25 საოჯახო მარანი და ბაღდათელი მეღვინეების მიერ აღორძინებული გამქრალი ვაზის ჯიშები
font-large font-small
25 საოჯახო მარანი და ბაღდათელი მეღვინეების მიერ აღორძინებული გამქრალი ვაზის ჯიშები
საქართველოში დღით დღე იზრდება ინტერესი საოჯახო მარნების მიმართ. მათი სიმრავლით, ერთ-ერთი გამორჩეული რაიონი ბაღდათია.
გოჩა ხორავა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი:
- როდესაც ოთხი წლის წინ ტურიზმის განყოფილების უფროსად დავინიშნე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა პირადად დამავალა, მუნიციპალიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე მეზრუნა, რადგან ბაღდათი ისტორიულად, მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ მძლავრ კერას წარმოადგენდა, სადაც ოდითგანვე ხარობდა ვაზის არაერთი უნიკალური ჯიში...
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება უპირველესად საოჯახო მარნების დაარსებითა და პოპულარიზაციით უნდა მომხდარიყო... ევროპაში მიღებული წესია, ყველაზე საპატიო სტუმარს საოჯახო მარანში ეპატიჟებიან. ერთგვარი იმიჯიცაა, როდესაც გაქვს საკუთარი ვენახი, რომელსაც მხოლოდ ბიოპრეპარატებით უვლი და ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებ, მონაწილეობ ფესტივალებში, მასპინძლობ უცხოელ სტუმარს და ხედავ, კმაყოფილი მიდის შენგან...
დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტი მართლაც გამოირჩევა საოჯახო მარნების სიმრავლით. უკვე 25 მარანი ფუნქციონირებს. ტურისტების მხრიდან ინტერესიც დიდია. ზოგჯერ საოჯახო მარნებში ვიზიტორთა მოხვედრაც რთულია. ყოფილა შემთხვევა, ტურისტები ვერ მიუღიათ.
GzaPress
პირველი საოჯახო მარნები
- იმერეთში მევენახეობა-მეღვინეობით ოდითგანვე განთქმული იყო რამდენიმე სოფელი. ერთ-ერთია ობჩა. განსაკუთრებით ცნობილია ობჩური ცოლიკოური, რომელიც ივანე ჯავახიშვილსაც აქვს მოხსენიებული "საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში". მას ობჩურასაც კი ეძახიან. პირველად, სოფელ ობჩაში, აბულაძეების ოჯახში მივედი - მათ საუკეთესო ზვრები აქვთ. შევთავაზე, გაეხსნათ საოჯახო მარანი, დაეწყოთ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და ტურისტებიც მიეღოთ. ოჯახის უფროსი ქალიშვილები - ბაია და მისი და სტუდენტები იყვნენ, მესამე შვილიც მალე ამთავრებდა - უარი მითხრეს, ჩვენი შემოსავალი შვილების განათლებას სჭირდება და მატერიალურად ვერ შევძლებთო. მალე ბაიამ სახელმწიფო გრანტი მიიღო და მარნის გამართვა შეძლო. დღეს ის ერთ-ერთი ცნობილი მეღვინეა საქართველოში. თითქმის ღვინის ყველა ფესტივალსა და ბაზრობაში მონაწილეობს და უამრავ ტურისტს მასპინძლობს. შარშან, წლის ფერმერადაც დაასახელეს. ერთ-ერთი პირველი მეღვინე, რომელმაც ამ საქმიანობას მიჰყო ხელი, გაიოზ სოფრომაძე გახლდათ. პირველმა მან ჩამოასხა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინო ბოთლში, მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ ღვინის არაერთ ფესტივალში...
ღვინის ტურიზმი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველწლიურად, ვმონაწილეობთ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ტურისტულ ბაზრობებში. მერის გადაწყვეტილებით, ღვინის ბაზრობაზე ყოველთვის მიგვყავს ერთ-ერთი მეღვინე. შარშან კიევის ტურისტულ ბაზრობაზე, გაიოზ სოფრომაძე გვყავდა წაყვანილი. წარადგინა ბაღდათის საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინო და პოპულარობა მოიპოვა. ჩვენი მუნიციპალიტეტით ბევრი ტურისტი დაინტერესდა.
კიდევ ერთი "პიონერი" მეღვინე გახლავთ ზურაბ ღვალაძე, რომელმაც სოფელ ობჩაში თავიდანვე საოჯახო მარანი გახსნა და დიდი წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაში.

კუნძა ბოთლში, რომელსაც ერთადერთი მეღვინე აწარმოებს
- გვყავს კიდევ ერთი ახალგაზრდა მეღვინე - მირიან იოსებაშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ დარგის განვითარებაში. სწორედ ბაიამ და მირიანმა მისცეს ბევრ ადამიანს სტიმული, გაეხსნათ საოჯახო მარნები და დაეწყოთ ტრადიციული მეთოდით იმერეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებით საოჯახო ღვინის წარმოება. უნიკალური ტრადიციული ჯიშებიდან აღსანიშნავია: ციცქა, ცოლიკოური, კუნძა, ალადასტური, კრახუნა, დონდღლაბი, ოცხანური საფერე, მგალობლიშვილი, ძელშავი... დღეს გავრცელებული ტრადიციული იმერული ჯიშების გარდა, იმერეთში განთქმული ყოფილა ისეთი ვაზის ჯიშები, როგორიცაა დონდღლაბი და კუნძა. ეს ჯიშები დღეს ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. მირიან იოსებაშვილის ოჯახმა ააღორძინა კუნძას ვაზის ჯიში. ერთადერთი მეღვინეა საქართველოში, რომელმაც კუნძა ბოთლში ჩამოასხა. ცნობილია მისი კრახუნაც, რომელმაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა, საქართველოში გამართულ ღვინის ფესტივალებზე.

ჭიგოზე გაშენებული ოცხანური საფერე
- ობჩაში გვყავს ცნობილი მეღვინე, მამუკა ჩხეიძე. მამამისი, სიმონ ჩხეიძეც ცნობილი მეღვინე გახლდათ. მამუკა 10 წლის წინ დაბრუნდა თბილისიდან მშობლიურ ბაღდათში და საოჯახო მარანი გამართა. სწორედ მისი დამსახურებაა, კიდევ ერთი მივიწყებული და გამქრალი ჯიშის - ოცხანური საფერეს აღორძინება. მამუკას 8000 ძირი ოცხანური საფერე აქვს, რომელიც ძველი ტრადიციული მეთოდით - ჭიგოზე აქვს გაშენებული. მერის ინიციატივითა და თანადგომით, შეიქმნა საოჯახო მარნების გილდია, რომელსაც ხელმძღვანელობს მამუკა ჩხეიძე. გილდიის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის შემოდგომის მესამე შაბათს, ტარდება საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის ფესტივალი. ჩვენი მეღვინეების უმეტესობა ღვინოს ქვევრში აყენებს. შარშან, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, პომპეზურად გაიხსნა ღვინის ცივილიზაციის მუზეუმი, სადაც ქართული ქვევრი დადგეს. საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ამჟამად ბორდოს მერთან, ალან ჟუპესთან ერთად გახსნეს ღვინის მუზეუმი. პირველი მიწვეული და მასპინძელი ქვეყანა გახლდათ სწორედ საქართველო. ამან უდიდესი პოპულარობა მოუპოვა ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასა და ქართულ ღვინოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ოცხანურმა საფერემ ღვინის მსოფლიო ფესტივალზე პლატინის მედალი აიღო, ეს უმაღლესი ჯილდოა, მეღვინეობაში.

საოჯახო მარნები ახალი იმიჯით
GzaPressერთი თვის წინ, სოფელ დიმში გაიხსნა ბადრი აბესაძის მარანი. ბატონი ბადრი წლების მანძილზე ესპანეთში ცხოვრობდა, ესპანურ მევენახეობასა და საოჯახო მარნების ტრადიციებსაც გაეცნო, ადგილობრივ ტრადიციებს შეუსაბამა და მარანი გახსნა. ახალი მარანი ესპანელ ტურისტებსაც დააინტერესებს.
სულ მალე კიდევ ერთი საოჯახო მარანი - "შატო ფერსათი" გაიხსნება. მარნის მეპატრონე გახლავთ ვახტანგ ჩიხლაძე, რომელიც წლების მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა. ბატონი ვახტანგი კარგად ფლობს ფრანგულ ენას და ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. "შატო ფერსათი" არა მარტო იმერეთში, საქართველოშიც ერთ-ერთი საუკეთესო საოჯახო მარანი იქნება.
სხვათა შორის, ერთი თვის წინ ვუმასპინძლეთ ფრანგ ღვინის მაძიებელთა - ღვინის მკვლევართა ჯგუფს. მარნების უმრავლესობა მოინახულეს, საფუძვლიანად გამოიკვლიეს და ბევრი სასარგებლო რჩევა მოგვცეს.

რამ გამოიწვია უნიკალური იმერული ვაზის ჯიშების გაქრობა
- უნიკალური იმერული ვაზის ჯიშების უმეტესობა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გაქრა, რადგან მათ აინტერესებდათ არა ხარისხი, არამედ რაოდენობა. 85 იმერული ვაზის ჯიშიდან რამდენიმე შემორჩა და თავიდან გვიხდება გამქრალი და მივიწყებული ჯიშების აღორძინება. მარნები მხოლოდ ცოლიკოურსა და ციცქას იბარებდნენ, რადგან ეს ჯიშები უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. გლეხიც იძულებული გახდა, მხოლოდ ციცქა და ცოლიკოური გაეშენებინა. ბუნებრივია, ეს ფაქტი უარყოფითად აისახა ქართულ მეღვინეობაზე. XIX საუკუნეში საქართველოში ამერიკიდან შემოიტანეს ვაზის ცნობილი ჯიში - იზაბელა, იგივე ადესა, რომელსაც შემოჰყვა ფილოქსერა. იმ პერიოდშიც ბევრი უნიკალური ჯიში დავკარგეთ, ვიდრე გამქრალი ვაზის ჯიშების მწარეზე დამყნობა და ხელახლა აღორძინება არ დაიწყო.
იმერული ღვინის დაყენების წესი
- კახური ღვინის დაყენების პროცესი ხდება ჭაჭითა და კლერტით. იმერეთში კი ღვინოს კლერტის გარეშე აყენებენ, მხოლოდ მცირე რაოდენობის ჭაჭასთან ერთად. კახეთში კლერტი ასწრებს დამწიფებას, ყურძნის მოკრეფის დროს უკვე გამხმარია, იმერეთში ყურძნის კრეფის დროს კლერტი უმწიფარია და მეშვიდე, მეცხრე დღიდან ღვინის გემოზე აისახება და არასასიამოვნო არომატს აძლევს. თვე-ნახევარი, ორი თვის მანძილზე ღვინო უნდა დადუღდეს მცირე რაოდენობით ჭაჭასთან ერთად. რადგან იმერეთში ძალიან მცირე რაოდენობით ამატებენ ჭაჭას ყურძნის წვენს და დიდხანს არ აყოვნებენ ღვინოში ჭაჭას, იმერული ღვინო ძალიან ახლოს დგას ევროპულ ღვინოსთან და ევროპელ სტუმრებს ძალიან მოსწონთ.
კახური ყურძენი მაღალი შაქრიანობით გამოირჩევა. შეიძლება წყლის მეშვეობით მოხდეს შაქრიანობისა და შესაბამისად - ალკოჰოლის დარეგულირება. იმერეთში ასეთი ტრადიცია არასოდეს ყოფილა. იმერელ გლეხს, ძველად ყოველთვის ჰქონდა შედარებით დაბალი შაქრიანობის ყურძენი - დონდღლაბი, კუნძა... და მათი მეშვეობით ახდენდა შაქრიანობის რეგულირებას.

ბერლინის ტურისტული ბაზრობა
- წელს მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და რამდენიმე მეღვინესთან ერთად გახლდით ბერლინის ტურისტულ ბაზრობაზე. 185 ქვეყანა მონაწილეობდა. ბაზრობაზე საკმაოდ ფართოდ გვქონდა წარმოდგენილი ჩვენი მუნიციპალიტეტის მარნების პროდუქცია. არ მოველოდით, იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენი პროდუქციით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. სხვათა შორის, თვითონ მოვიდნენ ჩვენს კედელთან. ქართული ღვინის ისტორია და ღვინოსთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ფაქტი ვუამბეთ. გვითხრეს - მსოფლიოში დღითი დღე იზრდება ქართული ღვინის პოპულარობაო და სურვილი გამოთქვეს ეწვიონ ბაღდათის მუნიციპალიტეტს.

სტუმრად რაჭველ მეღვინეებთან
რამდენიმე თვის წინ, ტურისტულმა კომპანიამ "ღეაცჰ Pოინტ Gეორგია" ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფოტური მოაწყო. ჩვენი საოჯახო მარნების შესახებ არა მხოლოდ თავიანთ საიტზე ატვირთეს ინფორმაცია, ყველა დაინტერესებულ ტურისტულ სააგენტოსაც გადაუგზავნეს. სწორედ ამ ტურისტულმა კომპანიამ დაგვაკავშირა რაჭველ მეღვინეებთან. მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ ტრანსპორტი გამოგვიყო და ბაღდათელი მეღვინეებისთვის მოეწყო ინფოტური რაჭაში. მეღვინეებმა მოინახულეს რაჭაში არსებული საოჯახო მარნები, გაეცნენ ღვინის წარმოების ადგილობრივ მეთოდებს, მოხდა ინფორმაციების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, ღვინის დეგუსტაცია. უახლოეს ხანებში ველოდებით რაჭველი მეღვინეების საპასუხო ვიზიტს. გვინდა, ასეთივე ინფოტური მოვაწყოთ კახეთშიც, რათა უკეთ გავიცნოთ კახეთის მეღვინეობა და დავუმეგობრდეთ კახელ მეღვინეებს, გავიზიაროთ მათი გამოცდილებები. მოგეხსენებათ, კახეთი მეღვინეობის პირველი ცენტრია და მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ძალზე მნიშვნელოვანია.

ღვინის მსოფლიო მაგისტრი - ლიზა გრანიკი, ბაღდათის საოჯახო მარნებში
- რამდენიმე თვის წინ, სტუმრად გვყავდა მსოფლიოში განთქმული ღვინის ამერიკელი მაგისტრი ლიზა გრანიკი. ის გაეცნო იმერული ვაზის ჯიშებს და საოჯახო მარნების უმეტესობა მოინახულა. ღვინის დეგუსტაციის დროს გვაძლევდა რჩევებს, რა კრიტერიუმები უნდა გავაუმჯობესოთ იმისათვის, რომ ჩვენი მარნების ღვინო ევროპულ ბაზარზე მოხვდეს. ქალბატონი ლიზა ფიქრობს, რომ საქართველოს აქვს შანსი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკაზე ისტორიული და ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი რეგიონის ადგილი დაიკავოს.
შორენა მერკვილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი - ანა ქურთუბაძე შემოქმედებით სიახლეებზე, უახლოეს გეგმებზე, მოგზაურობასა და კულინარიაზე გვესაუბრება.
მაკა ჩხეიძის საიუველირო ნაკეთობებს აღტაცებაში მოჰყავს ყველა, განსაკუთრებით - ქალბატონები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი "რესპუბლიკის" სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ" კანონს ამკაცრებს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.