მეზღვაური ქალის ხიფათიანი ცხოვრება
font-large font-small
მეზღვაური ქალის ხიფათიანი ცხოვრება
26 წლის ბათუმელი ნათია ლაბაძე ერთადერთი ქართველი მეზღვაური ქალია, ვინც შორეულ ნაოსნობაში მსახურობს და ვინც 2015 წლის 18 აგვისტოს გადაკვეთა ეკვატორი, რის შემდეგაც "ნამდვილ მეზღვაურად" მოინათლა. ნათია ბავშვობიდანვე ოცნებობდა, რომ ოდესმე დიდ ნაოსნობაში წავიდოდა, მოგზაურობა და მეზღვაურის პროფესია ყოველთვის იზიდავდა. ამიტომაც არ შეუშინდა, დაენგრია სტერეოტიპები და დაემტკიცებინა, რომ ქალიც შეიძლება გახდეს კარგი მეზღვაური.


- ბავშვობაში ზოგი რა პროფესიაზე ოცნებობს, ზოგი - რაზე. მე მეზღვაურობა ან პოლიციელობა მინდოდა, რადგან ჩემ გარშემო ყველა მეზღვაური და სამხედრო იყო. მამაჩემის მხრიდან თითქმის ყველა მეზღვაურია. მარტო ჩვენს ოჯახში სამნი მეზღვაურები ვართ - მამა, მე და ჩემი ძმა. მხოლოდ დედაა სხვა პროფესიის - პედაგოგი. როგორც დედიკო ამბობს, პატარაობაში ძალზე აქტიური ბავშვი ვყოფილვარ, ყველგან დავძვრებოდი თურმე და არაფრის მეშინოდა. ალბათ ამ გაბედულობამ განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.
- მამას დიდი ხნით რომ უწევდა თქვენი დატოვება, ალბათ ძალიან დარდობდით და გენატრებოდათ, ხომ?
- მახსოვს, დედა შუაღამისას რომ გვაღვიძებდა - ადექით, მამიკო მიდის, მოვამზადოთ და გავაცილოთო. მამა მიდიოდა 8-9-10 თვით. ფაქტობრივად, მის გარეშე ვიზრდებოდით. დედა იხსენებს, ერთხელ შენი და შენი ძმის ფოტო გავუგზავნე და იკითხა, გოგო კი ვიცანი, ნათიაა, მაგრამ ეს ბიჭი ვიღასიაო? თურმე დიდი ხანი არ ვყავდით ნანახი და ვეღარ იცნო ჩემი ძმა.
- მიუხედავად ამისა, შენც მეზღვაურის რთული პროფესია აირჩიე. არ გეშინოდა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებდი? არ ფიქრობდი, ვაითუ, არ გამოგსვლოდა?
- შიში, რომ რაღაცას ვერ შეძლებ და გააკეთებ, ყველა პროფესიის ადამიანს შეიძლება დაეუფლოს, მაგრამ ეს შიში უნდა გადალახო. იოლი არ არის, როდესაც თვეების მანძილზე მიდიხარ მარტო, ყველა უცხოა შენთვის, ერთი ქართველიც კი არ გყავს გვერდით, მაგრამ თუ გაქვს მიზანი, მიზნის მისაღწევად არანაირი გზა არ უნდა გაფრთხობდეს...
GzaPress- მამა, რომელმაც კარგად იცოდა ამ პროფესიის სიმძიმე, როგორ დაგეთანხმა გადაწყვეტილების მიღებისას?
- მიუხედავად დიდი ტკივილისა - ჩინეთის ზღვაში მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ბიძაჩემების სიცოცხლე შეეწირა, რის შემდეგაც მამა გემზე აღარ წასულა, მაინც არ შემეწინააღმდეგა. პირიქით, მითხრა, რომ თუ მინდა, არავის ყური არ დავუგდო, რადგან ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და თვითონ უნდა მივიღო გადაწყვეტილებები. ბევრი მამა, დარწმუნებული ვარ, უარს ეტყოდა შვილს და დაუშლიდა საზღვაო აკადემიაში ჩაბარებას.
- საზღვაო აკადემიის გემთწამყვანი ფაკულტეტის 121 კურსანტს შორის მხოლოდ შენ იყავი ერთადერთი გოგონა.
- დიახ, ასე იყო - კურსზე 121 ბიჭს შორის მართლაც ერთადერთი გოგო ვიყავი. საქართველოს ისტორიაში 40-წლიანი ინტერვალის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის სპეციალობაზე გოგომ ჩააბარა. თავიდან უნდობლობა ჰქონდათ, გოგო და ზღვაოსნობა ვის გაუგიაო, ხშირად მესმოდა ჩემი მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები. ერთხელ ინგლისურის ლექტორმაც მითხრა, ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ 4 წლის მერე, სწავლას რომ დაასრულებ, ალბათ გათხოვდები და ბათუმში დაიწყებ მუშაობასო. მეორე კურსზე რომ გადავედით და კარგად გამიცნეს, დარწმუნდნენ ჩემს შესაძლებლობებში და მიხვდნენ, რომ უსუსური გოგო არ ვიყავი.
- და ზუსტად 4 წლის მერე, 2015 წლის 18 ივლისს ჰონკონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც გისურვა: კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე, მშვიდობიან ცურვას გისურვებო. მომიყევი ამის შესახებ.
- 4 წლის შემდეგ სააგენტო "კოლუმბიას" გასაუბრებაზე 6 წარმატებულ სტუდენტს შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. სააგენტოს საერთაშორისო გემისთვის კადეტები უნდა შეერჩია. ტესტირება წარმატებით გავიარე, მაგრამ ერთ-ერთმა გამომცდელმა მითხრა, რომ დაწუნებული ვიყავი სქესის გამო. მახსოვს, ეს სიტყვები ძალიან მეწყინა. ბრძოლა არ შევწყვიტე და გასაუბრების მეორე ეტაპზე შევეცადე, ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამომევლინა. 15 წუთში ზარი შემოვიდა ტელეფონზე: გილოცავთ, ჩვენს გემზე მუშაობას იწყებთო. 22 წლისა ვიყავი პირველი ნაოსნობის დროს. გემი, რომელზე სამუშაოდაც ამიყვანეს, იყო "ენვაეკე ლიბრა", პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი. 26-წევრიან ეკიპაჟში ერთადერთი გოგო ვიყავი. ამ გემზე 6 თვის ნაცვლად 8 თვე ვიმუშავე. მე მოვითხოვე დიდხანს დარჩენა, რადგან ლიცენზია არ მყოფნიდა, შემდეგი ეტაპისთვის საბუთები რომ ამეღო.
- ნათია, ყველაზე დიდი სირთულე მეზღვაურისთვის რა არის?
- ძნელია, როცა თანამშრომლობა გიწევს ამპარტავან კაცთან, რომელიც შეგხედავს თუ არა, გაგრძნობინებს, რომ შენ ქალი ხარ და დიდს ვერაფერს გააკეთებ და კიდევ, მონატრებაა ძალიან აუტანელი. სხვა ყველაფერს დასძლევ, ისეთი რთული არაფერია. სტუდენტობისას ჩემმა მასწავლებელმა მომცა წიგნი "ზღვა და 4 ქალიშვილი". წავიკითხე და მერე, როცა გემზე წავედი, ბევრი რამ მეცნო იქიდან - განცდები, შთაბეჭდილებები... ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეკიპაჟი, როგორი გუნდი გხვდება. მე კარგ გუნდში მომიხდა ყოფნა, რამაც ყველა სირთულის გადალახვა შემაძლებინა. ჩემს ერთ მეგობარ ბიჭს პირველი ნაოსნობის შემდეგ გემზე ფეხიც აღარ დაუდგამს, ისეთი ცუდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა. ასეც ხდება ხოლმე.
- საინტერესოა, რა ევალება მესამე თანაშემწეს და კიდევ, რამდენი ეტაპია კაპიტნობამდე?
- მე ვზრუნავ გემის უსაფრთხოებასა და მის ტექნიკურ გამართულობაზე. დილით 8 საათიდან 12 საათამდე ჩემს ვახტთან ვდგები, მერე ვისვენებ 1 საათით. ვამოწმებ სამაშველო რგოლების, ტივების, რაკეტების გამართულობას. ჩემი მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი წესრიგში მქონდეს. კადეტობით დავიწყე - 6 თვე ვიმუშავე და წესით, 6 თვის შემდეგ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ, როგორც გითხარით, კონტრაქტი 2 თვით კიდევ გავაგრძელე - მინდოდა, კაპიტნის მესამე თანაშემწის პოზიციაზე დავწინაურებულიყავი და ასეც მოხდა. რამდენიმე თვეში კაპიტნის მესამე თანაშემწის რანგში ხიდურაზე ვიდექი და გემს დამოუკიდებლად ვმართავდი. ამის შემდეგ კიდევ 2 ეტაპი დარჩა - მეორე თანაშემწე, შემდეგ უფროსი თანაშემწე და უკვე კაპიტანი ხდები. ბევრმა არ იცის, რომ პირველი ქართველი მეზღვაური იყო ბათუმელი ქალი, იულია ფაილოძე, რომელმაც გარკვეული ბარიერების გამო კაპიტნის რანგამდე ვერ მიაღწია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე ვარ მეორე ქართველი ქალი, რომელიც გემზე წავიდა და ვიქნები პირველი ქართველი ქალი, რომელიც კაპიტნის რანგს მიაღწევს!
- სახიფათო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?
- ერთხელ, პირველი ნაოსნობისას შტორმის დროს ვფიქრობდი, მორჩა, ალბათ სამაშველო ტივებში ჩავსხდებით და თავს ვუშველით-მეთქი, ამ დროს კი ჩემ გარდა მგონი ყველას მშვიდად ეძინა, მარტო მე მეშინოდა. მერე უარეს საფრთხეშიც ვყოფილვარ, მაგრამ აღარ შემშინებია.
- რას გულისხმობ?
- წითელ ზღვაში მეც დავცურავდი ბოლო დროს. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვერდით მოცურავე გემები დაცხრილეს. ისეთი პროფესია მაქვს, საფრთხე ყოველთვის იქნება, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეს.
- მადლობა საუბრისთვის და ზურგის ქარი მისურვებია...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.