ჯარისკაცის ფორმა - სიყვარულის გადასავიწყებლად
font-large font-small
ჯარისკაცის ფორმა - სიყვარულის გადასავიწყებლად
სადღაც შორს, "საშიშ" ქვეყანაში არიან ქალები, რომლებსაც მხარზე კოპწია ხელჩანთის ნაცვლად ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ გადაკიდებული, ფეხზე უხეში, მძიმე, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, თბილი და კომფორტული "ბათინკები" აცვიათ და ავღანეთის წითელ მიწაზე მძიმედ დააბიჯებენ... 31 წლის თეონა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ახალ წელს ავღანეთში ხვდება...


- როგორ ჩაიცვით ფორმა?
- იარაღის მიმართ სიყვარული ნამდვილად არ მქონდა. არც უშიშარი და მეომარი ქალები მიზიდავდნენ. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ვსწავლობდი და მეგობრებთან ერთად ლაშქრობებზე დავდიოდი, სადაც გავიცანი ბიჭი, რომელმაც შემდეგ ჩემი ცხოვრება შეცვალა. არასდროს მიფიქრია, რომ ხელში იარაღს დავიჭერდი, აზიდვებს გავაკეთებდი და შესაბამისი აღჭურვილობით წინასწარ განსაზღვრულ კილომეტრაჟს გავირბენდი, მაგრამ შევძელი. ჩემი შეყვარებული იმ პერიოდში კარიერის აწყობაზე იყო გადართული. მითხრა, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო, მაგრამ ოჯახზე ჯერ არ ფიქრობდა... ასე მეგონა, ცა თავზე ჩამომექცა და სამყაროში მარტო დავრჩი... ცხოვრების სტიმული დავკარგე. ერთ-ერთ რესტორანში მზარეულის დამხმარედ ვმუშაობდი და უარი ვთქვი, - საქმეზე კონცენტრირებას ვერ ვახდენ-მეთქი... ერთ დღესაც "ვამპირის დღიურების" მთავარი გმირის შემსრულებლის, ელენ გილბერტის მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი ვნახე: გოგონა, შეყვარებულს დაშორდება, დედასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და გამოსავალს ჯარში იპოვის... იქ მთელ ნაწილში მარტოა. აქ კი, საქართველოში, ბოლო დროს ძალიან ბევრი გოგო წავიდა ჯარში. - რატომაც არა? ვცდი, - ვუთხარი ჩემს თავს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩემი იდეა ჩემს უახლოეს კლასელს, ბავშვობის მეგობარ ლაშას გავაცანი... ის ჯერ ცრემლებამდე ჩაბჟირდა, შემდეგ "მკლავჭიდობანას" თამაში შემომთავაზა, - ღრუბლებიდან უნდა ჩამოგიყვანოო, შემდეგ, ტალახში მცოცავი ჯარისკაცი გოგონების ვიდეოები მაჩვენა, - ნორმატივებს აბარებენ და წამწამების ტუში თან გქონდეს, უხდებაო, დამცინა... თუმცა, მისი სახლიდან მაინც რწმენაშეურყეველი წამოვედი...
საჭირო საბუთების შეგროვებას შევუდექი. მიღება გამოცხადდა თუ არა, შევიტანე. საკმაოდ პატივისცემითა და თავაზიანად შემხვდნენ. გარეთ სხვა გოგონებიც იყვნენ და ამან თავდაჯერება შემმატა. ჩემს თავზე ვიმუშავე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ნორმატივები ჩავაბარე...
GzaPress- ოჯახში რა გითხრეს?..
- სახლში, მშობლებთან მხოლოდ მაშინ ვთქვი, როდესაც დადებითი პასუხი მომივიდა და კონტრაქტი გამიფორმეს. მამაჩემი უფრო გაგებით მოეკიდა, ვიდრე - დედა. მას ვერ წარმოედგინა, კაცებთან ერთად როგორ უნდა მეჭამა, მევარჯიშა, დამეძინა, მეომა... შემდეგ შეეჩვია, ჩემი მეგობრებიც გაიცნო და შვილებივით მიიღო... მორჩა, "არმიაში" ვიწყებდი სამსახურს... ფიცის მიღების წინა ღამე გავათენე. ახალ ცხოვრებას ვიწყებდი და ეს სიყვარულში დამარცხების ტკივილსაც მიმსუბუქებდა... შეიარაღებულ ძალებში მსახური საკმაოდ რთული აღმოჩნდა: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, მთელი დღის გრაფიკის გაწერა, ნორმატივების ჩაბარება... იმდენად მიძნელდებოდა, შეყვარებულზე ფიქრი კი არა, საწოლამდე მისვლისთანავე ვითიშებოდი... შემდეგ ყველაფერს შევეჩვიე, - სიცხესა და სიცივეში "მარშბრასოკებსაც", სროლას, ტყვიის სუნსა და იარაღისგან გადახურებულ ხელისგულებს... ერთხელაც, სამშვიდობო მისიაზე ჩამოვარდა საუბარი. გოგოებმა, - წავიდეთო. - დედას როგორ ვუთხრა-მეთქი? - წამომცდა. დამცინეს, - უთხარი, რომ იქ ყვავილებს უნდა მოუაროო. ერთი სიტყვით, ოჯახი ამ შემთხვევაშიც ფაქტის წინაშე დავაყენე. მამამ ისევ თბილად ჩამიხუტა, დედას კორსიზი დასჭირდა, მაგრამ შემდეგ ისიც ჩამეხუტა.
- ავღანეთის შთაბეჭდილებებზეც მოგვიყევით.
- ავღანეთში თურქეთიდან გავფრინდით. მოსამზადებელი ეტაპი გერმანიაში გავიარეთ. ციოდა, მაგრამ იმდენად ვიყავი მისიაზე გადართული, არაფერი მახსოვდა. ბიჭები, ვინც მისიაზე მეორედ მიდიოდნენ, ავღანეთზე საუბრობდნენ. ცალი ყური მათკენ მქონდა. - პირველი, რასაც იგრძნობ, სიცხეა, - ამბობდა ერთი, რომელსაც მეგობრები დევს ეძახდნენ... არადა, არც ისე დიდი იყო, უბრალოდ, ისეთი ბანჯგვლიანია, ვერ გაიგებ, დედამისმა გააჩინა თუ მოქსოვა... ავღანეთი ზემოდან ანიმაციაში დახატულ წითელ ტეხილებს ჰგავდა. აქა-იქ თეთრი უსახური შენობების უწესრიგო ზოლებით, მაღალი მთებითა და წითელი ქვიშით, სადაც საშიში თეთრსამოსიანი, შავგვრემანი და წვერიანი კაცები დადიოდნენ...
ქაბულის აეროპორტში პირველი, რაც თვალში მომხვდა, ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, "პენშარის ლომის" აჰმად შაჰ მასუდის უზარმაზარი ფოტო იყო, წარწერით, - ჭელცომე ტო ტჰე ჰანდ ოფ ტჰე ბრავე... ცხელოდა კი არა, მეგონა, პირდაპირ მდუღარეში ჩაგვყარეს და თავის ამოყოფის საშუალება არ იყო. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - გვითხრა ქართველმა ოფიცერმა და ჯავშნიანი მანქანით მაშინვე ბაზისკენ გაგვაქანეს... შემდეგ, ქუჩაში თეთრ ხიფთანებში შემოსილი, ჰიჯაბ-ნიქაბიანი, ფეხშიშველი, გაჩეჩილთმიანი ავღანელების დანახვაზე სულ მეფიქრებოდა, როგორ ვერ დააჩოქა ეს გაუბედურებული ერი ვერც ერთმა დამპყრობელმა... იქ ყველამ იცის, რომ პატარა ბავშვიც კი საშიშია, ამიტომ არასდროს უნდა შეაქციო ზურგი, რაღაც დისტანციის იქით არ უნდა მიუახლოვდე და არც მას უნდა მისცე ახლოს მოსვლის უფლება, თორემ შესაძლოა, უცებ ხალათივით სამოსიდან თვითნაკეთი ასაფეთქებელი იარაღი გამოიღოს და ოპა... - "მემ, მემ, გივ მი ბრედ, ვოთა, ჩოკლით", - დამდევდნენ დამახინჯებული ინგლისური ფრაზებით და მხიარულად იცინოდნენ... ვცდილობდი, არ მეფიქრა იმაზე, რომ ამ ბავშვებს, ამის წინა და იმის წინა კიდევ ბევრ თაობას, ადამიანად ყოფნის უფლება წაართვეს და კიდევ ბევრს ვერ ექნება ნორმალური ცხოვრების საშუალება.
იქ ერთი ამერიკელი გოგო გავიცანი, ქეითი, ისიც ჩემსავით შეყვარებულის გამო წავიდა ჯარში და ოფიცერი გახდა. ბოიფრენდი ჰყავდა და ჩემი პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. მე საკმაოდ დიდი და ვრცელი ისტორიული წიაღსვლების გაკეთება დამჭირდა, რომ ამეხსნა, თუ რატომ არ მყავს ბოიფრენდი... თქვენ რაღაცით ჰგავხართ ავღანელებს, ამიტომაც მოსწონხართ მათ, - დაასკვნა ბოლოს და ბეჭებზე ისე კაცურად და უხეშად დამარტყა ღონიერი ტორი, რომ კარგა დიდხანს ვახველე... ავღანეთის მრავალფეროვანი მოსახლეობა, ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სინამდვილეში კი, ძალიან განსხვავებულია. იქ ცხოვრობენ პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, შიიტი ხაზარები, ბახთიარები, ძირითადად დარისა და პუშტუს ენაზე საუბრობენ და ისეთი გემრიელი ტკბილეული აქვთ, თურქებს ალბათ "ჯიბეში ჩაისვამენ".
GzaPress
როდესაც ჩეკპოინტებსა და პატრულირებაზე მივდიოდით, სოფლის უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა გვხვდებოდა, ქალები ფეხით მიდიოდნენ, მამაკაცები ძირითადად ვირზე იყვნენ შემსხდარი. ზოგი ქალაქში მანქანითაც დადიოდა, მამაკაცები კაბინაში იყვნენ მოკალათებულნი, ქალები კი ძარაზე, ტვირთთან ან საქონელთან და ბავშვებთან ერთად. თვალებში თითქმის ყველას უბედურება ჰქონდა ჩაბუდებული.
- ადგილობრივებთან სახლში გიწევდათ შესვლა?..
- ხანდახან... გარედან თიხით შელესილი დასახლებული პუნქტების დანახვისას მეგონა, შიგნითაც ისეთივე სიღარიბე დამხვდებოდა. თითქმის ყველა ეზოში 5-6 წლამდე ბავშვები ირეოდნენ. უფანჯრებო სახლებში, ავეჯი, ხშირად ლოგინებიც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ჭურჭელი და იატაკი ყოველთვის დაწკრიალებული იყო, რაც კიდევ უფრო მიკვირდა. რადგან იქ წყალი ძალიან დიდი პრობლემაა. წყლის თრევა ისევ გოგონებისა და ქალების ზურგზე გადადიოდა... ჭაბურღილებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მხოლოდ დიდ სოფლებში აკეთებენ, მათაც თავისი ანგარიშები აქვთ. ამის გაკეთება ძვირი ჯდება და ყველგან არ აკეთებენ. თუმცა, რამდენიმე შეძლებულ სოფელში თავადაც გააკეთა მოსახლეობამ. თალიბები კი უფეთქებენ. ჰოდა, ამ ქვეყანაში ვხვდებოდი ახალ წელს. გარეთ ძალიან ძლიერი სიცივე იყო და მე ნახევარ საათში მიწევდა მორიგეობაზე გასვლა. იქამდე კი დედის ხმის გაგონება შემეძლო. კომპიუტერი ჩავრთე და სოციალურ ქსელში ჩემი ყოფილის წერილი დამხვდა, დამდეგ ახალ წელს მილოცავდა. მსუბუქი მოკითხვის შემდეგ, ჩემს ახალ პროფესიაც ეხებოდა, ოღონდ მსაყვედურობდა თუ რჩევას მაძლევდა, ვერ გავიგე... ოდესმე იარაღის ყიდვა თუ დამჭირდა, რჩევისთვის მოგმართავო. დიდხანს ვიფიქრე პასუხზე. დედასაც ვესაუბრე, ცრემლებს ძლივს იკავებდა...
მეგონა, სიყვარულში ჩემს მარცხზე არაფერი იცოდა, მაგრამ სევდიანი ღიმილით მითხრა, - მის დასავიწყებლად უფრო იოლი გზის პოვნა შეიძლებოდაო... საღ გონებაზე მინდოდა ჩემი ყოფილისთვის პასუხი გამეცა და ისევ არ ვჩქარობდი. მორიგეობის დასრულების შემდეგ, მივხვდი, რომ არ მქონდა მისთვის რაიმეს მტკიცების სურვილი და მომეშვა... უცებ დავფიქრდი, რა მძიმეა ავღანელი გოგონას თუ ქალის ხვედრი, რომელსაც მშობლები არჩევანის უფლებას თითქმის არასდროს უტოვებენ. მათთვის არაფრის გაკეთება შემეძლო, ერთადერთი, ჩვენთან მომუშავე ავღანელ ხარლიეს, ქალისთვის შეუფერებლად დაკოჟრილ ხელებში ჩუმად ჩავუდებდი შოკოლადებს, გოგონებისთვის თმის სამაგრებსა და მძივებს და მადლობის თქმას არც ვაცდიდი. იმ ახალ წელს ავღანელმა ხარლიემ, რომელსაც წიგნი ქუჩაში თუ ჰქონდა ნანახი, თავისი ხელით გაკეთებული, ულამაზესი ფერებით შეხამებული სამაჯური მაჩუქა, - ბედნიერების თილისმა აქვსო, - მითხრა, თავზე მაკოცა და პუშტუს ენაზე რაღაც ლოცვასავით წაიბუტბუტა. დედაჩემის შემდეგ ასეთი სითბო არავისგან მახსოვს.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი - "პალიტრა ნიუსის" ოპერატორი.
"გამოდის, რომ მაინც როგორც კინომხატვარს, ისე მესაუბრებით"
შემოვიკრიბე ხალხი, ვისაც მსგავსი ინტერესი ჰქონდა
იმის თანხები არა მაქვს, რომ ალბომები ჩავწერო
როგორ გადაურჩა ბავშვი ოპერაციას ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების წყალობით
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ"
პარაფსიქოლოგი - პარლამენტის შენობის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე...
"პრე­ზი­დენ­ტ­საც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ჩე­მი ნა­კე­თო­ბე­ბი"
2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.