"დადგება დრო, როცა ჩემს მოსაზრებებზე სხვანაირად ვისაუბრებ"
font-large font-small
"დადგება დრო, როცა ჩემს მოსაზრებებზე სხვანაირად ვისაუბრებ"
მომღერალი გიორგი ჩიტაური ზოგს პოლიტიკის სფეროდან ახსოვს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი ის პროექტ "ნიჭიერიდან" გაიცნო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიორგი ექსპერტ-კრიმინალისტის პროფესიასაც ეუფლებოდა... რას საქმიანობს და რა გეგმები აქვს დღეს, ამაზე გიორგი ჩიტაური თავად გვესაუბრა:


- გასულ წელთან შედარებით, ახლა სხვანაირი შემართება მაქვს. თან, ასტროლოგების აზრით, 2019 წელი კუროსთვის (ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული) ცუდი არ უნდა იყოს. დიდი შემოქმედებითი პაუზა მქონდა - სერიოზული კონცერტები არ გამიმართავს. რეგიონებში მცირე მასშტაბის კონცერტები წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის. მიმდინარე წელი ჩემთვის საკმაოდ დატვირთული იქნება: საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ. მალე საბერძნეთში, საფრანგეთსა და იტალიაში უნდა გავემგზავრო, სადაც ემიგრანტ მეგობრებს შევხვდები. მათთან ძალზე სერიოზულ და საინტერესო პროექტზე ვისაუბრებ - ის გზა უნდა გამოვძებნოთ, რაც მათ ყოფას გაუმარტივებს. ემიგრაციაში ყოფნა საკმაოდ რთულია. უამრავი რამ არის, რაც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს პრობლემას უქმნის. მათ სჭირდებათ თუნდაც, კულტურის ცენტრის არსებობა, სხვადასხვა სასწავლო წრის ჩამოყალიბება... მთავარი მიზანი ემიგრანტების ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებაა, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ.
- ქართველ ემიგრანტებთან დაკავშირებული პროექტის განხორციელება შენი ინიციატივაა თუ ლეიბორისტული პარტიის მიერ მხარდაჭერილი იდეა?
- ამ პროექტთან პოლიტიკა საერთოდ არაა დაკავშირებული. ჩემი მოსაზრებები ცალსახაა და ყველამ იცის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე ლაპარაკის დრო არ არის - უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი. პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ინერტული გავხდი - ამ პროცესებში ჩართული არ ვარ... საქართველოში დაბრუნების შემდეგ სოლო კონცერტისთვის მზადებას დავიწყებ, რომელიც მაისში, ფილარმონიაში გაიმართება. საკუთარ შემოქმედებაზე და საერთოდ, ჩემს თავზე ხელაღებით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ალბათ, იმის დრო დადგა, რომ ჩემი სათქმელი სიმღერითაც ვთქვა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ქართულად ვწერ, ვკითხულობ და ვმღერი...
- მსმენელებით ფილარმონიის გავსება იოლი საქმე არ არის. რა გაძლევს იმის საფუძველს, რომ საზოგადოების დაინტერესებას შეძლებ?
- ჩემი წარმატების გასაღები ერთი რამეა: ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პოლიტიკა მეგობრობაა. არ შეიძლება, ადამიანები "იმისტად" და "ამისტად" დავყოთ. სხვადასხვა პარტიაში ბევრი მეგობარი მყავს. ყველაზე მეტად ჩემი მეგობრების იმედი მაქვს. ჩემ გარშემო უამრავი ხელოვანი ადამიანია. ისინი უანგაროდ მიდგანან გვერდით. 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეგიონული ტურნე გვქონდა. მოგეხსენებათ, კონცერტების ჩატარებას დიდი რესურსი სჭირდება. ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ ხალხი წამლებს ვერ ყიდულობს, კონცერტები კი ცოტა სხვაგვარი ფუფუნებაა: ხალხს დასვენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ქვეყანაში დეპრესიული გარემოა შექმნილი. ამიტომ რთულდება თუნდაც, ფილარმონიის შევსება, სხვადასხვა რაიონში ღონისძიებებზე ხალხის დასწრება... პროექტში - "მხოლოდ ქართული" ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა. სხვათა შორის, პირველ სეზონში მეც ვცადე ბედი - ცოტა დამაკლდა, რომ ათეულში მოვხვედრილიყავი. ასეთი პროექტის არსებობის საჭიროებაზე დიდხანს ვსაუბრობდი. ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ სიმბოლურად, პროექტის მონაწილე მეც ვიყავი.
- როდის გააცნობიერე და რა იყო მიზეზი, რომ პოლიტიკის სფეროს ჩამოშორებოდი?
- საერთოდ, ადამიანი სანამ ცოცხალია, ის პოლიტიკის ნაწილია. იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს, - პოლიტიკაში არ ვერევიო. დღესაც ძალიან მაინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში რა ხდება. პოლიტიკას არ ჩამოვშორებივარ. უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ დრო და ენერგია ჩემი გეგმების განხორციელებას დავუთმო. ბევრ საკითხზე ძალიან მყარი პოზიცია მაქვს. დადგება დრო, როცა ჩემს მოსაზრებებზე სხვანაირად ვისაუბრებ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი გადაწყვეტილება ძალზე ბუნებრივი და ლოგიკურია... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც ვფიქრობ: ერიც და ბერიც, დიდიც და პატარაც უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ უნდა მიმდინარეობდეს. ამიტომ ანტისაოკუპაციო მოძრაობას ვაპირებთ. გვსურს, ამ პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთოს. ბევრი ოსი და აფხაზი მეგობარი მყავს. ეს "ხიდები" და კონტაქტები აუცილებლად გამოსაყენებელია, რომ პირველ რიგში ერთმანეთს დავუახლოვდეთ. თუნდაც, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლები ერთად ვიყოთ, ეს საკითხი ყველას ტკივილია. ერთად უნდა ვიდგეთ, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპანტების მიერ იღობება. ვერ ვიტყვით, რომ ოკუპანტების ასეთ ქმედებაზე რეაგირება არ არის - ცივილიზებულ სამყაროსთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ჩვენი აქტიურობა მნიშვნელოვანი იქნება. მსურს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კონცერტები ღია ცის ქვეშ ჩავატაროთ და თუნდაც, ხაზს იქით მცხოვრებმა ხალხმაც დაინახოს. მოკლედ, ეს არის გეგმები, რომელთა განხორციელებითაც 2019 წელს ვიქნები დაკავებული.
- შენი შემოსავლის წყარო რა არის?
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ექსპერტ-კრიმინალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი - სწავლა პროექტმა "ნიჭიერმა" დამიფინანსა. შემდეგ რაღაც პრობლემა იყო და ამ ფაკულტეტზე სწავლა ვერ დავასრულე (3 საფეხური გავიარე). სწავლის გაგრძელებას სხვა მიმართულებით ვაპირებ. დაახლოებით, 3-4 წელი მჭირდება, ყველაფერი რომ მოვაგვარო და ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარ მოვლენამდე მივიდე. ამჟამად, ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ. ასევე, მაქვს კონტაქტები და სხვადასხვა კორპორაციულ საღამოზე, ბანკეტებზე, ქორწილებში ვმღერი... ჩემი შემოსავალი ეს არის, რასაც ისევ სიახლეების კეთებას ვახმარ.
- როგორ ფიქრობ, უკვე იპოვე საკუთარი თავი? იცი, რა გინდა ცხოვრებისგან?
- ყველა ადამიანს სურს, ბედნიერმა იცხოვროს. ბედნიერება ვის როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია... ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, პრობლემების წინაშე მარტო ვდგავარ. არ მინდა საუბრის თემა პირად ცხოვრებაზე გადავიტანო, მაგრამ ბავშვობიდან მარტო მოვდივარ და უამრავ რამეს ვხედავ. სადღეგრძელოებში კი ვტრაბახობთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ადამიანებს, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ, ზედაც არ ვუყურებთ. თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ და საკუთარ თავს სხვაგვარად შევხედოთ - ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა არის ადამიანის მთავარი ღირებულება? მომავალი თაობაც ასე უნდა აღვზარდოთ. ჩემი მთავარი მიზანი ეს არის, რისკენაც მივდივარ.
- საუბრის დასაწყისში ასტროლოგია ახსენე. ამ საკითხს სერიოზულად უდგები?
- ეს სფერო ძალიან სიღრმისეულად შესწავლილი არ მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, ასტროლოგის არ მჯერა-მეთქი: კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა დახასიათება ზუსტად ემთხვევა ჩემს ხასიათს და როგორ შეიძლება, არ დავიჯერო? ასტროლოგისთვის არასოდეს მიმიმართავს. მთავარია, ადამიანი საკუთარ თავს ენდო და გააცნობიერო, რა გინდა.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე გვანცა ფოთში რომ ჩამოვიყვანე, ვპირდებოდი, - პირადი აუზი გექნება, ოღონდ - ის, რომელიც ბუნებამ ადამიანებს უბოძა-მეთქი"
"მინდოდა, რომ ჩემს შვილებს უფრო მეტი სიყვარული ჰქონოდათ ერთი კონკრეტული ადგილის მიმართ და სოფელში ხშირად დაესვენათ"
"რაც დამიწერია, საუნდტრეკია და ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა"
"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა"
სასურველია, ზღვაზე წასვლამდე გინეკოლოგთან ვიზიტი დაგეგმონ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.