სუნამო - ქალის უხილავი, მაგრამ აუცილებელი "იარაღი"
font-large font-small
სუნამო - ქალის უხილავი, მაგრამ აუცილებელი "იარაღი"
"ყველა არომატს თავისი "შლეიფი" აქვს, რომელიც იმ ადგილას რჩება, სადაც გავივლით..."

ცნობილი ბრიტანელი დიზაინერის, ჯონ გალიანოს თქმით, ქალი არა სამოსით, სამკაულით, ჩანთით ან ფეხსაცმლით, არამედ არომატით შეიცნობა.
მიიჩნევა, რომ სუნამო ადამიანის ინდივიდუალობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. იმასაც ამბობენ, რომ კარგად შერჩეული სუნამო პირადი ურთიერთობის ჰარმონიულობისა და საქმიანი შეხვედრების წარმატებით დასრულების საწინდარია. სუნამოს სწორად შერჩევა რომ მნიშვნელოვანია, ამას მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაც მოწმობს - არსებობს სუნამოს შერჩევის მეთოდი, რომლის მიხედვითაც საკუთარ არომატს კლიენტებს სისხლის ჯგუფის მიხედვით ურჩევენ.


სოფო მერებაშვილი 12 წელია, პარფიუმერიული მაღაზიის კონსულტანტად მუშაობს. სუნამოებთან ხანგრძლივი "მეგობრობა" აკავშირებს და შესაბამისად, კარგად იცნობს მათი "შინაგანი სამყაროს" სიღრმისეულ შრეებს... შეხვედრისას მითხრა, რომ ქალისთვის, პირველი საუკეთესო იარაღი ცრემლებია, მეორე კი - სურნელი... ამის დასამტკიცებლად სუნამოს, მისი არომატების, შრეების, ნოტებისა თუ ხასიათის შესახებ საინტერესო ცნობები გაგვიზიარა...

GzaPress- ნებისმიერი სუნამო, თუ არ არის სუფთა პარფიუმი, განსაზღვრული ოდენობით სპირტს, წყალსა და თავად პარფიუმს, სუფთა კონცენტრანტს შეიცავს. პირველ შთაბეჭდილებას ზედა შრე, იგივე ზედა ნოტები გვიქმნის, რომელსაც შეპკურებისთანავე აღვიქვამთ. ეს არის საერთო შემადგენლობაში შემავალი სპირტი, რომელიც რამდენიმე წამში ორთქლდება, თუმცა, ყველა შრეზე უფრო მკვეთრია. შუა ანუ გულის ნოტა რამდენიმე წუთში იგრძნობა, ხოლო საბაზისო ნოტა კანზე რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება. მისი აღქმისთვის 20-30 წუთის გასვლაა საჭირო. საბაზო ნოტებშია გამოყენებული ის ინგრედიენტები, რომლებიც უფრო დიდხანს ძლებს.
- ალბათ, ამის გამოა, რომ ხშირად ხდება - მაღაზიიდან დაბრუნებულები აღმოვაჩენთ, რომ სულ სხვა არომატის სუნამო შევიძინეთ... როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
- მაღაზიაში რამდენჯერმე უნდა მივიდეთ და ყოველ ახალ დღეს სხვადასხვა სუნამო უნდა ვიპკუროთ. ჯობს, არ შევიძინოთ სუნამო პირველივე დღეს, რადგან დიდია შანსი, რომ ის "ჩვენი" არ აღმოჩნდეს. სუნამოს არომატს ორი საათი მაინც უნდა დავაკვირდეთ. ერთი საათის შემდეგ სრულიად განსხვავებულ არომატს ვიგრძნობთ. თუმცა, არის არომატები, რომლებიც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში კანმა ვერ მიიღოს და თუნდაც ორი საათის შემდეგ ვერაფერი ვიგრძნოთ. გარდა ამისა, ერთ ჯერზე არ უნდა მოვინდომოთ 3-4 სუნამოზე მეტის მოსინჯვა, რადგან ცხვირი კარგავს უნარს, სუფთა არომატი შეიგრძნოს.
- თუმცა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყავის მარცვლებს გვთავაზობენ ხოლმე...
- ყავის მარცვლები სწორედ იმ 3-4 არომატის შესაგრძნობად უნდა გამოვიყენოთ, შემდეგ უკვე ეს მეთოდიც უშედეგოა.
- სხეულის რომელ ადგილებზე ავლენს სუნამო ყველაზე უკეთ თავის არომატს?
- პულსაციის ადგილებზე. შესაძლოა, დეკოლტეზე მიპკურებული სუნამო მდგრადად არ მოგვეჩვენოს, ხოლო თუკი მას პულსაციის ადგილებზე ვიპკურებთ, არომატი ბევრად დიდხანს შენარჩუნდება. არომატი უფრო მდგრადია, ასევე, ყურის უკან და დეკოლტეს არეში. არომატს ხანგრძლივად ინარჩუნებს ბეწვი, ტყავი და ნატურალური ქსოვილები. არის ქსოვილები, რომლებსაც სუნამო ალაქავებს, მაგალითად, აბრეშუმს. თუ მაინცდამაინც ტანსაცმელზე გვსურს სასიამოვნო სურნელი, სასურველია, სუნამო სამოსის შიდა მხარეს ვიპკუროთ. ამით, ერთი მხრივ, დალაქავების რისკს ავიცილებთ თავიდან და მეორე მხრივ, სუნამო უფრო ახლოს იქნება კანთან... ზამთარში დასაშვებია ტანსაცმელზე დაპკურება, რადგან კანი, ძირითადად, დაფარულია. ზოგადად, სუნამო სხეულისთვისაა და არა ქსოვილისთვის. სხვათა შორის, არსებობს მითი, რომ ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა სუნამოს გემის იალქნებს ასხამდა, რათა მისი სხვა ქვეყანაში ჩაბრძანება ამ ფორმით ყველას გაეგო... უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუნამო აუცილებლად ოდნავ დაშორებული მანძილიდან უნდა ვიპკუროთ, მიბჯენით დაპკურების შემთხვევაში არომატი ისე ვერ ახერხებს გაშლას, როგორც საჭიროა. საერთოდ, წესის მიხედვით, სუნამო ჰაერში უნდა გავაპკუროთ და შემდეგ მის "ღრუბელში" გავიაროთ... ხშირად სუნამოს თმაზე იპკურებენ იმ მოსაზრებით, რომ არომატს თმა უკეთ ინარჩუნებს. ეს არ გახლავთ სწორი, რადგან სუნამო თმას აცხიმიანებს და აბინძურებს.
- მითია თუ რეალობა, რომ ყველა ადამიანის კანი ინდივიდუალურია და ერთი სუნამო სხვადასხვა კანზე სხვადასხვაგვარად იშლება?
- ასეა და უფრო მეტიც - არის შემთხვევები, როცა ამბობენ, რომ საკმაოდ მდგრადი და კონცენტრირებული სუნამოს არომატს საერთოდ ვერ გრძნობენ. საერთოდ, მშრალი ტიპის კანზე არომატი უფრო მდგრადია, ვიდრე ცხიმიანზე. როგორც კოსმეტიკას ვერ ინარჩუნებს ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხიმიანი კანი, ისე უჭირს არომატის შენარჩუნებაც. გამომდინარე იქიდან, რომ კანი ცოცხალი ორგანიზმია, საკუთარი ბუნებრივი არომატიც გააჩნია. ამიტომ, არომატი სხვადასხვა კანზე სხვადასხვაგვარად იშლება. რეკომენდაციის მიხედვით, სუნამო დილით უნდა ვიპკუროთ, რადგან კანი ამ დროს ყველაზე სუფთა და ბუნებრივია. დღის განმავლობაში მასზე სხვადასხვა ტიპის არომატი იბუდებს, რაც სუნამოს არომატსაც ცვლის.
- მიიჩნევა, რომ მკვეთრი არომატების მოხმარება ძლიერ ქალებს ახასიათებთ... ეს მიდგომა ხომ არ არის მიზეზი, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი იყენებს მძაფრ სუნამოს, მათ შორის ისეთებიც, ვისაც ინტენსიური არომატი არ სიამოვნებს...
- უნდა დაგეთანხმოთ. ასეთი შემთხვევა საკმაოდ ხშირია. ეს იგივეა, რომ შეუფერებლად გეცვას და შესაბამისად, არაბუნებრივად გამოიყურებოდე. ეს დიდი შეცდომაა, რადგან ყოველთვის ჩანს, არის თუ არა ესა თუ ის არომატი კონკრეტული ადამიანის იმიჯის შემადგენელი ნაწილი. ზოგი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ნაზი არომატები საკმარისი არაა საკუთარი მეს გამოსახატავად, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, მამაკაცებსაც არ მოსწონთ მკვეთრი არომატები... როდესაც საღამოს რესტორანში ვატარებთ, გვაქვს უფლება, ისევე, როგორც მაკიაჟის გაკეთებისას უფრო მკვეთრი სუნამო გამოვიყენოთ. მკვეთრ არომატს ვანიჭებთ უპირატესობას, ასევე, როცა რაიმე ღონისძიებაზე, ბანკეტზე ან საქმიან შეხვედრაზე ვაპირებთ წასვლას. სამწუხაროდ, ყველას არა აქვს საშუალება, ერთდროულად რამდენიმე სუნამო ჰქონდეს... ამიტომ, როცა ერთი ან ორი სუნამო გვაქვს, ის მაქსიმალურად სადა და ნეიტრალური უნდა იყოს. შეიძლება ადამიანს ძალიან ძვირფასი სუნამო ჰქონდეს დაპკურებული, მაგრამ როცა ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, მგზავრების მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. პირადად მე მქონია შემთხვევა, როცა ამ პრობლემის გამო დროზე ადრე ჩამოვსულვარ ტრანსპორტიდან. ხშირად ამბობენ, რომ სუნამოში "ბანაობენ". ცალსახად - სუნამოში არ უნდა "ვიბანაოთ" (იცინის). რაც უფრო მძაფრია სუნამო, მით უფრო ნაკლები უნდა ვიპკუროთ. შედარებით მსუბუქ არომატებში კი გვაქვს "ბანაობის" უფლება. ბუნებრივია, არომატი უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ არა მთელი თავისი სიმკვეთრით. არომატს უნდა გრძნობდეს შენთვის ძალიან ახლოს მყოფი ადამიანი და არა სამყარო... არსებობს არომატები, რომლებიც ცხელ დღეებში უფრო მკვეთრად იგრძნობა, ამიტომ ვურჩევთ ხოლმე, რომ ზაფხულში უპირატესობა მსუბუქ, გრილ, ცივ არომატებს მიანიჭონ, ზამთარში კი უფრო მკვეთრ არომატებზე შეაჩერონ არჩევანი.
- რა განსხვავებაა პარფიუმერიულ წყალსა და სუნამოს შორის? ხშირად პარფიუმერიულ წყალს არასერიოზულად აღიქვამენ. რეალურად გვაქვს ამის მიზეზი?
- ტუალეტის წყალი არ კნინდება ამ სიტყვით, რადგან ჩვეულებრივი სუნამოა, უბრალოდ, მასში ესენცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე სუნამოს წყალში. არომატის მდგრადობის მიხედვით მათ შორის სხვაობა, შეიძლება, მაქსიმუმ, 2 საათი იყოს.
- შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში ტუალეტის წყალი უფრო მდგრადი აღმოჩნდეს?
GzaPress- დიახ და ეს ისევ და ისევ კანის ტიპზეა დამოკიდებული. მომხმარებელს ხშირად უთქვამს, თანხა არცთუ ისე მცირეა და ტუალეტის წყალი რატომ შევიძინოო?! არადა, ისიც ჩვეულებრივი სუნამოა, უბრალოდ, არ არის ისეთი მკვეთრი და გამოხატული, როგორც სუფთა პარფიუმი. გააჩნია სეზონსაც. ზაფხულში ბევრად სჯობს ტუალეტის წყლის გამოყენება.
- რამდენი წლიდან არის რეკომენდებული სუნამოს მოხმარება ბავშვისთვის?
- არის სუნამოები, რომლებიც 3 წლიდანაა რეკომენდებული. ამის გადაწყვეტა სრულად მშობელზეა დამოკიდებული. არიან მშობლები, რომლებიც შვილის სუნამოში საკმაოდ მაღალ ფასს იხდიან. ბავშვის ნებისმიერი სუნამო შემადგენლობით ტუალეტის წყალია და მსუბუქი არომატიც აქვს.
- აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად და როგორ შევინახავთ სუნამოს?
- სასურველია, ბნელ ადგილას შევინახოთ. თუ სრული სიბნელე არ იქნება, უნდა მოვარიდოთ მზის სხივებს, ნესტს, რადგან ამ ფაქტორების ზემოქმედებით მისი ვარგისიანობა საგრძნობლად იკლებს. გარდა ამისა, მალე შეეცვლება არომატი. ზაფხულში კარგია სუნამოს მაცივარში შენახვა. მაგრამ ამ შემთხვევაში დაუშვებელია ტემპერატურული რეჟიმის ცვალებადობა, მაცივრიდან ის მხოლოდ დაპკურებისას უნდა გამოვიღოთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფერსაც შეუცვლის და სურნელსაც. არის ხოლმე, ათეული წლების წინ შეძენილ სუნამოებს ინახავენ. მას მხოლოდ სუვენირის დატვირთვა თუ აქვს, რადგან გამორიცხულია, უწინდებური არომატი ჰქონდეს შენარჩუნებული. კარგი გამოსავალია სუნამო საკუთარ ყუთში იდოს, რადგან გამოდის, რომ ბნელში დევს. სასურველია, მას ერთი ადგილი მივუჩინოთ.
- ზოგიერთი სუნამო დიდი რაოდენობით ქიმიურ მინარევებს, ხელოვნურ ნივთიერებებს შეიცავს. სუნამოზე არასოდესაა დატანილი მისი შემადგენლობა. რა ხერხს უნდა მიმართოს მომხმარებელმა, მოტყუებული რომ არ დარჩეს?
- დიახ, დეტალური ინფორმაცია სუნამოზე არ არის დატანილი. ძირითადად, ნდობა ბრენდს უნდა გამოვუცხადოთ. Aძვირად ღირებული ბრენდები ძვირად ღირებულ ინგრედიენტებს იყენებენ. ბრენდის პრესტიჟი განსაზღვრავს ფასსაც. ბრენდებს თავისი კრეატორები ჰყავთ, რომლებსაც "ცხვირებად" მოიხსენიებენ. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, ესენციებს, მათ არომატებს, მდგრადობას ტესტავენ. არის სუნამოები, რომელთა შექმნამდე, რეალიზებამდე წლების მანძილზე მუშაობენ. ზოგიერთი მცენარის ფესვია გამოყენებული, ზოგის - ფოთოლი. საერთოდ, ყვავილს კვირტში განსხვავებული არომატი აქვს, გაშლილს - სრულიად სხვა. ზოგიერთი ყვავილის სურნელი იმდენად მკვეთრია, რომ სხვა ინგრედიენტებს სჯაბნის. მაგალითად, გამორჩეულად მკვეთრი არომატი აქვს ბულგარულ ვარდს, ჟასმინს. ჟასმინის შემცველი სუნამო აუცილებლად მდგრადია. მკვეთრადაა გამოხატული, ასევე, წიწაკა, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება. მამაკაცების არომატებში ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ტყავსა და მერქანს. იის სურნელი, ძირითადად, გაზაფხულთან, სინაზესთან ასოცირდება, თუმცა, მისი ფესვების სურნელს იის სურნელთან საერთოდ ვერ დააკავშირებ. ციტრუსოვან არომატებს ადამიანების გამხიარულება ახასიათებს. არსებობს ასეთი ინგრედიენტი, ტუბეროზა. მიიჩნეოდა, რომ ეს ინგრედიენტი ადამიანში ვნებას, ხორციელ ლტოლვას იწვევდა და ამის გამო მისი გამოყენება ახალგაზრდა გოგონებს ეკრძალებოდათ.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"სიცოცხლე დაზღვეულიც კი მქონდა და ყველაფერი ჩემს ძმაზე გადავაფორმე, სხვათა შორის, ანდერძიც დავწერე"
რა გზა გაიარა რომან დოლიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე
მისი ცხოვრება რუსეთში ემიგრაციით დაიწყო, რამდენიმე წლით საქართველოში დაბრუნდა და 2006 წლიდან ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში.
მირიან მაჭავარიანი სომელიეს პროფესიით სულ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ, ამ სფეროში საკმაო გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, თუმცა, განვითარებასა და წინსვლას მუდმივად განაგრძობს.
20 წლის იყო, ევროპაში რომ გაემგზავრა და მას შემდეგ მოგზაურობით მოიხიბლა.
"პალიტრანიუსის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციური გადაცემა - "ტყვიის საფასური", ერთი წელია უკვე, ტელეეთერში ყოველ შაბათს გადის.
ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების აჟიოტაჟის ფონზე, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"), მსახიობსა და რეჟისორ კახა გოგიძეს ვესაუბრეთ და გავარკვიეთ: რის გამო ბრაზობს "პრეზიდენტი" და რას მიიჩნევს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად?..
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.