"ციყვებთან" დახარჯული პირველი ჰონორარი და 2 კვირაში მოპოვებული 2 გრან-პრი
font-large font-small
"ციყვებთან" დახარჯული პირველი ჰონორარი და 2 კვირაში მოპოვებული 2 გრან-პრი
სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო



ერთმანეთს რუსთაველის თეატრის შესასვლელში შევხვდით, კარი გამიღო და საგრიმიოროსკენ გამიძღვა. ფოიეში ერთი ადგილია, საიდანაც სცენაზე გადიხარ, იქ დეკორატორები მუშაობდნენ.

- ეს სცენა მიყვარს, - ვუთხარი რესპონდენტს.

- მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ იცი, ხანდახან რა საშიშია?

- საშიში?

- ჰო, ზოგჯერ რომ შევდივარ და დარბაზისკენ ვიხედები, მგონია, გული გამისკდება.

- რა უცნაურია, 40 წელია, სცენაზე დგახართ და მაინც გეშინიათ?

- კი, ეგრეა.
ამ ლაპარაკით საგრიმიოროს მივუახლოვდით.
- აი, ეს არის ჩემი ოთახი, მოპირდაპირე სარკესთან გოგა გველესიანი ზის, გვერდით - სანდრო მიკუჩაძე. ჩათვალე, რომ საკუთარ სახლში ხარ.
ჩემი რესპონდენტი მსახიობი მამუკა ლორია გახლავთ. ძალიან უშუალო, იუმორით სავსე, ერთი შეხედვით, ცოტათი უცნაურად მოსაუბრე, მაგრამ თბილი ადამიანი. ახლახან ის "მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად" დაასახელეს. მსახიობს წარმატება ფილმმა - "მან თქვა დედა" მოუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მსახიობის, აბესალომ ლორიას შვილია, ადრეულ ბავშვობაში მსახიობობაზე არ ოცნებობდა, ჯერ პარაშუტისტობა უნდოდა, მერე - მეხანძრეობა, შემდეგ პოლიციელობის სურვილმა შეიპყრო, ტანკისტობაზეც დაფიქრდა, ფეხბურთელობაზეც, მაგრამ... როგორც თავად ამბობს, 15-16 წლის ასაკში მის გონებაში გადატრიალება მოხდა და გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო.
- მსახიობებთან სულ მქონდა ურთიერთობა, ჩვენთან სახლში მოდიოდნენ, მამას გადასაღებ მოედანზეც დავყავდი. ამ საქმით ძალიან მოვიხიბლე. როგორც ჩანს, ბედიც ასეთი იყო, მერე მეც მოვინდომე და დღემდე ამ საქმეს ვემსახურები.

- თეატრალურში მისაღები გამოცდები როგორ გახსენდებათ?

- აუ! ეგ რა თქვი, 2 წელი ვწვალობდი, სტუდენტობა მესამე წელს მეღირსა. ახლა შემიძლია გითხრათ, გამოცდებზე თავი ვისახელე და ყველაფერს ჩემით მივაღწიე-მეთქი, მაგრამ ეს სიმართლე არ იქნება. აბესამ (მამა - აბესალომ ლორია) ჩამიწყო. ისე, ჩემში რაღაც მარცვალი რომ არ დაენახა, არ დამეხმარებოდა. ეს იყო და ეს, მას შემდეგ აღარ დამხმარებია, - აწი შენს თავს მიხედეო. მე ცოტათი თავისებური, ვერაზე გაზრდილი, სულელი ბიჭი ვიყავი. სახლში მეუბნებოდნენ, - ისეთი "როჟა" გაქვს, შენგან რა გამოვა, კაცმა არ იცისო. მსახიობობა მართლა ძალიან მინდოდა.
ხაშურში დავიბადე. დედამ იქ იმშობიარა. ჩემი უფროსი და რომ მოსულა, უკითხავს, - ეს ვინ არისო? - ეს შენი ძმა არისო. - მოდი, რა, სახლში შენ დაბრუნდი, ეს რაღაც აქ დავტოვოთო. - ის "რაღაც" დღეს მე ვარ, ჩემი და კი ამბობს, კიდევ კარგი, ის "რაღაც" მაშინ ხაშურში არ დავტოვეთო.

- მამა თქვენს სპექტაკლებს ხშირად ესწრებოდა?

- ესწრებოდა, მაგრამ დაუმსახურებლად არასდროს შემაქებდა. აბესა ეგეთი კაცი არ იყო, სხვაგვარად აღზრდილი გახლდათ. ივანე კოტორაშვილს რომ იღებდნენ, "მასოვკაში" გადასაღებად წამიყვანა. ინსტიტუტში იმ წელს ჩავაბარე. რამდენიმე გადაღება გვქონდა. პირველი ჰონორარი, დღეში 15 მანეთი, მაშინ ავიღე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვარძიაში ის ფული სად უნდა წამეღო? იქვე ტურბაზა იყო და ციყვებთან დამეხარჯა.

- ციყვებთან?

- ჰო, ციყვებთან, ასე დაწერე, კაცები გამიგებენ.

- ახლა მეც გავიგე.

- მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველოში "ციყვები" ხშირად ჩამოდიოდნენ. შემდეგ რამდენიმე სცენაში კიდევ ვითამაშე და ის ჰონორარიც დამეხარჯა.

- სულ "ციყვებთან" ხარჯავდით?

- არა, მაგდენი ციყვი სად იყო?! "ბიჭებს" (მამა და მისი მეგობრები მაშინ ბიჭები იყვნენ) ღვინო მივუტანე, ესიამოვნათ. მამამ იფიქრა, ბიჭი მომესწროო.

- ცნობილია, რომ თქვენს ოჯახში მამას მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ. იმ შეკრებებიდან გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?

- "ვერის უბნის მელოდიებს" რომ იღებდნენ, ერთ დღეს გადასაღებ მოედანზე 2-საათიანი შესვენება გამოაცხადეს. მამამ სახლში დარეკა და ბებიას უთხრა, - იქნებ მიდგე-მოდგე, შესვენება გვაქვს და ბიჭებთან ერთად მოვალო. ბებიამ და დედამ სუფრა გაშალეს. მახსოვს, უეცრად გაიღო კარი და შემოვიდნენ გადასაღებ ფორმებში გამოწყობილი: დოდო აბაშიძე, გოგი ქავთარაძე, მამა, ფორმიანი პოლიციელები... ამ შეკრების ამბავი მთელმა სამეზობლომ გაიგო. ჩვენს სახლში ისეთი ლხინი გაიმართა, ისეთი ცეკვა და დროს ტარება იყო, დაბლა სართულზე მცხოვრებ მეზობელს ლამის ჭაღი ჩამოუგდეს. რა თქმა უნდა, ამ ამბავს 2 საათში ვერ მორჩებოდნენ. იმ დღეს გადასაღებ მოედანზე აღარ დაბრუნებულან, ძალიან დიდი და მხიარული შესვენება გამოუვიდათ. ამ ყველაფრის ინიციატორი კი დოდო აბაშიძე იყო.

არასდროს დამავიწყდება ერთი დღე, როცა მამამ სიურპრიზი მომიწყო. უკვე სტუდენტი ვიყავი, ის გადაღებაზე იყო წასული, მე - ინსტიტუტში. საღამოს შინ ჩვეულებრივად დავბრუნდი, შესასვლელში ქურთუკი გავიხადე, საკიდზე ჩამოვკიდე. დავინახე, სასტუმრო ოთახის კარი გამოხურული იყო. ვიფიქრე, ალბათ შესცივდათ-მეთქი. შევაღე კარი და გავშეშდი: სუფრასთან მამა და სერგეი ფილიპოვი ისხდნენ, ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებდნენ. მეტყველების უნარი დავკარგე. ის მეფერებოდა, მელაპარაკებოდა, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ვიცოდი, ხმას ვეღარ ვიღებდი.

- პროფესიულ სცენაზე თქვენი პირველი როლი რომელი იყო?

- რომ გითხრა, გაგეცინება: მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალი მისული ვიყავი. რამდენიმე მსახიობმა უარი თქვა როლზე, რომელზეც მერე მე დამამტკიცეს. "ბურატინოს თავგადასავალში" არტემონის როლი ვითამაშე. ჩემი პირველი როლი ძაღლი იყო.

- მესმის, რომ მსახიობისთვის ყველა როლი საინტერესოა, მაგრამ მათგან გამორჩეულად რომელიმე გახსოვთ?

- პირველი ძალიან რთული როლი იყო სპექტაკლში - "შეაჩერეთ მალახოვი", სადაც მთავარ როლს ვასრულებდი. ძალიან რთულია, როცა სპექტაკლს შენ იწყებ, ეს სულ სხვა პასუხისმგებლობაა. მქონია შემთხვევები, სცენიდან დარბაზში ჩუმად გამიხედავს, ხანდახან გასვლის შემშინებია. ამ სპექტაკლის თამაშის დროსაც ასე დამემართა. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. ოთარ ბაღათურია აცხადებდა და სცენაზე მსახიობები მორიგეობით გავდიოდით. ანდრეი მალახოვი რომ დაიძახა, მუხლები გამეჭედა. განათება იყო, რომელსაც უნდა გავყოლოდით. ღმერთმა გაახაროს, ვინ იყო, დღესაც არ ვიცი, ხელი მკრა და სცენაზე შემაგდო. მას შემდეგ სცენაზე ვარ.

- და ეს ემოცია, განცდა დღემდე გაქვთ?

- ასეა, მაყურებლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თეატრში სხვა სიზუსტეა საჭირო. აქ ხომ კინო არ არის, ათი დუბლის გადაღება რომ შეგეძლოს. 800-კაციანი დარბაზის წინაშე გადიხარ, იქ კი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. სად მიდიხარ? - წინ ხალხი, უკან პარტნიორები, გვერდით - ტექნიკური პერსონალი.

- ახალ როლზე მუშაობას როგორ იწყებთ?

- ამას დრო, მსჯელობა პარტნიორის მხარში დგომა, რეჟისორის მოსმენა სჭირდება, შენ შენი აზრი უნდა გამოთქვა - ასე იკვრება ერთი მთლიანი წრე და ასე იბადება პერსონაჟი. ბატონი რობერტ სტურუა შეიძლება, ბევრ რამეს გვპატიობს, მაგრამ შრომა არ უნდა დაიზარო, მეტიც - თავდაუზოგავად უნდა იშრომო. ხშირად იცის ხოლმე თქმა, "ლეჟანკები" და ლეიბები მოიტანეთ, 10 დღე სახლში ვეღარ წახვალთო. რეპეტიციები ღამით იწყება.

- ღამის რეპეტიციები სხვა მისტიკაა.

- აბა, რა! შემოქმედისთვის ღამე საუკეთესო პერიოდია. სხვა სახლში ცხოვრობ, მაგრამ თან იცი, რომ აქაც შენი სახლია. ოჯახი ამას ეგუება. იციან, რომ "მეორე სახლში" ხარ. მერე აჩვენებ შენს ნამუშევარს მაყურებელს და როგორც ითამაშებ, ისეთ ტაშს დაგიკრავენ.

- თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, ფილმმა - "მან თქვა დედა" წარმატება მოგიტანათ.

- ჩემმა მეგობარმა მარინა კულუმბეგაშვილმა (ის ამ ფილმის მეორე რეჟისორია) თავის მოადგილეს დაარეკვინა, - იმ ვაჟბატონს უთხარი, მოვიდესო. მივედი და, სინჯების გადაღება გვაქვსო. იქ მოძმე ერის წარმომადგენლები დამხვდნენ. არც ვიცოდი, ვინ იყვნენ, სად მივდიოდი, რა ხდებოდა. რაღაცნაირი არეული სიტუაცია იყო. ერთი ადამიანი გამეცნო, - არსენა მქვია, რეჟისორი ვარო. ვილაპარაკეთ და ამიხსნა, რის გაკეთებას აპირებდა. მერე მთხოვა, სინჯი გადაგვეღო. ტექსტი მომცა. გადაღებას კიდევ ერთი რეჟისორი, სურენა ესწრებოდა. მან სომხურად თქვა, ძალიან კარგიაო! თურმე, ამ სურენას "იულიუს კეისარი" ჰქონია ნანახი. გადაღება რომ დავამთავრეთ, დასალევად მიმიპატიჟეს, მაგრამ ვიუარე, დღეს არ ვსვამ-მეთქი. სახლში რომ მივედი, მერე დავლიე. იქ არავის ვიცნობდი და ვისთან ერთად დამელია? მეორე დღესვე დამირეკეს, მთავარ როლზე დაგამტკიცეთო. გადაღებები სამ დღეში დავიწყეთ. ყველა სცენა თბილისში გადავიღეთ: ჯერ - მცხეთის ქუჩაზე, შემდეგ - ვორონცოვზე, ე.წ. იტალიურ ეზოში, სადაც ტრუსით ვირბინე. ამ სირბილში გრან-პრი ავიღე. ახლა იოლად ვლაპარაკობ, იქ კი ბევრი ვიშრომე, დილის 8 საათიდან საღამოს ცხრამდე გარეთ ვიყავი. ეს არის ფილმი თბილისურ ეზოსა და ურთიერთობებზე.
ფილმმა და მეც გრან-პრი ავიღეთ. პრიზი აქამდეც არაერთხელ ამიღია, მაგრამ არ ვლაპარაკობდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა პირველად "ვტრიპაჩობ". 2 კვირის შემდეგ ნოვოსიბირსკში მეორე გრან-პრი ავიღე და ძალიან დავიბენი (იღიმის). რეჟისორმა არსენ აგაჯანიანმა დამირეკა, - ახალი ამბავი გაიგე? კიდევ გრან-პრი აიღეო. ვიჯექი და ლამის სკამიდან ჩამოვვარდი. საკუთარ თავთან გავწითლდი, ცოტა არ იყოს, შემრცხვა.

- აქამდე აღებულ პრიზებზე რას გვეტყვით?

- ერთ მშვენიერ დღეს თეატრში პატარა ბიჭი მოვიდა, მის ფილმში სოსო ლაღიძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ ჩემთან გადმოამისამართა. ეს პატარა ბიჭი, თეატრალურის სტუდენტი, გიორგი ხარებავა აღმოჩნდა, რომელიც სადიპლომო ფილმზე მუშაობდა. სცენარი მომეწონა და გადაღებაზე დავთანხმდი. მხოლოდ ერთი პარტნიორი მყავდა - ბესო ხიდაშელი. გადასაღებად სახინკლეში წავედით. ფილმის სახელწოდებაა "უნამუსო", ტექსტის გარეშეა. შინაარსი ცნობილი ამბავია: სახინკლეში სტუმარს მაგიდა რომ შეეშლება, ჰგონია, თავის ხინკალს სხვა უჭამს, მივა წამოარტყამს თავში და მერე აღმოაჩენს, რომ მისი კუთვნილი მაგიდა გვერდითაა. ამ ფილმმა მოსკოვში წმინდა ანას ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო. შემდეგ "უნამუსო" უკრაინაში უჩვენეს და გრან-პრი "ოქროს რაინდი" აიღო. მერე საქართველოში, ლევან ანჯაფარიძის მიერ ჩატარებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზეც გრან-პრი აიღო და მეც გრან-პრი მომცეს - ეს იყო პირველი გრან-პრი ჩემს ცხოვრებაში. პერიოდულად, რეკლამებშიც მიღებდნენ. ძალიან პრესტიჟულ კონკურსებში ეს რეკლამები საპატიო ადგილებს იკავებდა.
ნიკა ახვლედიანის რეკლამაში, რომელიც ალკოჰოლური სასმელზე იყო, საფრანგეთში ნიცის ფესტივალზე 50 რეკლამიდან 5 საუკეთესოში მოვხვდით. მერე ჩვენზე ინგლისურენოვან ჟურნალშიც დაბეჭდეს.
- კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ!
- გმადლობთ!

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.