სამშობლოდან გადახვეწილი ხელოვანის შეხვედრა ბავშვობასთან
font-large font-small
სამშობლოდან გადახვეწილი ხელოვანის შეხვედრა ბავშვობასთან
მხატვარი დარიკო ბერიძე უკვე 55 წელზე მეტია, რაც რუსეთში ცხოვრობს.

არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, რუსეთში, ფინეთში. ქალბატონი დარიკო 75 წლისაა და თვლის, რომ ეს ეტაპი მისი შემოქმედებისთვის სწორედაც რომ ნაყოფიერი პერიოდია, რადგან შვილები და შვილიშვილები უკვე გაიზარდნენ და მეტი დრო აქვს ხატვისთვის. ბოლო რამდენიმე წელია, საცხოვრებლად პეტერბურგის საოცარ კუთხეში, პუშკინის მშობლიურ ცარსკოე სელოში გადავიდა. ეს დასახლება სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან 24 კმ-შია და იქაური სიმყუდროვე უფრო ხიბლავს მხატვარს, რომელიც სამშობლოდან მოწყვეტილი უდიდეს ტკივილს გრძნობს, თუმცა მის ნახატებში მაინც ფერთა ზეიმია - თვალისმომჭრელი და შეუდარებელი...


- 1963 წლიდან სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობ, ბედმა აქეთ გადმომისროლა. ჩემი მეუღლე აქაური იყო, მამით რუსი, დედით - ქართველი და ჩვენთან სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. სტუდენტობის დროს გავიცანით ერთმანეთი. 20 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და ამის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში გადმოვედით საცხოვრებლად. როდესაც 17 წლის ხარ, ის კი - 22-ის, როდესაც სიცოცხლე გიხარია და ყველაფერს სხვა თვალით უყურებ, რას აღარ გაგაკეთებინებს ეს გრძნობა, სად აღარ გადაგხვეწს? 2 ქალიშვილი მყავს და 2 შვილიშვილი, ისინიც გოგონები არიან. ჯავახიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, სულ მენატრება იქაურობა და სულ ნოსტალგია მაქვს. 2018 წლის შემოდგომაზე, 28 წლის შემდეგ პირველად ვიყავი თბილისში, წარმოგიდგენიათ? ამდენწლიანი განშორების შემდეგ პირველად შევედი იმ ეზოში, სადაც ბავშვობა გავატარე, შევხვდი ჩემს თანაკლასელებს, ნათესავებს და ემოციებით სავსე დავბრუნდი უკან. ცხოვრების ნებისმიერ დროს მახსოვს ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, დედასთან, ნათესავებთან ერთად გატარებული დრო და არც ის მავიწყდება არასდროს, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ! სამშობლო ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამაა. საქართველოში 30 წლის წინანდელ გამოფენას "დაბრუნება" დავარქვი. ახლაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი კიდევ ერთ გამოფენას და კიდევ ერთხელ დავბრუნდებოდი ჩემს სამშობლოში.
GzaPress- 20 წლის დაოჯახდით, თუმცა სწავლა არც ლენინგრადში გადასახლების შემდეგ მიგიტოვებიათ, ხომ?
- 1963 წელს, როდესაც გავთხოვდი, სწავლა ლენინგრადის უმაღლეს სამხატვრო-სამრეწველო უნივერსიტეტში გავაგრძელე, ქსოვილების განყოფილება დავამთავრე. თავიდან ფაბრიკაში დავიწყე მუშაობა. ახლაც მახსენდება 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე, როდესაც მერგო პატივი, გამეფორმებინა ოლიმპიური ობიექტი და ასევე სასტუმრო, რა ბედნიერი ვიყავი.
- ხატვა როდის დაიწყეთ?
- 7 წლის ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. მომინდა, ნაძვის ხის გარშემო რომ ცეკვავდნენ, ეს პროცესი დამეხატა. ცენტრში სათამაშოებით დახუნძლული ნაძვის ხე დავხატე, ზოგი ბავშვი ანფასში დავხატე, ზოგი კი – პროფილში. ვერაფრით მივხვდი, როგორ დამეხატა ბავშვები ზურგიდან. ავდექი და ისინი თავდაყირა გამოვსახე - თავით ქვემოთ, ფეხებით ზემოთ. ახლაც მახსოვს, რამდენი იცინეს ამაზე ჩემებმა. ჩემმა ნახატებმა მაშინ მამიდა მაშიკო დააინტერესა და ჩვენს შორეულ ნათესავს, უჩა ჯაფარიძეს აჩვენა კიდეც. მას ჩემი ნამუშევრები რომ უნახავს, უთქვამს, დაე, ხატოსო! მამიდას კი მშობლებისთვის განუცხადებია, ეს ბავშვი გენიოსიაო. ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესიაც და სამხატვრო აკადემიის ტექსტილის დიზაინის განყოფილებაზე ჩაბარებაც. სხვათა შორის, უნდა გამოგიტყდეთ, რომ უფრო მეტად ლიტერატურა მიტაცებდა, ცუდად არ ვწერდი. მამაჩემი ნიჭიერი კაცი იყო, ლექსებსა და ზღაპრებს წერდა და ეტყობა, ამაში დავემსგავსე. ამიტომაც იყო, რომ თხზულება, რომელიც მისაღებ გამოცდებზე დავწერე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებს ისე მოეწონათ, რომ მარწმუნებდნენ, სამხატვროში რა გინდა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადმოდიო. თავისუფალ თემას ასე ერქვა - "რატომ მიყვარს მთაწმინდა", ახლაც კარგად მახსოვს.
- ხატვის პროცესზე რას იტყვით? ამბობენ, რომ ხელოვან ხალხს, განსაკუთრებით მხატვრებსა და პოეტებს, რთული და ბოჰემური ცხოვრების სტილი აქვთო.
- მყავს ერთი ახლობელი, სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, ფერმწერი ზაურ ცხადაია და მისთვის ხშირად მითქვამს, მგონი, ამ ჩვენს მხატვართა კავშირში მე ვარ ერთადერთი ნორმალური ადამიანი-მეთქი. ჩემს სიტყვებზე იცინის ხოლმე, ნორმალური როგორ ხარ, როცა დღეში ამდენ საათს მუშაობო? არაფერი განსაკუთრებული არ მახასიათებს, უბრალოდ სიმშვიდე მჭირდება ხოლმე, შთაგონება და მოწესრიგებული მაგიდა.
GzaPress
- რაც შეეხება თქვენს ფერებს, რომელიც თვალსაც ატყვევებს და გულსაც, ასეთია თქვენი ოცნება, ასეთი ფერადი გინდათ იყოს სამყარო?
- მე ვხატავ იმას, რასაც ვერ ვხედავ... იაპონელებს ერთი კარგი გამოთქმა აქვთ: შენ შეგიძლია უყურო ჩანჩქერს ერთი დღე, ერთი თვე, ერთი წელი, რამდენ ხანსაც გინდა, მაგრამ ჩანჩქერი რომ დახატო, ზურგი უნდა შეაქციოო. ანუ არ უნდა ხედავდე იმას, რასაც ხატავ, მისგან მიღებული შთაბეჭდილება უნდა გადმოსცე. რუსულისა და ქართული კულტურის ნაზავით შეიქმნა რაღაც მესამე და არავის ჰგავხარო, ხშირად აღნიშნავენ ჩემზე. ხალისიანი ფერები - ეს ალბათ ჩემი შინაგანი მდგომარეობაა. წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ და ეს ფერებიც რომელიმე კონკრეტული დღისა თუ სიტუაციის განწყობას გამოხატავს. დროთა განმავლობაში ჩემი ნახატები თითქოს უფრო ხალისიანი ხდება, უფრო ფერადდება და თუ მათში სევდაა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნათელი სევდაა. კი, ასეა, სევდაც ბევრია - ნახატებში ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა ასახული. თქვენ წარმოიდგინეთ, 20 წლის ჩამოვედი რუსეთში, ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ოჯახს ვუვლიდი, დედმამიშვილი საერთოდ არ მყავდა, დედა კი ჩემგან შორს იყო, აქ წამოსვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ბევრი სირთულე შემხვდა ცხოვრებაში, თუმცა ყველაფერს გავუმკლავდი, ახლობელ ადამიანებთან ერთად ხატვაც დამეხმარა ამაში. მე არ მესმის, როგორ შეიძლება იყო ნიჭიერი და ზარმაცი? ნიჭი არ მოგცემს უქმად ყოფნის საშუალებას, ამ ასაკშიც კი ყოველდღე ვმუშაობ. ხატვას არასდროს ვწყვეტ, მაშინაც კი, როცა ძალიან სევდიანი ვარ, სხვანაირად არ შემიძლია. ხშირად მეკითხებიან, რატომ ხატავ უმთავრესად ქალის ფიგურასო? ეს ხომ ქვეცნობიერად მე ვარ, მასში ხომ მე ვიგულისხმები? თანაც ქალი ცხოვრების საწყისია, განა, ასე არ არის?
GzaPress- არაერთი გამოფენა გქონდათ სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც მითხარით, 50-მდე პერსონალური გამოფენა.
- პირველი გამოფენა ლენინგრადში 1979 წელს მქონდა. გამოფენებზე ყოველთვის წარმოდგენილი იყო კერამიკა, ფერწერა, გრაფიკა, ასევე, დეკორატიული ტექსილი. ამ ხნის მანძილზე 24 მსხვილი ობიექტი გავაკეთე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 1984-88 წლებში ჩემ მიერ გაფორმებული რიტუალების სასახლე, ჩემთვის დღესაც უძვირფასესია თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის ფარდები. რადგან აკადემიაში ესკიზების გამოცდილება მქონდა მხოლოდ, კლასიკური ფერწერა არასდროს შემისრულებია პრაქტიკაში. ამიტომაც, პირველი ნამუშევარი, რომელიც 130 კვ/მ გამოვიდა, მხოლოდ ჩემი ხედვითა და ხელწერით შევასრულე ნატურალურ აბრეშუმზე. ის სასტუმროს ფოიეში, რესტორანში ვიტრაჟის ფუნქციას ასრულებდა. ამის შემდეგ უკვე არაერთხელ გავაფორმე სხვადასხვა სცენა, ასევე, საკონცერტო დარბაზები თუ თეატრები. ამ ბოლო დროს ვითანამშრომლე ერთ-ერთ ფირმასთან. მათ დაიწყეს ქურქების შეკერვა ჩემი ნახატებით.
– რაც შეეხება თქვენს შემოქმედებაში პოეზიის შემოჭრას, ამაზე რას იტყვით, როგორ გაჩნდა ეს იდეა? ჯერ ლექსი და მერე ნახატიო, მითხარით. ესე იგი, ლექსს მოაქვს ხატვის განწყობილება?
- პოეზია მიყვარს, ამიტომაც ნახატებს პოეტური სარჩული გავუკეთე. ლექსი ჩემთვის ერთგვარ ინსპირაციად იქცა. დავიწყე პოეტებისა და ლექსების შერჩევა და ილუსტრირება. მერე კი, რადგან ინტერნეტში მხოლოდ ნახატების განთავსება არ მაკმაყოფილებდა, პოეზია და ხატვა გავაერთიანე - ლექსების კითხვისას ნახატები თითქოს უფრო თავისუფლად "იბადება". ნიკოლოზ ბარათაშვილი, მიხეილ ქვლივიძე, ანა კალანდაძე, ახმატოვა, ჰაინე - როგორ შეიძლება მათმა ლექსებმა განსაკუთრებული განწყობა არ შეგიქმნას ხატვისთვის? ასე გავაცანი და შევაყვარე ხალხს ბევრი უცნობი პოეტიც.
- წარმატებებს გისურვებთ, მინდა, ნატვრა აგიხდეთ და საქართველოში კიდევ ერთი გამოფენით დაბრუნდეთ!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.