კაცი, რომელიც კონკურენტს ღიმილით "ანგრევს"
font-large font-small
კაცი, რომელიც კონკურენტს ღიმილით "ანგრევს"
გურამ თუშიშვილის პირადი ცხოვრება

ყოველთვის პირველობაზე ფიქრობს და ალბათ სწორედ ეს მიზანდასახულობა დაეხმარა, რომ 23 წლისა ასეთი წარმატებულია: გურამ თუშიშვილი 100 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობს და თავისი კარიერის მანძილზე 7 ოქრო აქვს მოპოვებული. მათ შორისაა მსოფლიო პირველობა და ევროპის ჩემპიონატი. თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად პირველ ადგილს იკავებს. ინტერვიუდან შეიტყობთ, ძიუდოში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის კარიერულ გეგმებზე, პირად ცხოვრებასა და მის ინტერესებზე.


- დავიბადე თბილისში, 1995 წლის 5 თებერვალს. დაბა კოჯორში გავიზარდე. ახლა ეს ადგილი უკვე დედაქალაქს შეუერთდა, ასე რომ, კოჯრელი თბილისელი ვარ (იღიმის). დაწყებით კლასებში კარგად ვსწავლობდი, ალბათ ისევე როგორც ყველა, მაგრამ მეექვსე კლასიდან სპორტზე შევედი და ყურადღება ძიუდოზე გადავიტანე. ოჯახში სამი დედმამიშვილი ვართ. მყავს უფროსი ძმა და და.
- უმცროსს განებივრებდნენ?
- არა, ასე ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივი შეკრული ოჯახი ვართ. და-ძმები ხან ვჩხუბობდით, ხან ვხალისობდით და ხანაც ვეხვეოდით ერთმანეთს.
- ფეხბურთზე დადიოდით და ექიმობა გსურდათ...
- დიახ, პირველად ფეხბურთზე დავდიოდი. ბავშვობიდან მიყვარდა. ის სულ სხვა ფენომენია ჩემთვის და ვთვლი, რომ ძალიან ლამაზი სპორტია. დავდიოდი ფეხბურთზე, მაგრამ ჩემი მონაცემები ამ სახეობაში ბოლომდე ვერ გამოვავლინე. რაც შეეხება ექიმობას, მართლა მაინტერესებდა ეს პროფესია. მომწონდა თეთრი ხალათი, საოპერაციო მაგიდა (იღიმის). მერე მშობლებმა ძიუდოზე მიმიყვანეს, "შევარდენ 2005"-ში ამირან კელიხაშვილთან გავდიოდი წვრთნას. ძალიან მალევე დარბაზის პირველობასა და სხვა შეჯიბრებებზე კარგი შედეგი ვაჩვენე და მივხვდი, რომ ნიჭიც მქონდა. შემდეგ ნაკრებში მოვხვდი, მანამდე შევიცვალე მწვრთნელი და ბათუ ჯიქურთან ვარჯიში დავიწყე. ის დღემდე მომყვება. 2012 წლიდან ივიკო ერგემლიძესთან დავიწყე ფიზიკური მომზადება. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ჭირს ისეთი მწვრთნელის პოვნა, რომელიც მოგამზადებს, პროფესიონალურად მოგიდგება, გაგზრდის, წარმატებას მიგაღწევინებს. მიხარია, რომ ივიკოს შევხვდი.
GzaPress
- ფიზიკური მომზადების გარდა, უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. ვინ იყო და არის თქვენთვის სტიმული ამ თვალსაზრისით?
- რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სტიმული ოჯახში დედაა, რომელიც შენს წარმატებასა და წარუმატებლობას ერთნაირად განიცდის. სულ ამბობდა, რომ მთავარი ჯანმრთელობა და შრომაა, რომელიც აუცილებლად დამიფასდებოდა. იმედგაცრუებაც მქონია, ზოგჯერ გულიც ამცრუებია ყველაფერზე, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს არასოდეს დაუკარგავთ რწმენა, რადგან ხედავდნენ, რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და დიდ ძალისხმევას ვდებდი საქმეში. მინდა, ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ჩემი რწმენისა და გვერდში დგომისათვის.
- ყველა ადამიანი ფიქრობს, იქნებ შემეცვალა რამე, ან სხვა პროფესიაში მეცადა ბედიო. თუ გქონიათ მსგავსი აზრები და ყველაზე მძიმე მომენტი კარიერაში?
- 18 წლისა ვიყავი, "დიდების საქართველო" რომ მოვიგე. ევროპის ჩემპიონატზე უნდა მეჭიდავა, მაგრამ ერთი კვირით ადრე ვარჯიშისას მაჯა ვიტკინე. ევროპის ჩემპიონატზე მაინც ვიჭიდავე, წავაგე და ხელი ისე ამტკივდა, ვერ ვამოძრავებდი. ძვალზე საკმაოდ მძიმე ოპერაცია გამიკეთეს. ამის გამო 8 თვე გავჩერდი. სპორტისთვის ეს საკმაოდ დიდი დროა. ექიმები ვერ პროგნოზირებდნენ, თუ გამოვჯანმრთელდებოდი და ვარჯიშს გავაგრძელებდი. ის 8 თვე ცოტა არასპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი.
- მაინც, როგორი?
- რეჟიმიდან ამოვვარდი, სულ გარეთ ვიყავი და სახლში გვიან ვბრუნდებოდი. ორგანიზმი გაზარმაცებული მქონდა და ამის მერე ვარჯიშის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამაში ბავშვობიდან გამოყოლილი სპორტული შემართება დამეხმარა. სულ მქონდა "ჟილკა", ჩემპიონი გავმხდარიყავი. მინდოდა ევროპის, მსოფლიო ჩემპიონობა, რაც ჩემი ოჯახის მხარში დგომით, შევძელი კიდეც. 4-5 თვე დამჭირდა სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო და მერე ფორმაშიც ჩავდექი. ახლა ჩემი დღის რეჟიმი ასეთია: დილა იწყება სპორტული გასეირნებით, შემდეგ ვსაუზმობ, მივდივარ სავარჯიშო დარბაზში. შუადღეს შინ ვბრუნდები, ვსადილობ, ვიძინებ და საღამოს კვლავ სპორტდარბაზში ვატარებ. დღეში დაახლოებით 7-8 საათს ვვარჯიშობთ.
- ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა 23 წლის ასაკში საკმაოდ კარგ მიღწევად ითვლება, ხომ ასეა?
- ძიუდოში კი, ასე ითვლება. შედეგები ჭაბუკობიდან დავიწყე - მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მერე ახალგაზრდებში ორჯერ ევროპის ჩემპიონი. ჩემს თანატოლებთან ლიდერობას მივეჩვიე, მაგრამ დიდებში რომ გადავინაცვლე, პირველი წელი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი - ბევრი შეჯიბრება წავაგე (იღიმის). თუმცა, ამ დროს თავის დანებება არ მიფიქრია, პირიქით, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ძლიერი ვარ. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში მოვხვდი, მოვიგე და ამ გამარჯვებისას თვითკმაყოფილება ვიგრძენი (იღიმის), თუმცა, იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რომ დავმარცხდი, მივხვდი, არასწორად ვფიქრობდი და კიდევ ბევრი მქონდა გამარჯვებისთვის გასაკეთებელი. სერიოზულად დავიწყე წლევანდელი, 2018 მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება. დამიფასდა და მსოფლიო ჩემპიონიც გავხდი!..
- როგორ იქცევით ასპარეზობის წინ?
- ყველა ინდივიდუალურად იქცევა და ყველას თავისი აზრი აქვს ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობ, შეხვედრებამდე ზედმეტი ნერვიულობა და ფიქრი გადაგღლის. მაგალითად ახლა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, 5 სპორტსმენი ჩვენ მწვრთნელებთან ერთად დავდიოდით ტაძრებში, ვილოცეთ, ქალაქგარეთ ბუნებაში, ლამაზი ადგილები ვნახეთ და ბაქოში ასპარეზობის წინადღეს ჩავედი. მოგეხსენებათ, ჩვენს ფედერაციაში ამ ეტაპზე დაძაბული სიტუაციაა და ნაკრების ოფიციალური მწვრთნელი არ გვყავდა. ჩემმა პირადმა მწვრთნელმა აიღო პასუხისმგებლობა თავზე და ბათუ ჯიქური მყავდა წაყვანილი სეკუნდანტად. მან დიდი პასუხისმგებლობა აიღო, არ მინდოდა იმედები გამეცრუებინა და მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი გამარჯვება მას მივუძღვენი.
- რომელ ემოციას შეადარებთ იმ განცდას, როცა გულზე ჩამოკიდებული ოქროს მედლით დგახართ და დარბაზში საქართველოს ჰიმნი ჟღერს?
- ალბათ იმ ემოციას, რომელიც ჯერ არ განმიცდია და ეს იქნება შვილის წარმატება.
GzaPress
- მეუღლე და გოგონა გყავთ - სესილია...
- დიახ, ჩემი მეუღლე ფსიქოლოგია. სესილია წლისა და 8 თვისაა. მეუღლის პროფესიაც მეხმარება ჩემს საქმეში (იღიმის). ანი გაგებით ეკიდება ჩემს სპორტულ ცხოვრებას. არანაირი დისკომფორტი ან კონფლიქტი არ გვაქვს იმის გამო, რომ შეკრებებზე შეიძლება 2-3 კვირა წავიდე. ურთიერთგაგება ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე ის, რომ სპორტსმენი სხვა ქვეყანაშია შეჯიბრებაზე, ოჯახზე არა აქვს სანერვიულო.
- რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
- ანის ბავშვობიდან ვიცნობ, კოჯორში ისვენებდა. სულ მომწონდა. რომ წამოვიზარდეთ, ცოტა ხანს დავკარგეთ ერთმანეთი, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ 3 წლის წინ ისევ შევხვდით ერთმანეთს და დაოჯახება გადავწყვიტეთ.
- გამოდის, ბავშვობის სიყვარულია...
- კი (იღიმის).
- თქვენი დახასიათებისას ერთი სიტყვა გამოკვეთილად მახსენდება - კაცთმოყვარეაო...
- მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი. თუნდაც ჩემს კონკურენტებთან. ზოგჯერ ჩემს კონკურენტს აგრესია რომ აქვს ხოლმე ჩემ მიმართ, გავუღიმებ, მშვიდად დაველაპარაკები და ამით ფსიქოლოგიურად "ვშლი", "ვანგრევ".
- ანუ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ამარცხებთ...
- ჰო, ფსიქოლოგიურად ვამარცხებ. არ ვიცი, რა ჰქვია ამ თვისებას, მაგრამ შემიძლია ძალიან გაბრაზებულ ადამიანს ისე დაველაპარაკო, რომ მალევე ჩემ მიმართ დადებითად განვაწყო.
- გასაგებია თქვენი საიდუმლო... ახლა მიზნად რა გაქვთ დასახული?
- 2020 წელს ოლიმპიური თამაშებია, სადაც წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია და ძალიან ღირსეული უნდა იყო. ამისთვის საჭიროა დიდი შრომა. წინ კიდევ 2 წელია. ოლიმპიადის მოგება ხომ ჩვენს პროფესიაში გვირგვინია და სულ ამისკენ მივისწრაფოდი. ვნახოთ, ამას რამდენად შევძლებ. საერთოდ, ყველა შეჯიბრებაზე, სადაც გავდივარ, სულ მინდა მოგება, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება - ხან ვიგებ, ხან ვაგებ. საქართველოში სამივე, ანუ "ევროპა", "მსოფლიო" და ოლიმპიადა არავის აქვს მოგებული და ბოლო გამარჯვების შემდეგ, იმის ამბიცია გამიჩნდა, რომ გავხდე პირველი, ვისაც ეს სამივე ტიტული ექნება. დიდი სურვილი მაქვს, ამ მიზანს მივაღწიო.
- დაბოლოს, ისეთ რეჟიმში ცხოვრობთ, ბუნებრივია, სხვა ინტერესისთვის დრო აღარ დაგრჩებათ...
- ვთამაშობ ფეხბურთს და ვნადირობ, ძირითადად ფრინველზე. ძალიან კარგი მონადირე არა ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს, როგორც მონადირეები ეძახიან, სასიამოვნო გასართობი, დასამშვიდებელი და დასასვენებელი სპორტის სახეობაა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გული მწყდება, რომ ცურვას ვეღარ ვახერხებ
"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა"
"მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები"
"ორი ბოკალი ღვინო გრიპის ხუთ ნაირსახეობას ამარცხებს"
დაშვებული შეცდომა და ადამიანები, რომლებიც მასზე უარყოფითად მოქმედებენ
"მეგობრებთან, რომლებიც სხვა არხზე გადავიდნენ კარგი ურთიერთობა მაქვს"
"მიმაჩნია, რომ როცა საქართველო გიყვარს და ქალი ხარ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ქართველთან ერთად ოჯახის შექმნაა..."
"საქმე ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, მთავარია, რისი უნარი გაქვს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.