სად და როგორ დავისვენოთ იაფად?
font-large font-small
სად და როგორ დავისვენოთ იაფად?
ზაფხულის ცხელი სეზონი ახლოვდება და სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - სად გავატაროთ შვებულების დღეები და როგორ დავისვენოთ იაფად? ცხადია, ამის შესახებ ყველაზე ზუსტ და სასარგებლო რჩევებს ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები მოგვაწვდიან:

თინათინ გოგუაძე, ტურისტული კომპანიის დირექტორი:
- იაფ და სასიამოვნო დასვენებაზე ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს. თუ ამაზე თქვენც ფიქრობთ, დასვენების დღეები წინასწარ უნდა დაგეგმოთ, თადარიგიც წინასწარ უნდა დაიჭიროთ და საგზურის შეძენაზე სულ ცოტა, 4-5 თვით ადრე იზრუნოთ. ევროპელები სწორედ ასე იქცევიან, რადგან წინასწარი დაჯავშნა გაცილებით შეღავათიანია. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი კურორტია, სადაც დასვენება შედარებით იაფი ჯდება. პირველ რიგში საირმეს დავასახელებდი: ამ ულამაზეს კურორტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ სრული ტურისტული პაკეტი. იქ ყველა ასაკის დამსვენებელს შეუძლია დრო სასიამოვნოდ გაატაროს - საირმეში ბავშვებისთვისაც არის გასართობი ადგილები და ახალგაზრდებისთვისაც. იქვეა უნიკალური სამკურნალო წყალი და ვინც მკურნალობას საჭიროებს, საირმე მისთვის ნამდვილი აღმოჩენად იქცევა.
ქართულ საოჯახო სასტუმროებში ოთახების ფასი ხშირად დამსვენებელთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ სასურველია, რამდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბოს, შედარებით იაფად რომ დაისვენონ.
შავიზღვისპირეთში ძალიან ბევრი დაბალბიუჯეტიანი სასტუმროა, რომელიც ისეთ ხალხს ემსახურება, ვისაც იაფი დასვენება სურს. თუ ზღვა გიყვართ, სულაც არ არის აუცილებელი, ბათუმის ცენტრში დაბინავდეთ, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, არსებობს სხვა ვარიანტებიც: ვიცი ოჯახები, რომლებიც გურიაში, ოზურგეთში ჩადიან, რადგან იქ ბინის შოვნა იაფად შეიძლება, მერე კი მანქანით მიდიან ზღვაზე. სხვათა შორის, ოზურგეთიდან ყოველ დილით გადის იაფი მატარებელი, რომლითაც ბათუმში ან ქობულეთში ჩადიან და საღამოს მატარებლით ისევ უკან ბრუნდებიან. გურიაში დასვენება ისედაც კარგია, იქაურობა ძალიან ლამაზია, ჰაერიც სუფთაა და ვისაც ავტომობილი ჰყავს, დაახლოებით 20 წუთი სჭირდება ქობულეთამდე ან ურეკამდე ჩასასვლელად. ალბათ, ცალკე უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ზაფხულში თბილისიდან ვერ გადიან და რელაქსაცია სურთ: შეუძლიათ თბილისის ახლომახლო მდებარე კურორტებს ესტუმრონ. ამ მხრივ საკმაოდ მოსახერხებელია კოჯორი, გუდაური, ანანური, ყაზბეგი და ფასანაური. ბუნებრივია, იაფი დასვენება არ გამოუვა იმას, ვისაც სრული კომფორტი მოსწონს. სამაგიეროდ, იაფი დასვენება ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სათავგადასავლო ტურიზმი ხიბლავს. ასეთები მცირე ბიუჯეტითაც კარგად "გამოძვრებიან" ხოლმე.
ნატა კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი:
GzaPress- ზაფხულობით საქართველოს ყველა რეგიონი დატვირთულია, ხალხი არც მთას აკლია და არც - ზღვას. რა თქმა უნდა, იაფი დასვენების მსურველებმა საოჯახო სასტუმროებს უნდა მიმართონ. იქ დასვენება გაცილებით იაფია, ვიდრე მაღალი კლასის სასტუმროებში. თუ დიდ კურორტებს ვერ ეწვევით, საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილია, სადაც შეძლებთ მშვიდად შვებულების გატარებას: კოჯორი, ბაკურიანი, წაღვერი, საირმე... - ყველგან არის საოჯახო ტიპის სასტუმროები, სადაც ფასიც ნორმალურია. რა თქმა უნდა, მაღალი კლასის სასტუმროებსაც ჰყავს თავისი მომხმარებელი. მათ შორის ბევრია ქართველი, ვისაც სრული კომფორტი სურს. სხვათა შორის, უცხოელებს ძალიან მოსწონთ სოფლის საოჯახო სასტუმროები, განსაკუთრებით სვანეთში, სადაც ხელშეუხებელი ბუნებაა. კარგი იქნება, მათ ქართველებიც თუ მივბაძავთ - ამით ტურიზმი ქვეყანაში კიდევ უფრო განვითარდება და სოფელში მცხოვრებ ოჯახებსაც დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ. ორიოდე სიტყვით მათ შევეხები, ვისაც საზღვარგარეთ დასვენება აქვს გადაწყვეტილი: უმჯობესია, ჩარტერული რეისით წახვიდეთ, ამით თქვენს ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. ასევე კარგია, როდესაც ტურის ღირებულება მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე კვების ფასს - ასეთი მოგზაურობა გაცილებით იაფი ჯდება. დღეს ქართველ ტურისტებში ყველაზე პოპულარული თურქეთი, ეგვიპტე და საბერძნეთია, ამ ქვეყნებს შორის კი, ყველაზე იაფი დასვენება თურქეთშია, რადგან ეს ქვეყანა ჩვენს მეზობლად მდებარეობს და ტრანსპორტირებაც იაფი ჯდება.
სიმონ ჭელიძე, უშგულის მკვიდრი, საოჯახო სასტუმროს მფლობელი:
- ყველამ იცის, რომ ბოლო წლებში სვანეთი ძალზე პოპულარულია ტურისტებისთვის. ბევრი სტუმარი გვყავს როგორც დასავლეთ, ასევე - აღმოსავლეთ ევროპიდან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და ჩინეთიდან. რა თქმა უნდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც გვსტუმრობენ. მათი უმრავლესობა მესტიაში ბინავდება, არადა, მესტიის სასტუმროები ყოველთვის დაკავებულია. უშგულში რომ პირობები გვქონდეს, სტუმრებს უფრო იაფადაც მოვემსახურებოდით და ადგილობრივ მოსახლეობასაც მეტი შემოსავალი ექნებოდა. უკვე რა ხანია ვამბობთ, რომ უშგულში წყალი არ არის - ეს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. ტურისტები ამის გამო ხშირად გვსაყვედურობენ და ბევრი ოჯახი სტუმრებს ვეღარ იღებს. არადა, უშგულს ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს, ვინც მესტიაში მოდის, მერე კი აუცილებლად უშგულს სტუმრობს, ამ უნიკალური ადგილის სანახავად. უწყლობა ხელს უშლის ტურისტების შემოსვლას უშგულში და ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. თუ გვინდა, რომ სვანეთში და საერთოდ, ქართულ სოფლებში ტურიზმი განვითარდეს და ხალხმა იაფად დაისვენოს, ასეთი ელემენტარული საკითხები მაინც უნდა მოვაგვაროთ.
რუსუდან ჯაფარიძე, საქართველოს გიდების ასიციაციის წევრი:
- როგორ დავისვენოთ იაფად? პირველ რიგში რამდენიმე თვით ადრე უნდა დავიწყოთ ზრუნვა და ჩვენთვის სასურველ კურორტზე ადგილები ერთი კვირით ადრე კი არა, წინასწარ უნდა დავჯავშნოთ. აქსიომაა ისიც, რომ დაბინავება ცენტრალურ რაიონებში უფრო ძვირია, ვიდრე ახლომახლო სოფლებში: მაგალითად, ჩაქვში ან მახინჯაურში ოთახს უფრო შეღავათიან ფასად იქირავებთ, ჰაერიც კარგია და ყველა ტიპის ნომრის დაქირავებაც შეიძლება. ბათუმთან და ქობულეთთან შედარებით იაფია დასვენება ურეკში, შეკვეთილში, გრიგოლეთში... თუ ზღვაზე წასვლას ვერ ახერხებთ, იაფი დასვენება შეიძლება წყალტუბოშიც, სადაც საკმაოდ კარგი საოჯახო სასტუმროებია. ძალიან იაფი ჯდება საქართველოს ულამაზეს მხარეში - რაჭაში დასვენებაც. რაც შეეხება სვანეთს, იქ მესტიის ახლომახლო სოფლებში შედარებით იაფ ბინასაც იპოვით. ტურისტული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მხარეა გურია, მაგრამ ინფრასტრუქტურა იქ ძალზე მოიკოჭლებს. იაფად და კარგად დაისვენებთ ბახმაროში, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რომ სრულყოფილი კომფორტი არ დაგხვდებათ. თბილისის ახლომდებარე ადგილებს შორის კი, კოჯორსა და არაგვისპირს გამოვყოფდი - ამ ადგილებში უიკენდის გატარება შედარებით იაფია. ვისაც უცხოეთში დასვენება სურს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან უფრო იაფი დაუჯდება. ბევრმა ქართველმა ტურისტმა არ იცის, რომ საკმაოდ იაფი და საინტერესოა სომხეთის ტური, კერძოდ, სევანის ტბა და ისტორიული ადგილები, რომელიც ამ ქვეყანაში ბლომადაა. სხვათა შორის, უიკენდის გატარება ბაქოშიც ღირს: თუ ამ ზაფხულს თბილისში რჩებით და გინდათ, ერთფეროვნებას თავი დააღწიოთ, ბაქოში საკმაოდ იაფად და კომფორტულად დაისვენებთ. ამ ქალაქში ჩასვლა მატარებლით 2 საათში შეიძლება. შეგიძლიათ, ქალაქიც დაათვალიეროთ და კასპიის ზღვის პლაჟსაც ეწვიოთ - იქ სასიამოვნო და კომფორტული გარემო დაგხვდებათ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი - ანა ქურთუბაძე შემოქმედებით სიახლეებზე, უახლოეს გეგმებზე, მოგზაურობასა და კულინარიაზე გვესაუბრება.
მაკა ჩხეიძის საიუველირო ნაკეთობებს აღტაცებაში მოჰყავს ყველა, განსაკუთრებით - ქალბატონები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი "რესპუბლიკის" სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ" კანონს ამკაცრებს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.