ძროხების მთავარი გამნაყოფიერებელი - სირთულეების შესახებ
font-large font-small
ძროხების მთავარი გამნაყოფიერებელი - სირთულეების შესახებ
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?


27 წლის შავლეგ ხარშილაძე ფერმის მთავარი ვეტექიმი და მთავარი გამნაყოფიერებელი გახლავთ. ფერმაში ბუღების ყოლა აკრძალულია. მათ საქმეს პროფესიონალი გამნაყოფიერებელი ასრულებს - ძროხებს ხელოვნურად ანაყოფიერებს. თუ ძროხას ურჩი ხასიათი აქვს და განაყოფიერება არ მოისურვა, შესაძლოა, წიხლიც გითავაზოთ, თუმცა, როგორც შავლეგმა გვითხრა, ძირითადად, პირუტყვი დამყოლი ხასიათით გამოირჩევა...



- ფერმაში საქონლის "ხელოვნურ დათესვლას" ვაკეთებთ, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ვინც ეს საქმე არ იცის და საქონელს პირველად ანაყოფიერებს, ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.

- გვიამბეთ, გამნაყოფიერებლის პროფესიით რატომ დაინტერესდით?

- სოფელში გაზრდილი ბიჭი ვარ. საქონელთან ურთიერთობა ხშირად მიწევდა. ძროხის ადგილობრივი ჯიში გარემო პირობებში ბევრად გამძლეა, მაგრამ - ნაკლებად პროდუქტიული. მინდოდა, შეჯვარების გზით ძლიერი შთამომავლობა შემექმნა, რომელსაც მაღალი იმუნიტეტი და შესაბამისად, მაღალი პროდუქტიულობაც ექნებოდა.A ამიტომ ამ საქმის შესწავლა გადავწყვიტე... მეცხოველეობის დარგში ხელოვნური განაყოფიერება საკმაოდ წარმატებული და გამოსაყენებელი მეთოდია.

- გამნაყოფიერებლის პროფესიის შესწავლის სპეციალური კურსი არსებობს?

- არა, "ზოოვეტი" მაქვს დამთავრებული, სადაც განაყოფიერებასაც ვსწავლობდით. გამნაყოფიერებლის პროფესია ცალკე გამოყოფილი არ არის. ამჟამად, ფერმაში ძირითადად, მსხვილი რქოსანი პირუტყვის (ძროხების) ხელოვნურ განაყოფიერებას ვახდენთ.

- გამნაყოფიერებლის საქმე კონკრეტულად, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული?

- უნივერსიტეტშიც მასწავლეს, რომ კარგ ვეტექიმს ხელის თითებზეც თვალები უნდა ჰქონდესო (იღიმის). ვინც პირუტყვის ანატომია არ იცის, რექტალური გასინჯვისას ვერ ხვდება, სადაა მაგალითად, საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი... ამას ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდება, რომ ხელით გასინჯვისას მიხვდე, სად რა ორგანოა. რთული საქმეა, მაგრამ როცა ისწავლი, საქმეც მარტივდება და ყალიბდები, როგორც პროფესიონალი გამნაყოფიერებელი.

- წარუმატებელი შემთხვევა გქონიათ? იქნებ, განაყოფიერების მერე, ძროხა მაკედ არ დარჩენილა?

- კი, დაშვებულიც არის, რომ როცა ძროხას ხელოვნურად ანაყოფიერებ, შეიძლება, მაკედ არ დარჩეს, მაგრამ თუ პირუტყვი აბსოლუტურად ჯანმრთელია და გამნაყოფიერებელიც თავის საქმეს იდეალურად აკეთებს, მერწმუნეთ, წარუმატებელი შემთხვევა არ იქნება, თუმცა არის რიგი შემთხვევები, როცა ხელმეორედ განაყოფიერებაა საჭირო...

- თქვენი პირველი სამუშაო დღე როგორი იყო?

- პირველად უნივერსიტეტში სწავლისას ვიმუშავე, მაგრამ მაშინ რთული იყო - ეს საქმე არ ვიცოდი. შემდეგ დავხელოვნდი... თავდაპირველად, მუშაობა კი გამირთულდა, მაგრამ მაინც წარმატებული აღმოჩნდა. სხვათა შორის, პირველი განაყოფიერების შედეგად ტყუპი - "ბიჭი" და "გოგო" მივიღეთ. სამწუხაროდ, როდესაც "ბიჭი" და "გოგო" იბადება, დედალი უნაყოფოა ხოლმე. ამიტომ როცა ხბო გაიზარდა, "მეხორცულად" გამოვიყენეთ. ძირითადად, ჩვენს კომპანიაში "მეხორცული" მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ გაისად რძის წარმოებაზე გადასვლაც იგეგმება.

- ხელოვნურად განაყოფიერებული ძროხების ნაშიერებსაც ხელოვნურად ანაყოფიერებთ?

- კი. როდესაც ადგილობრივი ჯიშის ძროხებს ვანაყოფიერებთ, პირველი თაობა საკმაოდ ძლიერი და ჯანმრთელია - ადგილობრივი ჯიშის ძროხებზე ბევრად უკეთესია. წონაც მეტი აქვს. შეგიძლია, მიღებული თაობა იმავენაირად გაანაყოფიერო - არავითარი პრობლემა არ არის. შეიძლება, ბუღამ ინფექციური დაავადებები გადაიტანოს. "ხელოვნური დათესვლით" ამას თავიდან ირიდებ. ასევე, ბუღის შენახვა საკმაოდ ძვირია... ხელოვნური განაყოფიერებისას ტყუპიანობის შემთხვევა ხშირია.

- ამის მიზეზი რა არის?

- ასე ვისწავლეთ და პრაქტიკაშიც ასეთი შედეგი მივიღეთ. მიზეზი მართლა არ ვიცი.

- ძროხებს, რომლებსაც ხელოვნურად ანაყოფიერებთ, ბუღებთან სექსუალური კონტაქტი შეუძლიათ?

- კი, შეუძლიათ. ვთქვათ, განაყოფიერების შედეგად მამრი მივიღეთ, ის აუცილებლად უნდა დავკოდოთ - კასტრაცია ჩავუტაროთ, რადგან ხელოვნურად განაყოფიერებული ძროხა ბუღისგანაც არ განაყოფიერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის აღრევაც მოხდება. მამრის კასტრაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ძროხებთან კონტაქტში არ შევიდეს. მეორე მიზეზს რაც შეეხება, ხარის ხორცი შედარებით უკეთესია, ვიდრე ბუღის. ბუღას წონა მეტი აქვს, მაგრამ მის ხორცს სპეციფიკური, უსიამოვნო სუნი აქვს.

- მთავარ გამნაყოფიერებელს რა ფუნქციები გაკისრიათ?

- ჩემი ძირითადი მოვალეობა სწორი დაგეგმარება გახლავთ: როდესაც ძროხა ხბოს მოიგებს, 2 თვის შემდეგ შეგვიძლია, ძროხა გავანაყოფიეროთ. თუ 5 თვე ისე გავიდა, რომ ძროხა არ "ახურდა", მას არ ვანაყოფიერებთ. ამ შემთხვევაში, ე.წ. სპირალების ჩალაგების მეთოდს მივმართავთ ანუ "ახურებას" ხელოვნურად ვიწვევთ... ალპურ საძოვარზეც დავდივართ და საქმეს ისე ვგეგმავთ, რომ ძროხებმა გზაში არ მოიგონ ხბოები. დიდი პასუხისმგებლობაა იმის გამოკვლევა, 100 განაყოფიერებული ძროხიდან მაკედ რამდენი დარჩა; რომელიც არ დარჩა, ამის მიზეზსაც ვიკვლევთ...

- სპირალს ძროხის სხეულიდან უკან რამდენ ხანში იღებთ?

- 2 კვირის მერე. სპირალის ამოღებიდან 2-3 დღეში ძროხა "ახურებაში მოდის".

- ალბათ, განაყოფიერების პროცედურის ჩატარებისას ხელი სპეციალურად აღჭურვილი გაქვთ...

- აუცილებლად. სპეციალური ხელთათმანი მიკეთია (მკლავის ბოლომდე), რომ არ დავისვარო და ძროხასთან პირდაპირ კონტაქტში არ ვიყო. არსებობს სპეციალური ვაზელინი, რომ მისი საშუალებით, სწორ ნაწლავში მოძრაობა არ გამიჭირდეს. განაყოფიერების პროცედურის ჩატარებამდე, გასანაყოფიერებელი სპერმა გამზადებული უნდა მქონდეს.

- განაყოფიერებისას ძროხები არ გიძალიანდებიან?

- აბსოლუტურად მშვიდად არიან. ეს ძროხის ფსიქიკაზეა დამოკიდებული. შეიძლება, პირუტყვმა ახლოს არ მიგიშვას, მაგრამ 99% უპრობლემოა.

- თუ ძროხა დაუმორჩილებელია, როგორ იქცევით?

- "გამოვიწუნებთ" და დავკლავთ.

- ძროხების გასანაყოფიერებლად სპერმა საიდან მოგაქვთ?

- ჩვენი კომპანიის სტანდარტის შესაბამისად, შვეიცარიიდან ჩამოგვდის. განაყოფიერების წინ, გაყინული სპერმა აუცილებლად უნდა გავალღოთ - მას ორგანიზმის ტემპერატურამდე ვათბობთ. შემდეგ, საშვილოსნოს ყელში შესვლა სპეციალური შპრიცით ხდება: სპერმის "პაიეტს" შპრიცში ჩავდებთ. შპრიცი მეტალისგანაა დამზადებული და ძროხას შიგნით რომ არაფერი დაუზიანოს, სპეციალურ შალითას ჩამოვაცვამთ. ასევე, სპერმის სწორად ჩაღვრას უწყობს ხელს. შემდეგ სწორ ნაწლავში ხელით შევდივართ. ფეკალური მასებისგან გამოვასუფთავებთ, რომ განაყოფიერებაში ხელი არ შეგვიშალოს. საშვილოსნოს ყელს ვპოულობთ და დაახლოებით, 2 სმ-ში სპერმას ჩავღვრით. თუ ძროხას პრობლემა არა აქვს, ჩათვალეთ, რომ ამ პროცედურის მერე, მაკედ არის.

- პროცედურის დასრულებიდან რამდენ ხანში ხვდებით, რომ ძროხა მაკედაა?

- ძროხის ექოსკოპიით შეგვიძლია, დაახლოებით, 1 თვიდან დავადგინოთ - არის თუ არა მაკედ. ძირითადად, რექტალურ გასიჯვას მივმართავთ (ვამოწმებთ საშვილოსნოს რქები როგორ ფორმაშია). თუ ძროხა 21 დღეში არ "ახურდა", თითქმის შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ მაკედ არის.

- როგორც მივხვდი, განაყოფიერებული ძროხების საძოვარზე გაშვება შეიძლება...

- კი. ნახირში ბუღა არ არსებობს - კატეგორიულად აკრძალულია, რადგან გაუთვალისწინებელი განაყოფიერება არ მოხდეს. როცა ძროხას გავანაყოფიერებთ, იზოლირებას ხომ ვერ გავუკეთებთ? საძოვარზე გავუშვებ თუ ფერმაში გვეყოლება, პრობლემა არ არის.

- დღეში რამდენ ძროხას ანაყოფიერებთ?

- საშუალოდ, 2-3-ს.

- განაყოფიერება რამდენხნიანი პროცედურაა?

- სპერმის გამზადებიდან განაყოფიერების ჩათვლით, ალბათ, 5 წუთია საჭირო. სწრაფი პროცედურაა. უბრალოდ, გამნაყოფიერებლის ცოდნაზეა დამოკიდებული. როცა ძროხას აწვალებ და საშვილოსნოს ყელს ვერ პოულობ, ძროხაც ასე ვთქვათ, გიჯავრდება და საქმის გაკეთება გაგიჭირდება. შეიძლება, ვერც გააკეთო.

- გამნაყოფიერებლობა შემოსავლიანი საქმეა?

- არ ვიცი, რადგან ძირითადად, მხოლოდ ჩვენს კომპანიაში ვმუშაობ. აქ ხელფასის (1.100 ლარი) "ზემოდან", ერთ მიღებულ ხბოზე 10 ლარს გვაძლევენ. საერთოდ, ერთი ძროხის განაყოფიერება 50 ლარი ჯდება ანუ მოსახლესთან ვეტერინარი თავისი აღჭურვილობით რომ მივიდეს და ერთი ძროხა გაანაყოფიეროს, 50 ლარი ღირს.

- კერძო გამოძახებებზე დადიხართ?

- მე იმერელი ვარ და რაჭაში ვმუშაობ. რაჭაში ისეთი ცნობილი სახე არა ვარ, რომ კერძო გამოძახებებზე ვიარო. ადგილობრივი ვეტერინარები არიან, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ.

- თქვენი საქმე მოგწონთ? ოდესმე სხვა პროფესიის დაუფლებაზე გიფიქრიათ?

- ბავშვობიდან მართლა ამ საქმის შესწავლა მინდოდა. ასე ვთქვათ, საქონელზე შეყვარებული ვიყავი.

- თუ ასეა, "მეხორცული" მიმართულებით რომ მუშაობთ და პირუტყვს დასაკლავად იმეტებთ, არ გებრალებათ?

- ძროხების "გამოწუნება" ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ როცა კომპანია გაიძულებს, სხვა გზა არ არის.

- ძროხის ხორცს თავადაც მიირთევთ?

- კი, ვეგეტარიანელი ნამდვილად არ ვარ. ბოდიში პირუტყვთან, მაგრამ ასეა (იღიმის).

- მუშაობისას გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- თუ გამნაყოფიერებელი ფრთხილად არ იყავი და ურჩი ძროხა შეგხვდა, ტყუპი წიხლი მოგხვდება და სანაკელეში აღმოჩნდები (სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა მქონია) ან გვერდებდალურჯებული გამოხვალ (იცინის)...

- ანუ განაყოფიერებამდე ძროხას "წინასასიყვარულო პრელუდია" სჭირდება?

- (იცინის) ზოგთან არ ჭრის. როდესაც ძროხა ურჩია, ყველაფერზეა წამსვლელი. შეიძლება, აიშვას და სარჩოლად გამოგედევნოს. ასე რომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო.

- ძროხის ფსიქიკას კარგად იცნობთ?

- კი, ვეტერინარიც და გამნაყოფიერებელიც კარგად უნდა იცნობდეს.

- რა მეთოდებს იყენებთ, რომ თქვენი საქმის გაკეთებამდე, პირუტყვს გაუშინაურდეთ?

- პირუტყვთან კონტაქტი აუცილებელია: დავარცხნა, მოვლა, შენახვა... ძროხას არ უნდა დაარტყა. შეიძლება, ამან უარესი შედეგი გამოიღოს - პირუტყვმა ბაგები დაამტვრიოს და გამოგეკიდოს. ამიტომ ჩვენთან პირუტყვის დაფხანა რეგულარულად ხდება...


ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მსურდა, სპექტაკლი ერთგვარი გაფრთხილება ყოფილიყო ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის"
XII საუკუნეში შექმნილი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.
ქორწილი სამცხე-ჯავახეთში და საჩუქრების გამოცხადების ტრადიცია
"მეხანძრე-მაშველი გმირია" - ეს ფრაზა უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას ესმის და ამ პროფესიის ადამიანებმა ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ისინი ჩვენი სიცოცხლისა და ზოგჯერ ქონების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
რას ურჩევს ახალ თაობას ფშაველი ქეთო ბებო
ხანი - სოფელი, რომელმაც იმერულ ყველს "დიდება" დაუბრუნა
შოტლანდიელი მეუღლისთვის აშენებული ხევსურული "ოცნების კოშკები"
ტეპროექტ "X ფაქტორის" მაყურებელი და ჟიური ერთიანად აღაფრთოვანა 25 წლის ქუთაისელი კონკურსანტის, თამუნა გიორგაძის ნამღერმა.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.