მადონა კოიძის პირადი ცხოვრება
font-large font-small
მადონა კოიძის პირადი ცხოვრება
მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული კვების ობიექტების ყველაზე ცნობილი "რევიზორი" და "რისხვა" - მადონა კოიძე დიასახლისურ-კულინარიულ თემებზე გვესაუბრება. აქტიური საქმიანი ქალი ორი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა, საოჯახო საქმეებს კარგად უძღვება და შეძლებისდაგვარად, მეგობრებთან ერთად განტვირთვასაც ახერხებს.


გადაცემა მომხმარებელთა უფლებებისთვის
- თავიდან, ლიზა ვადაჭკორიას "რევიზორის" მსგავსი გადაცემის გაკეთება ჰქონდა იდეაში, რაზეც მე კატეგორიული უარი ვთქვი, რადგან ვთვლიდი, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, თუკი გადაცემა მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მათ საჩივრებზე იქნებოდა დაფუძნებული. მე ჟურნალისტი არ ვარ, ამიტომ არაპროფესიონალისთვის პროექტის დამტკიცება რთული იყო, ლიზა და მარიკა ხიდურელი კი პროფესიონალები არიან და სამივემ ერთად გავაკეთეთ.

- როდესაც სადმე შედიხართ როგორც მომხმარებელი, რამდენად აქცევთ ყურადღებას იმ კვების ობიექტის შიდა სამზარეულოს, მათ შორის, საზღვარგარეთ.
- პირადსა და სამსახურს ერთმანეთში არ ვურევ, უბრალოდ, გარკვეული ინფორმაცია მაქვს და არის რესტორნები, სადაც მე არასდროს შევალ და საჭმელს არ შევჭამ, არის ისეთი რესტორნებიც, სადაც არ ვიცი სამზარეულო როგორია, მაგრამ ვიცი ის, თუ როგორი მენეჯმენტი აქვთ დანერგილი და აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია მივირთვა ის მადისაღმძვრელი კერძები, რომლებსაც იქ ამზადებენ.
რაც შეეხება უცხოეთს, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, როგორც ტურისტი და სტუმარი, ასევე, პროექტებით, რომლებიც უშუალოდ სურსათის უვნებლობას ან მომხმარებელთა უფლებების დაცვას ეხებოდა და რომ გითხრათ, ამ მხრივ საქართველოში დღეს რაღაც განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაა-მეთქი, მოგატყუებთ. გარკვეული დროის წინ, ნამდვილად იყო, როდესაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს კონტროლის უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა და სამომხმარებლო ბაზარზე სრული უკონტროლობა იყო. დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურია და თავის საქმეს, შეძლებისდაგვარად, კარგად ასრულებს. რეგიონს გააჩნია, ზოგს ჯერ კიდევ სჭირდება წამოწევა და მეტი მუშაობა.
მერწმუნეთ, ძალიან ბევრი კარგი რესტორანია, რომელსაც მხოლოდ დარბაზი კი არა, სამზარეულოც მოწესრიგებული აქვს და ეს კი მენეჯმენტზეა დამოკიდებული. ჩვენ ძირითადად ცუდს იმიტომ ვაჩვენებთ, რომ მომხმარებელი ხარვეზებზე გვწერს, პრეტენზია აქვს, არ ენდობა და ამის მიხედვით ვირჩევთ ობიექტებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი სტუმრობის შემდეგ, რესტორნების 80-90% ჩვენს რჩევებს ითვალისწინებს და სიტუაციას ასწორებენ.

GzaPressატაცებული ფრაზები - კონდენსანტი, დეზობარიერი და სხვა
- ყველა ის ხუმრობა, რაც ამასთან დაკავშირებით მინახავს სატელევიზიო სივრცესა თუ სოციალურ ქსელში, დადებით კონტექსტში იყო გაკეთებული. საზოგადოებას ჩვენ მიმართ აგრესია არა აქვს, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ჩვენ მათ ვემსახურებით, მათ უფლებებს ვიცავთ და ჩვენც ისეთივე მომხმარებლები ვართ, როგორიც ისინი. მათი ნდობა ჩვენ მიმართ, საკმაოდ მაღალია. იმ ხუმრობებზე ჩვენც დადებითად ვრეაგირებთ და ვხალისობთ ხოლმე, როდესაც შევიკრიბებით მე, მარიკა და ლიზა.

"თუ შინაგანად არ ხარ მოწესრიგებული ადამიანი, შეცდომებს ვერ დაინახავ"
- ვთვლი, რომ კარგი დიასახლისი ვარ. საერთოდ, თუ შინაგანად არ ხარ მოწესრიგებული ადამიანი და სისუფთავისკენ არ ილტვი, მერწმუნეთ, იმ შეცდომებს ვერ დაინახავ, რასაც მე ვაფიქსირებ. ჩემი მეუღლე და ოჯახის წევრები ჩემი დიასახლისობით კმაყოფილები არიან. სხვების მხრიდან სისუფთავესაც, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვაქცევ.

"კერძი გემრიელიც უნდა იყოს და ვიზუალურად მიმზიდველიც"
- როგორც ამბობენ, კარგი მზარეულიც ვარ, ერთადერთი, რაც არ მიყვარს, ეს საკონდიტრო ნაწარმის შექმნაა. მირჩევნია, ვიყიდო, რადგან ძალიან დიდი დრო მიაქვს და ამის საშუალება ნამდვილად არა მაქვს. რაც შეეხება კერძებს, აუცილებელია, რომ გემრიელი იყოს და ვიზუალურად მიმზიდველი. კერძს არც კი დავაგემოვნებ, თუ ვიზუალურად ჩემს გემოვნებაში არ ჯდება და ვერ აღვიქვი ჩემთვის სანდო საკვებად.
კერძის ხარისხს და ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბუნებრივია, დიდ პატივს ვცემ და მერწმუნეთ, მირჩევნია, ერთხელ ვიყიდო ხარისხიანი პროდუქტი, ვიდრე ყოველდღიურად - დაბალფასიანი. ფასზე აქცენტს არ ვაკეთებ, შეიძლება არ იყოს ძვირად ღირებული, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჯანსაღი პროდუქტია.
- ერთი შეხედვით როგორ გავარჩიოთ ხარისხიანობა დახლზე?
- მხოლოდ და მხოლოდ ორგანოლეპტიკით. გემო, ვიზუალი და სუნი, კონსისტენცია - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი პროდუქტი ჩემთვის გემრიელია და ეტიკეტშიც ჩემთვის მისაღები ინგრედიენტებია გამოყენებული, მაშინ ვყიდულობ.

"ყველა ქვეყანაში აღმოვაჩენ რაიმე საჩემოს"
- როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ, სადაც ჩავდივარ, იმ ქვეყნის საფირმო კერძებს ვსინჯავ. მაგალითად, იტალიაში აუცილებლად უნდა გავსინჯო პიცა, განსაკუთრებით, "მარგარიტა", რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან ბევრი ინგრედიენტით არაა დატვირთული. კლასიკური პიცაა. თუ ბელორუსიაში ვარ, არ არსებობს, არ დავაგემოვნო ბლინები არაჟანთან ერთად. საერთოდ, ახალი გემოების გასინჯვა ძალიან მიყვარს და ყველა ქვეყანაში აღმოვაჩენ ხოლმე რაიმე საჩემოს. მექსიკური სამზარეულო მომწონს. ცხარე საკვები მიყვარს, თუმცა, ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, არ მოვიხმარ, არც ცხარეს, არც მარილიანს და არც ტკბილეულს. არ არის სასურველი.
დიდ ყურადღებას ვაქცევ მომსახურებასაც. შესაძლოა, კერძები საუკეთესო იყოს, უგემრიელესი, მაგრამ მომსახურებით თუ უკმაყოფილო ვარ, შეიძლება იქ საერთოდ აღარ შევიდე.
"ხალხს მოვუწოდებ, რაც არ მოეწონებათ, ხმამაღლა თქვან!"
- როგორც მომხმარებელს, რომელიმე კვების ობიექტში ყოფნისას, რამეზე გამოგითქვამთ ხმამაღალი პრეტენზია?
- შეიძლება მადონა კოიძემ რამე დააფიქსიროს საპრეტენზიო და გაჩუმდეს (იცინის)? მე ხალხს მოვუწოდებ, რომ რაც არ მოეწონებათ, ხმამაღლა თქვან! არ უნდა გაჩუმდნენ. ეს იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას შენიშვნა მივცეთ, არა, უბრალოდ, სხვებზეც უნდა ვიფიქროთ, ამას ხომ მხოლოდ ჩვენ არ მივირთმევთ. თუ მაღაზიაში ვადაგასული პროდუქტი აღმოვაჩინეთ, უკან კი არ უნდა დავდოთ, მენეჯერს უნდა ვუთხრათ, რადგან შესაძლოა, ვიღაცას მხედველობის პრობლემა ჰქონდეს და სახლში წაიღოს ისე, რომ ვერც შენიშნოს. აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ, უბრალოდ, დაველოდოთ, სანამ ამ პროდუქტს დახლიდან არ ამოიღებენ. თუკი ჩვენ ყველა ერთობლივად ამოვიღებთ ხმას და შეცდომებზე მივუთითებთ, მაშინ აღარ დავზარალდებით და ეს ობიექტის მენეჯმენტისთვისაც კარგი იქნება, სამომხმარებლო სფეროსა და საზოგადოებისთვისაც.

"ქართული სამზარეულო უნიკალურია"
- ქართული სამზარეულო უზომოდ მიყვარს. ჩემი მეუღლე ქუთაისიდანაა და მოგეხსენებათ, იმერეთში ძალიან მაღალ დონეზეა ნიგვზით შეზავებული ბოსტნეული თუ სხვა კერძები და ეს ყველაფერი მიყვარს. ვფიქრობ, ქართული სამზარეულო უნიკალური და შეუდარებელია. აბსოლუტურად არაფრის დახვეწას არ საჭიროებს, უბრალოდ, ცოტა მძიმეა ჩემთვის და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, ხშირად ჭამისგან თავი შევიკავო.

მწარე სასმელი
- სასმელთან ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია, არ ვიცი, რატომ. არ მიყვარს ლუდი, ჩემს ორგანოლეპტიკაში არ ჯდება, არც ლიქიორები, არც კოქტეილები. ტკბილეული მიყვარს, ამიტომ ჩემთვის ყველა სასმელი მწარეა და მათი დაგემოვნება სიამოვნებას არ მანიჭებს. არანაირ გაზიან სასმელს, ლიმონათსა და წვენს არ ვეტანები. ერთადერთი, რაც შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ, რომელიმე დღესასწაულზე დავაგემოვნო, ნახევრად ტკბილი ერთი ფუჟერი შავი ღვინოა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ავტომობილით სწრაფად სიარული მიყვარს და როდესაც პატრული ალკოტესტის გასავლელად მაჩერებს, მეცინება ხოლმე.
ერთადერთი სასმელი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მიყვარს, ეს არის წყალი! ასევე, ყავა და ჩაი.

ძველი წონა
- ახლა დიეტაზე ვარ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 20 კილოგრამი მოვიმატე. ახლა 10 კილოგრამი უკვე დავიკელი და უბედნიერესი ვარ. მინდა, რომ ის ზედმეტი 10 კილოგრამიც მოვიშორო და ჩემს ძველ წონას დავუბრუნდე.
- რაიმე განსაკუთრებული დიეტაა?
- არა, არაფერი, უბრალოდ, ჯანსაღი კვება.

"შოპოჰოლიკი"
- "შოპოჰოლიკი" ვარ და მაღაზიებში სიარულზე ვგიჟდები, მიყვარს ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის რაღაცების შერჩევა, პირადი მოხმარებისა თუ სამზარეულოს ნივთების, ჭურჭლის, ჰიგიენური საშუალებების ყიდვა. მიხარია, როდესაც რაიმეს განსაკუთრებულსა და ორიგინალურს წავაწყდები და ვყიდულობ, ჩემთან აბაზანაშიც კი ლამაზად გაფორმებული ნივთები დევს, რადგან სახლის ლამაზად გაფორმება მომწონს.

ოჯახი და მეგობრები
- დიდი ოჯახი მაქვს: მეუღლე, ორი შვილი და ჩემი მული, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. მართალია, ქალიშვილი გათხოვილია, მაგრამ ხშირადაა ჩემთან და ორი პატარა შვილიშვილიც მყავს, რომლებიც ჩემი სუსტი წერტილია. ოჯახს დიდი დრო მიაქვს, ჩემი საქმიანობაც ძალზე შრომატევადია, ამიტომ დროს თუ გამოვნახავ და მეგობრებს შევხვდები, ეს დიდი ბედნიერებაა. მათთან ერთად წლებია მოვდივარ და როცა თავისუფალი დრო ამის საშუალებას მაძლევს, აუცილებლად ვიკრიბებით.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ საცოლეს ეძებს მიზანდასახული მორაგბე, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნავს
"საქართველოში ჯერ შედეგს უნდა მიაღწიო, შენით რომ დაინტერესდნენ და ხელშეწყობა გქონდეს"
"როცა გოგო მომწონდა, ვცდილობდი, თავი შემეყვარებინა, ამისთვის რას აღარ ვაკეთებდი, მაგრამ როგორც კი მიზანს ვაღწევდი, მისდამი ინტერესი მეკარგებოდა"
ყოფილი პროკურორი ქალბატონისა და მისი მფრინავი მეუღლის თავბრუდამხვევი ამბები
მაყურებლის მოთხოვნა იმდენად დიდია, სპექტაკლების დამატება მოგვიხდა
ქართველი მხატვრის შემოქმედება გერმანიაში აღიარეს
სადღესასწაულო სამზადისი მაკა მახარაძის ოჯახში
"ცოტა არ იყოს რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.