ჩვენი დროის ექიმი აიბოლიტი - ცხოველებზე აბსოლუტურად უპირობოდ მზრუნველი პაველ ჯურაევი
font-large font-small
ჩვენი დროის ექიმი აიბოლიტი - ცხოველებზე აბსოლუტურად უპირობოდ მზრუნველი პაველ ჯურაევი
"ქუჩის ძაღლებისთვის ხის სახლები ავაშენეთ, მაგრამ რამდენიმე დღეში მოიპარეს"

უკვე რვა წელია, პაველ ჯურაევი ყოველ დილით 03:30 საათზე სახლიდან გადის და ქვემო და ზემო ფონიჭალის 100 ქუჩის ძაღლისა და 65 კატისთვის საკვების მისაწოდებლად ერთ კონკრეტულ ადგილას მიდის, სადაც ოთხფეხა მეგობრები უკვე ელოდებიან. თავად სოციალურად დაუცველმა იგივე საღამოსაც რომ შეძლოს, დღის მანძილზე ნარჩენებს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ნაგვის ბუნკერებთან ეძებს...


ინტერვიუს სკვერში ვწერდით... მიუხედავად იმისა, რომ არც ზედა და არც ქვედა ფონიჭალაში ვიყავით, მალე პაველისკენ კუდის ქიცინითა და წკავწკავით მომავალი არაერთი ძაღლი შევნიშნე. ჩაწერის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ ის უკვე ოთხფეხების რკალში იდგა და მათ ჩანთაში შემორჩენილ სპეციალურ საკვებს თანაბრად უნაწილებდა... მასთან საუბრის შემდეგ, გულწრფელად, გამირთულდა გარჩევა - ზღაპრის გმირს ვესაუბრე თუ რეალურ ადამიანს...
- ცხოველები ყოველთვის მიყვარდა. ჩემი ამ საქმიანობის ერთადერთი მიზეზი სწორედ მათდამი სიყვარულია. ამ მიზეზითვე ჩავაბარე თავის დროზე ვეტერინარიის ფაკულტეტზე. ყოველ დილით 03:30-ზე ვდგები და ქუჩაში ძაღლებისა და კატების გამოსაკვებად გავდივარ. ადგილზე მისულს უკვე მელოდებიან. საკვებს მივაწვდი, წყალს დავუდგამ და შემდეგ ქალაქის მასშტაბით პურის ნაჭრებს ნაგვის ბუნკერებთან ვეძებ... ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ამის გარეშე, უბრალოდ, შიმშილით დაიხოცებიან, ფიზიკურად განადგურდებიან... ასე რომ, არჩევანი არ მაქვს. საღამოს ისევ მივდივარ და იმავეს ვაკეთებ. ყოველდღე, მინიმუმ, ერთი ტომარა პურია საჭირო. დასახმარებლად რესტორნებსაც მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ ნარჩენების გაცემის უფლებას კანონი არ აძლევთ. Mმხოლოდ ერთ-ერთი პურის სახლი მეხმარება, თუმცა, არა ყოველდღე. ყოველთვის არც მათ აქვთ ნარჩენები. სწორედ დღეს უნდა შევხვედროდი ერთ ადამიანს, საკვები უნდა გადმოეცა, მაგრამ არ მოვიდა... არც ტელეფონზე მიპასუხა. ძალიან დასანანია, რადგან ჩემთვის გზის ფულიც დიდი პრობლემაა... გაჩერებებზე ვაკვირდები და სადაც ვიცი, რომ მგზავრობის ბილეთს მომთხოვენ, იქ არ ჩავდივარ. ხშირად ყოფილა, რამდენიმე გაჩერებით ადრე ან გვიან ჩავსულვარ და გზა ფეხით გამიგრძელებია...
- 100 ძაღლისა და 65 კატის დღეში ორჯერ გამოკვება არც ისე მარტივია...
- როცა ფული მაქვს, სპეციალურ საკვებს ვყიდულობ, როცა არ მაქვს, ბულიონის კუბებს წყალში ვხსნი, ვამატებ ვერმიშელს, პურს...
- არავინ გეხმარებათ? მოსახლეობა არ გინახავთ საკვების ნარჩენებს?
- მეხმარებიან, თუმცა, რეგულარულად - მხოლოდ 3-4 ადამიანი. ამჟამად საკვები თითქმის საერთოდ არ მაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ დახმარების ხელს გამოგვიწვდიან. რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ზოგი გვწყალობს, მაგრამ ხშირად სრულიად საპირისპიროც ხდება. მონიტორინგის სამსახურიდან მოდიან, მიზეზად კი მეზობლის ზარს ასახელებენ - ძაღლის ყეფა აწუხებთო. კი მაგრამ, ის ხომ ძაღლია, ყეფს, ხომ ვერ ისაუბრებს?! არან არ აგრესიას არ გამოხატავს... უცნაური საქციელი აქვთ ადამიანებს... წარმოიდგინეთ, სოფლიდან ჩამოდიან და კატეგორიულად აცხადებენ - სადარბაზოში ძაღლი ან კატა არ დავინახოთო. სასურველია, მოსახლეობა ცხოველების მიმართ უფრო ლმობიერი იყოს. მათი ბრალი არ არის, რომ ქუჩაში ცხოვრობენ, ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. 2013 წელს ეზოში პატარა ძაღლი მყავდა, რომელიც ქუჩიდან საშინელ მდგომარეობაში ავიყვანე. ფეხი სტკიოდა, ვუმკურნალე. ერთხელაც, სახლში მისულს აღარ დამხვდა. მეზობლებმა მითხრეს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა წაიყვანეს. დავრეკე. არავინ მიპასუხა. ძირითადად, მობილურ ტელეფონზე პასუხობენ, მაგრამ ყოველთვის არ მაქვს თანხა პირად ტელეფონზე დასარეკად. როცა როგორც იქნა, დავუკავშირდი, მითხრეს, სტერილიზაცია გავუკეთეთ და შეგიძლიათ რამდენიმე დღეში წაიყვანოთო. მომდევნო დღეების მანძილზე კვლავ არავინ მიპასუხა. ბოლოს მითხრეს, ძაღლი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა, თუ გნებავთ, წაიღეთ და დამარხეთო... ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია საშინელ პირობებში ხდება. გარდა ამისა, როცა მათ ყურზე მიმაგრებულ საჭდეს უკეთებენ, სხვა რაიონში უშვებენ. ასეთი ძაღლები იმ სხვა უბნის ძაღლების აგრესიის მსხვერპლი ხდებიან.
GzaPress
- დახმარების სათხოვნელად, ალბათ, სოციალურ ქსელსაც იყენებთ...
- პერიოდულად ვაქვეყნებ პოსტებს და ვწერ ტელეფონის ნომერს მათთვის, ვისაც თანადგომის სურვილი აქვს. ინტერნეტი არ მაქვს, ამიტომ, სათქმელის გასავრცელებლად სოციალურ ქსელებს ხშირად ვერ ვიყენებ. უფასო ინტერნეტის გავრცელებას ქუჩაში ვეძებ ხოლმე. ახალი წლის დღეებია, მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებით მოსახლეობას ვთხოვო, გადაინახონ საკვები ნარჩენები, ნუ დავავიწყდებით ჩვენ... არ ვითხოვ რეგულარულ შემწეობას. ჩვენთვის იშვიათად გამოწვდილი დახმარების ხელიც დიდი შვება იქნება.
- გარდა საკვებზე ზრუნვისა, დაავადებულ ცხოველებს კურნავთ კიდეც...
- დიახ, თუ ეს ჩემს ძალებს არ აღემატება. ამჟამად ორ ძაღლს კანის დაავადება აქვს და ძვირად ღირებული პრეპარატი ესაჭიროება. ეს წამალი საქართველოში არ იშოვება, მაგრამ შესაძლებელია რუსეთიდან, ბელორუსიიდან მისი ჩამოტანა. ერთი ტაბლეტის ფასი, დაახლოებით, 60-70 ლარია. ერთი წლის წინ გულისხმიერი ადამიანების დახმარებით ძაღლებისთვის ექვსი სახლი ავაშენეთ. მალე სამი სახლი მოიპარეს. პოლიციაში მივედი და ვუთხარი, რომ განცხადების დაწერა მინდოდა. პასუხად მივიღე: "განცხადება რაზე უნდა დაწეროთ, ეს ხომ მხოლოდ ძაღლის სახლი იყო?!" ერთ პატარა ადგილას, სადაც დარჩენილი სამი სახლი იყო განთავსებული და არავის სჭირდებოდა, მცირე ზომის კოტეჯის აშენებას ვაპირებდით. მალე ეს მიწა მერიის ყურადღების არეალში მოექცა და ის დარჩენილი სამი სახლი უკვე სამშენებლო კომპანიამ მიითვისა... როცა სამშენებლო ზედამხედველს ამის შესახებ ვუთხარი, ყველაფერი უარყო, თუმცა, არსებობს ხალხი, ვინც დაინახა, როგორ გაქრა სახლები. მდგომარეობა თანდათან სულ უფრო მეტად რთულდება. განსაკუთრებით, ზამთარში გვიჭირს. როცა წვიმა რამდენიმე კვირას გაგრძელდა, ძაღლებს ძალიან გაუჭირდათ, სიცივეში სველები იყვნენ...
- ოჯახის შესახებ გვითხარით...
- დედა პენსიონერია. ამჟამად დეიდასთან ვცხოვრობ, რადგან ნაოპერაციევი ფეხის გამო გარეთ ვერ გადის. მასზე ზრუნვა მე მიხდება. ცხოველები მასაც ძალიან უყვარს. სახლში სამი კატა მყავს, რომლებიც საშინელ მდგომარეობაში მყოფები, ქუჩიდან ავიყვანე. სოციალურად დაუცველი ვართ, თუმცა, სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას ვერ ვიღებთ. თავი როგორ გაგვაქვს, თავადაც არ ვიცი. დიახ, არ ვცხოვრობთ, არამედ თავი გაგვაქვს... დეიდა სრულ პენსიასაც ვერ იღებს, რადგან წამლის გამო თანხის ნაწილი წინასწარ გამოიტანა და ახლა მისი რაოდენობა მხოლოდ 105 ლარს შეადგენს. დასაქმების მიზნით მონიტორინგის სამსახურს მივმართე. თუნდაც, სანიტრად ვიმუშავებდი, მაგრამ უარით გამომისტუმრეს - არანაირი სახის ვაკანსია არ გვაქვსო. თავისუფალ დროს ბევრს ვკითხულობ. განსაკუთრებით ისტორიული და საეკლესიო თემები მიტაცებს.
- ალბათ, არაერთხელ გაგიხარებიათ პატრონი, რომელმაც ძაღლი დაკარგა...
- ასეთ შემთხვევაში მაშინვე პოსტს ვწერ. ასეთი რამ ხშირად ხდება და შემდეგ ეს ადამიანები ქუჩის ძაღლებისთვის დახმარებასაც გვიწევენ ხოლმე.
- ვიცი, რომ ძაღლებს თქვენი შერჩეული სახელები ჰქვიათ...
- დიახ, სახელებსაც თავისი ისტორიები აქვს. პლაქსა რომ ვიპოვე, სირბილისას რევმატიზმის გამო ფეხი სტკიოდა და ტირილის მსგავს ხმებს გამოსცემდა. ლედი ლამაზია, შოტლანდიურ ნაგაზი ჰგავს. ტიმოშა კი - დათვს.
- ალბათ, ძაღლებსაც თავისი ბედი დაჰყვებათ. ყოფილა შემთხვევა, რომ მაწანწალა ძაღლს მზრუნველი პატრონი გამოუჩნდა?
- დიახ, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე იყო. არაერთი ლეკვი გავაჩუქე, რომელთა ცხოვრებაც აბსოლუტურად შეიცვალა. ბოი 8 თვისაა. ახლახან ერთ ქართველ გოგონას მოეწონა, რომელიც უკვე 20 წელია ინგლისში ცხოვრობს. ინტერნეტში მნახა და საკვებით დამეხმარა. აქ ჩამოსულმა ბოი გაიცნო და მითხრა, ჩემს ბავშვობას მაგონებს, მინდა ინგლისში წავიყვანოო. ძალიან მინდა ბოი მასთან გაემგზავროს, მაგრამ ამას ვეტერინარის მომსახურება, ბილეთი, პასპორტი სჭირდება... ვნახოთ, თუ მოხერხდა, ბოის გაუმართლებს და ცივი ქუჩიდან ინგლისის თბილ ოთახში აღმოჩნდება...

P.S. ინტერვიუს ჩაწერიდან სულ რაღაც 5 დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ პროექტის, "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატი დადგა. აპარატის მოხმარება მარტივია. მასში 0,5-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლის ჩაგდების შემდეგ ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპანსერში წყლის ჩასხმით კი, ცხოველები წყურვილის მოკვლას მოახერხებენ. კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს. იანვარში კიდევ სამი ასეთი აპარატი დაიდგმება, წლის განმავლობაში კი მათი რაოდენობა თანდათან გაიზრდება. კვების აპარატთან ერთად რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლიც დაიდგა. პირველ ეტაპზე თბილისის ქუჩებში ათი ასეთი სახლი დაიდგმება...
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.