რატომ აპარებდა თვალს მელანია ტრამპი მაკა ჩიჩუასკენ
font-large font-small
რატომ აპარებდა თვალს მელანია ტრამპი მაკა ჩიჩუასკენ
რამ ჩააგდო შოკში ფოტოგრაფი

ლელი ბლაგონრავოვა 38 წლისაა და უკვე 24 წელია, რაც ფოტოაპარატი მისთვის განუყრელ სამუშაო იარაღად ქცეულა. მის ფოტოობიექტივში ძირითადად პოლიტიკოსები ხვდებიან. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირად ფოტოგრაფს გასახსენებელი ბევრი აქვს.


- დიდი არქივი მაქვს, ეს ჩემი განვლილი ცხოვრება და შენახული წამებია. სტუდენტობისას მასწავლიდნენ, ფოტოს გადაღებამდე სუნთქვა უნდა შეიკავო, რომ კამერამ არ იმოძრაოს და კარგი კადრი გამოვიდესო. ვინ იცის, რამდენი ჩემი შეჩერებული სუნთქვაა ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებში. დღეს თუ შემდგარი ფოტოგრაფი ვარ, ეს მამაჩემის დამსახურებაა. მან მითხრა, ფოტოგრაფია შენი არჩევანია და როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეციო. ამ მხარდაჭერამ დიდი პასუხისმგებლობა მაგრძნობინა. როდესაც ფოტოაპარატით ხელში გავდიოდი ქუჩაში, ყოველთვის ვცდილობდი, ყველა საინტერესო მომენტი დამეფიქსირებინა. 90-იან წლებში ჟურნალისტიკურზე ჩავაბარე და ბუნებრივად მოხდა ამ ორი პროფესიის ერთმანეთში შერწყმა. შემდეგ დავიწყე საინფორმაციო სააგენტოში რეპორტიორად მუშაობა და ფოტოებით ამბის თხრობა. ნებისმიერ მასალას ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს ვურთავდი. საბოლოოდ, ისე გამაგიჟა ჩემმა საქმემ, რომ ამის გარეშე აღარ შემეძლო. ტელევიზიაში პროდიუსერადაც ვმუშაობდი, რადიოსიუჟეტებსაც ვაკეთებდი. მომწონდა გუნდურად მუშაობა, მაგრამ რატომღაც, არ გამომდიოდა. მსურდა მარტოს მეკეთებინა საქმე. ფოტოგრაფია მაძლევდა ამის საშუალებას, ხოლო ჟურნალისტური განათლება კი - იმის საშუალებას, გამეგო, რა იყო ამბავი და როგორ მომეყოლა ის. ჩემთვის ყოველთვის დომინანტი იყო ფოტო და მერე - ტექსტი.
- რა არის თქვენი ძირითადი მიმართულება?
- პორტრეტი, თუმცა პორტრეტი არ ნიშნავს მხოლოდ სახეს, ეს ნიშნავს, ადამიანი გახსნა და აჩვენო ხასიათის გარდა მომენტი, წამი მისი ცხოვრებიდან. ფოტოგრაფებს ამის გამო ხშირად ადარებენ მონადირეებს და ამაში არის გარკვეული სიმართლე. ფოტოგრაფმა გარკვეული გამოცდილების შემდეგ ზუსტად იცის, რა უნდა გადაიღოს და რა გამოვა.

GzaPress- პროფესიული კმაყოფილების შეგრძნება ხშირად გეუფლებათ?
- არასდროს უნდა იყო კმაყოფილი საკუთარი თავით. როგორც კი ეს გრძნობა გაგიჩნდება, სწორედ მაშინ არ გამოგივა არაფერი. ზედმეტი თვითდაჯერებულობა ვნებს საქმეს, ყოველდღე ახალი მიდგომითა და ხედვით უნდა შეგეძლოს ვინმეს ან რამეს დანახვა. თვითკმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ვთვლი, რომ რაღაც ეტაპზე ეს საჭიროც კია.
- კარგი ფოტოჟურნალისტი რომ გახდე, ამისთვის აუცილებელი რა არის?
- კარგად უნდა იცნობდე პოლიტიკურ სიტუაციას, ანუ ინფორმირებული უნდა იყო, რა ხდება მსოფლიოსა და ქვეყანაში. უნდა ცნობდე პოლიტიკურ ფიგურებს და რაც აუცილებელია, იყო კომუნიკაბელური. არაკომუნიკაბელურ ფოტოგრაფებს უჭირთ მუშაობა, განსაკუთრებით ჩემს მიმართულებაში, ვგულისხმობ პიარ ან დოკუმენტურ ფოტოგრაფიას. თუ შორიდან უყურებ და აკვირდები პროცესს, მაშინ დამკვირვებელი ხარ და არა - უშუალო მონაწილე. მონაწილეობის გადაღებაა მთელი პრინციპი. გარდა ამისა, უნდა იცოდე, ვის რაზე ესაუბრო. იმიტომ არის ჟურნალისტური გამოცდილება მნიშვნელოვანი, რომ წინასწარ მოემზადო, სანამ გადაღებაზე წახვალ. რა თქმა უნდა, ინტუიციაც უნდა გქონდეს. მეუბნებიან, შენ წინასწარ იცი, რა უნდა გადაიღოო და გულწრფელად ვიტყვი, ეს ძალიან მსიამოვნებს. უდიდეს პატივს ვცემ შაჰ აივაზოვს, რომელიც ტყუილად ჩანთიდან კამერას არ ამოიღებდა და როცა ამოიღებდა, უკვე კადრი ჩნდებოდა. ზოგჯერ გვერდი-გვერდ ვიდექით და უთქვამს ჩემთვის, თუ შეიძლება, შენს ადგილას დამაყენეო და საოცარი კადრი გამოსვლია. არადა, თითქოს არაფერი, მაგრამ ადგილის შეცვლით რაკურსი შეიცვალა და ესაა.
- თქვენი ფოტოაპარატი ძალიან მძიმეა - 4კგ და 300გრ. არ გიჭირთ მთელი დღე მისი ტარება?
- ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ, აიღოთ და თავად დარწმუნდებით, რა მძიმეა. ამიტომ ჩემი რჩევაა, ვისაც ფოტოგრაფობა უნდა, იყოს კარგ სპორტულ ფორმაში (იცინის), რათა შეძლოს დიდხანს სიარული, სირბილი, სიმძიმეების ტარება. როდესაც პრეზიდენტს მივყვები ვიზიტზე, ჩემი აპარატურა იწონის ზუსტად 17-18 კილოს. ამ სიმძიმით მიწევს სირბილი დილიდან საღამომდე. ვერც ვერავინ მომეხმარება, შეხვედრებზე სხვას არავის უშვებენ ფოტოგრაფის გარდა. ბოლოს, საფრანგეთიდან რომ მოვფრინავდი, აეროპორტში მითხრეს, - ამას ვინ შეგატანინებთ ხელბარგშიო? 5 წელია, ასე დამაქვს-მეთქი და გაუკვირდათ, ნორმალური ადამიანი ამდენს ვერ ატარებს, არ შეიძლებაო. ფოტოგრაფს მარტო წინ სიარული კი არა, უკანსვლაც უნდა შეეძლოს - გადასაღები ობიექტი რომ მოდის, შენ ხომ უკან-უკან მიდიხარ და ისე უღებ. ამ დროს ყურადღებით უნდა იყო, ბევრჯერ წავქცეულვარ და ხან პრეზიდენტი მაყენებს მერე, ხან - დაცვა, ხან კი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი. სულ მეშინია, თავი არ დავარტყა. მწარედ მახსენდება ბოლო შემთხვევა მარნეულში, როდესაც უკან-უკან სვლისას ხე ვერ შევამჩნიე და გადავვარდი. თან წონა მაქვს და როგორია, აპარატურის თანხლებით ჩემი წამოყენება?
GzaPress
- რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას, როგორ გაიხსენებთ მათთან მუშაობის პერიოდს?
- ძალიან დიდი შრომაა, იყო პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი. თუ მის მიმართ დადებითად არ ხარ განწყობილი, სხვანაირად ვერ აიტან 5 წლის მანძილზე ვერც მძიმე აპარატურის თრევას, ვერც ბავშვისგან შორს ყოფნას. მინდა, საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ფოტოები ყოველთვის საუკეთესო იყოს. საფრანგეთში ბოლო ვიზიტისას ბევრი ფოტო გადავიღე, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველ ლედის აქვს დადებითი ემოციები, ძალიან უყვარს ხალხს. შევამჩნიე, სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს საფრანგეთში მელანია ტრამპი მისკენ თვალს აპარებდა, მის უკან იდგა და რამდენჯერმე მიტრიალდა უკან - აინტერესებდა, ვინ იყო. მერე გაიცნო და ერთადაც გადავუღე ფოტოები. ამ წყვილის ბუნებრიობა მაძლევს შესაძლებლობას, არასდროს დავდგათ სცენები და კადრები. რაც შეეხება პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილი საურთიერთოდ ძალიან საინტერესო ადამიანია, სასიამოვნოა მასთან საუბარი, მრავალმხრივ განათლებულია და სხვების მოსმენაც იცის. მათთან თავს მომსახურე პერსონალად კი არა, გუნდის წევრად გრძნობ. საჯარო მოხელეების ბევრ პირად ფოტოგრაფს ვიცნობ და თავიანთი ობიექტები არც კი ესალმებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგალითად, ჭიქა ყავის ერთად მირთმევაზე და თუნდაც საუბარზე.
- თქვენ თუ დაგილევიათ მათთან ერთად ყავა?
- კი, როგორ არა, ყავაც დაგვილევია და კვერცხიც შეგვიწვია ერთად. აბა, შევარდნაძესთან ერთად ყავის დალევაზე ვინ იფიქრებდა მაშინ? ეს წარმოუდგენელი რამ იყო.
- მასთან როგორ მოხვდით სამუშაოდ?
- მახსოვს, მამამ მაჩუქა "ქენონის" აპარატი, ვერაფერი გავუგე და საქინფორმში ნაცნობებს მივაკითხე, ამიხსენით როგორ მუშაობს-მეთქი. რაღაც ფოტოების გადაღება მთხოვეს, მერე კიდევ და საბოლოოდ, დამტოვეს. საქინფორმი 1990-იანი წლებში შევარდნაძის პრესსამსახურს ეკუთვნოდა. ოთხი პირადი ფოტოგრაფი ვიყავით, ერთი მთავარი და სამი - დამხმარე. მახსოვს, ერთხელ კახა იმნაძემ, პრესმდივანმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ასეთი რამ უთხრა: ბატონო ედუარდ, რომ იცოდეთ, თქვენ საუკეთესო ფოტოგრაფი გიღებთო. მოულოდნელი შექებისგან შევკრთი, მან კი მომხედა და მხოლოდ 2 სიტყვა მითხრა: ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მე შოკში ჩავვარდი (იცინის).
- პროფესიის წყალობით ალბათ, ბევრჯერ მოხვედრილხართ ექსტრემალურ სიტუაციაში?
- აგვისტოს ომში ვარ ნამყოფი. დაბომბვა რომ დაიწყო და გორში პირველი ბომბი ჩამოვარდა, გავიქეცით იმ ადგილის გადასაღებად, ხიდის გადაღმა. ჩამოვარდა მეორეც. მახსოვს, ერთი ჯარისკაცი დაცემულს ზედ გადამეფარა, რომ დავეცვი და სხვათა შორის, იმ ბიჭის სახე დღემდე მახსოვს... მოკლედ, ხიდზე უკან ხომ უნდა გადმოვსულიყავით? ისე დავიღალე, არაფრის თავი მქონდა - ყველა მორბოდა, მხოლოდ მე ვმოძრაობდი მშვიდად... იმ წუთებში შიშს კი ვერ გრძნობ, როცა სახლში ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, მერე უფრო ნერვიულობ. ძალიან შემეშინდა, 3 დღე საწოლიდან ვერ ვდგებოდი.
- ყველაზე ემოციური ფოტო რომელია?
- ალბათ ის ქალი, შველას რომ ითხოვს, ჩემი პოპულარული კადრი. იცით, რა იყო მნიშვნელოვანი? ამ ქალს ხმა არ ჰქონდა და შველას უხმოდ ითხოვდა, პირს აღებდა და ხმა არ ამოსდიოდა. რომ ვერ შველი, ეს კიდევ სხვა უბედურებაა. სრული სიჩუმე იყო. ასეთ დროს არ იცი, როგორ მოიქცე. მომკლა დაუცველობის შეგრძნებამ. ვერც ასწრებ ბევრი რამის გააზრებას, უბრალოდ იღებ, რადგან იცი, შენი საქმე უნდა გააკეთო. ახლა ვფიქრობ, იმ დროს ოჯახი და შვილი რომ მყოლოდა, მაინც გავრისკავდი და წავიდოდი? ჩემი შვილი, ანდრია 7 წლისაა. ხან ჯარისკაცობა უნდა და ხან - ფოტოგრაფობა. მეუღლე ჩემი პროფესიის წყალობით გავიცანი, მასთან ფოტოების დასაბეჭდად მივედი. გამიმართლა, კარგად ესმის და აფასებს ჩემს საქმიანობას. როდესაც ქვეყნიდან მივდივარ, ის რჩება ანდრიასთან და მე მშვიდად ვარ, რადგან ჩემი შვილი უსაფრთხოდ არის, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.