით ურთიერთობის ცუდი ფორმა აქვს არჩეული, მაგრამ ფიქრობს და ჰგონია, რომ მოზარდებს იცავს, ეხმარება. ამიტომ, ეს არ არის უარყოფითი პერსონაჟი და მეც ვეცადე, ერთგვარი შუალედური სახე ყოფილიყო.
- თუ გახსოვთ თქვენი პირველი შთაბეჭდილება, როცა "პეპი გრძელიწინდა" წაიკითხეთ?
- "პეპი გრძელიწინდა" რომ წავიკითხე, საკმაოდ პატარა ვიყავი, შემდეგ უკეთ აღსაქმელად, ხელახლა გადავიკითხე ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები.
მახსოვს, ბავშვობაში პეპის ცოტა არ იყოს თავხედური ხასიათი ჩემში პროტესტს იწვევდა. ჩვენი სპექტაკლის მთავარი გმირის ხასიათი და პროტესტი ცოტა უფრო განსხვავებული და ზომიერია, რაც მას უფრო მეტად საყვარელს აჩენს. მგონია, აქ პეპის მძიმე ბავშვობა კარგად არის ასახული და ეს ყველაფერი თითქოს, მის ქცევებს ამართლებს. ეს ნაწარმოები და გოგა თავაძის ჩანაფიქრიც ის არის, რომ ეს სპექტაკლი იმ ბავშვობას ეძღვნება, რომელიც აღარ მეორდება. საერთოდ, ის რაც მომავალში აღარ განმეორდება, ყოველთვის სევდასთან არის დაკავშირებული.
- პირადად თქვენ, ბავშვობა გენატრებათ?
- იცით, ახლა არ მენატრება, რადგან ჩემი ბავშვობა ჩემს შვილში გრძელდება. შვილი როცა არ მყავდა, მაშინ შეიძლება მქონოდა ეს განცდა, მაგრამ ახლა აბსოლუტურად იმავე პროცესს გავდივარ ხელმეორედ და თითქოს, ბავშვობას ვიხანგრძლივებ.
- ალბათ, პეპის როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საოცნებოა მსახიობისთვის...
ხატია მელქაძე (პეპი):
- ბავშვობაში "პეპი გრძელიწინდა" ალბათ, ყველას აქვს წაკითხული და ყველა პატარა გოგოსთვის ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია. მეც სულ აღფრთოვანებული ვიყავი პეპით, - რა მაგარი გოგოა-მეთქი. საოცნებო როლი ნამდვილად იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალზე რთული პერსონაჟია. ერთი შეხედვით, პეპი გიჟი, მხიარული, ფერადი გოგოა, არაორდინარული კოსტიუმით, მაგრამ ამ ყველაფრით ის ნიღბავს სულის დიდ ტკივილს. პეპის არ ახსოვს დედა და ამბობს, ანგელოზიაო. თითქოს ამას უდარდელად აღნიშნავს, მაგრამ ასე არ არის. მას ჰყავს მამა, მაგრამ სულ ენატრება, რადგან შორეულ ზღვაოსნობაშია და იშვიათად ნახულობენ ერთმანეთს. ამიტომ პეპის სულ თან დასდევს მონატრება, ტკივილი და სევდა. პეპი სამართლიანია, თუმცა, ცოტა თავხედიც, უფროსებს "შენობით" ელაპარაკება და ა.შ. პეპი იმიტომაა ასეთი, რომ დამრიგებელი არავინ ჰყავს.
- დედ-მამის, მშობლიური სითბო რომ აკლია, მისი თავხედური ქცევებიც ამის "ბრალია"...
- რა თქმა უნდა, ის ხომ დედას არ აღუზრდია, მამის გვერდითაც ცოტა დროს ატარებს. თუმცა, ყველა სცენის შემდეგ კარგად ჩანს და ხაზგასმულია პეპის სამართლიანი ხასიათი. ის ყველა არასწორ ნაბიჯს გმობს.
- როლზე მუშაობისას ალბათ ხელახლა წაიკითხეთ "პეპი"...
- რა თქმა უნდა, როლზე მუშაობისას ნაწარმოებს ყოველთვის თავიდან ვკითხულობ. სპექტაკლში - "მე ვხედავ მზეს" ხატიას ვთამაშობ და უკვე რამდენჯერმე გადავიკითხე ეს ნაწარმოები. ასევე მოვიქეცი "პეპი გრძელიწინდას" შემთხვევაში. ბავშვობაში წაკითხულში ვერ აღიქვამ იმ სიმძიმეებს და ემოციას, რაც რეალურად დევს მასში. ამ ყველაფერს მაშინ აკვირდები, როცა იზრდები და ცხოვრებისეული გამოცდილება გემატება. XIX საუკუნის ბავშვები მეტად განვითარებულები არიან და შეიძლება, ბევრმა მათგანმა მცირე ასაკშიც შეძლოს იმ ყველაფრის დანახვა, რაც მხიარული პეპის სახის მიღმა იმალება.
- სპექტაკლის ფინალში განსაკუთრებით მძაფრია ის განცდა, რომ გინდა თუ არა, ბავშვობა სრულდება, ეს შეუქცევადი პროცესია. ხატია, ბავშვობა რომ დასრულდა, გული გწყდება?
- 28 წლის ვარ და უკვე მენატრება ბავშვობა. ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე უდარდელი პერიოდია. რაც უნდა მძიმე ბავშვობა ჰქონდეს ადამიანს, მგონია, რომ ის დრო ყოველთვის სანატრელია. როცა იზრდები ცხოვრება იცვლება, სულ სხვა ფიქრები, საზრუნავი ჩნდება. ოჯახი მაქვს, ხუთი თვის შვილი მყავს (იღიმის). რეპეტიციების პერიოდში სულ მასზე ვფიქრობდი და თეატრსა და სახლს შორის დავრბოდი. პრემიერა უკვე გაიმართა. იმედია, მაყურებელი ჩვენს "პეპი გრძელიწინდას" კარგად მიიღებს და რეჟისორის ჩანაფიქრსაც ზუსტად გაიგებს.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
"დიდი სურვილი მაქვს, კულინარია სიღრმისეულად შევისწავლო"
ძველ საქმესაც მივდევ - ტურისტებს ნავებით გასეირნებას ვთავაზობ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.