მხიარული სამხრეთაფრიკელები
font-large font-small
მხიარული სამხრეთაფრიკელები
მეღვინე, 24 წლის ანანო ვეკუა წელს ორჯერ დაესწრო რთველს და ღვინოც ორჯერ დააყენა - ერთხელ ზამთარში, როდესაც სამხრეთ აფრიკაში იყო და მეორედ - საქართველოში, შემოდგომაზე. ღვინის დაყენების პროცესი მისთვის ხელოვნებაა. ანანო თბილისში მხოლოდ შაბათ-კვირას არის, დანარჩენ დღეებს წინანდალში, საწარმოში ატარებს, რასაც მისი მშობლები დღემდე ვერ ეგუებიან. აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დაამთავრა, წარმოშობით სამეგრელოდანაა, ჩხოროწყუში აქვს პატარა სოფელი და ძალიან უყვარს იქაურობა. იმის შესახებ, თუ რატომ მოიხიბლა მეგრელი გოგონა ე.წ. კახური პროფესიით, როგორი იყო მისი აფრიკული შთაბეჭდილებები და ჰგავს თუ არა ღვინო მეღვინეს, ანანოს გავესაუბრეთ.


- ხშირად ამბობენ, რომ თითქოს მეღვინეობა კახური პროფესიაა. სკოლაში ქიმია მიყვარდა, ასევე მომწონდა ქიმიური ფორმულები და ცდები. დედას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, თეთრი ხალათი მცმოდა და ა.შ. მაგრამ იმედი გავუცრუე.
- ისე, ეს 2 პროფესია წააგავს კიდეც ერთმანეთს - თეთრი ხალათი მეღვინესაც ხომ აცვია და თან, ღვინოც კურნავს ადამიანებს. შეგიძლია, დედა დაამშვიდო...
- (იცინის) კი, თეთრი ხალათი მართლაც ჩავიცვი, ოღონდ ლაბორატორიაში. გავრისკე, რადგან ზუსტად არ ვიცოდი, რამდენად კომფორტულად ვიგრძნობდი თავს ამ საქმეში, მით უფრო, არავინ მყავდა, ვისაც რამეს ვკითხავდი ამ საქმიანობის შესახებ. როდესაც პროფესია უნდა ამერჩია, აგრარულ უნივერსიტეტში სამდღიან გაცნობით პროგრამაზე ვიყავი. სწორედ მაშინ მოვიხიბლე აგრარული მეცნიერებებით. იქ პირველად დავესწარი დეგუსტაციასაც, რამაც კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. მანამდე სულ მაინტერესებდა, ღვინო რამხელა ქიმიურ და მიკრო-ბიოლოგიურ პროცესს გადიოდა. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ დალევა მიყვარს. არადა, ასე არ არის, მაქსიმუმ ერთი ჭიქა მივირთვა. მიყვარს დაგემოვნების პროცესი, შემიძლია 50 სხვადასხვა ღვინო გავსინჯო.
- დეგუსტაციისას როგორ ხვდები, ესა თუ ის ღვინო დაავადებულია თუ არა?
- ღვინის ეროვნულ სააგენტოში სადეგუსტაციო კომისიის წევრი ვარ. ჩვენთან შემოდის ყველა ის ნიმუში, რომელიც ექსპორტზე უნდა გავიდეს. ამიტომ ამ დროს ძალზე მობილიზებული ვარ. ერთი შეხედვით მარტივია - ფერით, არომატითა და გემოთი ხვდები, არის თუ არა დაავადებული, რამდენად კარგი ხარისხისაა, რამდენად ტიპურია ამ ჯიშისთვის და ა.შ. რეცეპტორებით აღვიქვამთ ამ ყველაფერს. ეს ნიმუშები, რა თქმა უნდა, ლაბორატორიულ შემოწმებასა და ქიმიური შემცველობის ანალიზსაც გადის, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია ორგანოლეპტიკური (ანუ გემოთი და ყნოსვით) მახასიათებლების გაგება. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ჩვენი ერთი უარით შეიძლება ღვინო "ჩავარდეს" და ექსპორტზე ვერ გავიდეს.
- ხშირად ხდება ასე?
- საკმაოდ ხშირად. დეგუსტაციაზე მინიმუმ 3 ღვინო მაინც "ვარდება" ხოლმე.
GzaPress- მაშინ რა ხდება, როდესაც ძალიან მაგარ ღვინოს აგემოვნებ და მოგწონს?
- ვფიქრობ, აი, ამ ღვინოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ (ან რომელიმე კონკრეტულ) კერძთან აუცილებლად მივირთმევდი და აუცილებლად მექნებოდა ერთი ბოთლი სახლში-მეთქი.
- ანანო, წინანდალში წასვლა არ გაგიჭირდა? მით უფრო, რომ იოლი არ არის, ასეთ ასაკში არცთუ ისე პატარა საწარმოს მეღვინე იყო.
- გოგოსთვის თითქოს ცოტა უცნაურია ეს პროფესია, მაგრამ კომფორტულად ვგრძნობ თავს. მომწონს საწარმოში რთველის პერიოდი და ღვინის დაყენების პროცესი. ჯერჯერობით მთავარ მეღვინესთან ერთად ვაყენებ ღვინოს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. ამ კომპანიას მეილით მივწერე, რომ ვარ გამოუცდელი, მაგრამ მოტივირებული და რომ მე მათ ვჭირდები. აღმოჩნდა, რომ ეს ენთუზიაზმით სავსე წერილი წაიკითხა გენერალურმა დირექტორმა და შეხვედრაზე დამიბარეს.
- შენზე რატომ შეაჩერეს არჩევანი?
- მათთვის დიდი გამოწვევა იყო, რომ 22 წლის გოგო, რომელსაც მანამდე საწარმოში არ უმუშავია, მეღვინედ აეყვანათ. როგორც ახლა მეუბნება ჩემი გენერალური დირექტორი, ყველაზე მეტად ის მოეწონა, რომ კითხვაზე, ჩვენი საწარმო წინანდალშია და ალბათ იცი, რომ იქ მოგიწევს ცხოვრებაო, დაუფიქრებლად ვუპასუხე - რა თქმა უნდა, სხვანაირად არც წარმომედგინა-მეთქი და მაშინ უფიქრია, ეტყობა, ამან მართლა იცის, რა უნდაო.
- პირველი რთველი და ღვინის დაყენება გახსოვს?
- მანამდე რთველში არასდროს ვყოფილვარ. უნივერსიტეტში კი გვქონდა პრაქტიკა, მე და ჩემი მეგობარი მოვხვდით მცირე ოჯახურ საწარმოში, მაგრამ იქ შაქრის გაზომვის გარდა არაფერს გვაკეთებინებდნენ - თქვენ გოგოები ხართ და როგორ შეიძლებაო. ვიცოდი, რომ დიდ საწარმოში რთველი საკმაოდ სტრესული იყო, მაგრამ ასეთი შრომატევადი და დამღლელი თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. თვე-ნახევრის განმავლობაში ალბათ 20 საათი მეძინა, სულ იყო საქმე, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. საინტერესო პროცესია, თუ სწორად არ გააკეთებ ყველაფერს, საბოლოოდ კარგ პროდუქტს ვერ მიიღებ. ძარებზე დავძვრებოდი, ვამოწმებდი ყურძენს, რომ დაზიანებული არ ჩამებარებინა, რადგან ეს პროდუქტის ხარისხზე აისახება. მართლა გულწრფელად მეცოდებიან გლეხები, რომლებიც წლიდან წლამდე მოსავალს ელოდებიან, მაგრამ ბევრი უკან გამიბრუნებია. ასეთი პატარა გოგო ასეთი მკაცრი როგორ ხარ, შენც ხომ ადამიანი ხარო, უთქვამთ ხშირად.
- ანანო, ღვინის დაყენებისას მთავარი რა არის? ხშირად ამბობენ, ღვინო მეღვინეს ჰგავსო, ასეა?
- ყველაზე მნიშვნელოვანი დუღილის პროცესია და ამ დროს უკვე შეგიძლია განსაზღვრო, როგორი გამოვა ღვინო. თუ კარგი მეღვინე ხარ და დიდი გამოცდილება გაქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეტყობა მას შენი ხელწერა. და როცა შენი ხელწერა გაქვს, ეს უკვე საამაყოა.
- გვირჩიე, რომელ კერძს როგორი ღვინო უხდება?
- საცივი საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია და მგონია, რომ მაღალმჟავიანი იმერული ღვინო, მაგალითად, ცოლიკოური მოუხდებოდა, ასევე - ქვევრის რქაწითელიც. დესერტთან - ჩურჩხელასთან და გოზინაყთან ალბათ უფრო ნახევრად ტკბილი, წითელი ღვინოებია იდეალური - ქინძმარაული, ხვანჭკარა. მწვადს კი ყველაზე მეტად მაღალტანინიანი წითელი, "სხეულიანი" ღვინოები უხდება - მუკუზანი, საფერავი... მე მშრალი ღვინოები უფრო მიყვარს. რომ მკითხონ, მხოლოდ ერთი ბოთლის არჩევანის საშუალება რომ გქონდეს, რომელს მიანიჭებდი უპირატესობასო, ალბათ წითელ, მშრალ ღვინოს ავირჩევდი.
- რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, რატომ იყავი წასული და როგორ დათანხმდი ასეთ შემოთავაზებას?
- ეს გაცვლითი პროექტი იყო ამ 2 ქვეყნის ღვინის კომპანიებს შორის. ინტერნეტში რომ ამოვიკითხე ინფორმაცია კრიმინალის მაღალი დონის შესახებ, შევშფოთდი, რისკი თავისთავად იყო. სამხრეთი აფრიკა ღვინის წარმოებაში ახალი ქვეყანაა და საკმაოდ წარმატებულიც - 2018 წლის მონაცემებით მე-6 ადგილზეა ექსპორტით. ამ შემოთავაზებას, ფაქტობრივად, დაუფიქრებლად დავთანხმდი.
- შთაბეჭდილებები გაგვიზიარე.
GzaPress- სამხრეთი აფრიკა ბრიტანეთის კოლონია იყო და ვიცოდი, რომ მივდიოდი ევროპელების აშენებულ ქვეყანაში. როცა ვათვალიერებდი მანქანიდან, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ევროპა აფრიკაში. ქეიფთაუნი, სადაც ჩავფრინდი, მართლაც ევროპული ქალაქია. მერე, როდესაც ფერადკანიანების საცხოვრებელიც ვნახე, ეს იყო შოკი - მსგავსი სიღარიბე არსად არ მინახავს. ფერადკანიანების დასახლებებს გეტოებს ეძახიან. გაზვიადების გარეშე ვიტყვი, რომ ადამიანები მუყაოს ყუთებში ცხოვრობენ. ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით არის, მაგალითად, მორისონის დასახლება, ერთმანეთზე მიწყობილ მიწურებში ცხოვრობდნენ საკმაოდ რთულ პირობებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერები არიან. საერთოდ არ აწუხებთ, ასე რომ ცხოვრობენ, ჩვენსავით სახეები კი არ ჩამოსტირით, სულ ცეკვა-სიმღერის ხასიათზე არიან. ცხოვრობენ დღევანდელი დღით, კმაყოფილები იმით, რაც აქვთ და არ ფიქრობენ ხვალინდელზე. ისეთი მხიარული ხალხია, მათთან ვერ მოიწყენ. ძალიან გახსნილები არიან უცხოებთანაც კი. თეთრკანიანებთან კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდათ და მე რომ ვუღიმოდი და კარგად ვეპყრობოდი, სულ უკვირდათ ეს ამბავი: შენს ქვეყანაში კანის ფერს მართლა არ აქვს მნიშვნელობაო? ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩაცმას, განსაკუთრებით მამაკაცები. იქ ყოფნის 2 თვის განმავლობაში ერთადერთი სირთულე იყო სიშორე საქართველოდან. ზოგჯერ რუკას რომ დავხედავდი და ვუყურებდი, რამდენად იყო დაშორებული ეს 2 ქვეყანა ერთმანეთისგან, ცოტა არ იყოს, შიში მიპყრობდა. ჩვენი ელჩი სამხრეთ აფრიკაში ხშირად მწერდა და მკითხულობდა, როგორ ვიყავი, რამე ხომ არ მიჭირდა, ეს თანადგომა მშველოდა. რაც შეეხება მევენახობას, იქ თებერვალსა და მარტში აქვთ რთველი, ასე რომ, 2018 წელს 2 რთველი მივიღე. სამხრეთ აფრიკაში ძირითადად უფრო ევროპული, ფრანგული ჯიშებია გავრცელებული, რამდენიმე გერმანულიც და კიდევ ერთი, თავიანთი გამოყვანილი ჯიში აქვთ - პინოტაჟი, რითიც ძალიან ამაყობენ. ყურძენს მანქანის საშუალებით კრეფენ, ღვინის დაყენებაშიც ადამიანის ჩართულობა ნაკლებია. საწარმოში ერთადერთი მეღვინე ქალი ვიყავი და უკვირდათ, ყველაფერს რომ ვაკეთებდი.
- წარმატებები!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.