სამწუხარო რეალობა და სააფთიაქო ბიზნესი
font-large font-small
სამწუხარო რეალობა და სააფთიაქო ბიზნესი
ქართველი ფარმაცევტის "აღსარება"

ჩვენი რესპონდენტი არც უმუშევარია და არც - სოციალურად დაუცველი... ის მოხდენილი, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალია, რომელიც პრესტიჟულ სააფთიაქო ქსელში ფარმაცევტად მუშაობს. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ საკუთარ სამშობლოში საკუთარი ხალხის ტრეფიკინგის მსხვერპლია. ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან იცის, რომ სამსახურში სერიოზული პრობლემები შეექმნება, ამიტომ, იძულებული ვართ, მისი სახელი და გვარი დავმალოთ და ინკოგნიტოდ დავტოვოთ.


მანანა ნ-ძე:
- საზოგადოებამ არ იცის, რამხელა წნეხის ქვეშ არიან გოგონები, რომლებიც პრესტიჟულ აფთიაქებში მუშაობენ. ამ გაკრიალებული ვიტრინების, ლამაზი ღიმილისა და უნაკლო ჩაცმულობის მიღმა ძალიან დიდი ადამიანური ტკივილი იმალება: შეიძლება ითქვას, რომ მონებივით გვამუშავებენ, საათობით ფეხზე ვდგავართ, უამრავ გაჭირვებულ, აგრესიულ ადამიანს ვემსახურებით, მაგრამ მინიმალური დაფასებაც კი არ გვაქვს. ყველაფერი რომ გტკიოდეს, მაღალი სიცხეც რომ გქონდეს, კლიენტებს მაინც ღიმილით უნდა შეხვდე და შენი პრობლემები არ შეიმჩნიო. ანაზღაურებაც მინიმალური გვაქვს. 9-10 წელიწადს ერთ სამსახურში რომ მუშაობ, ხელფასი ცოტათი მაინც ხომ უნდა გაგიზარდონ? "ანაზღაურება მინიმალური, შრომა - მაქსიმალური" - საქართველოში ყველა ცნობილი სააფთიაქო ქსელი ამ პრინციპით მუშაობს. სამი წლის განმავლობაში ღამის მორიგედ ვმუშაობდი, 24 საათი აფთიაქში ვიყავი და ერთი თეთრით მეტსაც არ მიხდიდნენ. არავინ ითვალისწინებდა, რომ ორმაგი დატვირთვით ვმუშაობდი და სახლში იმდენად გამოფიტული ვბრუნდებოდი, რომ ჩაის დალევის თავიც კი არ მქონდა.
- ორსულობის დროს თუ სარგებლობდით შეღავათებით?
- არანაირ შეღავათს არ მიწევდნენ, ჩვეულებრივი რეჟიმით ვმუშაობდი. ამ სისტემაში თუ ძალიან ცუდად არ გახდები და ბიულეტენს არ მოითხოვ, ისე არავითარი შეღავათი არ გეკუთვნის. ჩვენი გოგოები ფეხმძიმობის დროს არც შემცირებული გრაფიკით სარგებლობენ, არც სხვა პრივილეგიით, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ. რამდენჯერ სამსახურში სიცხიანიც წავსულვარ, ხელფასი რომ არ დამკლებოდა. მესმის, რომ მედიკამენტებთან მაქვს საქმე და ასეთ დროს შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვა, მაგრამ აფთიაქების დიდ ნაწილს კადრები არ ჰყოფნის და იძულებული ხარ, ავადმყოფმაც იმუშაო. იმის გამო, რომ სამსახურის დაკარგვა არ მინდა, გადავწყვიტე, მეორე შვილი ჯერ არ გავაჩინო. კიდევ კარგი, რომ დედა მეხმარება, მაგრამ ვისაც დამხმარე არ ჰყავს, იმან რა უნდა ქნას? - ამის გამო ძალიან ბევრმა კარგმა ფარმაცევტმა დაანება თავი სამსახურს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სააფთიაქო ქსელში მუშაობ, სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება და რეჟიმი ყველგან კაბალურია.
- "კაბალურ რეჟიმში" კიდევ რას გულისხმობთ?
- ყველაფერს... ხომ შეიძლება თანამშრომელი სტაჟის ან კარგი მუშაობის გამო წაახალისო?
ათი წელია, ერთ ქსელში ვმუშაობ და ასეთი რამ არ მახსოვს. ძველ კადრებს არ უფრთხილდებიან, ახლები კი მოდიან, ამ რეჟიმს ვერ უძლებენ და 2-3 თვეში გარბიან. მათთვის მუშაობის სწავლებაც ჩვენ გვიწევს. კლიენტებთან კონფლიქტის დროს ჩვენი უფროსები ყოველთვის მათ მხარეს იჭერენ. როგორც სხვა აფთიაქებში, ჩვენთანაც დაუწერელი კანონი მოქმედებს: "კლიენტი ყოველთვის მართალია". ზოგჯერ მომხმარებელი არაფრის გამო გეჩხუბება, წამლების სიძვირის გამო ბრაზობს და ჯავრს შენზე იყრის, შენ კი უფლება არ გაქვს, სიტყვა შეუბრუნო. როდესაც საქმე მედიკამენტებთან გაქვს, ასეთ პირობებში არ უნდა მუშაობდე, მაგრამ ჩვენი ინტერესები არავის ანაღვლებს. ერთხელ ჩვენმა თანამშრომელმა მყიდველს ხურდა ვერ დაუბრუნა და ამის გამო სამსახურიდან გაუშვეს. ხურდაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, სალაროც ჩვენ გვეხება, ქვითრის გამოწერა, წამლის გამოწერა და გაცემა...
ახლობლებს ჰგონიათ, რომ კარგად ვარ, კარგი ხელფასი მაქვს და ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაზე ყველასთან ხომ ვერ მოვყვები? ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ აფთიაქში შემოსულები ქურდობენ და დაკარგული ნივთების საფასურს ჩვენ ვიხდით.
- ასეთი რამ ხშირად ხდება?
- ძალიან ხშირად. გაგიკვირდებათ, ისეთი ხალხი იპარავს კოსმეტიკას, შამპუნებს, ხელის კრემებსა და ჰიგიენურ საშუალებებს, რომლებიც ღია დახლებზე გვაქვს დაწყობილი. ზოგჯერ ისე ლამაზად ჩაცმული ქალი ან მამაკაცი ქურდობს, რომ მასზე ეჭვს ვერაფრით მიიტან. მერე ამ ნივთის საფასურს ხელფასიდან გვიქვითავენ. ქურდებს შორის რამდენიმე ჩვენი ძველი კლიენტიც აღმოვაჩინეთ. ზუსტად ვიცი, რომ მატერიალურად არ უჭირთ და გაოცებული დავრჩი, როცა ფაქტზე დავიჭირეთ. მაღალი ხელფასი ისედაც არა გვაქვს, მაგრამ დაზღვევის საფასურსაც ხელფასიდან გვაჭრიან და მოპარული ნივთების ფასსაც. კანონით, ფიქსირებულ ხელფასს თანხა არ უნდა მოაკლდეს, ჩვენ კი დაკარგული პროდუქციის გამო ხშირად 80-100 ლარი გვაკლდება. ამის გამო წინასწარ არასდროს ვიცით, ხელფასი რამდენი გვექნება. ყოფილა შემთხვევა, როცა 500 ლარის ნაცვლად, 300 ლარზე ნაკლები თანხა ამიღია. ამაზე უარესი ჩაგვრა რაღა უნდა იყოს?
- როგორც ვიცი, გეგმას თუ გადააჭარბებთ, დამატებითი ბონუსები გეკუთვნით...
- კი, მაგრამ გეგმა დღეში 5 ათასი ლარი რომ გვაქვს, რანაირად გადავაჭარბებთ? ამხელა თანხა იშვიათად გვიგროვდება და ეს ვითომ ბონუსებიც ქაღალდზე რჩება.
- ერთი ამერიკელი ექიმი ამბობდა: ადამიანებისთვის კარგი იქნებოდა და თევზებისთვის - ძალიან ცუდი, თუ ყველა ქიმიურ პრეპარატს ოკეანის ფსკერზე მოისროდნენო... თქვენც ეთანხმებით ამ შეფასებას?
- სხვათა შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებიც ადასტურებს, რომ აფთიაქებში უამრავი საეჭვო პრეპარატი იყიდება. თანაც, თითოეულ წამალს სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს. მარტო ამერიკაში, ყოველწლიურად ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება ამ გვერდითი მოვლენების გამო. უფრო რთულადაა საქმე საქართველოში, სადაც წლების განმავლობაში ურეცეპტოდ იყიდებოდა დამამშვიდებელი პრეპარატები, რომლებსაც ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობის მისაღწევად იყენებდნენ. არც ერთ მაკონტროლებელ ინსტიტუტს არ აინტერესებს, რატომ იყიდება ჩვენს აფთიაქებში პრეპარატები, რომლებიც ევროპის ყველა ქვეყანაში გაყიდვიდან დიდი ხნის წინ ამოიღეს! მართალია ისიც, რომ ექიმებს აფთიაქებთან აქვთ კავშირი და წამლებს უსაღებენ, მაგრამ ამისათვის სულ სხვა ჯგუფია გამოყოფილი - ეს ჯგუფი კლინიკებთან ინდივიდუალურად მუშაობს. ფარმაცევტები ამ საქმეში არ ვმონაწილეობთ. ქართული აფთიაქები და სადაზღვევო კომპანიები კლინიკებთან არიან შეკრული და ექიმებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი "ფავორიტი" აფთიაქის წამლები გაყიდონ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ექიმი პაციენტს წამალს რომ უწერს, ყოველთვის ერთ სააფთიაქო ქსელში გზავნის.
- დაბოლოს, თქვენც ფიქრობთ, რომ საქართველოში მედიკამენტები ძალიან ძვირია?
- ეს ხომ დღესავით ნათელია? თითქოს ფასდაკლების აქციები გვაქვს, მაგრამ წამლები საქართველოში მაინც ძვირი ღირს. ეს ახლახან გავრცელებულმა გრიპის ვირუსმაც გამოამჟღავნა: ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" ჩვენთან 90-100 ლარი რომ ღირს, თურქეთში მისი ფასი 20 ლარის ეკვივალენტია ლირაში. ჩემს ახლობელს აუცილებლად სჭირდება წამალი, რომელიც აქ 43-44 ლარი ღირს, კიდევ კარგი, რომ თურქეთში და ჰყავს, რომელიც ამ წამალს 8 ლარად ყიდულობს და უგზავნის. ფაქტია, რომ ჩვენი აფთიაქები სამმაგ და ოთხმაგ მოგებაზე მუშაობენ. გეკითხებით - რატომ არავინ ინტერესდება იმით, თუ რატომ იყიდება წამლები საქართველოში ამხელა ფასნამატით მაშინ, როცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში მედიკამენტებზე დაკანონებული მოგების მარჟა 20 პროცენტს არ აღემატება?! მთავრობა დუმს, ხალხი კი მედიკამენტების მამასისხლად შეძენას ისევ აგრძელებს. მილიარდიანი ფარმაცევტული ბიზნესი ყვავის, მოსახლეობა კი უფრო და უფრო ღატაკდება. ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ!
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დი­დი გან­საც­დე­ლი ბავ­შ­ვე­ბის და სპორ­ტის სიყ­ვა­რულ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნა
იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს.
არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი.
რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები
თბილისელი ფერმერი, რომელიც უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს
იტალიაში, ქალაქ პეზაროში, კულინარიული კურსების დასრულების შემდეგ, ჯგუფებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი
საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები
აჭარელი კაცი, რომელმაც ნუგზარ ერგემლიძეს სტუმრის იაფად გასტუმრების მეთოდი ასწავლა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.