როგორ გარდაიქმნა გატუტუცებული გოგო - შესანიშნავ დიასახლისად
font-large font-small
როგორ გარდაიქმნა გატუტუცებული გოგო - შესანიშნავ დიასახლისად
"მესმის, რომ ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ დიასახლისებს ვურჩევდი, რასაც აკეთებენ, სიყვარულით, ხალისით გააკეთონ". „დიასახლისი ხარ? ალბათ, თავის დროზე შენ აირჩიე და შენვე განაგე ეს გზა". - აღნიშნავს მსახიობი, თათული ედიშერაშვილი, რომელიც კულინარიაზე, ოჯახზე, "ზომიერების ჩარჩოებში მოსაქცევ" ტრადიციებსა და დიასახლისურ ამბებზე გვიყვება.


გველი და ბაყაყი
- მოგზაურობებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ყველა ქვეყანა თავისებურად მახსენდება. რაც შეეხება სამზარეულოს, მეშინია გარისკვის, წინასწარ, ვიზუალით ან შემადგენლობით ვხვდები, ესა თუ ის კერძი საჩემო არის თუ არა, ამიტომ არ მივირთმევ, რაც უნდა კარგ კვების ობიექტში ვიმყოფებოდე. ზღვის ყველა პროდუქტი მაქვს დაგემოვნებული და ძალიან მიყვარს, გველიც კი გამისინჯავს, მაგრამ ვერასდროს გავსინჯავ ლოკოკინას, ბაყაყს.
განსაკუთრებით თევზეული მიყვარს, შემწვარი იქნება თუ მოხარშული. ნებისმიერ დროს შემიძლია, სიამოვნებით გავაკეთო და მივირთვა. ჯანმრთელობისთვის რამდენად სასარგებლოა, ესეც მოგეხსენებათ ალბათ. მიხარია, რომ თევზეული შვილებსაც შევაყვარე.
პორტუგალიაში, რამდენჯერმე თურქეთსა და უკრაინაში ვარ ნამყოფი. პორტუგალიაში თევზეული ძალიან უყვართ. რეცეპტიც წამოვიღე და მათნაირად ხშირად ვამზადებ ხოლმე - თევზი ბოსტნეულთან ერთადაა გამომცხვარი, გარნირად ბრინჯი უნდა. ნებისმიერი სახეობის თევზი ყველანაირ ბოსტნეულთან უნდა გამოაცხოთ, რაც მოგეპოვებათ - კომბოსტო იქნება ეს, სტაფილო, ბულგარული თუ სხვა. შეაზავებთ სანელებლებით. პიკანტური გემო აქვს და არც ისე რთული მოსამზადებელია.

აღმოჩენა
- სხვათა შორის, ინსტიტუტი ისე დავამთავრე, საკუთარი თეფშიც კი არ მქონდა მაგიდიდან აღებული. ორი უფროსი და მყავს, დედა მყავდა და ოჯახში ყველაფერს ისინი აკეთებდნენ, მე კი ძალიან გატუტუცებული ვიყავი. მოხდა ისე, რომ ჩემი უფროსი დები ერთდროულად დაოჯახდნენ და მივხვდი, რომ მარტო დავრჩი და დედას დახმარება სჭირდებოდა. მას არასდროს დავუყენებივარ და არ უსწავლებია, მოდი, ახლა შენ ეს გააკეთეო, მაგრამ სადაც იზრდები, ყველაფერს ავტომატურად სწავლობ. აღმოჩნდა, რომ იმდენი რამის კეთება მცოდნია, თუნდაც, სამზარეულოში, რომ ვერც წარმოვიდგენდი და ვიღაცებისთვის ახლაც დაუჯერებელია, ისეთი კერძი თუ შეიძლება გავაკეთო, როგორიცაა "ხალადეცი", საცივი, ჩაქაფული და ა.შ. გურმანი ვარ, კეთებაც მიყვარს და დაგემოვნებაც. როგორც ამბობენ, გემრიელიც გამომდის.
- ბავშვებს კერძების მომზადებაში ძალიან მოსწონთ მონაწილეობა. თქვენს შვილებს "მოხმარების" შესაძლებლობას თუ აძლევთ ხოლმე?
- თუ სადღესასწაულო სუფრისთვის ვემზადებით, განწყობაც შესაბამისია, მთელ სახლში გემრიელი სურნელი ტრიალებს და ამ დროს ბავშვები კი არა, მამაკაცებიც ერთვებიან. ეს ფუსფუსი ჩემი გოგონებისთვისაც საინტერესოა, მით უმეტეს, როცა ამას გაღიზიანებული დედის სახე არ ერთვის, პირიქით, მსიამოვნებს ხოლმე. ამიტომ, შესაძლოა, ელემენტარული რაღაცებით დავასაქმო.
გარკვეულ წრეებში მიაჩნიათ, რომ საჭმლის კეთების ცოდნა "ტეხავს" და კარტოფილის შეწვა გმირობის ტოლფასია. ვფიქრობ, როცა რაღაცებზე პასუხისმგებლობას იღებ, სადილის გაკეთება მაინც უნდა შეგეძლოს.
როცა მე და ჩემი მეუღლე ვვახშმობთ, იქ ყოველთვისაა რომანტიკა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ვერ გავიგე, როგორ გავიდა 10 წელი. ამას ნამდვილად გულწრფელად ვამბობ.

"თათულის "ხალადეცი"
- დროის დეფიციტის გამო, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სტუმარი ხშირად მივიღოთ, ამიტომ ბარებში ან კაფეებში დავდივართ. სტუმრიანობა მენატრება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ სულ მეპატიჟებიან, ხშირად წასვლას ვერ ვახერხებ. წელიწადში ორჯერ კი მეგობრებს ჩემი მომზადებული სადილით ვუმასპინძლდები, ეს ტრადიცია ძალიან მომწონს, მსიამოვნებს, როცა ჩემს მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ. მათ ზუსტად იციან, რომ საყვარელ კერძს შევთავაზებ და ელოდებიან - "თათულის "ხალადეცს" შევჭამთო (იცინის). ჭამა მარტო ჭამისთვის არ ხდება, ეს ოჯახური ამბავია, ურთიერთობაა, სახალისო და სასიამოვნოა. სტუმრის მიღება გარკვეული კულტურაა და მინდა, ჩემმა შვილებმაც გააგრძელონ ეს ოჯახური ტრადიცია. ბუნებრივია, სახლში იმ ადამიანებს ეპატიჟები, ვინც გიყვარს, სიტყვის მასალად ან მოსაჩვენებლად, მოვალეობის მოხდის მიზნით, ვერავის მოვიწვევ, ტრიპაჩობის დრო ნამდვილად არა მაქვს.

შინაგანი კულტურა
- საერთოდ, გენეტიკურად მაქვს ის, რომ ასაკი დიდად არ მეტყობა - 37 წლის ვარ. თუმცა, საკვები, ცხადია, გარეგნობაზეც მოქმედებს. თავს უნდა მოუარო, თავის მოვლა კი მხოლოდ სალონში თმის დავარცხნა და სტილისტთან სიარული არ არის.
ქალს თავისი შინაგანი კულტურა უნდა ჰქონდეს.

"წიკები"
- დიეტა არასოდეს დამიცავს. უბრალოდ, რითაც ვიკვებები, ვცდილობ, ჯანსაღი იყოს, ნახევარფაბრიკატებს არ ვეკარები, გული არ მიმიდის. კვებისას ჩემებური "წიკები" მაქვს, საჭმელს ყველგან ვერ მივირთმევ... თუ არ ვიცი, იმ სამზარეულოში რა ხდება და დიასახლისს როგორი თითები აქვს, ვერ შევჭამ. ჩემი შვილებიც ასე არიან, სამწუხაროდ და რაღაც უხერხულობებიც შეუქმნიათ - ჩვენ აქ არ შევჭამთო, ისე უთქვამთ, რომ სად გავმძვრალიყავი, აღარ ვიცოდი.
ვარჯიშიც მეზარება... სულ დაღლილობას ვაბრალებ, მაგრამ მართლა სულ დაღლილი ვარ. რაღაც პერიოდი აკვა-აერობიკით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მერე საცობებში დგომამ გამაგიჟა და თავი დავანებე. ჯანსაღად ვიკვებები, არ მეზარება, ბაზარში წავიდე და გაუყინავი პროდუქტი ვიყიდო. ოღონდ, იქაც სანდო ხალხი მყავს შერჩეული - ჩემი "თევზის ქალი", "ხორცის კაცი" და ა.შ. (იცინის). მოგეხსენებათ, სჭირდება ამას კონტროლი.

GzaPressდაპურებული ოჯახი
- ოჯახთან ერთად, ცალკე ვცხოვრობ, ქალი ოჯახში მე ვარ და ცხადია, დიასახლისობა მიწევს. სისუფთავეს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ - მოწესრიგებული სახლი, ნივთები, კარადები, სამზარეულო და ა.შ. არასდროს ვწერ გეგმებს, მაგრამ საოჯახო საქმეებს რაც შეეხება, ყოველთვის გაწერილი მაქვს. სხვაგვარად არ გამომივა, ვერ მოვასწრებ. მთავარია, სურვილი გქონდეს, რომ შენი ოჯახის წევრები მოწესრიგებულები და დაპურებულები დადიოდნენ. მსიამოვნებს, როცა ამ ყველაფერს ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ვაკეთებ. ზოგჯერ მეც მაქვს სიზარმაცის შემოტევები, თუმცა, ნერვული აშლილობის გარეშეც შეგიძლია, ეს საქმე აკეთო ისე, რომ არც შენი თავი დააზიანო და არც სხვა. მინახავს ისეთი დიასახლისები, რომლებიც სულ წამოძახების რეჟიმში არიან, რომ ამას აკეთებენ. საყვარელი საქმე რომ არ მქონდეს, ალბათ, მეც იგივე დამემართებოდა, მაგრამ ახლა, ჩემთვის ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის.

მარაზმი
- თითქმის ყველა ტრადიცია მომწონს, განსაკუთრებით, ქორწილის, ოღონდ, მთავარია, ყველაფერში ზომიერება დავიცვათ! ზომიერების ფარგლებში თუ მოვილხენთ, ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ერთადერთი, ქელეხთან მაქვს ცოტა ცუდი დამოკიდებულება, ეს ჭამა-სმა ვერ გავიგე... როგორც ამბობენ, ეს სახე იმიტომ მიიღო, რომ ჭირისუფალი მარტო არ დარჩეს და რაღაცნაირად, ამაზე გადააქვს ყურადღებაო, მაგრამ აქაც ზომიერება რომ დავიცვათ, ხომ შეიძლება? 300-500-კაციანი ქელეხი, მე უფრო კარგი სუფრა უნდა მქონდეს და მეტი ხალხი დავპატიჟოო, მოსაჩვენებლად და სხვის დასანახავად, მარაზმია! "მე უფრო მაგარი ტიპი ვარ", ქელეხს ამოფარებული... ჯობია, რომ ის თანხა სხვა სიკეთეს მოახმარონ. თუმცა, ძალიან რთულია, ამაში უფროსი თაობის ადამიანები დაარწმუნო...

ბედნიერი დიასახლისი
- მესმის, რომ ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ დიასახლისებს ვურჩევდი, რასაც აკეთებენ, სიყვარულით, ხალისით გააკეთონ. ვიცი, რომ ეს ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხოლოდ დიასახლისობით ხარ დაკავებული, მაგრამ მიზეზის ძებნას სხვა ადამიანებში ნუ დაიწყებენ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - რატომ არიან დაკავებულები მხოლოდ ამ საქმით? მესმის მათი, სახლის საქმის კეთება საოცრად დამღლელია და მერე, ეს განწყობა შვილებზე ან მეუღლეზე გადააქვთ. დიასახლისი ხარ? ალბათ, თავის დროზე შენ აირჩიე ეს გზა. არავინ მიწყინოს, ეს რეალურად ასეა - შენს ადგილსამყოფელს შენ ირჩევ უნებლიეთ ან გააზრებულად და მერე, სხვაზე გადაბრალება, - შენ გამო ვზივარ სახლში, შენ გამო ვარ ასე, შენ გამო ვრეცხავ თუ ვათუხთუხებ, არასწორი მგონია. ასე გაკეთებულ სადილსაც და იმ თბილ სახლსაც ფასი ეკარგება. ამიტომ, ნუ ინერვიულებენ, ხალისით გააკეთონ, მათაც უფრო ესიამოვნებათ და საკუთარი თავისთვის მეტი დრო გამოუჩნდებათ. აი, დამიჯერეთ, ეს ზეპირი სიტყვები არ არის, მართლაც ასეა! ვფიქრობ, ბედნიერია ის დიასახლისი, ვინც შვილებისა და მეუღლის გამო იღლება, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც ოჯახი არ აქვს? ასე რომ, ყველაფერს პოზიტიურად შეხედეთ!
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.