სიყვარულით შექმნილი საახალწლო სათამაშოები
font-large font-small
სიყვარულით შექმნილი საახალწლო სათამაშოები
ორივე მათგანმა უარი თქვა პროფესიაზე, სულ სხვა სფეროში მოსინჯეს ძალა და ფანტაზია და არცთუ ურიგოდ გამოუვიდათ ახალი საქმე. ისინი ერთად არ მუშაობენ, თუმცა საახალწლო განწყობის შესაქმნელად ორივე ზრუნავს და ლამაზ სათამაშოებსა და საახალწლო აქსესუარებს ამზადებს. ნინო ანთიძე და სოფო მინაძე ჩვენს მკითხველებს რჩევებსაც აძლევენ, საკუთარი ხელით მარტივად როგორ გააკეთონ სათამაშოები, კიდევ უფრო მეტი სილამაზე და ორიგინალურობა რომ შესძინონ ნაძვის ხეს.


ნინო ანთიძე:
- პროფესიით ფინანსისტი ვარ, დაახლოებით 5 წლის წინ 15-წლიანი მუშაობის შემდეგ ამ სფეროში ჩემი "მოღვაწეობა" დავასრულე. უარი ვთქვი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ფინანსური დირექტორის პოსტზე და ერთი წუთითაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი და სიამოვნებით ავირჩევდი არქიტექტურას. ბავშვობაში ვხატავდი, ვქარგავდი, რაც ციფრებს მოვშორდი, თავისუფალ დროს გამოვნახავ თუ არა, მანსარდაში მოწყობილ სახელოსნოში ფრთებს ვასხამ ყველა ჩემს ჩანაფიქრს. ვხატავ კიდეც, რაც ძალიან მამშვიდებს. მეუბნებიან, გაყიდე შენი ნახატებიო, მაგრამ მგონია, რომ ისინი მხოლოდ ჩემთვისაა. აი, სათამაშოები კი ვიღაცას რომ მოსწონს, ბავშვივით მიხარია. უბრალო ნივთს იღებ, ალამაზებ და ბრალიანად აქცევ - ეს პროცესი დამღლელია, მაგრამ - სასიამოვნო.
GzaPress- რაკი საახალწლო თემატიკაზე დაიწყე მუშაობა, ალბათ განსაკუთრებულად გიყვარს ეს დღესასწაული, ხომ?
- ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს ახალი წლის დღესასწაული. ნაძვის ხის მორთვისას ჯერ განწყობას ვიქმნი და მუსიკას ვრთავ. სულ მინდოდა, ჩემი ნაძვის ხისთვის მე თვითონ გამეკეთებინა სათამაშოები და ერთხელ, როდესაც მაღაზიაში დავინახე პლასტმასის ბურთები, ვიყიდე და რამდენიმე მოვრთე. ძალიან ლამაზები გამოვიდა და მომეწონა. ვეღარ მოვწყდი და მაშინ 40 სათამაშო გავაკეთე, ღამეები არ მეძინა. მაქმანები და მძივები ძვირი ღირს და რადგან პლასტმასის ბურთზე მთელი ეფექტი იკარგებოდა, შუშის ბურთები ვიყიდე, ბევრად უფრო დახვეწილი და კარგი გამოვიდა. ერთი ეგ არის, რომ მუშაობის პროცესში ხშირად იმსხვრევა. განსაკუთრებით მაშინ ვნერვიულობ ხოლმე, როცა ბოლო შტრიხიღა მაქვს გასაკეთებელი და ხელში მიტყდება. ყველა სხვადასხვანაირია, არასდროს ვიმეორებ. მეუბნებიან, ფანტაზიაში დრო ხომ გეხარჯება და 5 ერთნაირი მაინც გააკეთეო, მაგრამ მე ზუსტად ის მომწონს, რომ ერთი მეორეს არ ჰგავს. იდეა მუშაობისას ჩნდება, მოდი, ასე ვცდი, ასე უფრო უკეთესია და საბოლოოდ მართლაც კარგი გამოდის. ჩემი შემოსავალი ამ ბურთების რეალიზებაზე არ არის დამოკიდებული, ამიტომაც ვაკეთებ ძალდაუტანებლად, სიხარულით. სასაჩუქრე ყუთებსაც კი თვითონ ვამზადებ.
- ნინო, ჩვენს მკითხველებსაც ურჩიე, მარტივად როგორ დაამზადონ ნაძვის ხის სათამაშოები?
- ვიყენებ მაქმანებს, მძივებს, სილიკონის წებოს და თხელი მაქმანის შემთხვევაში თხევად ან კარგი ხარისხის მშრალ წებოს. მასალის შესაძენად რომ მივდივარ და ვარჩევ, ვირტუალურად წარმოვიდგენ ხოლმე რისი გაკეთება შეიძლება ამა თუ იმ ნივთით და ვხედავ, რაც გამომივა. 20-25 ბურთის გაკეთების შემდეგ უფრო ზუსტად ჩამოვყალიბდი, რა მასალა მჭირდება ყველაზე ხშირად. რაც უნდა ბევრი მარაგი მქონდეს, მაინც სულ ვეძებ რამე ახალს, ისეთ დეტალს, რაც არ მაქვს გამოყენებული და რაღაც სიახლეს შემატანინებს. ვისაც მსგავსი ნივთების კეთების სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა გამონახოს დრო და სცადოს, რა გამოუვა. საკმაოდ შრომატევადია, საათზე მეტხანს ვუნდები ერთი ბურთის მორთვას. ახლა კორპორაციული შეკვეთა მაქვს, 60 სათამაშო უნდა დავამზადო. გარდა ამისა, 22 დეკემბერს მთაწმინდის პარკში იმართება გამოფენა, იქაც ვმონაწილეობ და დიდი სამზადისი მაქვს. ამას წინათ მეგობარმა მკითხა, ყველაზე მეტად რა გაგიხარდებაო და ვუთხარი, რომ შევიდე უცხო ოჯახში და ჩემი გაკეთებული სათამაშო დამხვდეს ნაძვის ხეზე-მეთქი. იცით, რატომ მიყვარს ჩემი სათამაშოები? მათზე ბევრს ვფიქრობ, ვხარჯავ ენერგიას, ფანტაზიას, თანაც იძულებით კი არ ვაკეთებ, ვხალისობ, დადებით ენერგეტიკას ვდებ თითოეულში და ვთვლი, რომ ეს დადებითი განწყობა შეაქვთ სხვის სახლშიც. სიყვარულით შექმნილ ნივთში, ჩემი აზრით, ავტორის სულის ნაწილიცაა. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემს ბურთებს წარმატება, ბედნიერება და იღბალი მოაქვთ.
სოფო მინაძეს კი 16 დეკემბერს უკვე ჰქონდა გამოფენა, სადაც საახალწლო კოლექცია წარმოადგინა. ეს მისთვის უკვე მეოთხე გამოფენა იყო. სოფოს საბანკო-ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა სულ სხვა საქმიანობით გახდა წარმატებული და მის მიერ დამზადებული სამკაულები, სამოსი, ჩანთები თუ სხვა აქსესუარები დიდი მოწონებით სარგებლობს.
GzaPress- მუშაობის პროცესში რეალიზაციაზე კი არ ვფიქრობ, მთლიანად იმ ნივთზე ვარ ორიენტირებული. მინდა, სასიამოვნო განწყობა შევუქმნა ადამიანებს. 2 წელია, რაც დავიწყე ეს საქმიანობა. რატომ ასე გვიანო? - ხშირად მეკითხებიან. გვიან კი არ დავიწყე, ეს სულ ჩემში იყო და მაწუხებდა. ხელსაქმე მეხერხებოდა, ფერთა არჩევანიც ყოველთვის განსაკუთრებული მქონდა. ბავშვობის მეგობრები მეუბნებიან, შენ ყოველთვის გამორჩეულად უხამებდი ფერებსო. პატარაობისას ჩემი იდეით შეკერილი სკოლის ფორმა გვეცვა მე და ჩემს დას. ჩემი ემოციები მთლიანად გადამაქვს ჩემ მიერ შექმნილ აქსესუარებში, სტიმულს მაძლევს სილამაზის სიყვარული და ის სიხარული, რომელსაც ადამიანებს ვანიჭებ ჩემი ნივთებით. მახსოვს, პირველად საყურე რომ გავაკეთე, იმდენად ლამაზი გამოვიდა და ისეთი მოწონება ხვდა წილად, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოვინდომე.
- უფრო ხშირად რა მასალას იყენებ?
- მიყვარს ნატურალურ ტყავზე მუშაობა, თექაც მომწონს, ვიყენებ ბუნებრივ ბეწვს, აუცილებლად ნატურალურ ქვებს. საყურით დავიწყე, მერე ყელსაბამები, სამაჯურები, შარფები, ჩანთები, ქამრები, ოთახის აქსესუარები გავაკეთე და ახლა უკვე ტანსაცმელზეც გადავედი. ძალიან მიყვარს მოდის სამყარო, სიახლეებს ყოველთვის ვადევნებ თვალს, მაგრამ სამოსის შექმნისას მაინც ვცდილობ, რომ ინდივიდუალური ხელწერა შევინარჩუნო. მინდა, პროფესიონალურ დონეზე ვისწავლო დიზაინი. როდესაც რაიმეს შექმნას გადავწყვეტ, სულ ამაზე ვფიქრობ - გონებაში ფერებსა და ფორმებს ვახამებ. ლითონზე არ ვმუშაობ, თუმცა ამის დიდი სურვილი მაქვს. თუ ოდესმე ლითონზე ვიმუშავებ, ეს აუცილებლად იქნება ვერცხლი ან ოქრო, ოღონდ განსხვავებული მოდელები. გაგიკვირდებათ და მინანქარს არ ვცემ პატივს.
GzaPress
- თუ ცნობ შენს გაკეთებულ ნივთებს?
- გამორიცხულია, ვერ იცნო შენივე ხელით შექმნილი ნივთი. ამას წინათ იუსტიციის სახლში რაღაც საბუთზე ვაწერდი ხელს და უცებ შევამჩნიე ქალბატონი, რომელსაც ჩემი გაკეთებული გულსაბნევი ეკეთა. იმდენად გამიხარდა, სიტყვებით ვერ აღვწერ. ყველა ასაკის ქალბატონზეა გათვლილი ჩემი სამკაულები. ხანში შესულებს მძივები უფრო მოსწონთ, თინეიჯერებს - სამაჯურები, საშუალო ასაკის ქალბატონებს კი - საყურე, შარფები, ბეჭდები. მინდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
- საახალწლო გამოფენაზე რა წარმოადგინე?
- საკარნავალო მოდელები, საახალწლო სუფრები, რომლებიც თემატური დეტალებით მაქვს გაფორმებული, სათამაშოები, ოთახის მოსართავები, საახალწლო სუვენირები. მიყვარს ეს დღესასწაული, ჩემი მეგობრები მეუბნებიან, შენს სახლში მართლაც სხვანაირი ახალი წელი იგრძნობაო და მინდა, რომ სხვებსაც, ვინც ამ აქსესუარებს შეიძენს, საახალწლო განწყობა შევუქმნა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მოზარდები და მათი შეკითხვები სექსის გარშემო
ნანუ მაცაბერიძე "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის გამორჩეული კონკურსანტია.
"ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა პრობლემას ერთად წყვეტენ, ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს აძლიერებენ...
"მოთამაშის უბედურება გაუსტუმრებელი ვალი კი არა, ფსიქიკური მდგომარეობაა"
სირიელი ფოტოგრაფი, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურით დაინტერესდა
"მგონია, იტყუებიან, როცა ბავშვის დაბადებამდე ამბობენ, - უკვე მიყვარსო"
"როგორც კი ადამიანს ასწავლი საჯაროდ გამოსვლას, უკვე წარმოიდგენს, რომ თავზე შარავანდედი ადგას"
ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.