ცხოვრება სამ ფეხზე
font-large font-small
ცხოვრება სამ ფეხზე
სიტყვა, რომელიც ზოგჯერ ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია


ვფიქრობდი, როგორ დამეწყო. არ ვიცი, უნდა გავიხსენო თუ არა ის 2 წელი, რომელიც საშინელ ტკივილში გავატარე, თუ პირდაპირ ასე: ხელხემლის მალებზე ოპერაცია გავიკეთე, გავიღვიძე და... ალბათ, ორიოდე სიტყვა მაინც უნდა დავწერო წარსულზე, რომ აწმყომდე მოვიდე, თორემ დეტალურად ნამდვილად ვერ შევძლებ ის პერიოდი აღვწერო.


ყველაფერი ერთ დღეს დაიწყო, როცა კომპიუტერთან ჯდომისას წელის არეში ტკივილი ვიგრძენი. თავიდან გაციებას დავაბრალე, მაგრამ ტკივილი ყოველდღიურად იმატებდა. ოჯახის ექიმმა ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო მალამო გამომიწერა, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (და არა მხოლოდ ერთი - ამ ეტაპზე "მრტ" ტომებად მიწყვია), მაგრამ ყველა ერთს ამბობდა: "აქ არაფერი ჩანს ისეთი, რომ ასეთ ძლიერ ტკივილს იწვევდეს". ერთ დღესაც ორივე ფეხში ძალა დავკარგე, ვეღარ გავიარე. მკურნალობამ, რომელიც დამენიშნა, უარესად გაამწვავა სიტუაცია. თუმცა, ფიზიოთერაპიის რამდენიმეთვიანი კურსის, ვარჯიშის, იმუნოსტიმულატორებითა და მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ, თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი...

მერე სისხლში სერიოზული ცვლილებები აღმომაჩნდა და ახლა ამ მიმართულებით განვაგრძეთ ჯერ დეტალური კვლევა და შემდეგ მკურნალობა. 8 თვის შემდეგ კიდევ ერთმა ახალმა დიაგნოზმაც იჩინა თავი... მოკლედ, 2 წელი სამი დაავადების აღმოჩენის, რამდენიმე ექიმის არასწორი მიმართულებით დაწყებული მკურნალობის კურსისა და უყურადღებობის შედეგად, ჯოჯოხეთად იქცა ყოველდღიურობა. თუმცა, საბედნიეროდ, შემხვდა ისეთი ექიმიც, რომელმაც თავიდან ბოლომდე მიპატრონა.

როცა ერთ კონკრეტულ დაავადებას ებრძვი, ესა თუ ის მედიკამენტოზური მკურნალობა მეტ-ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს და როცა სამს ერთად უნდა დაუპირისპირდე, შედეგი გაცილებით უფრო მძიმდება და ხანგრძლივდება. ყოველდღიურად არტერიული წნევის ცვლილება, სხეულის მომატებული ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება, გართულება კუჭზე, არამდგრადი ნერვიული სისტემა, უძილობა, არაადეკვატურობა, მედიკამენტებითა და უმოძრაობის შედეგად საგრძნობლად მომატება წონაში...
ერთ დღესაც ფრანკენშტეინის ქმნილებას დავემსგავსე - სახის ცალი მხარე და ყური გამისივდა, თურმე ერთ-ერთი მედიკამენტის დიდი რაოდენობით მიღებამ ალერგია გამოიწვია. ექიმს რომ დავურეკე, თავი გამიდიდდა-მეთქი, გადაირია კაცი, მაგრამ ამასაც მოევლო, მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყავი მონსტრი.
ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკიც, რა თანხებთან არის დაკავშირებული ნებისმიერი კვლევა, კონსულტაცია, მკურნალობა, მასაჟი, ანალიზები, მედიკამენტები და ა.შ. და პარალელურად ცუდად ყოფნისა, ამ ყველაფერზე რომ ფიქრობ, ტვინში სისხლი გექცევა!.. ზოგჯერ ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, ვტიროდი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გულში ხშირად ვიმეორებდი: "მე ყველაფერს გადავიტან!"

ერთი ბედნიერებაა, როცა ექიმი სწორ დიაგნოზს სვამს და მეორეა, როცა გაკვალიანებს, მკურნალობის პროცესში მაქსიმალურად გეხმარება. 24-საათიანი სატელეფონო კონტაქტის საშუალებით, განებივრებული ვიყავი და ვარ ჩემი ნევროლოგის მორალური მხარდაჭერითა და ისეთი ზრუნვით, რომელიც მხოლოდ ოჯახის წევრებს თუ შეუძლიათ... ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჯერ ერთი, მერე მეორე დაავადება, მესამე კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა. ამ ხნის განმავლობაში წელისა და ზურგის არეში ტკივილი სულ იყო, არ ქრებოდა. უბრალოდ, მედიკამენტებით მეტ-ნაკლებად ვაყუჩებდით. ყველა გზა და მეთოდი ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ხერხემალთან დაკავშირეულ ოპერაციაზე არავინ საუბრობდა და ვერც იმის გარანტიას იძლეოდნენ ნეიროქირურგები, ქირურგიული ჩარევა მოიტანდა თუ არა შედეგს - ანუ ტკივილის გაქრობას.
თუმცა, სწორედ ჩემი არაჩვეულებრივი ნევროლოგის წყალობითა და ინიციატივით, კიდევ ერთი მრტ-ს პასუხის შემდეგ, საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი. გადაქანცული, ბოლო ათი ღამის სრულიად უძილო, ოპერაციის დღეს საავადმყოფოში ისე აუღელვებლად წავედი, თითქოს რამდენიმე წუთით უბნის მაღაზიაში, პურის საყიდლად გადავდიოდი. ოპერაციას ქალაქში ყველაზე ცნობილი ნეიროქირურგი აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ამიტომ არ ვარ მშვიდად, უბრალოდ, მომბეზრდა ტკივილი...

ვიღვიძებ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჯერ რეანიმაცია, მერე პალატა. საოპერაციო ბლოკში გასვლამდე ფეხები დამიბინტეს. მუმიას ვგავდი. მითხრეს, რამდენიმე დღე ასე უნდა იყოო. მესამე დღეს ბინტებს მხსნიან და ორთოპედიული კორსეტით მალევე მიშვებენ სახლში.
ხერხემალზე ამა თუ იმ ქირურგიულ ჩარევას (რასაკვირველია წინაპირობას, დიაგნოზსა და ოპერაციის სირთულეს გააჩნია), შემდეგში ფეხის კიდურების ტკივილი და დაბუჟება მოჰყვება. ალბათ, ესეც ინდივიდუალურია, მაგრამ მერე როგორც მითხრეს, უმრავლესობას ასე ემართება. ეტაპობრივად ხდება ამ პრობლემისგან გათავისუფლებაც. პირადად მე, მტკიოდა ფეხები, დაბუჟებაც მქონდა და აღსადგენად რამდენიმე თვით ინიექციები დამჭირდა. ჯერ ვიწექი, მერე წამოვდექი და ოთახებში დავდიოდი, სამი კვირის თავზე ჯერ კიბე ჩავიარე, შემდეგ გარეთ გასვლაც გადავწყვიტე, მხოლოდ იქვე, სახლთან ახლოს. აქტიური დატვირთვა არ შეიძლება, თან არც შემეძლო, თავიდან ორი ხელჯოხის დახმარებით გადავაადგილდებოდი, გვერდით კი დედა მომყვებოდა.

დაახლოებით ერთი თვის თავზე, მარჯვენა ფეხში სიძლიერე მომემატა, მაგრამ მარცხენა იგივე მდგომარეობაში დარჩა. მართალია, ძველებურად არ მეკეცება, მაგრამ მტკივა და თან, ვკოჭლობ. ამიტომ ოთხი "ფეხიდან" სამზე გადავინაცვლე, ანუ ერთი ხელჯოხი საკმარისია იმისათვის, რომ გადაადგილებისას დამეხმაროს. მაგრამ ასეთი "აღჭურვილობით" ქუჩაში გამოჩენა თურმე, არა მხოლოდ ფიზიკური დისკომფორტია, არამედ მორალურიც. გინდა არ გინდა, ყურადღების ცენტრში ექცევი, თითქოს სხვა პლანეტიდან იყო.
ნაცნობ-მეგობრების მოკითხვაზე აღარაფერს ვამბობ, ცხოვრებაში "გამარჯობა" რომ არ უთქვამს შენს რამდენიმე უბნელს, ახლა ინტერესდებიან, რა მოხდა და რა გჭირს. ციტირებას ვახდებ: "ავარიაში მოყევი?" "ფეხი მოიტეხე?" "უი, ეს რა დაგმართნია?" "ვაიმე, ჯოხებით დადიხარ?" "დედააა, კოჭლობ?!" "დიდხანს იქნები ასე?" "დიდი ხანი მოგიწევს ასე, თუ სულ იკოჭლებ?!" "ვა, დაკოჭლდი?!"
ინკასატორი, რომელსაც თვეში ერთხელ ხედავ და ასე თუ ისე ნაცნობად ითვლება, ცოტა არ იყოს სასაცილოდ აყალიბებს თავის კითხვას: "თქვენ როგორ მოგივიდათ ეს მარცხი?"
ვიღაც ტიპმა ისიც კი მკითხა, ხომ არ დაგეხმაროთო? მე კი ვუპასუხე: "არა, გმადლობთ, ვსეირნობ". აშკარად გაიფიქრა, რა გასეირნება, ძლივს დადიხარო.

მივდივარ ჩემი ოთხი ფეხით და ვხედავ ერთგან ტროტუარზე ასფალტი აყრილია. ვიფიქრე, ფეხი არ გადამიბრუნდეს-მეთქი და მანქანის სავალ გზაზე ჩავედი. ცენტრალური ქუჩა არ არის და იშვითად თუ გამოჩნდება მანქანა, მაგრამ სწორედ იმ დროს შემოუხვია ვიღაცამ და რომ დამინახა ტროტუართან ვიდექი, გადაწყვიტა, რომ ქუჩის გადაკვეთას ვაპირებდი, მოძრაობა შეანელა და ხელით მანიშნა, გადადითო. თავი უარის ნიშნად გავუქნიე, - არ გადავდივარ-მეთქი, მაგრამ ეტყობა, იმ მანდილოსანზე სურდა შთაბეჭდილების მოხდენა, რომელიც გვერდით ეჯდა და ამიტომ გადაწყვიტა, ზრდილობის ყველა საშუალება გამოეყენებინა. თუ ჯერ მანქანის შუშიდან მიმანიშნა გადადითო, ახლა ფანჯრიდან ხელი გამოყო, ბოლოს მანქანა გააჩერა და გაღებული კარიდან იმავე ჟესტით გამიღიმა. იძულებული გამხადა, ქუჩა გადამეკვეთა, არადა, სულაც არ ვაპირებდი!.. ჰო, სასაცილოა ნამდვილად! მეც ვიცინოდი და როცა მახსენდება, ახლაც მეცინება...

მორიგი დღე... ქუჩაში ხელჯოხით მოსიარულე დამინახა უცხო კაცმა, მომიახლოვდა, მხარზე ხელი ორჯერ დამკრა და ორსიტყვიანი რჩევა მომცა: "ხაში ჭამე". ალბათ იფიქრა, მოტეხილობაა და იმიტომ კოჭლობსო. იყო ასეთი შემთხვევაც, გვერდით ახალგაზრდა ბიჭმა ჩამიარა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა: "მაინც ლამაზი ხარ".
- რა მოგივიდათ?! - წარბშეყრილი უცნობი ქალი მაჩერებს ქუჩაში. ვითომ არ მესმის და გზას ვაგრძელებ. დავიღალე, ისედაც გაღიზიანებული ვარ ჩემი მდგომარეობით და ვცდილობ, ნერვებს არ ავყვე, ამიტომ ვაიგნორებ. ის მაინც, გვერდით მომყვება, თავადვე გადაწყვიტა, რომ ფეხის ოპერაცია გავიკეთე და ამატებს:
- მე სამჯერ გავიკეთე ფეხის ოპერაცია. მე უფრო რთულად მქონდა... გაცილებით რთულად, - და ბოლოს, საკუთარი უპირატესობით კმაყოფილი მამშვიდებს: - არა უშავს, კარგად იქნებით!..
2 თვის შემდეგ, გადავწყვიტე, უფრო გავთამამებულიყავი და შედარებით დიდ მანძილზე მევლო. ათასში ერთხელ, სადმე წასვლა თუ მიწევდა, ტაქსით მივდიოდი. ერთხელ ავედი სამარშუტო ტაქსიში და ერთხელაც - ავტობუსში. და მაშინაც ასეთი რამ მოხდა: სამარშუტო ტაქსიში აფოფხებისთანავე, მძღოლის უკან რომ ორ-ორი სკამია ჩამწკრივებული, იქიდან მეორე რიგში ბიჭმა ადგილი დამითმო და თავად ბოლოში გადაჯდა. დავჯექი. მაშინვე, ჩემ უკან ქალბატონი კართან მჯდარ გოგონას ეძახის: "გოგონა, ადექი და დასვი", თან ხელით ჩემზე მიანიშნებს. შავპომადიანი თინეიჯერი გოგონა ყურსასმენებითაა და მისი ტელეფონიდან გამომავალი მუსიკის ხმა ყველა მგზავრს ესმის. "გოგონა, ადექი, დასვი, მანდ ურჩევნია", - არ ეშვება ის ქალი. ვაჰ, გავგიჟდი. ხომ ვზივარ, არა?! რა გინდა, რას ერევი? "დიდი მადლობა, ქალბატონო, იყოს, არ მიჭირს, კარგად ვზივარ. დაანებეთ იმ ბავშვს თავი", - შეძლებისდაგვარად მშვიდად ვუთხარი, მაგრამ აშკარად ეწყინა, რომ მისი საკონსტიტუციო ინიციატივა არ დაკმაყოფილდა და ჩუმად მაინც თქვა: "ამდაგარიყო... რა მოხდებოდა".
სიტუაცია ავტობუსში: ბევრი ხალხი არ არის, მაგრამ ყველა სკამი დაკავებულია. "ადექი, დასვი", - გადაუჩურჩულა გოგონამ ბიჭს და მალულად გამოაპარა თვალი ჩემკენ. ბიჭმაც შემხედა: "ო, მოიცა რა" - ადგილზე იზმორება და ცდილობს, სახე კისერში ჩაურგოს. "ფუ, რა ვირი ხარ!" - სახეს მანჭავს გოგო, უხეშად იშორებს და თავს ფანჯრისკენ აბრუნებს...

მოკლედ, რამდენიმე თვეა სამ ფეხზე ვცხოვრობ. ვერ ვიტყვი, რომ არ ვღელავ, თან, კარგად ყოფნა მეჩქარება, გაზაფხულის მერე სამსახურშიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ექნება დასასრული. ამ ხნის განმავლობაში, ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი უცნობის თუ ნაცნობის გაუაზრებელი ფრაზების მოსმენა მიწევს. ვერ ვხსნი, რატომ უნდა მისცე თავს უფლება შენთვის უცნობ ადამიანს ჰკითხო ის, რაც შენ არ გეხება. იქნებ სამუდამოდ დავკოჭლდი ან კოჭლი ვარ დაბადებიდან?!

შეიძლება ვიღაც თვლის, რომ ეს ყურადღებაა და სიამოვნებს კიდეც, მაგრამ ჩემთვის უცნობი ადამიანების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ, უტაქტობაა. რითი განსხვავდება ეს იმ საქციელისგან, რომელსაც ყველა ერთად ვგმობთ? მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანის ნებისმიერი ფიზიკური ნაკლის გამო ყურადღების ცენტრში მოქცევა ყოვლად დაუშვებელია! თუ ძლიერი ფსიქიკის არ არის ადამიანი, საზოგადოების ნაწილის ამგვარი დამოკიდებულების გამო შეიძლება, გული ისე გაუტყდეს, დეპრესიაში ჩავარდეს ან გამოჯანმრთელების იმედი დაკარგოს, დაითრგუნოს. ვცდილობ, არ ავყვე, მაგრამ რამდენჯერმე მეც მიმტყუნა ნერვებმა, რომელიც ბუნებრივია, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გავიარე, წესრიგში არ მაქვს და მიჭირს იმ ადამიანს გავუღიმო, ვინც მეკითხება: "კიდევ რამდენ ხანს უნდა იარო ჯოხით?!" ამიტომ მგონია, უფლება არ გვაქვს ასეთი კითხვა დავსვათ. ენა ჩვენია და სანამ პირს გავაღებთ, მგონი, ამ და სხვა შემთხვევებშიც, სჯობს, კარგად დავფიქრეთ, ღირს თუ არა იმის თქმა, რაც შეიძლება შენთვის უბრალოდ საინტერესო, მორიგი საჭორაო ან სულაც, თავისშესაქცევი იყოს, სხვისთვის კი ძალიან მტკივნეული თემა...


ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ ალავერდის მონასტერში ქადაგებისას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"მათ ისეთი ფორმის სასმისები უჭირავთ ხელში, როგორიც რიყეზე არსებული შენობაა"
"სახლ უკან მიწა დავბარე თავადა, ნიორ და ხახვ დავთესე..."

"აბაიმე, მე რა სასურათე ვარ, არსაით ნახოს ვინმემ, დამცინებენ"
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
4 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.