არქეოლოგიური წარმოშობის ნივთების "მკურნალი ექიმი"
font-large font-small
არქეოლოგიური წარმოშობის ნივთების "მკურნალი ექიმი"
"მე-20 საუკუნემდე რესტავრაცია, როგორც დარგი, ევროპაშიც არ არსებობდა" ლელა "მკურნალი ექიმია", ოღონდ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არქეოლოგიური წარმოშობის ნივთებსა და სამუზეუმო ექსპონატებს ჩუქნის...
არქეოლოგიური გათხრების პროცესში ველზე აღმოჩენილ "მოავადე" ნივთს "სამკურნალოდ" ლაბორატორიაში ათავსებენ. პირველადი სამუშაოების ანუ "სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა" და დიაგნოსტიკის შემდეგ, "მკურნალობის" გეგმა, იგივე სარესტავრაციო ან საკონსერვაციო მოქმედებები იგეგმება. მას შემდეგ, რაც ნივთს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდება, კონკრეტული ვადით ის "ექიმების" მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და მხოლოდ მას შემდეგ ტოვებს ადგილს, როცა რესტავრატორები მიიჩნევენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია... ნივთი საკუთარ სახლს - მუზეუმს უბრუნდება...

მკურნალობის კურსს ლაბორატორიაში არქეოლოგიური წარმოშობის ნივთებისა და სამუზეუმო ექსპონატების გარდა ხატები, სურათები, ძველი დოკუმენტები, ქვები და მონუმენტური ფერწერის, კედლის მხატვრობის ნიმუშები გადიან...
სამხატვრო აკადემიასთან არსებული კონსერვაციის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლელა მიქაბერიძე რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესზე, ამ სპეციალობის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება...

- ლელა, დიდი ხანი არ არის, რაც არქეოლოგიური წარმოშობის ნივთებისა და სამუზეუმო ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია მეცნიერების დარგად განიხილება... რა პროცესი უძღოდა მას წინ და მანამდე რა საშუალებებით ხდებოდა მსგავსი ნივთების აღდგენა, დაცვა?
- როგორც წესი, რესტავრაცია ხელოსნობად განიხილებოდა. ბოლო 10 წელია, ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ რესტავრაცია-კონსერვაცია მეცნიერებაა და არა მხოლოდ "ქოთანზე ყურის მიწებების" პროცესი, როგორც ეს ბევრს დღემდე ჰგონია. 2000 წლამდე ამ სფეროში ძირითადად, ქიმიკოსები მუშაობდნენ. XX საუკუნის დასაწყისიდან სარესტავრაციო ლაბორატორიები უკვე არსებობდა. 60-იანი წლებიდან ლაბორატორია მუზეუმშიც იყო, თუმცა, ის იყო ქიმიური და არა - სარესტავრაციო. XX საუკუნემდე ეს დარგი ევროპაშიც კი არ არსებობდა. მისი განვითარება არქეოლოგიის პოპულარიზაციას უკავშირდება. მანამდე ამ ფუნქციას თავად არქეოლოგები ითავსებდნენ. სწორედ ამიტომ, 60-70-იან წლებში ამოღებული ნივთები უხეშადაა დაწებებული, ამოვსებული. გავლენა იქონია ასევე უცხოურ ექსპედიციებთან თანამშრომლობამ. მათთან დიდი ხანია დამკვიდრებულია კულტურა, რომ ყველა ექსპედიციას ძეგლზე გასვლისას თან რესტავრატორ-კონსერვატორი უნდა ახლდეს.
- არსებობს რისკი, რომ "მკურნალობა" არასწორი მიმართულებით დაიწყო?
- რესტავრაციის რამდენიმე მთავარ პრინციპს შორის ერთ-ერთი სწორედ ის გახლავთ, რომ აბსოლუტურად ყველა მასალა და მეთოდი, რასაც პროცესში ვიყენებთ, შექცევადი იყოს. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლომდე შექცევადი არც ერთი მეთოდი და მასალა არაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოცდილებას, რადგან წინასწარ იაზრებ, რა მეთოდს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. საუკუნისწინანდელი მასალები დღეს უკვე შესწავლილია. მაგალითად, ბრინჯაოს შემადგენლობა, კაზმის ანუ მეტალურგიული პროცესები. ნივთის შემადგენლობის დასადგენად დღეს ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალება არსებობს. ჩვენს შემთხვევაში ჭირს, რადგან ტექნიკური ბაზა არ გვაქვს ისე განვითარებული, რომ აბსოლუტურად ყველა ნივთის ტექნიკური დიაგნოსტირება შევძლოთ.
- ანუ ტექნიკური ბაზის ჩანაცვლება მხოლოდ ვიზუალური დიაგნოსტიკით ხდება?
- ასეა. თუ უნიკალური ნივთია ან ვიზუალური დიაგნოსტიკით ვერ მოხერხდა მისი შესწავლა, გამოიძებნება სახსრები და სხვაგვარად ვიკვლევთ. ვთანამშრომლობთ ექსპერტიზის ცენტრთან, ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ერთ-ერთ კლინიკასთან, სადაც სამგანზომილებიანი სტომატოლოგიური რენტგენის აპარატი აქვთ. თუმცა, მას 8 სანტიმეტრის დიაპაზონი აქვს და დიდი ნივთები მასზე ფიზიკურად ვერ თავსდება.
- დიაგნოსტიკისთვის საჭირო აპარატი ძვირად ღირებულია?
- საკმაოდ. ისეთ დიდ ორგანიზაციასაც, როგორიც სახელმწიფო მუზეუმია, არა აქვს. ერთ-ერთ ორგანიზაციაში მაინც რომ იყოს, ყველა შეძლებდა მის მოხმარებას. ისევე, როგორც ყველას შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორიით.
- რომელია ამ სპეციალობის მომიჯნავე პროფესიები?
- ქიმიის ის ნაწილი, რაც სამუშაოდაა საჭირო ანუ მასალათმცოდნეობითი ქიმია. ასევე, ისტორია-ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით. უძველესი დროიდან დღემდე ნივთების დამზადების ტექნოლოგიაც და რეცეპტურაც გამუდმებით იცვლებოდა. მაგალითად, კერამიკა თავდაპირველად უხეში თიხით კეთდებოდა, ჭუჭყიანი, მსხვილმარცვლოვანი იყო, მოგვიანებით უფრო ნატიფი ნივთების დამზადება მბრუნავ ჩარხზე დაიწყეს. ადრეულ პერიოდში გამოსაწვავი ტემპერატურა ნაკლები იყო. ამ დროის კერამიკა უფრო იოლად ზიანდება, ვიდრე მაღალ ტემპერატურაზე გამომწვარი. შესაბამისად, სხვადასხვაგვარია დაზიანებებიც.
- რა შემთხვევაში ხდება ნივთის რესტავრაცია და როდის ანაცვლებს მას კონსერვაცია?
- საერთოდ, ბოლო დროს რესტავრაციას უფრო ვერიდებით. ვცდილობთ, კონსერვაციით დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა. ეს გულისხმობს დამაზიანებელი ფაქტორების მოხსნას და იმ ნივთისა თუ ძეგლის მაქსიმალურად ხანგრძლივად შენარჩუნებას იმ სახით, რა სახითაც ჩვენამდე მოაღწია. მსოფლიო ტენდენციაა ასეთი. ადრე ჟანგს მთლიანად აშორებდნენ ნივთს, არადა, ის საკონსერვაციო ფენა დამცავია. ახლა ჟანგს აღარ ვაშორებთ, უბრალოდ, ვცდილობთ, მისი აგრესიული ფენა გავანეიტრალოთ ან ისე დავაკონსერვოთ, რომ პროცესი მეტად აღარ წავიდეს წინ. დიდი ყურადღება ექცევა ასევე, პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ისეთი პირობების შექმნას, ნივთი თავიდანვე რომ არ დაზიანდეს და რესტავრაცია-კონსერვაცია არ დასჭირდეს. საცავებსა და მუზეუმებში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ნივთი არ დაზიანდეს და ჩვენთან არ მოხვდეს. მაგალითად, დაუშვებელია რესტავრირებული და სარესტავრაციო ნივთების ერთად განთავსება. დაჟანგული ნივთი ხელახლა ჟანგავს რესტავრირებულ ნივთს. ამ მხრივ განსაკუთრებული გასაჭირი რეგიონების მუზეუმებს ადგას, რადგან მცირე ბიუჯეტის გამო არა აქვთ რესტავრატორის შტატისა და პირობების შექმნის ფუფუნება.
- როცა რესტავრაციას იწყებ და ხვდები, რომ აზრი არა აქვს, კონსერვაციას იწყებ?
- დიახ, ხდება ხოლმე. საერთოდ, ზღვისპირა რეგიონებიდან ნივთები კატასტროფულ მდგომარეობაში შემოდის. რკინის ნივთები, ფაქტობრივად, ჟანგის გროვაა. ერთხელ ნივთები ფოთიდან მივიღეთ, რომლებიც ადგილზევე, მიწიანად იყო გამაგრებული. როცა წმენდა და მიწის მოშორება დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ნივთი ფაქტობრივად არ არსებობდა. მიწას ნივთის ფორმა ჰქონდა მიღებული და გარშემო, უბრალოდ, ჟანგის ფენა ეკრა. რენტგენი რომ გვქონოდა, ამის შესახებ წინასწარ გვეცოდინებოდა. საბოლოოდ, ნიადაგის ფენა მინიმალურად დავათხელეთ და მიწასთან ერთად დავაკონსერვეთ.
- ნივთის ერთხელ "მკურნალობა" არის გარანტია, რომ ის მომავალში აღარ დაზიანდება?
- თუ შესაბამისი პირობები ექნება - რა თქმა უნდა. ბრინჯაოს ნივთებს ხშირად აქვთ ყველაზე საშიში დაავადება - ქლოროვანი კოროზია, რომელსაც ბრინჯაოს დაავადებასაც ეძახიან. ქლორის შემცველი ჟანგის მასა იზრდება და ნივთი საბოლოოდ, მტვრად იქცევა. ძირითადად, ის დასავლეთ საქართველოდან შემოსულ ნივთებს აქვთ ხოლმე. თუ ნივთს საჭირო პირობებს შევუქმნით, პროცესი თავისთავად ჩერდება. დადასტურებულია, რომ მასალა, რომელსაც ვიყენებთ, 20-30 წელი ინახავს ნივთს.
- საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთები ალბათ, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებასაც იპყრობს...
- ნებისმიერი ბრინჯაოს ბალთა ზოომორფული გამოსახულებებით, საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ეს ქართული კულტურული მოვლენაა. ასეთი ბალთები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იყო. იგივე ითქმის კოლხურ ცულებზე.
- გაიხსენე ნივთი, რომელზე მუშაობაც გამორჩეულად საფრთხილო, საინტერესო, მნიშვნელოვანი იყო...
- ჩვენთან შემოსული ნივთები უფრო მეტად ანტიკური ხანით თარიღდება. ეს ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაა. შესაბამისად, პასუხისმგებლობის გააზრება და სიფრთხილის აუცილებლობა ამ პროცესს მუდამ თან სდევს. გამოვარჩევდი ღვთისმშობლის კვართის ლუსკუმას, რომელზეც რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ვიმუშავეთ. ეს გახლდათ ლევან II დადიანის შეკვეთით დამზადებული, ვერცხლის ფირფიტებით მოჭედილი ხის, საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ნივთი. იმდენად დიდი იყო "ზარი", თავდაპირველად, ნივთთან ახლოს მისვლისაც კი მეშინოდა. გამყიფებული ვერცხლის ფირფიტები დაშორებული იყო ყუთს. რესტავრაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ნივთი დადიანების სასახლეში იდო, სადაც შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ფარდობითი ტენიანობა დაცული არ იყო. აზრთა სხვადასხვაობა იყო, საერთოდ უნდა შევხებოდით თუ არა, რადგან ზოგ შემთხვევაში, შეხებით, შესაძლოა, პროცესი უფრო ღრმად წავიდეს. საფრანგეთიდან ჩამოსულ რესტავრატორებთან შეთანხმებით გადაწყდა, მსუბუქად, რაც შეიძლება, მინიმალურად ჩავრეულიყავით. ნივთი ამჟამად კვლავ დადიანების სასახლეშია, ამჯერად უკვე სათანადო პირობებში.
- რა სირთულეები ახლავს რესტავრატორის პროფესიას?
- უნდა შეგეძლოს ერთი და იმავე მონოტონური საქმის დიდხანს კეთება. შეიძლება, ერთ უმცირეს დეტალს საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდეს. ბევრ სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებასთან, ნაერთთან და მტვერთან გვაქვს საქმე. ამ საქმისთვის ცოდნა, ნებისყოფა და ინტუიციაა საჭირო. ეს საქმე მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სამუშაოს. მასალა ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ მისი დაავადება დაადგინო და მკურნალობის გზები სწორად დასახო. ყველა ნივთი განუმეორებელია, ყველა ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომის ძებნა და ხშირად გამომგონებლობაცაა საჭირო.
განვითარებული უნდა იყოს ხელის მოტორიკა. სკალპელსა და პინცეტს კარგად უნდა ფლობდე და ხელის ერთ წერტილზე დიდხანს დაფიქსირება შეგეძლოს. ამის მისაღწევად, თავდაპირველად, ჭიქებსა და ნათურებს ვამსხვრევთ და სტუდენტებს მათ რესტავრაციაზე ვამუშავებთ.
- რამდენად მზარდია აბიტურიენტების ინტერესი ამ დარგის მიმართ?
- ძეგლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით მსოფლიო დაინტერესდა. შესაბამისად, იზრდება ინტერესი. რესტავრაცია, როგორც პროფესია, ამიერკავკასიაში მხოლოდ საქართველოში ისწავლება.
- მითია თუ რეალობა, რომ რესტავრაციაში ძირითადად, გოგონები მუშაობენ...
- გვყავს მამაკაცებიც, თუმცა, მართლია, გოგონები ჭარბობენ, რადგან საჩხირკედელაო საქმეა. ფერწერის რესტავრაციაში ბევრი მამაკაცი გვყავს, მაგრამ ლაბორატორიულ საქმეს ძირითადად, გოგონები ითავსებენ. პროფესიით მეუღლეც ხელოვნებათმცოდნეა. მაგისტრატურაში ერთად ვსწავლობდით, დასაქმებითაც ერთად დავსაქმდით. ძირითადად, თოფებზე, ხმლებზე, ხანჯლებზე, დიდი ზომის ნივთებზე მუშაობს. ერთმანეთის საქმეს ხშირად ვაკეთებთ. "ერთ ენაზე ვლაპარაკობთ", ინტერესები ერთ სფეროში გვაქვს.
- ამ სფეროში დასაქმება იოლია?
- ყველა მუზეუმს, მინიმუმ, ერთი რესტავრატორი სჭირდება, მაგრამ მათ უმეტესობას ამისთვის ბიუჯეტი არ ჰყოფნის. ნივთების მარაგი იმდენად ამოუწურავია, რამდენი რესტავრატორიც უნდა იყოს საქართველოში, სამუშაო ყველას ექნება. წარმოიდგინეთ, არსებობს საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი ნივთები, რომელიც ჯერაც არ არის რესტავრირებული. წელს მხოლოდ ჩვენთან, მინის, კერამიკისა და ლითონის სამასამდე ნივთი შემოვიდა.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
53 წლის ლევან მახარაშვილმა სახელი ფასდაკლების აქციით გაითქვა:
ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა.
"კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს..."
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
ბაზიერი ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურეა.
"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...
მარიკა კახაძე - ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი - იმ თაობის წარმომადგენელი გახლავთ, რომელიც ბარიკადებზე იდგა... მინდა, მის შესახებ გიამბოთ.
ალექს კიკვიძისთვის, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია.
43 წლის სოფო კვაშილავა 11 შვილის დედაა. ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად და მოხდენილად გამოიყურება.
თელავის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზოში ხარობს თითქმის საუკუნე-ნახევრის ვაზი, რომელიც კარგა ხანია, მასპინძლის საოჯახო მარნის სავიზიტო ბარათად იქცა.
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.