"ქართული სუფრა" პათოლოგიაში ნუ გადაგვივა - კახა გოგიძე კულინარიაზე
font-large font-small
"ქართული სუფრა" პათოლოგიაში ნუ გადაგვივა - კახა გოგიძე კულინარიაზე
"ჩემი ცხოვრების გაცილებით მეტი დრო, ახლა საქმეს ეხება და არა - მიღებული საკვების გადამუშავებას".

- აღნიშნავს მსახიობი კახა გოგიძე, რომელიც გასტრონომიული კულტურის, ჯანსაღი კვების, თავისი გატაცებებისა და თეატრალურ-კინემატოგრაფიული სიახლეების შესახებ გვესაუბრება.


"აფხაზეთის თემაზე ფილმის გადაღებას ვგეგმავ!"
- ჩემს საქმიანობას კვლავ თავისუფალ თეატრსა და ილიას უნივერსიტეტის თეატრში განვაგრძობ, აქტიურად ვდგამ სპექტაკლებს, ახლა სცენარზე მუშაობა დავასრულე და სადიპლომო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავიღებ. კინოსარეჟისოროზე ჩემი პედაგოგი ბუბა ხოტივარია და მალე დავიწყებთ მზადებას, რომ გაზაფხულისთვის გადავიღო. საინტერესო ამბავია და ძალიან მომწონს (იცინის). იმდენად სახალისო და მშვიდია, რომ პრობლემებს ცოტა ხნით გვერდზე გადაგადებინებს და პოზიტიურ ემოციას მოგგვრის. დრამატურგ და სცენარისტ ირაკლი სოლომონაშვილთან ერთად, ჩემს იდეას ვახორციელებთ, ის სცენარს წერს, რომელიც აფხაზეთის თემას ეხება. ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება და ყველას ვეუბნები, თქვენთან რომ მოვალთ და ამ ფილმში მონაწილეობის მიღებას გთხოვთ, უარი არ თქვათ, თორემ მერე ინანებთ-თქო. გული დასწყდებათ. რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ჯოხით ხელში გამოვეცხადები ყველას, ვისაც დახმარება შეუძლია (იცინის).

GzaPress"ვოცნებობ, ისეთი აბი არსებობდეს, რომელსაც დალევ და აღარ მოგშივდება"
- ადრე ერთი ყლუპის მოსმით შემეძლო გამომეცნო, რა ღვინო იყო, მის ხასიათსაც კი ვხვდებოდი, ოღონდ ეს ბუნებრივად გამომდიოდა, სომელიე არ ვარ და არსად მისწავლია. გურმანებს გამორჩეული თვისებები აქვთ და იციან, რას რა მოუხდება - ამ ღვინოს ეს თევზი, იმ ღვინოს - ის სალათი და ა.შ. მე ასეთი არასდროს ვყოფილვარ, ჭამა კი მიყვარდა, მაგრამ ეს ჭამა მე მკლავდა, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის მიმართ ანტაგონისტურად განვეწყვე. ზედმეტი წონა მაწუხებდა. დღესაც ოცნებად მაქვს ქცეული, რაიმე ისეთი აბი არსებობდეს, რომელსაც დალევ და აღარ მოგშივდება. თუმცა, ზოგჯერ გემრიელად კვებაც მიყვარდა, თავისი დანა-ჩანგლით და დესერტის კოვზებით. დიდად გურმანი არ ვარ. თუმცა, ძალიან მიყვარდა კერძები, რომლებიც ყველით კეთდებოდა. მაგალითად, "ფონძიუ". არც ახლა ვარ გულგრილი. უგემრიელესი შვეიცარიული კერძია. აქ გავსინჯე ჩემს მეგობართან, მანამდე არც ვიცოდი და გადავირიე (იცინის).

"მოდი, ძმურად, დავსხდეთ და ხინკალი შევჭამოთ", - ეს უკვე ჩემს ცხოვრებაში აღარ ხდება"
- ჩემი კვების რეჟიმი ახლა მხოლოდ საჭირო ნივთიერებების მიღებით შემოიფარგლება. ამას გემრიელად კვება აღარ ჰქვია. აქტიურად ვვარჯიშობ. "მოდი, ძმურად, დავსხდეთ და ხინკალი შევჭამოთ", - ეს უკვე ჩემს ცხოვრებაში აღარ ხდება. რადგან მერე "წაღება" იცის, "წაგიღებს". მადლობა ღმერთს, აღარ მინდება. თუმცა, ანდაზა - "მუცელს აღორებ, ღორია და აქორებ, ქორია", ნამდვილი ჭეშმარიტებაა. დღეს რომ კარგად დავნაყრდე, ხვალ უკვე ძალიან მშია, ზეგ უფრო მეტად მომშივდება და ასე შემდეგ. ეს ემართება ყველას. მე რასაც დავაკვირდი, ჩემს სამზარეულოსთან ურთიერთობას, ეს ცხოვრების წესია. ზოგან ჭამის კულტია - რამდენიმე თავი კერძი და ა.შ. "კაცია-ადამიანის" საკითხი კვლავ დგას.
კულინარიული შესაძლებლობებით არ გამოვირჩევი, მაკარონს ვაკეთებ ტომატით (იცინის) და ჩემი და ჩემი შვილების გარდა, ვერავინ ჭამს. ისეთი მწარეა, წვავს ყველაფერს. ცომეული მიყვარს და ზუსტად ესაა, რომ მკლავს. საერთოდ, წითელი საჭმელები მიყვარს, ტომატით რაც კეთდება, ყველაფერი. ეტყობა, ძალიან ბევრი ცხოველურია ჩემში, თუმცა, ხორცი არ მიყვარს.
- ნადირობა გიყვართ, ხომ?
- კი, ძალიან და ამაზე უარს ვერ ვიტყვი, ეს კაცებს სისხლში გვაქვს. ღმერთმა სამოთხიდან რომ გამოყარა, ერთმა შუბი აიღო, მეორემ - კალათა და შიგნით ალაგებდა რაღაცებს. ეს თვისება ძნელი ამოსაგლეჯია ადამიანის ბუნებიდან. არც შევეშვები, რადგან იქ სრულყოფილად ვგრძნობ თავს. ზოგს ჰგონია, რომ მონადირეები რასაც ჰყვებიან, ტყუილია, არადა, ასე არაა, მართლაც საინტერესო, დაუჯერებელი ამბები ხდება ხოლმე და ეს არაერთ ინტერვიუში მომიყოლია. ძირითადად, კანონით დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ვნადირობ - იხვზე, მწყერზე, ძირითადად, ქართლში, ახალქალაქში, ახალციხეში, ნინოწმინდაში და ა.შ. იქ, სადაც უხვადაა. ასე ვთქვათ, ჩემს პირველყოფილურ, ცხოველურ ინსტინქტებს მიკმაყოფილებს, მასკულანურ ამბავს. არ ვბრაკონიერობ, ზომა ვიცი.

"ჩვენმა მეზობლებმა ისე აჩანაგეს მესხური კულტურა, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა"
- ახალციხეს ძალიან მდიდარი სამზარეულო აქვს, მაგრამ ეჭვი მეპარება, იქიდან ბევრი რამ ქართული იყოს. ზოგადად, ქართულ სუფრას თუ დავაკვირდებით, ჩვენი კერძი ძალიან ცოტა გვაქვს, მე ჩაქაფული და ტყემალი ვიცი, მეტი არა. ხინკალზე ნუ ვიდავებთ, არაქართულია და ვერავინ გადამარწმუნებს. ჩინელებს ბევრნაირი ხინკალი აქვთ, მექსიკელები კი ისეთ ღომს აკეთებენ, შეიძლება გადაირიოთ. ამ ტრაბახმა კი ჩვენ იქამდე მიგვიყვანა, რომ ბოლოს გვათქმევინა - რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. ნაციონალური ნარცისიზმი გვჭირს, რომელიც ადამიანს ღუპავს. მე ტრაბახი არ მიყვარს, ძალიან ჩვეულებრივი ერი ვართ, არავისზე არც მეტი და არც ნაკლები.
"ქართული სუფრა" პათოლოგიაში ნუ გადაგვივა, რადგან კერძების თუ პროდუქტის უმეტესობა არაქართულია.
რაც შეეხება მესხეთის სუფრას, თუთმაჯი, ერიშტა, თათარბერაგი - აღმოსავლურია. თათარბერაგი ჩემი საყვარელი საჭმელია, მაგრამ ძალიან მასუქებს - ნიორი, ცომი, ხახვი ერბოში, მაწონი და ნოყიერია. სამწუხაროდ, ჩვენმა მეზობლებმა ისე აჩანაგეს მესხური კულტურა, რომ ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა და იქ მცხოვრებმა მესხებმა გმირობის ტოლფასად, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს რაღაც-რაღაცები. ყველაფერი მიყვარს, რაც მესხურია, მარტო ტენილი ყველი რად ღირს, ძალიან მაგარი რამაა.

"ჩვენი სუფრის ტრადიციებზე არცთუ ისე სასიამოვნო შეხედულებები მაქვს"
- ტრადიციების მოყვარული არ ვარ, არ მომწონს ის, რაც ტყუილებზე, სიცრუეზეა აგებული და ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება. ქორწილს რაც შეეხება, აქ ყველაფერი შეიძლება და დასაშვებია ჩემთვის, იმიტომ, რომ ეს სიხარულია, ადამიანების გაბედნიერებას ეხება. ის ამერიკული ტრადიციაც მომწონს - თაიგულის გადაგდება.
შესაძლოა, ბევრს ეწყინოს ჩემგან ამის მოსმენა, მაგრამ ჩვენს სუფრასა და ზოგადად, სუფრის ტრადიციებზე არც ისე სასიამოვნო შეხედულებები მაქვს. მგონია, რომ ბევრი რამ საერთოდ არაა საჭირო ჩვენს ცხოვრებაში, თანაც იმ ფონზე, როდესაც გულში მჯიღებს ვირტყამთ და "ქრისტიანული მორალით" გამოვდივართ. რადგან სუფრა კონკრეტულად ორი დიდი ცოდვისთვის ხდება - ნაყროვანება და მემთვრალეობა. არავინ მინახავს, 300-კაციან სუფრასთან იჯდეს და ეთქვას, - მოდი არ დავთვრეთ, ნუ გავძღებით, ეს ცოდვააო. ყოველ ნაბიჯზე ვიტყუებით, ვსხდებით იმიტომ, რომ კარგად გამოვსკდეთ, კარგად დავთვრეთ და მერე, შესაძლოა, ერთმანეთსაც კარგად ვურტყათ. არც ადრე ვიყავი მოყვარული, უბრალოდ, მემთვრალეობაში ვიყავი ძალიან შესული...

"მირჩევნია, ყველაფერი პირდაპირ წამოვაყრანტალო, ქართლურად"
- თამადობა, როგორც მსახიობს, მეხერხებოდა, მაგრამ ეს პროცესი მაინც არ მომწონდა, სადღეგრძელო და ცრუ ემოციების ფრქვევა, რაღაცნაირად ჩემი არ იყო. თავს ატყუებ და იჯერებ, რომ ვიღაც ან რაღაც გიყვარს და ცრუობ, მჭევრმეტყველებ. მირჩევნია, გულახდილი ვიყო და გითხრათ ის, რასაც რეალურად ვფიქრობ ამ თემაზე, რადგან, რამე რომ მოვიტყუო, მავიწყდება (იცინის) და იმაზე უნდა ვიფიქრო, სად რა მოვიტყუე. ამიტომ, მირჩევნია, ყველაფერი პირდაპირ წამოვაყრანტალო, ქართლურად.
ახლა ძირითადად, ვერიდები დიდ სუფრებს. თავშეკავებული სმა მირჩევნია, საქმიანი შეხვედრისას შემწვარი ხარ-კამეჩი არ მომაქვს, მსუბუქად მივირთმევთ ხოლმე რაიმეს. ეს კი, ალბათ, ყველგან მისაღები და ნორმალურია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქეიფე ხალხს რომ დავინახავ, მივალ და ბომბს შევუგდებ (იცინის). მთელი ჩემი ცხოვრება სუფრასთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ხშირად ისეც ყოფილა, რომ მეგობრები ვისხედით, გულახდილად ვსაუბრობდით, არც ვთვრებოდით, წყნარად, მშვიდად; იყო შემთხვევებიც, როცა დათრობა მინდოდა, მივდიოდი და ვთვრებოდი. როგორც ყველა, მეც ისე. ღვინო დამიწურავს. ახლაც დავწურეთ დირბულა. ჰიბრიდული ჯიშია, მაგრამ ყველას მოსწონს. ბევრს ვაკეთებთ, უბრალოდ, მე აღარ ვსვამ.

GzaPress"ბევრასკაციანი" ქორწილი გვქონდა"
- კლასიკური, "ბევრასკაციანი" ქორწილი გვქონდა 90-იანი წლებში (იცინის). ძალიან ციოდა, ორი დეკემბერი იყო და გავიყინეთ. ერთადერთი გასათბობი საშუალება არაყი იყო (იცინის). რიგი ხალხი გაცივდა კიდეც. მე უკონტროლობა არ მომწონს, რომ დათვრებიან და კონტროლს კარგავენ. დიდ ქორწილებში მაშინ ჩხუბები და დავიდარაბაც ხშირი იყო, რაც არ მომწონს. ჩემს ქორწილში, საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი ყოფილა. 9 აპრილი ახალი მომხდარი იყო და ხალხი შედარებით მძიმედ ვიყავით.
- მეუღლე როგორი კულინარია?
- გადასარევი, მშვენიერი, მაგან გამასუქა მე (იცინის). საოცრებებს აკეთებს, მაგარი ხელი აქვს! ყველაფერი გამოსდის. ეს კარგია, მაგრამ როცა წინ უგემრიელესი კერძები გიდევს, რთულია უარის თქმა, თუმცა, მადლობა ღმერთს, ახლა ვახერხებ. ჩემი ცხოვრების გაცილებით მეტი დრო, ახლა საქმეს ეხება და არა - მიღებული საკვების გადამუშავებას.

"არაფერი მენატრება,წიწაკის გარდა"
- რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ქვეყნიდან ბოლოს 2003 წელს გავედი, ჩემზე ერთგული ქართველი არ არსებობს (იცინის). საბერძნეთში ვიყავი მაშინ, სადაც ძირითადად ზღვის პროდუქტი, თევზეულია და იქაურობა, მათი სამზარეულო ძალიან მომეწონა. რაც მთავარია, დიეტურია, ჯანსაღი, რამდენიც გინდა, მიირთვი. ეგზოტიკური რაღაცები მომწონს. ჩინური სამზარეულო რომ გავსინჯე, იმდენად მომეწონა, ქართულ რესტორანში აღარ შევალ-მეთქი, ვთქვი (იცინის). მაინტერესებს, ტაივანის, ტაილანდის, მექსიკის. წიწაკიანი, ცხარე საკვები მომწონს. წიწაკა ძალიან მიყვარს, არაფერი მენატრება, წიწაკის გარდა. სახლში, ქოთანში პატარა ჩინური წიწაკები დავთესე და გაიხარა.

საახალწლო სამზადისი - "კუჭთან დაკავშირებული დღესასწაულები არ შემიძლია"
- ამ გრანდიოზულ სამზადისს ყოველთვის ვაპროტესტებ ხოლმე, ჩემი აზრით, ასე გადაჭარბებულად არ შეიძლება. ელემენტარული უსამართლობაა, როცა ზეიმობ ახალ წელს და ასეთივე გრადუსში არ დღესასწაულობ შობას. ეს ძალიან არ მომწონს. მოდი, ნუ გასკდები პირველში, მარხვაა. შობა აღვნიშნოთ და ახალი წელიც იქვე მივაყოლოთ. რაღაც პროტესტი გამომდის, მაგრამ... არ შემიძლია ეს კუჭთან დაკავშირებული დღესასწაულები (იცინის). ყველას უყვარს, მაგალითად, ბარბარობა, რატომ? ლობიანებს მიირთმევს, აღდგომას - პასქას, კვერცხს. ამას ვამბობ, კაცია-ადამიანის პრობლემა ისევ დგას.
- 2018-მა წელმა რა მოგცათ?
- პოპულარობა, პრეზიდენტობა. შემოქმედებითად უფრო მეტი გამოცდილება მივიღე, გავიზარდე, მაგრამ არ დავბერდი. ჩემი აზრით, სიბერე არ არსებობს, სიბერე გამოცდილებაა და კიდევ ერთი შანსი, რომ ადამიანი უფალს მიუახლოვდეს. სიბერეს ტრაგედიად არ განვიხილავ, კიდევ ერთი წლით მივუახლოვდი ჩემს სიბრძნეს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.