"დე, არ გეტკინა? ესე იგი აღარ მოკვდები?" - მარი ბურდულის გზა სიცოცხლისკენ სიკვდილის გავლით...
font-large font-small
"დე, არ გეტკინა? ესე იგი აღარ მოკვდები?" - მარი ბურდულის გზა სიცოცხლისკენ სიკვდილის გავლით...
"დასასრული რა პრობლემაა, როცა სიკვდილი უკვე მოშინაურებული ცხოველია და აღარ გაშინებს..."

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავისი თანამშრომლის, სამი შვილის დედის, მარი ბურდულის გარდაცვალების შესახებ ამცნო საზოგადოებას. მას უამრავი ადამიანი იცნობდა - მარი საკუთარ მძიმე ამბავზე რამდენიმე თვის წინ საკმაოდ გულახდილად და თავისუფლად წერდა.

"მარი ბურდულის გარდაცვალება უდიდესია დანაკლისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ჩვენს გუნდს გამოაკლდა საუკეთესო პროფესიონალი და სანდო პარტნიორი;
მეგობარი და განსაკუთრებულად თბილი, გულისხმიერი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად.
მარი ბურდული წლების მანძილზე და, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ბოლომდე ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს და განსაკუთრებულად დიდი
წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის განვითარებაში.

მარის გარდაცვალება ჩვენთვის არის ტკივილი, რომელიც არასდროს გაივლის.
მარი იყო ძალიან ძლიერი პიროვნება, რომელმაც, მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, წარმოუდგენლად ბევრი იბრძოლა", - ვკითხულობთ "ილიაუნის" წერილში:

გიზიარებთ მის ჩანაწერს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის იმედისა და ძალის მომცემი იქნება:

"ჩემი თანატოსი
ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ ამბავზე ადრე თუ გვიან რამეს დავწერდი, მაგრამ
მინდოდა გამარჯვების ისტორია დამეწერა და ამიტომ, ველოდი გამარჯვებას... მერე მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მე უკვე გავიმარჯვე, რადგან ყოველი დღე, რომელიც ჯერ კიდევ თენდება, რომელშიც არ არის ფიზიკური ტკივილი და ყოველი დღე, რომელშიც არ არის... ბევრი სენტიმენტალური რამ -უკვე გამარჯვებაა... მოკლედ, ეს იქნება ცოტა სევდიანი ამბავი, სადაც
თანამედროვე ჟანრის კანონები არ მოქმედებს, სადაც სამყაროს ყველა, ახლა უკვე საეჭვო დისკურსი ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია, ყველა სიკვდილ-სიცოცხლის ამბავივით სენტიმენტალური და ბანალური.

რატომ ვწერ?
იმიტომ, რომ სხვა ადამიანებს, რომელიც ჩემს გზას გადიან, შეიძლება რამეში დავეხმარო.
იმიტომ, რომ ჩემს თავს დავეხმრო - რადგან როცა წერ, თითქოს მშობიარობ სათქმელს, თავისუფლდები და მერე, ჭიპლარგადაჭრილზე, უფრო იოლია გვერდიდან შეხედო, ცოტა დაშორდე და ახალი რეფლექსიები გაიჩინო.
იმიტომ, რომ ადამიანებს მინდა რაღაც ვუთხრა, რაც ვერაფრით ვერ ვუთხარი სხვა გზით.
ჩემი დიაგნოზია თვალის ავთვისებიანი მელანომა, მეტასტაზირებული ღვიძლში და ძვალში, მეოთხე სტადია. უკვე დიდი ხანია ეს დასახელება არ მაშინებს და მე მოგიყვებით, როგორ მოვიშინაურე ჩემი თანატოსი...

დასაწყისი
2014 წლის ერთ მშვენიერ საღამოს ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა, რომელიც მაშინ 2 წლისაც არ იყო, თამაშისას ფეხსაცმლიანი ფეხი თვალში ძალიან მწარედ ჩამარტყა. მაშინ მივხვდი, "თვალიდან ცეცხლების გაყრა" რომ სულაც არ არის მეტაფორა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თხუთმეტ წუთში გადამავიწყდა ეს ამბავი. მეორე დღეს, სამსახურში, მოულოდნელად, ერთ წამში მარცხენა თვალში ჩამობნელდა, თითქოს წარმოდგენა დამთავრდა და შავი ფარდა ჩამოუშვეს - ვეღარ ვხედავდი. დაუყოვნებლივ წავედი ექიმთან, რომელმაც თვალში ჩამხედა და ძალიან შეფიქრიანებულმა მითხრა - ბადურა გაქვს ჩამოშლილიო. სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაიკეთო ბადურის აღდგენისო, მირჩია კიდეც, საოპერაციოდ თურქეთში წავსულიყავი. რა თქმა უნდა, არ იყო კარგი ამბავი და, რა თქმა უნდა, სხვა ექიმების აზრის მოსმენაც მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე მეორე დღეს კარგი რეპუტაციის ყველა ოფთალმოლოგთან ჩამომევლო. იმ საღამოს, ექიმისგან გამოსული, უკვე მივხვდი, რომ რაღაც ახალი გამოცდილების წინაშე ვიდექი - ცალი თვალით სამყაროს აღქმის უცნაური გამოცდილების წინაშე. ასევე, შევიძინე სრულიად ახალი შიში, რომელიც იქამდე არასდროს მქონია - სიბრმავის შიში.

წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ასე, ერთ წამში შეიძლება დაბრმავდე. "დაბრმავდე" ნიშნავს - შეწყვიტო კავშირი სამყაროსთან, ვეღარ დაინახო შვილები, მზე... (აი, ხომ ვამბობ სენტიმენტალური და ბანალური ამბავია-მეთქი)... მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმს ასჯერ დავადასტურებინე, რომ მეორე თვალი სრულიად ჯანმრთელი მქონდა, იმ ღამეს მაინც არ მძინებია - მუდმივად ვამოწმებდი მარჯვენა თვალის მხედველობას და მეგონა, რომ იქაც რაღაც კარგად არ იყო, რადგან სხვანაირად ვხედავდი. რა თქმა უნდა, ერთი თვალით სხვანაირია სამყარო, სანამ ტვინი ისწავლის ერთი თვალით მიღებული ინფორმაციის ისე ასახვას, რომ ის (სამყარო) ისეთივე მშვენიერი იყოს, როგორც ბინოკულარული მხედველობისას.
მეორე დღეს, დილაადრიან წავედი ერთ-ერთ ცნობილ ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. ამ დროს ჯერ კიდევ ძალიან "შენახული" და საღი ვარ, ფსიქიკისა და გამკლავების მექანიზმების თვალსაზრისით და ამიტომ, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე ოპერაციას გავიკეთებ და ისევ ორივე თვალით დავინახავ.

ექიმი, რომელიც ჩემს მარცხენა თვალს სპეციალური აპარატით ჩასცქერის, ცოტა ხანში კოლეგებს უხმობს და ძალიან მოზომილი და მწირი ვერბალური გამოხმაურებებით იფარგლება. მე რატომღაც, ძალიან კარგად ვერკვევი უთქმელ რაღაცეებში. შეიძლება ემოციური ინტელექტის გამო, ან იმის გამო, რომ პროფესიიდან გამომდინარე სხეულის ენაზე ერთი-ორი წიგნი წამიკითხავს, ძალიან კარგად მივხვდი, რომ ჩემი ექიმები იყვნენ შეშფოთებული, ცოტა გაოცებული და რაღაცას მალავდნენ. თვალზე სხვადასხვა კვლევის ჩატარების შემდეგ, მთხოვეს ოთახი დამეტოვებინა - კონსულტაციებს გაივლიდნენ ერთმანეთთან და მერე მეტყოდნენ რა მჭირდა. დეტალები კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როცა ოთახში შევედი და დაჟინებით ვთხოვე ყველაფერი ეთქვა, მან მიპასუხა, რომ ჯერ არ იცოდა ზუსტი დიაგნოზი და დიაგნოზის დიფერენციაციისათვის სჭირდებოდა სხვადასხვა კვლევა. ამ კვლევების შემდეგ შეეძლებოდა ზუსტი პასუხი. მე კვლევების ჩამონათვალს ჩავხედე - თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა, მუცლის ღრუს კომპიუტერული კვლევა, ფილტვების რენტგენი და ა.შ.

...მივხვდი, ყველაფერს მივხვდი - იქამდე არც კი გამეგო, თვალის პრობლემიდან თუ შეიძლება დაწყებულიყო ეჭვი კიბოზე, მაგრამ ფაქტია, ამ კვლევებით ეძებდნენ კიბოს უჯრედებს ჩემს სხეულში. მაგრამ ხომ გახსოვთ, მე ამ დროისთვის ძალიან საღი და "შენახული" ვარ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ მე კიბო არ მაქვს, რომ გავიკეთებ ოპერაციას და ისევ ორივე თვალით დავინახავ.
აი, ხომ ვამბობდი, ჩავიტარე ყველა გამოკვლევა, და არსად, არც მუცლის ღრუში, არც ფილტვებში, არც თავის ტვინში არც ერთი საეჭვო უჯრედი არ აღმოჩნდა. მხოლოდ მარცხენა თვალის არეში დადგინდა, რომ იყო სავარაუდოდ სისხლჩაქცევა, ამიტომ 6 თვის შემდეგ დამიბარა თავის ტვინის "მკვლევარმა" ექიმმა, რომ დავრწმუნდეთ, ჰემატომამ თუ გაიწოვაო. მოკლედ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, დავცინი თვალის ექიმებს, რომლებმაც, ღმერთო ჩემო, ეს რა "მოიგონეს" და ასე შემდეგ... ახლა მხოლოდ მარცხენა თვალის სიბრმავეს უნდა ვუშველო. ამისთვის, ახალ ოფთალმოლოგთან მივდივარ. ახალი ოფთალმოლოგიც ჯიუტად დუმს, ისევ ვამჩნევ, რომ რაღაც ძალიან უსიამოვნოზე ფიქრობს და არ ამბობს. ცოტა ხანში მანაც მთხოვა ოთახი დავტოვო და თავად დამიძახებს. ეს უკვე მაშფოთებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს იყო პირველი ექიმი, რომელმაც ღიად მითხრა, რომ 99 %-იანი სიზუსტით შეუძლია თქვას, რომ მარცხენა თვალში მაქვს ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის სახელია მელანომა, და, რომ მოსალოცად მაქვს საქმე, რადგან "სხვაგან არაფერი არ არის" და მეორე თვალიც სრულიად ჯანმრთელია. მას შემდეგ კიდევ სამმა ოფთალმოლოგმა დაადასტურა ჩემი დიაგნოზი.

გამოსავალი იყო ყველაზე რთულად წარმოსადგენი, კარგად არ ვიცი, რომელი ზმნა შეესაბამება ამ ოპერაციას - თვალის "ამოჭრა", "ამოღება", "ამოკვეთა" თუ რა, მაგრამ სამედიცინო ენაზე მას ენუკლიაცია ქვია და მეც ასე მოვიხსენიებ, უფრო ცივილურად და ნაკლებ ბრუტალურად ჟღერს. გადაწყდა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს მარცხენა თვალის ენუკლიაცია, სიმსივნე იმხელაა, სხვა მეთოდებით - დასხივებით და ა.შ. მისი მკურნალობა არ განიხილება. თვალს ამომაჭრიან, ის რაც მის ადგილას რჩება, ალბათ ძალიან გავს გამოქვაბულს, მაგრამ მპირდებიან, თურმე თანამედროვე მედიცინას ამ "გამოქვაბულის" ამოვსების ათასგვარი მეთოდი სცოდნია - იმპლანტები, ფირფიტები, ხელოვნური, მაგრამ ბუნებრივთან ძალიან მიმსგავსებული კერამიკის თუ პლასტიკის თვალები.... ჯერ კარგად ვერ ვაცნობიერებ რა უნდა გავიარო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ შოკის მდგომარეობაში ვარ. კიდევ ერთი თვისება მაქვს, რომელიც არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში მეხმარება ხოლმე - ძალიან ადაპტური ვარ, უცებ ვერგები ახალ მოცემულობებს და ვახდენ მათ შთანთქმას, ჰოდა ეს ახალი ამბავიც დაახლოებით ერთ დღეში "შევჭამე" და ძალიან სწრაფად მომინდა ენუკლიაციის გაკეთება, მინდოდა სწრაფად მომეშორებინა ჩემი სხეულისთვის კიბო.

თავიდან გარკვეული აჟიტაცია მაქვს, ადრენალინი გამოიყოფა, ძალების მოზღვავებას ვგრძნობ და ბრძოლის სურვილს. მერე თვითირონია მერთვება, წარმოვიდგენ "ცალთვალა" ჩემს თავს და მეცინება, კიდევ კარგი, შემიძლია ამაზე ვიცინო. მე და ჩემი ქმარი ვხუმრობთ - " რამეთუ თვალმან შენმან გიღალატოს, ამოიღე და განაგდე იგი", ასე პირდაპირი გაგებით რანაირად "მოიწიეო". ვხვდები, როგორ დიდდება ჩემში სიცოცხლის სიყვარული, და თუმცა 2 დღის წინ ბადურის ჩამოშლასთან შეგუებაზეც არ ვიყავი ყაბულს და ორი მხედველი თვალი მინდოდა, ახლა თანახმა ვარ არა მარტო მხედველობა, არამედ ერთი თვალი ხარკივით გადავუგდო სიკვდილს, რომელიც რატომღაც და მოულოდნელად გამომედო ფეხებში ამ ჩემს ბედნიერ ცხოვრებაში, გადავუგდო და ფეხი ვკრა, დავივიწყო, ოღონდ სიცოცხლე გავარძელო.
იმ დღეებში სულ ჩიტი და მელიას ზღაპარი მახსენდება და მე მგონი, პირველად "ვაპატიე" ჩიორას გადაყრილი ბარტყები...ზუსტად იგივე განცდა მაქვს, რომ ვიღაც მომადგა, ბარტყი მომთხოვა და მე გადავუგდე... გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მოწყდებოდა ლავა, ჩაიტანდა 20-30 კაცს ერთად, ცხედრების გამომტანიც არავინ იყო..."
2011 წელს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა ქართველმა ქალმა, ეკატერინე სიხარულიძემ შრომითი მიგრანტობა გადაწყვეტა.
"მინდა, გაზეთის საშუალებით ნათიას მივმართო: შვილო, შეიძლება გული გეტკინოს, ასე საჯაროდ რომ ვყვები ყველაფერს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვე... "
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეორე ვაჟი თომა გაქრისტიანდა
ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იაპონელ ქმარში გაუმართლა
რატომ სცადა გერმანიაში ქართველმა ქალმა პედოფილების ბარის გადაწვა
როგორ მოხვდა არსენ ფოჩხუას ქართულორნამენტიანი ლარნაკი თეთრ სახლში
როცა ადამიანების პირადი მონაცემების უსაფრთხოება საეჭვოა და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუკზე" რეგისტრაციისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, სოციალურ ქსელში ბავშვებიც რეგისტრირდებიან, ზოგჯერ მათ თავად მშობლები არეგისტრირებენ... თუ რატომ ხდება ასე, ამის შესახებ აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მათი შვილების მაგალითის და პირადი გამოცდილების საფუძველზე ვკითხეთ...
ვისგან ისწავლა მომღერალმა კულინარობა
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
0 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
2 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.