ქვეწარმავლების "სახელმწიფო" და მისი "პრეზიდენტი"
font-large font-small
ქვეწარმავლების "სახელმწიფო" და მისი "პრეზიდენტი"
32 წლისაა. როცა დაიბადა, მისი ოჯახის წევრებს შინ ძაღლი ჰყავდათ. მეტისმა ჩაპამ 16 წელი იცხოვრა, თუმცა, ფიქრობს, რომ ცხოველებისადმი და ფაუნისადმი განსაკუთრებული სიყვარული არა მხოლოდ ძაღლის ყოლისას, არამედ მაშინ გაუღვივდა, როცა პირველად მოსკოვის ზოოპარკში მოხვდა. დედასა და ძმასთან ერთად, წელიწადში ორჯერ რამდენიმე თვით ჩადიოდა იქ მამასთან და იქაური ზოოპარკი და მისი ბინადრები ბავშვზე ყოველთვის დიდ ეფექტს ახდენდა.


ქუჩაში თუ გადააწყდებოდა დაჭრილ მტრედს, ტრავმირებულ კატას, ლეკვს ან ნებისმიერ სხვა ცხოველსა თუ ფრინველს, აუცილებლად შინ მიჰყავდა, მზრუნველობას იჩენდა, თავისებურად ცდილობდა, ემკურნალა. ამავდროულად, ცხოველებსაც ყიდულობდა და ასე ნელ-ნელა შეიქმნა მინიზოოპარკი, რომლის ბინადართა რაოდენობა პერიოდულად იცვლებოდა.
შინ თუ გარეთ, თბილისისა და მოსკოვის ზოოპარკების სტუმარი, ტერარიუმების წინ დიდ დროს ატარებდა, მაგრამ გადამწყვეტი ერთი ფაქტი გახდა: 9 წლისამ ლისის ტბაზე წყლის ანკარა დაიჭირა, ხოლო 13 წლის იყო, როცა ალგეთის ხეობაში, აბრამეთის გორაკზე 2 ცხვირრქოსან გველგესლას გადაეყარა. საქართველოში ბინადარ ქვეწარმავლებს შორის გიურზას შემდეგ, ცხვირრქოსან გველგესლას ყველაზე ძლიერი შხამი აქვს. მაშინ უკვე ჰქონდა მცირე ცოდნა და არ გაუჭირდა მიხვედრა, რომ მის წინ შხამიანი გველები იყვნენ. პირველად გამოიყენა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და ორივეს დაჭერა მოახერხა. ეს დიდი ემოცია და ადრენალინი იყო. გაიაზრა, რომ ყველაზე მეტად შხამიანი გველები, მათი ცხოვრების წესი, დაკვირვება თუ ზოგადად, ქვეწარმავალთა სამყარო აინტერესებდა.
შოთა ზანდუკელის სახლში დღეს ტერარიუმებში ცხოვრობს 12 სახეობის ქვეწარმავლის 20-მდე წარმომადგენელი, 3 წლის ნიანგი "ნიაკო", სამი სახეობის რამდენიმე წყლის კუ და მორიელები, ხოლო ეზოს სხვადასხვა მონაკვეთი 2 კურდღლისა და 2 ძაღლის სამფლობელოა. ქვეწარმავლებს იძენს ან ჩუქნიან. ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს მასპინძლის გატაცება და ცხოვრების წესი, რადგან ზოგიერთს იმ დონეზე სძულს ეს არსებები, რომ მათი დანახვა არც ფოტოზე და არც ტელევიზორში არ შეუძლია, თუმცა, აქ, სახლში სრული დემოკრატიაა და ოჯახის წევრები გაგებით ეკიდებიან "ქვეწარმავლების სახელმწიფოს პრეზიდენტის" სურვილებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ჰერპეტოლოგიით, პროფესიით ეკონომისტი გახდა, მაგრამ მთავარი გატაცება არ დაივიწყა და სტუდენტობაშივე თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. დღეს ის ცნობილი ჰერპეტოლოგია, რამდენიმე ადგილას მუშაობს, მათ შორის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, სადაც ქვეწარმავლების დამჭერი სპეციალისტია.

შოთა ზანდუკელი:
GzaPress- ყოველთვის მერჩივნა, ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. არ ვიცოდი, წარმატებული იქნებოდა ეს თუ არა, მაგრამ ასე გადავწყვიტე. ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე, ბანკში მუშაობას მირჩევდნენ. ამ სტუქტურაში მოხვედრის საშუალება მქონდა და ხელშეწყობაც, მაგრამ არ მინდოდა 24 საათი დახურულ სივრცეში სკამზე ჯდომა და კომპიუტერთან მუშაობა. დახურულ სივრცეში შეიძლება გავგიჟდე, ამიტომ ბანკზე უარი ვთქვი. თავის ქებაში არ მინდა ჩამითვალოთ, მაგრამ იმ ასაკში უკვე კარგად ვიცოდი ჩემი საქმე, შხამიანი გველების განხრას ვგულისხმობ და ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის ყველაზე ძლიერი ვიყავი. ქვეწარმავლებზე ვაწარმოებდი დაკვირვებებს, გიურზებს ვიჭერდი და ა.შ. უნივერსიტეტში სწავლისას, მაღლივის პირდაპირ, ბიოლოგიურ ინსტიტუტში ეკოლოგიური წრე იყო, ძლიერი სპეციალისტის, ბიოლოგ დავით თარხნიშვილის ხელმძღვანელობით. პარალელურად იქ ვმუშაობდი. ის "ხელს" არ მიშვებდა. შხამიანი გველების კუთხით ეკოლოგიის წრეზე მოხსენებს ვკითხულობდი და ამ კუთხითაც ვაგროვებდი გამოცდილებას. ბიოლოგიის ინსტიტუტის პარალელურად, ზოოლოგიის ინსტიტუტთანაც ვთანამშრომლობდი. თბილისთან ახლოს ერთ-ერთ მხარეში, შეგნებულად არ ვასახელებ ადგილს, გიურზების პრობლემა შეიქმნა და ზოოლოგიის ინსტიტუტს მიმართეს დახმარებისთვის. გაწმენდითი ღონისძიებები უნდა ჩაეტარებინათ ანუ გველები უნდა დაეჭირათ და სხვა ადგილას გაეყვანათ. მაშინ ჩემი ხელმძღვანელი ზოოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ერისტო ყვავაძე გახლდათ. მან და ამ ინსტიტუტის თანამშრომლებმა მირჩიეს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიმეღო. სტუდენტი ვიყავი, სემინარები, კოლოკვიუმები და პრაქტიკები მქონდა და თავიდან არ ვაპირებდი ჩართვას, მაგრამ ხომ იცით, ხალხს გველების როგორ ეშინია, ოღონდ დამეჭირა და ყველანაირი ხელშეწყობა აღმითქვეს (იღიმის). ამ საქმემ და პირობებმა იმდენად დამაინტერესა და მომხიბლა, რომ დავთანხმდი.
- იცით, რა მაინტერესებს, მაინცდამაინც შხამიანი გველების განხრით რატომ წახვედით?
- საინტერესო და უფრო განვითარებულები არიან. პლუს ექსტრიმია, ადრენალინი. ეძებ, პოულობ, ის თავს იცავს, შენც იბრძვი და ჯანმრთელობას უფრთხილდები. ეს ორივეს ბრძოლაა გადარჩენისთვის. ძირითადად, გიურზებზე ვმუშაობ. ჩვენთან ის ყველაზე შხამიანია და შეუძლია, ადამიანს დიდი ზიანი მიაყენოს ან მოკლას. როგორც ადამიანებს, მათაც სხვადასხვანაირი ხასიათი აქვთ და ყოველ ჯერზე, დაჭერისას სხვადასხვაგვარად იქცევიან. დიდი პრაქტიკა უნდა გქონდეს, რამე რომ არ შეგეშალოს.
- თქვენთვის გველს უკბენია?
- ორჯერ მიკბინა ცხვირრქოსანმა გველგესლამ. არასწორად ვიმოქმედე, უფრო სწორად, სადღაც შედიოდა და შიშველი ხელით შევყევი. თუმცა, უკვე განსაზღვრული მქონდა, რომ ზომითა და ასაკით პატარა იყო, შხამიც ცოტა ექნებოდა და ზიანს ვერ მომაყენებდა. მხოლოდ ოდნავ, ლოკალური, ადგილობრივი ტკივილი იყო და ამით დამთავრდა. ხოლო მეორედ ვკვებავდი და მაშინ მიკბინა, მაშინაც არაფერი.
- დღეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი ხართ...
- დიახ, სანამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შეიქმნებოდა, გამოძახებებზე რეაგირება თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს არნო ბაგრამოვსა და სამველ გარუშიანს უწევდათ. სამაშველო სამსახურში რეორგანიზაციის დროს, როცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იქმნებოდა, ქვეწარმავლების მიმართულებაზე სამუშაოდ და ამ სისტემის ასაწყობად, სამი პიროვნება მიგვიწვიეს. უკვე 6 წელი გავიდა. სიამაყით ვიტყვი, რომ საქმე იდეალურად ავაწყვეთ. მონიტორინგის სააგენტოში მუშაობას დღემდე ვაგრძელებ. სხვათა შორის, ჩემს ბავშვობაში არ იყო ასეთი დაინტერესება, რაც დღესაა. პრაქტიკანტები გვყავს, სტუდენტები, მოყვარულებიც და ბიოლოგიურ განათლებასაც დღეს ბევრი იღებს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
2015 წლის 13 ივლისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას, ადამიანთა სიცოცხლე და ზოოპარკის ბინადართა ნაწილი შეეწირა. ალბათ ყველას გვახსოვს ცნობილი კადრები, სადაც ბეჰემოთი ბეგი გმირთა მოედნის ტერიტორიაზე დააბიჯებდა. მერე ალყაში მოაქციეს და ზოოპარკისკენ გადევნეს. შოთა იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბეგის გადარჩენისა და მის ღია ვოლიერში დაბრუნების წარმატებულ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჰერპეტოლოგი ასევე უშუალო მონაწილე იყო მგლების, დათვის, პირგვინისა და ნიანგის დაჭერაში. რამდენიმე დღე-ღამის უძილო გადაბმულად მუშაობდა. ერთ-ერთი სახიფათო შემთხვევა ნიანგს უკავშირდებოდა, არნო ბაგრამოვის მიერ წყალში დაჭერილი ნიანგი, მეგობრებმა გაკოჭეს. ტერარიუმში შოთამ მოათავსა და ეს ოპერაციაც მშვიდობით დასრულდა. საბედნიეროდ, იმ დღეების განმავლობაში, ასეთი თავდადებული ადამიანების წყალობით, არაერთი ცხოველი გადარჩა.
- გახსოვთ, პირველად როდის დაიჭირეთ გიურზა?
GzaPress- პირველად 16 წლის ვიყავი. დღემდე 700-მდე გიურზა მყავს დაჭერილი. ახლა 32 წლის ვარ, ანუ 16 წელია გიურზებს ვიჭერ (იცინის). თუმცა, ნებისმიერი გველის დაჭერა შემიძლია. 2015 წლის 13 ივლისის მოვლენების დროს, ნიანგებზეც გადავედი (იღიმის).
- დაჭერის შემდეგ ქვეწარმავლები სად მიგყავთ?
- ნაკრძალებში. ეს დასახლებული პუნქტები არ არის. იქ ისედაც დიდი რაოდენობით ბინადრობენ გიურზებიც და სხვა ქვეწარმავლებიც. ვერ დავხოცავთ. კი, მესმის, რომ ქალაქის პოპულაციას ვაკლებთ, მაგრამ გველს თბილისში ვერ დატოვებ. გიურზა შხამიანი გველია და ათასი უბედურება შეიძლება მოხდეს. ამიტომ ამ კუთხით იქ არავის ვაყენებთ ზიანს. ყოველწლიურად 400-მდე ქვეწარმავალი ხვდება ჩემს ხელში, ვახდენ მათ აღრიცხვას და ისევ ბუნებაში ვაბრუნებ.
- მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეწარმავლებით ყველაზე "დატვირთული" რომელი რეგიონია?
- საქართველოში მობინადრე 26 სახეობის გველიდან 15 თბილისშია. აქედან შხამიანია: გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა და კატისთვალა გველი. ისინი ძირითადად თბილისის შემოგარენში ბინადრობენ.
- თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა შხამიანი გველის დაკბენის ან გარდაცვალების ფაქტი? სტატისტიკა როგორია?
- თბილისში დაკბენის ფაქტი არ ყოფილა. რაც შეეხება მთელი საქართველოს მასშტაბს, სამწუხაროდ ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევები. წელიწადში 2-3 დაკბენა და 1 სიკვდილის ფაქტი იყო. საბედნიეროდ, ბოლო 2-3 წელია არავინ გარდაცვლილა.
- თქვენ რომ შინ არ ხართ, ქვეწარმავლებს ვინ უვლის?
- რა თქმა უნდა, სპეციფიკური პირობების დაცვაა საჭირო, განათება, ნესტიანობა და ა.შ. მაგრამ ქვეწარმავლებს ყოველდღიური მოვლა არ სჭირდებათ. კვება კვირაში ან ათ დღეში ერთხელ სჭირდებათ, მაგრამ ნიანგს უფრო ხშირად. ის ნებისმიერ ხორცს ჭამს. ძაღლებს მამა უვლის. ასე რომ, ქვეწარმავლების მოვლა ჩემთვის ამ მხრივაც კომფორტულია.
- ოჯახის წევრები შეგუებულები არიან ქვეწარმავლებთან თქვენს დამოკიდებულება-თანაცხოვრებას, მაგრამ ერთ დღესაც თქვენს ცხოვრებაში რომ გამოჩნდეს ისეთი ქალი, ვისთვისაც სასტიკად მიუღებელი და გაუგებარი იქნება მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, რას მოიმოქმედებთ?
- იმ ოთახში ნუ შევა (იღიმის). არა, გეტყვით როგორც ვფიქრობ: ფანატიკოსი არ ვარ, ზოგადად, არაფრის მიმართ. ყველა სიტუაციიდან შეიძლება იპოვო გამოსავალი. ადამიანს ვერ დავთმობ გველის გამო, გველს რამე სისულელის გამო და ა.შ. თუ მოთხოვნა რეალობას შეესაბამება, გამოსავალს იპოვი. თუ ის ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მეგზურად ავირჩევ, მეტყვის, რომ ეშინია, მთხოვს, რომ სახლის მაგივრად სადმე სხვაგან ვიყოლიო ჩემი ქვეწარმავლები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებენ და არ ვეტყვი, "გაეთრიე, ამით დამთავრდა ყველაფერი!" (იღიმის).
GzaPress- ალბათ, ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულება ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა წამების ამსახველი ფოტოები ინტერნეტით ვრცელდება და ყოველდღიურად თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც ვიგებთ მსგავს ამბებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენას?
- უპირველეს ყოვლისა, განათლების დონე ძალიან დაბალია. შეიძლება განათლებულიც იყოს ადამიანი, მაგრამ რაღაც პოზა ეჭიროს, თითქოს ეზიზღება ცხოველი, "ვაიმე, არ მომედოს" და მსგავსი ფრაზები, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ბევრს არ აქვს სათანადო ინფორმაცია არც ცხოველებზე, არც ქვეწარმავლებზე და ყურმოკრული ინფორმაციით ჭეშმარიტ სურათს ვერ იქმნიან. ადამიანთა ემოციებიც გაცივდა და ის სითბო აღარ არის, რაც უწინ იყო. თუმცა, ჩემი აზრით, ცხოველების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა უფრო მეტს უჩნდება სურვილი ჰყავდეს ძაღლი, კატა და სხვათა შორის, გველიც, ესეც ხშირია საქართველოში. ის ფაქტები, რომელზეც საუბრობდით და ცხოველთა წამებას ეხება, ერთეულია. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, განვითარებულ ქვეყნებშიც დგას. სოციუმიდან მოდის, ბავშვები სექტებში ხვდებიან, ისეთ ფილმებსა და მულტფილმებს უყურებენ, სადაც წამება ხშირია და შედეგად, ზოგს ექმნება ფსიქიკური პრობლემები, რომელსაც ამგვარი სასტიკი ქმედებებით გამოხატავენ ცხოველების მიმართ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ მთლიანობაში კატასტროფული მდგომარეობა არ არის. იყო, მაგრამ ახლა აღარ. ნელ-ნელა ვვითარდებით, ინფორმირებულობა მატულობს და ადამიანების მხრიდან ცხოველებისადმი აგრესიული დამოკიდებულება უკეთესობისკენ იცვლება. ვერ ვიტყვი, რომ სულ გაქრება, ასეთი ბავშვები და ზრდასრულები სულ იქნებიან, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მესმის, რომ ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ დიასახლისებს ვურჩევდი, რასაც აკეთებენ, სიყვარულით, ხალისით გააკეთონ".
"არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალით ჩაერთვებოდა ომში"
"ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე"
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა...
"ქალბატონ სალომეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, გავიხსენოთ თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მისი მოღვაწეობა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.