ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა, დაბინძურებული სამუშაო გარემო და თვითმკვლელი ადამიანები
font-large font-small
ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა, დაბინძურებული სამუშაო გარემო და თვითმკვლელი ადამიანები
მუშაობის რთული სპეციფიკისა და ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაო გარემოს გარდა, მეტროს მემანქანის პროფესიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის გახლავთ, რომ სუიციდის მცდელობისას, ადამიანები მეტროში, დიდი სისწრაფით მომავალ მატარებელს წინ უხტებიან, რაც ხშირად მემანქანისთვისაც ფატალურად სრულდება - მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას ანგრევს, ცხოვრების ჩვეული წესით გაგრძელებას ვეღარ ახერხებს... მემანქანის პროფესიის შესახებ დეტალურად 36 წლის რატი კაპანაძეს ვესაუბრეთ, რომელიცM ელექტრომატარებლის მემანქანე და ასევე, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - "ერთობა 2013"-ის თავმჯდომარე გახლავთ:


- სპეციალობით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ - 2005 წელს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. რაკი მაშინ სამსახურის შოვნა ძალზე ჭირდა, მეგობრის რჩევით, მეტროში მემანქანის კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება გადავწყვიტე. ვიფიქრე, დროებით, სანამ ჩემი სპეციალობით დავსაქმდებოდი, ვიმუშავებდი. მისაღები გამოცდები ჩავაბარე - სასწავლო კურსზე ჩავირიცხე. მემანქანის სპეციალობის დაუფლება საკმაოდ ძნელია. ამიტომ უმეტესობა ეტაპობრივად გაირიცხა. საბოლოო გამოცდები 12-მა ადამიანმა ჩავაბარეთ და მემანქანის მართვის მოწმობაც ავიღეთ.
- სასწავლო კურსის შესახებ გვიამბეთ.
- მატარებელს თავიდან ბოლომდე შევისწავლით: ელექტრული სქემებით, პნევმატური, მექანიკური მოწყობილობებით... მოკლედ, მემანქანემ თითოეული ჭანჭიკი უნდა შეისწავლოს,A ასევე - გვირაბ-ნაგებობები და სიგნალიზაცია. 3 თვე პრაქტიკულ სწავლებას გავდიოდით. დამოუკიდებელ მემანქანედ მხოლოდ მართვის მოწმობის აღების შემდეგ კი არ ყალიბდები, არამედ - რამდენიმე წლის მერე. აგიხსნით, რას ვგულისხმობ: მართვის მოწმობის აღების მერე, 20 დღე დასვენების საშუალება მოგვცეს, შემდეგ სამსახურში გამოვცხადდი, ოღონდ მეტროში მუშაობის დაწყება ყველაზე დაბალი პოზიციიდან - დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწეობიდან მომიხდა. დღესაც ასეა: მემანქანემ ყველა საფეხური უნდა გაიაროს, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო საქმე აქვს - მგზავრთა უსაფრთხოება, სიცოცხლე აბარია. ამიტომაც ძალიან რთულ ეტაპებს გადის, რომ მატარებლის მართვა ერთპიროვნულად შეძლოს... შემდეგ ხაზის მემანქანის მანევრის თანაშემწედ გადავედი, მერე კი უკვე დამოუკიდებლად მუშაობა გავაგრძელე და მგზავრთა უსაფრთხოება მომანდვეს. 12 წელია, მემანქანე ვარ.
- მემანქანის პროფესიის დაუფლებას რა პერიოდი სჭირდება?
GzaPress- ადამიანს დაახლოებით, 3 წელი მაინც სჭირდება, სრულფასოვან მემანქანედ რომ ჩამოყალიბდეს და ამ პროფესიის შესაბამისი ვალდებულება საკუთარ თავზე აიღოს.
- მემანქანის მუშაობის სპეციფიკაზე რას გვეტყვით? რა სიძნელეებთანაა ის დაკავშირებული?
- ჯერ გარემო პირობებზე ვისაუბროთ, თუ როგორი რთულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის: მემანქანეს ყოველდღე დაახლოებით, 8 საათის განმავლობაში გვირაბში, მიწის ქვეშ ყოფნა უწევს. იქ ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობაა, გვირაბში არსებული ჰაერიც საკმაოდ დაბინძურებულია. რკინის, ტყვიის მტვერი, გვირაბის მავნე ნივთიერებები მემანქანეებისა და იქ მომუშავე პერსონალის ფილტვებში ილექება, რაც ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ასევე, აღსანიშნავია, რომ მატარებლის მოძრაობისას მუდმივი ხმაურია, რასაც ჩვენ უკვე შეჩვეულები ვართ და ჩვენი მოვალეობაა, ამ ხმაურს გამუდმებით ვუსმინოთ, რადგან უცხო ხმაური არ შემოიჭრას და საჭირო ზომები მივიღოთ, რომ რამე დაზიანებული არ იყოს. ჩვენი საქმიანობა მხედველობაზეც უარყოფითად მოქმედებს: მოგეხსენებათ, 2 სადგური მიწისზედა უბანზეა. მიწისზედა უბნიდან ქვედაზე გადასვლა მხედველობისთვის ძალიან ცუდია. გამუდმებული ვიბრაცია, რყევები, მუდმივი ელექტრული ველი ჯანმრთელობას ვნებს. ადამიანების სიცოცხლის გარდა (რაც უპირველესია), ძვირად ღირებული ტექნიკა - ელექტრომატარებელი გვაბარია. არის შემთხვევები, როდესაც მატარებელი მწყობრიდან გამოდის - უშუალოდ გვირაბში ფუჭდება. ასეთ დროს მატარებელში მსხდომი მგზავრების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი მხოლოდ მემანქანეა. მან დროულად, 5 წუთის განმავლობაში მართვა უნდა აღადგინოს ან უკიდურეს შემთხვევაში, ევაკუაცია მოახდინოს და მგზავრები უსაფრთხოდ გამოიყვანოს. გვირაბში ვენტილაცია მატარებლების მოძრაობის ხარჯზე ხდება. ამიტომ ჟანგბადის დონე მკვეთრად ეცემა. ასეთ სიტუაციაში, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, შესაძლოა, ფატალურ შედეგამდეც მივიდეს. ამიტომ ყველა მემანქანე თავისი საქმის დიდი პროფესიონალია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მემანქანეს საქმისთვის თავის გართმევა გასჭირვებოდა. ამ პროფესიის ადამიანი მუდამ დაძაბულია, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყოს. ხიფათსაც უნდა გრძნობდეს, მაგალითად, ხანძრის შემთხვევა არ გამოეპაროს... ეს ყველაფერი ისეთი დამთრგუნველია, რომ ცვლაში მუშაობას როცა ვამთავრებთ, დაღლილობასა და დაძაბულობას მერეღა ვგრძნობთ, მუშაობის პროცესში ამას ვერ ვაცნობიერებთ... კიდევ ერთი სირთულე, რაც ამ პროფესიას ახლავს, ის არის, რომ ხშირად ადამიანები თავის მოკვლას მეტროში, ლიანდაგებზე ჩახტომით გადაწყვეტენ ხოლმე. რა თქმა უნდა, მემანქანე დროულად ამუხრუჭებს, მაგრამ სამუხრუჭე მანძილი ისეთი მცირეა, რომ სიმძიმის გამო, მატარებელი გაჩერებას ვერ ასწრებს. ეს ამბები პირდაპირ მემანქანეზე აისახება. ერთ ფაქტს გავიხსენებ, როცა მემანქანეს წინ მგზავრი ჩაუხტა - თავი მოიკლა. დაახლოებით, 1 თვეში მემანქანეც ინფარქტით გარდაიცვალა, რადგან მგზავრის თვითმკვლელობა ძალიან განიცადა. ჩვენი პროფესიის წარმომადგენლები საპენსიო ასაკამდე ვერ აღწევენ... ადამიანი, ვისთან ერთადაც მემანქანის პროფესიას ვეუფლებოდი (თანატოლები ვართ), წლებია, ეტლსაა მიჯაჭვული, რადგან ინსულტის შედეგად გაითიშა... ერთ-ერთი მემანქანე უბრალოდ, შვებულებაში გავიდა, მაგრამ ოც დღეში დაიღუპა (ინფარქტით). ჯერ წლისთავიც არ გადაგვიხდია... ბევრი სამწუხარო მაგალითიც არსებობს - არ დავიწყებთ მათ ჩამოთვლას.
- სამედიცინო შემოწმებას გადიხართ?
- რა თქმა უნდა, ეს სავალდებულოა როგორც კურსებზე მისული ადამიანებისთვის, ასევე, უშუალოდ მანქანებისთვის. მემანქანემ წელიწადში ერთხელ კომისია უნდა გაიაროს - შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დიდად ეფექტიანი არ არის - საკუთარი ჯანმრთელობის "ანაზღაურებას" ვერ ვახერხებთ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, ზუსტად იმ თანხას ვითხოვდით, რაც დაკარგული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვისაა საჭირო...
- თქვენი პროფესიის წარმომადგენელთა პროტესტი როდის და როგორ დაიწყო?
- ჩვენი მოთხოვნები 2014 წლიდან დაიწყო, როცა ლარმა დევალვაცია განიცადა და ქვეყანაში ფასების კატასტროფული მატება დაიწყო. რა ხელფასიც 2013 წელს გვქონდა, დღესაც ის გვაქვს. მემანქანე, უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ხელფასზეა დამოკიდებული. დამატებით, სხვა სამსახურის შეთავსებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგან წარმოუდგენელია, ამ პროფესიას სხვა საქმე შეუთავსო. ჩვენთვის არც დაბადების დღე არსებობს, არც - ახალი წელი თუ ნებისმიერი სხვა დღესასწაული. გამუდმებით თბილისის მოსახლეობას ვემსახურებით. ჩვენს საქმეს "გასამხედროებულ სამსახურს" ვეძახით, რადგან თავიდან ბოლომდე სამსახურზე მიჯაჭვული ვართ. როდესაც 2016 წელს საგაფიცვო პერიოდზე გადავედით, მაშინ სულ 3 საკითხი დავაყენეთ, მათ შორის მთავარი ხელფასების დანაკარგი იყო. ამასთან ერთად, ღამის სამუშაო საათების განსხვავებული ტარიფით გადახდასა და სტაჟის მიხედვით დანამატის დადგენას ვითხოვდით. მაშინდელი ადმინისტრაცია 2 საკითხზე შეგვითანხმდა, ხელფასის მომატება მოუგვარებელი დარჩა. მაშინაც ერთადერთი მიზეზის გამო დავიხიეთ უკან: გვეუბნებოდნენ, სახსრები არ გაგვაჩნიაო... ეს 2 დანამატი თითოეული ჩვენგანისთვის ისეთი მცირე იყო, რომ ამან მემანქანეების ოჯახების სოციალური პრობლემები ვერ მოაგვარა, სიტუაცია ვერ გააუმჯობესა.
- დანამატები დაახლოებით, რა თანხას გულისხმობს?
- მაგალითად, 10-წლიანი სტაჟის მქონე მემანქანე წელიწადში ერთხელ დანამატს - 220 ლარს აიღებს (თითო წელი 22 ლარად შეფასდა). მეორე დანამატს (ღამის ცვლის 20%-ით განსხვავებულად ანაზღაურება) რაც შეეხება, მემანქანეს თვეში 18-20 ლარი ჰქონდა. ეს 2 უმნიშვნელო დანამატი იყო, ხოლო უმნიშვნელოვანესი რაც გახლდათ (ხელფასის მომატება), შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტში ჩაგვიწერეს, რომ 2017 წლიდან ხელფასების მომატება აუცილებლად დაიწყებოდა. ვენდეთ. ამიტომ 2018 წლის გაფიცვა ზუსტად 2016 წლის პროცესის გაგრძელება გახლდათ - ზუსტად იმ პუნქტზე ვდაობდით, რაც შემდეგ, გაფიცვაში გადაიზარდა...
- რა შედეგს მიაღწიეთ? გაფიცვა რატომ შეწყვიტეთ?
- კიდევ ერთი პრეცედენტი დავუშვით. გვჯერა, რომ ბატონი კახა კალაძე დანაპირებს შეასრულებს. მან გვითხრა, რომ 2019 წელს ამ საკითხს დაუბრუნდება და ამ პრობლემას წამოჭრის. მას სიტყვაზე ვენდეთ - ხელშეკრულება აღარ დაგვიდვია. ამ ნდობის საფუძველზე წლევანდელი გაფიცვა შეწყდა. იმედია, პრობლემას, რომელიც უკვე 6 წელია, დგას, მოაგვარებენ.
- ამ ხნის განმავლობაში, მემანქანის ხელფასი რამდენია?
- ჩვენ ოფიციალური ჩანარიცხები საჯაროდ წარმოვადგინეთ. მემანქანის დღევანდელი ხელფასი, თავისი დანამატიანად, 1.138-დან 1.150 ლარამდე შეადგენს. სამწუხაროდ, განცხადებები გვესმოდა, რომ თითქოს, 1.400, 1.600, 1.800 და 2.000 ლარიც კი გვქონდა ხელფასი...
- თქვენი საქმე გიყვართ?
- გარდა იმისა, რომ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, მართლა საამაყოა, რადგან თბილისის მოსახლეობას ვემსახურებით. ამდენი სირთულისა და ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, ნამდვილად არ ვნანობ, რომ ამ სფეროში მოვხვდი. უბრალოდ, მეტი ყურადღება და დაფასება გვინდა, თუნდაც - დაკარგული ჯანმრთელობის აღდგენის საშუალება უნდა გვქონდეს. წინათ ასეთი პროფესიის ადამიანებს თავად კომპანია უშვებდა დასასვენებლად, რათა მემანქანეებს რესურსები აღედგინათ. ამ საქმის წარმომადგენლებს მეტი ყურადღებით ექცეოდნენ... სამწუხაროდ, ასე აღარ ხდება. საერთოდ, ქვეყანაში ისე არავის აფასებენ, როგორც წესი და რიგია, თორემ რა თქმა უნდა, მემანქანის პროფესია საამაყოა.
- პირადად თქვენ, მუშაობისას ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?
- რა თქმა უნდა. 12 წელი მცირე დრო არ არის. ასეთ სიტუაციაში მრავალჯერ აღმოვჩენილვარ, მაგრამ დროის ლიმიტი არასოდეს დამირღვევია. რთული სიტუაციისთვის ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებსაც მშვენივრად გაურთმევიათ თავი: ავარიული სიტუაციების დროს ცოდნა სათანადოდ გამოიყენეს და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც საჭირო იყო. ჩვენი პროფესიონალიზმით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კრიტიკულ სიტუაციებს თავი გავართვათ - ზუსტად იმ დროში, რა ნორმებსაც სატრანსპორტო კომპანია გვიდგენს.
- ძალიან კარგი. კიდევ რაიმე მნიშვნელოვანს ხომ არ გვეტყოდით?
- ადამიანებს პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვა არ უნდა სჭირდებოდეთ. ვისაც ევალება, პრობლემას საწყის ეტაპზევე უნდა გაეცნონ, რომ დროულად შეაფასონ და გადაჭრის გზებზე ისაუბრონ. ისე კი არა, როგორც მეტროს მემანქანეებსა და "ერთობა 2013"-ს დასჭირდა - 2 დღით მეტროს გაჩერებით, რაც ალბათ, იმ მოსახლეობაზე ცუდად აისახა, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით... ამისთვის მათ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი, რადგან უშველებელი საცობები შეიქმნა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ იყო...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ბესარიონ თედიაშვილს შინ ვესტუმრე საარჩევნო პროგრამასა და იმ ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ, რომელიც მისი გაპრეზიდენტებისას პრიორიტეტული იქნება.
"დუსუნა" მისი ფსევდონიმია. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, მან მხატვრობაში უნიკალური ტექნიკა დანერგა.
ნონა ახალკაცი ერთადერთი ლიცენზირებული ავტოინსტრუქტორი ქალია, რომელიც მანქანის მართვას ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ასწავლის.
სტუმრად მისულებს ალექსანდრე ჯაჭვაძე მაგიდასთან დაგვხვდა, სამი ანბანი ჰქონდა გაშლილი: ქართული, ინგლისური და რუსული.
ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს.
მსახიობი და რეჟისორი, გიორგი მეგრელიშვილი "გურმანის" რუბრიკაში კულინარიულ თემებზე გვესაუბრება, თუმცა, დასაწყისში, მას ბოლო დროინდელი შემოქმედებითი სიახლეებისა და გეგმების გაზიარება ვთხოვე.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.