შახ აივაზოვის ფოტოგრაფიით "მოწამლული" ცხოვრება
font-large font-small
შახ აივაზოვის ფოტოგრაფიით "მოწამლული" ცხოვრება
შახ აივაზოვის ფოტოებს მსოფლიო იცნობს. ის ამ პროფესიას ადრეული, საბჭოთა წლებიდან მოჰყვება... 6 ომი გამოიარა და ნახა. ამბობს, რომ არც ერთ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, რადგან ორივე მხრიდან ყველაზე ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე მიაქვს...
თავის დროზე უთხრეს, რომ ცხოველებისა და ბუნების კადრების გადაღება მისი საქმე არ იყო, ადამიანების გარემოცვაში უნდა ემუშავა.


პირველი ფოტოაპარატი "სმენა 6"
GzaPress- თბილისში დავიბადე და გავიზარდე... წლების წინ და ახლაც მიხმობენ აზერბაიჯანში, მაგრამ რა მინდა იქ? ჩემი ქვეყანა ეს არის... იქ მხოლოდ ხანდახან ჩავდიოდი, ისიც სამუშაოდ... ჯერ კიდევ VII კლასში, მამამ ფოტოაპარატი "სმენა 6" მაჩუქა, ახლაც არ ვიცი, რატომ... ფოტოგრაფიის წრეზე დავიწყე სიარული, რომელიც 52-ე სკოლაში იყო. მაშინ ფირებზე ვმუშაობდით... ეს სფერო მაშინ დიდად არ იყო განვითარებული, მაგრამ პირველი ნაბიჯებისთვის ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ახლაც ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს - ხედვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ნიჭი, რომელიც შემდეგ თანდათან იხვეწება...
ახლა ყველას აქვს აპარატი, მაგრამ ფოტოს ყველა ვერ იღებს. სურათი მხოლოდ კადრის აღბეჭდვა არ არის.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავედი, ხმელნიცკში ვიმსახურე. როდესაც გაიგეს, რომ ფოტოგრაფი ვიყავი, დამიძახეს - გვჭირდებიო. ჯარისკაცური ცხოვრების კადრებს ვიღებდი... კომუნისტების დროს, ზედმეტის გადაღების უფლება არ გვქონდა. ყველაფერი კარგად უნდა წარმოგვეჩინა, ახალი შენობები, სამხედრო ბაზები, "ბედნიერი ცხოვრება"...
ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალე თბილისში ჩამოვიდა იმ დროს ძალზე ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი, ზეინაბ ხარლამოვა, რომელსაც კონცერტი ფილარმონიაში ჰქონდა. დავესწარი და თან მის პორტრეტებს ვიღებდი. ამ დროს ვიღაც კაცი მოვიდა, - ფოტოგრაფი ხარო? ახლა ვიწყებ-მეთქი. მე აზერბაიჯანული გაზეთის, "სავეტ გურჯისტანის" წარმომადგენელი ვარ, თუ ჩვენთვისაც გადაიღებ ფოტოებს და ამა და ამ მისამართზე მომიტან, კარგი იქნებაო. დავბეჭდე და მივუტანე... როდესაც ნახა, მკითხა, ჩვენთან მუშაობა არ გინდათო? აზერბაიჯანული მესმის, მაგრამ კარგად ვერ ვლაპარაკობ-მეთქი, დავიბენი. ლაპარაკი კი არა, ფოტოების გადაღება მოგიწევსო, მითხრა. ეს იყო 1977 წლის 7 მაისი და იმ დღიდან მოვიწამლე ფოტოგრაფიით...
1980 წელს, გამომცემლობა "პრავდის" პირველი პრემია მივიღე, ოღონდ მაშინ ფულადი პრემიები არ იყო, სიგელითა და შექებით შემოიფარგლებოდნენ...
ახლა ფოტომასალა მრავლად არის, მაშინ ძირითადად, ფაბრიკა-ქარხნებსა და საწარმოებს ვიღებდით. ოღონდ თანამშრომლებისთვის სულ თან გვქონდა მუშაობისთვის საჭირო ნივთები - ჩაფხუტი, ხალათი, თავშალი, რადგან მაშინ მის გარეშე მუშაობა დარღვევად ითვლებოდა...

როგორ შეეჩვია ომს...
- ყველაფერი 1989 წლის თბილისის თავისუფლების მოედნიდან, კონკრეტულად 9 აპრილით დაიწყო... შემდეგ ბაქოში 20 იანვარი მოჰყვა... 1990 წელს აზერბაიჯანში "შავი იანვრის" ცნობილი ტრაგედია მოხდა, საბჭოთა ტანკებმა უიარაღო ბაქოელებზე გაილაშქრეს.
ხელშეკრულება მქონდა Associated Press-თან და Reuter-თან და დღე და ღამე ვმუშაობდი. მას შემდეგ, თითქოს ომის კადრების გადაღება ბედისწერად მექცა. იმ ამბებს თბილისის ომი მოჰყვა, შემდეგ კი აფხაზეთი... კავკასიაში ყველგან მიწევდა მუშაობა და ვიღებდი ადამიანურ სისასტიკეს, რასაც ომი ჰქვია: ცრემლს, სიკვდილს... ხშირად ვფიქრობ, "ომის ჟურნალისტი" ჩემი ნებით არ გავმხდარვარ, რაღაცნაირად ასე გამოვიდა... იმ რეგიონებს ყარაბაღიც დაემატა და ტაჯიკეთიც...
ჟურნალისტის უსაფრთხოება ახლაც არ არის დაცული, მაშინ მით უმეტეს, არავინ არჩევდა. ჯარისკაცის ფორმა არ უნდა გვცმოდა და არც იარაღი უნდა გვქონოდა, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, როდესაც შორიდან ფოტოაპარატი იარაღი ეგონათ და გვესროდნენ... კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე მხარე უნდა გააშუქო, თორემ მეორე მხარე არ გაპატიებს... ერთი-ორჯერ შეიძლება შეგრჩეს, მაგრამ ყოველთვის არა...

ავღანეთის ომი
GzaPress- ავღანეთის ომის გასაშუქებლად სულ რამდენიმე ჟურნალისტი გაგვიშვეს. ჩასვლისთანავე, ერთმა სამხედრომ ნახშირი და წყალი მოატანინა. თან გამაფრთხილა, ყურადღებით მიყურეო. ჩაყარა ეს ნახშირი წყალში, მოურია და დალია. შენც დალიე და მერე აგიხსნი, რისთვისააო... შემდეგ, სამლიტრიანი ქილა მოიტანეს, რომელშიც რაღაც თეთრი ეგდო, - ვაშლი მეგონა. არაყში ჩაგდებული ნახშირი ყოფილა. ამ არყის დალევა უკვე შეიძლებაო, მითხრა და დაასხა. ავღანელებმა ჯარისკაცები ტყვიით კი არა, მოწამლული არყით დაგვიხოცეს. ეს ნახშირი თუ გალურჯდა, ნიშნავს, რომ არაყი მოწამლულია. თუ გათეთრდა, შეგიძლია, დალიო. იქ ყველა სვამდა, სხვანაირად ვერ გაძლებდი.
შემდეგ, ერთი ასე ვთქვათ, მშვიდობიანი ავღანელი გავიცანი და საუბრისას მითხრა, ავღანეთი არასდროს არავის დაუპყრია და ვერც საბჭოთა კავშირი მოგვერევა. შევაწყდებით, მაგრამ არ დავნებდებით. ეს რუსი ჯარისკაცები აქ რომ იხოცებიან, გვეცოდებიან, რადგან ისინი მხოლოდ ბრძანებას ასრულებენო...

აფხაზეთის ომის კოშმარი
- მახსოვს, როგორ დავფრინდით სოხუმის აეროპორტში. უმძიმესი ვითარება დაგვხვდა, თუმცა, ცენზურა იყო: ფოტომასალას არქივს ვაბარებდი და სპეციალური თანამშრომლები არჩევდნენ, რა უნდა გასულიყო... ახლა ყოფილ ლიდერებზე საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჩემთვის აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრი იყო, თვითმფრინავში ედუარდ შევარდაძესთან ერთად გადაღებული ფოტო, სოხუმის ცაზე... გვესროდნენ, მეშინოდა, ხელები მიკანკალებდა. ამ დროს ედუარდმა მითხრა, - შახ, გადაიღე, შეიძლება ეს ბოლო კადრიც იყოსო... ის კადრი არასდროს დამავიწყდება...
ხშირად მესმის, ომი წავაგეთო. იცით, ომში მოგებული არავინ არის, სიკვდილი ყველამ ნახა. დანარჩენი, ვის რამდენი მოუკლეს, სტატისტიკაა. ომგამოვლილი თაობა ორივე მხარეს ერთნაირი ტრაგიზმით ცხოვრობს... მე ვნახე მგლოვიარე აფხაზებიც და ქართველებიც, მანამდეც უბრალო ხალხი ერთნაირად განიცდიდა იმ უბედურებას, დანარჩენი - პოლიტიკოსების საქმეა...
აფხაზეთის მხარეს შესვლის უფლება გვქონდა. ერთი ჟურნალისტი გადამეკიდა, ვინაობას შეგნებულად არ დავაკონკრეტებ, მეც მინდა იმ კადრების გადაღებაო. გავაფრთხილე, ბაბუშერის აეროპორტის იქით არ წახვიდე-მეთქი. კარგიო, მაინც წასულა... მეორე დღეს გაჭაღარავებული მოვიდა, თმა ერთ ღამეში გასთეთრებია, სახე წაშლილი ჰქონდა: - ანაზღაურება კი არა, არაფერი მინდა, ეს ჩემი საქმე არ არისო. არ თქვა, როგორ გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მერე გავიგეთ, ბეწვზე მიუსწრიათ ჩვენს ბიჭებს. ორმხრივი სროლები იმდენად საშიში არ არის, იცი, რომ ისვრიან და მოერიდები, მერე უფრო საშიშია... შორიდან, სნაიპერისთვის ან უბრალოდ მეომრისთვის, ძნელი გასარკვევია, ფოტოაპარატი გაქვს თუ იარაღი...

ჩეჩნეთის ომის სისასტიკე
- 1994 წელს არაადამიანური და სასტიკი ჩეჩნეთის პირველი ომის გადაღება მომიწია. გროზნოში 9 თვე ვიყავი და იქ ნანახის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი გამიკვირდება... ერთ-ერთი, ე.წ. პერესტრელკის შემდეგ, დაღუპულები ერთიანად ჩაყარეს სამარხში და რამდენიმე დღის მერე გახსნეს... ვუყურებდი და მუხლები მიკანკალებდა, ლამის კილომეტრზე, რამდენიმე რიგად გაჭრილ სამარხში ასობით ცხედარი ესვენა, მათ შორის - ქალები და ბავშვები... შოკისგან პირდაპირ მიწაზე დავჯექი... ვიღაცამ გვკითხა, გინდათ ამის გადაღება, თუნდაც ამოსაცნობადო? შემძრა, მაგრამ უნდა გადამეღო. ომები მანამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ ეს იყო ტრაგედია... რუსებს ეგონათ, რომ ყველა დახოცილი ჩეჩენი იყო, შემდეგ გაირკვა, რომ დაღუპულთა უმეტესობა რუსი იყო, მათ შორის - ქალები...
ამ დროს კი, გროზნო ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობდა. შენობები, ქუჩები იბომბებოდა, მაგრამ ბაზარი მუშაობდა. ქუჩაში ლოცულობდნენ. რუსებისთვის რომ გეკითხათ, ლოცვას აცდიდნენ, არადა, პირდაპირ ბომბავდნენ...
ქუჩაში ქალის ჭაჭანებას ვერ ნახავდით, ყველაფერს კაცები აკეთებდნენ. რამდენიმეათასკაციან მიტინგზე ზედმეტ ხმას ვერ გაიგონებდით, მხოლოდ აღსაკალი საუბრობდა, სხვები უსმენდნენ... ზოგადად, მშვიდი ხალხია. როდესაც ოჯახის წევრის სიკვდილის შესახებ იგებდნენ, ხმას არ იღებდნენ.
Associated Press-დან მეუბნებოდნენ, იქიდანაც ისეთივე ემოციური ფოტოები გვინდა, როგორც საქართველოს კონფლიქტებიდან გვიგზავნიდი, - ქალების ტირილი, მეტყველი სახეებიო... ვერ ვიღებ, არაფერს გამოხატავენ-მეთქი. მართლაც ასე იყო, თავისთვის, გულში გლოვობდნენ და ამბობდნენ, ალაჰმა ასე გადაწყვიტაო...

კადრები სიცოცხლის რისკის ფასად
GzaPressის პერიოდი იყო, როდესაც ჯოხარ დუდაევზე ურთიერთგამომრიცხავი ჭორები ვრცელდებოდა და არავინ იცოდა, მკვდარი იყო თუ ცოცხალი... ერთხელაც, ინფორმაცია მოგვიტანეს, ჯოხარი პრესკონფერენციას მართავსო. ადგილობრივებს ჩვენზე ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ და მითხრეს, ვისაც ენდობი, ისიც წამოიყვანეო... გროზნოდან ასე, ას კილომეტრში მდებარე დაბა ვიდინოში წავედით. დუდაევი გამოვიდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა... უკანა გზაზე, უცებ მანქანების კოლონა გაჩერდა, ჩეჩნებმა დაიძახეს, - ჩამოდით მანქანებიდან, დაბომბვა დაიწყებაო... თან გვითხრეს, აქვე ახლოს იყავით, გარშემო ნაღმებიაო... ცალი ფეხი ჰაერში გამიშეშდა... ჩეჩნები სადღაც გაქრნენ. მხოლოდ ჟურნალისტები და ფოტოკორესპონდენტები დავრჩით. შიში ისეთი ოხერია, შეიძლება ცალ ფეხზე რამდენიმე საათს გაძლო... შემდეგ, ისევ ჩეჩნები მოვიდნენ და გვითხრეს, ჩვენს ნაკვალევზე იარეთო...
ხშირად მეკითხებიან, არ გეშინიაო? წასვლამდე მეშინია. იქ ჩასულს, პირველი ნახევარი საათი ხელ-ფეხი მიკანკალებს, მერე - არა... როდესაც ეპიცენტრში ხარ, ეჩვევი და ვერაფერს გრძნობ... გარდა ამისა, ის ადგილიც მიახლოებით უნდა იცოდე, სადაც მიდიხარ ან მცოდნეს უნდა დაუჯერო... მაგარი ვარ და მაგარ კადრს გადავიღებო, ასე ბევრი ფიქრობს და ცუდად ამთავრებს...
ფოტოჟურნალისტისთვის აუცილებელია ორივე მხარის გაშუქება, რასაც ჟურნალისტები ხშირად არ ითვალისწინებენ და მხოლოდ ერთ მხარეს მუშაობენ, რაც მეორე მხარის აგრესიას იწვევს...
ყარაბაღში რომ ვიღებდი ფოტოებს, არ ვიცოდი, ვინ რას იზამდა და როცა შევედით, სადაც სომხები ცხოვრობენ და იმ მხარის გადაღება მოვახერხეთ, ცუდი არაფერი მომხდარა, მაგრამ აზერბაიჯანელები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთი თვე არ მიშვებდნენ. შემდეგ მეორე მხარეც გავაშუქე და ყველაფერი შეიცვალა.
როდესაც ომში გადასაღებად მიდიხარ, ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ოჯახი აქ გრჩება და არ იცი, დაბრუნდები თუ არა. თუმცა, ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს? ამიტომ ვცდილობდით, სარისკო ადგილებში დასაოჯახებელი ბიჭები არ გაგვეშვა, რაც მათ სწყინდათ. მაშინ არ ვეუბნებოდით, შემდეგ ვუხსნიდით...
თითქმის ყველა სამხედრო ჟურნალისტს აქვს ომის სინდრომი, რომელიც არ იკურნება. ჩემი ცოლი სულ მეუბნებოდა, - რამე უნდა ვიღონოთ, ღამე ისტერიკა გეწყება, ბოდავ, ყვირი, გარბიხარო... ვიცოდი, რომ ასე იყო, მაგრამ ფოტოგრაფია ეს ავადმყოფობაა, რომლითაც ერთხელ თუ მოიწამლე, ვერასდროს განიკურნები. უამრავჯერ შევწყვიტე სიგარეტის მოწევა, მაგრამ ისევ დავიწყე... იმ კადრებს, რომელიც მინახავს და აღმიბეჭდავს ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ, მათთან ერთად ცხოვრებას ვეჩვევი...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მაკა ჩხეიძის საიუველირო ნაკეთობებს აღტაცებაში მოჰყავს ყველა, განსაკუთრებით - ქალბატონები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტი "რესპუბლიკის" სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ" კანონს ამკაცრებს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მსჯელობს.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
20 წლის იყო, ევროპაში რომ გაემგზავრა და მას შემდეგ მოგზაურობით მოიხიბლა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.