მეხანძრე-მაშველი, რომელიც ცხოველთა თავშესაფრის გახსნაზე ოცნებობს
font-large font-small
მეხანძრე-მაშველი, რომელიც ცხოველთა თავშესაფრის გახსნაზე ოცნებობს
ცეცხლთან, სტიქიასთან, უბედურ შემთხვევებთან ბრძოლა მათი პროფესიაა... არ არსებობს სირთულე, რომელსაც უშინდებიან, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე ზრუნავენ, სხვა დანარჩენი კი შემდეგ მოდის... თავიდან ამ სირთულეებთან შეგუება უჭირთ, თუმცა, ყველაფერს ეჩვევიან.


მეხანძრე-მაშველი ლევან სამხარაძე ათ წელზე მეტია, ამ სახიფათო და საინტერესო საქმეს აკეთებს... ხანდახან განსატვირთავად, როდესაც ეს რთული პროფესია საშუალებას აძლევს, მღერის, მთის მოტოციკლით მიუვალ ადგილებში სეირნობს და ქუჩის ცხოველებზე ზრუნავს...
- 2010 წლიდან ვმუშაობ სამაშველო სამსახურში. ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, რთული პერიოდი მქონდა - მოულოდნელად მამა გარდამეცვალა და დეპრესია დამემართა. ამასთან, ოჯახის მთელი ტვირთი, მათ შორის - შემოსავლების საკითხები დამაწვა კისერზე და სტაბილური სამსახურის ძებნა დავიწყე... ახლობელმა მირჩია, სამაშველო სამსახურში არის ვაკანსიები და სცადეო. მიღება უკვე დაწყებული იყო. ნორმატივები უნდა ჩამებარებინა, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. მხოლოდ ამის შემდეგ ამიყვანდნენ. ბევრი ფიქრის დრო არ მქონდა, ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება. მართალია, ამ პროფესიაზე ბავშვობაში არ მიოცნებია, მაგრამ ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ეს საქმე. ალბათ ამიტომ არ გამჭირვებია. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდური მუშაობა, თანადგომა, ურთიერთობა და რაც მთავარია, ადამიანების გადარჩენას სწავლობ...
- პირველი გამოძახება გახსოვთ?
- დიახ, მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისში საცხოვრებელი სახლი იწვოდა და დაკვამლიანების შედეგად, შშმ პირი ქალბატონი გარდაიცვალა... მე და ჩემმა თანამშრომლებმა ვიპოვეთ. ეს ჩემთვის პირველი შოკი იყო, პირველად ვნახე გარდაცვლილი ადამიანი. თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ ასეთი ფაქტები არაერთი იყო და შევეჩვიე...
- რა დრო სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს გამოცდილების მისაღებად?
- ორი თვე დამჭირდა. ამ დროში გამოსაცდელი ვადა გავიარე, რის შემდეგაც უკვე როგორც რიგითი მეხანძრე-მაშველი დავალებაზე გავდიოდი და ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას...
GzaPress
- ყველაზე რთული გამოძახება გახსოვთ?
- დიახ, როდესაც ავეჯის სახლ "საბაში" ცეცხლი გაჩნდა. იმ ღამეს მორიგე ვიყავი და ადგილზე რომ მივედით, მთელი შენობა უკვე ცეცხლში იყო გახვეული... სიტუაციიდან გამომდინარე, შიგნით შესვლამ მოგვიწია. ლამის ყველა მხრიდან ცეცხლმოკიდებული კონსტრუქციები და ბათქაში ცვიოდა. საფრთხე ყველა ნაბიჯზე იყო. ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს თავში დაეცა კონსტრუქციის ნაწილი და ჩაფხუტი რომ არ ჰქონოდა, ალბათ ვერც გადარჩებოდა... ამ დროს ყველა ნაბიჯი შეიძლება სახიფათო იყოს. ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, თუმცა, გამოცდილება სწორად მუშაობასა და სიფრთხილეს გვასწავლის. ძალიან მძიმედ მახსოვს 13 ივნისის სტიქია, რომელიც მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა. იმ დღეებში ჩემი სამსახური სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით... ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი იყო ის დღეები, როდესაც ზოოპარკის ტერიტორიაზე, ტექნიკასთან ერთად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. ღმერთს ვეხვეწებოდით, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი ყოფილიყო დაღუპული. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული გოგონა ვიპოვეთ. სასულიერო პირის შვილი იყო...
- ასეთი შემთხვევები ემოციურად ალბათ ძალიან რთულია.
- დიახ, ის დღეები ფსიქოლოგიურად ისეთი რთული იყო, ღამე ვერ ვიძინებდი. თუნდაც ის, რომ ადამიანის გადარჩენისთვის ხარ მოტივირებული, გამთენიას, დილის 4 საათზე ბინაში ფანჯრიდან შედიხარ და გარდაცვლილი გხვდება. ეს იმდენად მძიმედ მოქმედებდა, რომ სიზმრებშიც კი გარდაცვლილებს ვხედავდი. შემდეგ, რაღაცნაირად მოვერიე თავს და ემოციების კონტროლი ვისწავლე. ახლაც ძალიან განვიცდი ასეთ შემთხვევებს, მაგრამ ამ დროს ყველაზე მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო და შენი საქმე ზუსტად გააკეთო.
- ვიცი, რომ ძალიან კარგად მღერით.
- 2007 წელს, სტუდენტობისას ხალხურმა საკრავებმა დამაინტერესა და ჩონგურის დაკვრის სწავლა გადავწყვიტე. მინდოდა, რა სიმღერებსაც ვიმღერებდი, მისი მელოდია დამეკრა. მასწავლებელმა შემომთავაზა, ერთ-ერთ ახალშექმნილ ანსამბლში ვმღერი და თუ სურვილი გაქვს, ხელმძღვანელს შეგახვედრებო. ერთი სიტყვით, ამიყვანეს და დაახლოებით 7 წელი, სამსახურთან შეთავსებით, ვმღეროდი. გარკვეულ ღონისძიებებში, ფოლკლორულ საღამოებში ვმონაწილეობდი. სოლო გამოსვლები არ მქონია და საესტრადო სიმღერები არასდროს შემისრულებია... ძალიან მიყვარს სიმღერა. სამსახურში, მორიგეობის დროსაც ვმღერი და თანამშრომლებიც ხშირად მეკითხებიან, რატომ არ მონაწილეობ კონკურსებშიო?
- ასე მოხვდით "მხოლოდ ქართულში"?
- დიახ, სამსახური მხარში ამომიდგა. გვინდოდა, ჩემი გამოსვლა სტანდარტული არ ყოფილიყო და სამსახურის თემაც ჩაგვესვა. მაშინ გადამიყვანეს შემდეგ ტურში, კიდევ ერთი სიმღერა შევასრულე, როიალთან ვიმღერე, თუმცა, იმდენად ძლიერი კონკურსანტები ჰყავთ, რომ ათეულში გადასვლის ამბიცია თავადაც არ მქონია...
- უცნაურ სიტუაციაში თუ გიმღერიათ?
GzaPress- ჩემი პროფესია ისეთია, რომ სიმღერის თავი იქ ადამიანს თითქმის არასდროს აქვს, მაგრამ ტყეში ხანძრის დროს ვიმღერე. გარკვეულ უბნებზე, პატარ-პატარა კერების ქრობის პროცესი ზოგჯერ ძალიან დიდხანს გრძელდება, ამ დროს კი ვცდილობთ, რაღაცით განვიტვირთოთ, ვიხუმროთ, ვიმღეროთ... ჰოდა, მეც ვიმღერე...
- თქვენი ფოტოების დათვალიერებისას მივხვდი, რომ ექსტრემალური სპორტი გიყვართ.
- დიახ, ეს ჩემი ჰობია. მყავს სხვადასხვა სახეობის, დანიშნულებისა და მონაცემების მოტოციკლი და ველოსიპედები. მათ ხასიათის მიხედვით ვატარებ. ბოლოს აბასთუმანში, ორდღიანი ტურით ვიყავი და ეს არის ადრენალინი, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება. ასეთივე ტურით ყაზბეგშიც ვყოფილვარ...Mძალიან მიყვარს სირთულეები. მთის მოტოციკლით იმდენად რთულია გადაადგილება, რომ ის ადგილი რომ ნახოთ, ვერც კი დაიჯერებთ, რომ იქ ვინმეს სწრაფი ტემპით სიარული კი არა, საერთოდ განძრევა შეეძლო. ჩემი პროფესია, სამსახური პირველად სამედიცინო განათლებას გვაძლევს და არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც ვიღაცას ჩემი დახმარება დასჭირვებია, თუმცა, საკმაოდ სახიფათო ცხოვრების წესის მიუხედავად, სერიოზული ტრავმა არასდროს მიმიღია. ამას წინათ მოტოციკლიდან გადმოვვარდი და მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მივიღე. სისწრაფე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯერჯერობით შემიძლია ჩემი თავის კონტროლი. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ასეთი გატაცებები ცუდად სრულდება... ველოსპორტიც ძალიან მიყვარს. ხშირად ვხუმრობ, ყველანაირი სახმელეთო ტრანსპორტი ათვისებული მაქვს-მეთქი. სამი-ოთხი წელი, ნებისმიერ ამინდში, სამსახურსა და ყველანაირ საქმეზე ველოსიპედით დავდიოდი. საკმაოდ ძვირად ღირებული იყო და ერთ დღესაც, მომპარეს. ძალიან განვიცადე, მაგრამ ვერ ვიპოვე... მას შემდეგ ასეთი ვეღარ შევიძინე... შემდეგ გადავერთე მოტოციკლზე.
- ვიცი, რომ ძალიან გიყვართ ცხოველები.
- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სახლთან პატარა ცხოველთა თავშესაფარი მაქვს მოწყობილი, ოღონდ ჩაკეტილი კი არ მყავს, მიდი-მოდიან. ყოველდღე რამდენიმე ქუჩის ძაღლი და კატა მსტუმრობს, თავიანთი მეგობრებიც მოჰყავთ და ვაპურებ... ჩემი ოცნებაა, ცხოველთა სრულფასოვანი თავშესაფარი ავაშენო, სადაც ისეთი პირობები იქნება, რომ ყველანაირი ცხოველი თავს კარგად იგრძნობს.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.